მოაწყო თუ არა ხელისუფლებამ წინასაარჩევნო ყრილობები დედაქალაქსა და რეგიონებში "ქართული ოცნების" დემონსტრაციების გადაფარვის მიზნით, რა როლს თამაშობს ადმინისტრაციული რესურსი ხელისუფლების გამარჯვებაში და შეძლებს თუ არა "ქართული ოცნება" ხმების დაცვას? რამდენად არის მზად საზოგადოება და ოპოზიცია ქუჩაში გამოსასვლელად და თუ ეს ასე მოხდა, რას მოიმოქმედებს ხელისუფლება? ამ თემებზე "ივერონი" პოლიტ-ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელს, ექსპერტ კახა კახიშვილს ესაუბრა.
_ ბატონო კახა, მოსალოდნელი თუ იყო "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობის დედაქალაქსა და რეგიონებში ერთ დღეს დაგეგმვა და რას ემსახურებოდა ეს შეკრებები?
_ მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან სხვა დროსაც ჰქონიათ მსგავსი შეხვედრები და შეკრებები. თუმცა, ამჯერად ეს ერთი მხრივ, "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული დემონსტრაციების გადასაფარად, მეორე მხრივ კი, უცხოელების თვალის ასახვევად იყო გათვლილი, რათა ეჩვენებინათ მათთვის, რამდენი მხარდამჭერი ჰყავთ. სხვა საკითხია, როგორ მიდიოდა ის ხალხი იმ ყრილობებზე. ფაქტია, რომ ისინი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაჰყავდათ და მათი რაოდენობა მცირე არ იყო.
_ არის კი ქვეყანაში "ნაციონალთა" ყრილობაზე დასწრების ამდენი მსურველი? როგორ ფიქრობთ, ვინც იქ მიდის, ხმას ყველა "ნაციონალურ მოძრაობას" მისცემს?
_ ხალხის შეგროვება ხელისუფლებისთვის ადვილია, რადგან მას დიდი ადმინისტრაციული რესურსი აქვს. საკითხავია, იმ ხალხიდან რამდენი მისცემს მათ ხმას. შეკრებები კი პარალელურად იმიტომ გააკეთეს, რომ ეჭვი არ გაჩენილიყო, თითქოს ხალხი სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოიყვანეს. არადა, ყველგან ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენეს. არჩევნების შემდეგ გვეტყვიან: აბა, რა გეგონათ, იმდენი ხალხი ტყუილად მხვდებოდაო? ეს სულ საჯარო მოხელეების ხარჯზე ხდება. ჩვენ ვნახეთ ტელევიზიით სიუჟეტები, სადაც ბევრი არ მალავს, რომ ხელისუფლების თხოვნითა თუ მოთხოვნით მიდის შეკრებაზე.
_ თქვენი თქმით, რეალურად ბევრი მხარდამჭერი არ ჰყავს ხელისუფლებას, თუმცა NDI-ს კვლევების მიხედვით, მათ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ემხრობა...
_ NDI-ს კვლევებს მე დავარქმევ "ხელისუფლებისთვის NDI-სგან მიწოდებულ სასურველ ინფორმაციას". მათი მონაცემებით, მმართველ პარტიას 37%-ი უჭერს მხარს, ე. ი. 63%-ის ნაწილი ოპოზიციურად ან ნეიტრალურად განწყობილია, მაგრამ ჯამში მმართველ პარტიას მხარს არ უჭერს. ეს არ უნდა იყოს მათთვის სასურველი შედეგი. ხელისუფლებაზე საარჩევნო სისტემაა მორგებული და ის არჩევნებში მის გამარჯვებას ემსახურება. ჩვენთან პარალელური სისტემაა, რომელიც გამოიყენება პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში და იგი ხელისუფლების შენარჩუნების საშუალებას იძლევა. ყველა ის აკრძალვა, რომელიც ხელისუფლებას ეხებოდა, 2004 წელს, ამათი მოსვლის შემდეგ კანონმდებლობაში გადაიტანეს და დაშვებულია.
_ საინტერესოა, რამდენად შეიძლება კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებზე დაყრდნობა, შეძლებენ თუ არა ისინი სიტუაციის გაკონტროლებას და რეალურად, რამდენად არის მათ სწორ მუშაობაზე დამოკიდებუ;ლი არჩევნების შედეგები?
_ კომისია 13-კაციანია, წევრებს მთელი დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცედურების ჩატარებისა და ხმების დათვლის უზრუნველყოფა ავალიათ. 13-დან "ქართულ ოცნებას" მხოლოდ ორი წევრი ჰყავს – "კონსერვატორებისა" და "მრეწველების" კვოტით. დანარჩენი 11-დან ყველა ნეიტრალურიც არ იქნება. მაქვს ეჭვი, რომ ის 11 ადამიანი კენჭისყრის დღეს იმ ორის წინააღმდეგ იმუშავებს, რადგან ზოგი სხვა პარტიის კვოტით იქნება.
_ ასეთ შემთხვევაში ალბათ, დასანანია, რომ ოპოზიცია ერთიანი არ არის...
_ რა თქმა უნდა, ივანიშვილის ყველაზე დიდი შეცდომა საკუთარი განცხადებით სელექცია იყო. მას უნდა შეეთავაზებინა ყველასთვის, წარსულის მიუხედავად, გაერთიანებულიყვნენ და ერთად შეეტიათ მმართველი პარტიისთვის. მან თვითონ მოჭრა სხვა პარტიებთან მისასვლელი გზები და დღეს რამდენიმე სუბიექტი გამოდის განცხადებით, რომ უნდოდათ, მაგრამ არ შედგა თანამშრომლობა. ამ პარტიებს აქვთ განცდა, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პოლიტიკური მომავალი აღარ ექნებათ, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ისინი კოალიციის საწინააღმდეგოდ იმუშავებენ და აქედან გამომდინარე, "ქართულ ოცნებას" ხმების დაცვა გაუჭირდება.
_ მაჟორიტარობის კანდიდატების დანიშვნისას რამდენად სწორი გადაწყვეტილებები მიიღო კოალიციამ?
_ რა თქმა უნდა, მაჟორიტარების საკითხიც მწვავედ დგას. ბევრ ოლქში, ოპოზიციის ლიდერები, ფაქტობრივად, ერთმანეთს უპირისპირდებიან და ამ კონფიგურაციით, ასევე ჩვენი საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, ხელისუფლების გამარჯვების შანსები მით უფრო იზრდება.
_ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები გაყალბდა, პროტესტის მუხტი რამდენად იქნება საკმარისი ქუჩაში გამოსასვლელად?
_ საზოგადოებაში პროტესტის მუხტი ნამდვილად არის. მახსოვს, სხვადასხვა დროს პოლიტიკოსებმა როგორ ვერ გამოიყენეს ეს მუხტი. ხალხი კი იქნება მზად, მაგრამ მთავარია, როგორ გამოიყენებენ ამას პოლიტიკოსები.
_ და მაინც, თუ ხალხი ქუჩაში გამოვიდა, ხელისუფლებამ რა შეიძლება მოიმოქმედოს?
_ ხელისუფლებამ იცის, რომ რადიკალური მოქმედება და მკვეთრი, ძალისმიერი გადაწყვეტილებები ცუდ შედეგს მოუტანს. თუ ბევრი ხალხი გამოვა და პოლიტიკოსებს ექნებათ წინასწარ შემუშავებული სტრატეგია და არა ისეთი, გაჩერებულ მატარებელს რომ გააჩერებ, ერთი სიტყვით, თუ სტრატეგია იარსებებს, მაშინ მიზნის მიღწევა შესაძლებელი იქნება. თუ თავად არ ეცოდინებათ, რა უნდა აკეთონ, აქცია თავისით დაიშლება, რადგან მას განვითარების ფაზები აქვს. თუ დრო გავიდა, შემდეგ ძნელია მუხტისა და ორგანიზების შენარჩუნება. თუ აქცია დაიშლება, ოპოზიციონერთა ნახევარი ალბათ, პარლამენტში შესვლას გადაწყვეტს და დაიწყება საუბარი იმაზე, რომ ამ შეცდომების გამოსწორებას საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შეეცდებიან.
_ მივალთ კი არჩევნებამდე? რამდენად რეალურია საზოგადოებაში გავრცელებული შიში იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ხელისუფლებამ ხელოვნურად ჩაშალოს არჩევნები?
_ არეულობები გამორიცხულია, ამათ არ აწყობთ არჩევნების ჩაშლა, რადგან კარგ პოზიციაში გრძნობენ თავს _ ვერ მოხდა ოპოზიციური პარტიების გაერთიანება, მაჟორიტარები ერთმანეთის კონკურენტებად იქცნენ, საუბნო-საარჩევნო კომისიებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ხელისუფლება თავად აკონტროლებს და აქვს იმედი, რომ დადებს სასურველ შედეგს. ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი კანდიდატები რომ ჰყოლოდათ, პარტიებს შორის შეთანხმება რომ ყოფილიყო, კიდევ მესმის, მაგრამ იმ ვითარებაში, რაც ახლაა, არჩევნების ხელოვნური გზით ჩაშლა გამორიცხულია.
_ ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საშუალება ყოველთვის ექნება. სხვა საკითხია, რომელი ხელისუფლება რამდენად გამოიყენებს მას. დღეს ვისი შეიძლება "ეშინოდეს" ხელისუფლებას?
_ საკუთარი მოსახლეობის აზრი ნაკლებად აინტერესებთ. თუ ვინმე აჩერებს ხელისუფლებას და თუ ვინმე აინტერესებს მას, ესენი უცხოელები არიან. ეუთოსა და ევროსაბჭოს ასამბლეების მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა რამდენიმე საათში შეცვალა მიდგომები. საქმე ის არის, რომ ისევ და ისევ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით უცხოელებამდე დამტკიცებული ინფორმაცია ვერ მიდის. მტკიცებულებების მოპოვება კი ამათ ხელში შეუძლებელია.
_ როგორ შეაფასებთ უცხოელი სენატორების ვიზიტს საქართველოში და მათ შეხვედრას სააკაშვილთან და ივანიშვილთან?
_ რაც შეეხება სენატორების ვიზიტებსა და მათ შეხვედრებს. ჯერ დასადგენია, რა ვიზიტით იყვნენ ისინი ჩამოსულნი. თუ პირადი ვიზიტით იყვნენ, მაშინ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები არ შეიძლება აღვიქვათ, როგორც ამერიკის პოზიცია. ჩვენთვის მიუწვდომელია ინფორმაცია, თუ რა მიზნით იყვნენ ისინი ჩამოსულები. მართალია, ივანიშვილი ცდილობს მიაწვდინოს უცხოელებს ხმა, მაგრამ მათთან ხელისუფლების 8 წლიანი ურთიერთობები და ბიძინა ივანიშვილის ახალდშექმნილი კავშირები ერთი და იგივე არ არის. თუმცა, ფაქტია, რომ სააკაშვილს ესეც აღიზიანებს, რადგან ახსენა – "მოსყიდული უცხოელები". რას ნიშნავს ეს? ე. ი. უცხოელების მოსყიდვა შესაძლებელია?