ლანჩხუთის მოქალაქეთა დიდ ნაწილს წარმოდგენა არ აქვს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ნომრებზე. ქალაქში, საითაც გაიხედავ, "ნაციონალური მოძრაობის" ნომერგამოსახული პლაკატებია გამოკრული. ქუჩაში გამოკითხულ მოქალაქეთა ნაწილმა მხოლოდ მმართველი პარტიის საარჩევნო ნომრის დასახელება შეძლო. მცირე ნაწილმა იცოდა კოალიცია "ბიძინა ივანიშვილი _ ქართული ოცნების" ახლად მინიჭებული საარჩევნო ნომერი _ 41. გამოკითხულთა უმრავლესობამ სხვა პოლიტიკური პარტიების ვერც საარჩევნო ნომერი და ვერც სლოგანი ვერ დაასახელა.
პოლიტიკური პარტიის "თავისუფალი საქართველოს" ადგილობრივი ლიდერი მაკა კვირკველია "გურია ნიუსთან" საუბარში განმარტავს, რომ ამის მიზეზი პარტიის მცირე ფინანსური შესაძლებლობებია: "თავისუფალმა საქართველომ" გურიის სამივე რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე დაასახელა, მაგრამ მწირი სახსრების გამო ჯერ ვერ ახერხებს სარეკლამო პლაკატებისა და ბანერების დამზადებასა და განთავსებას. "თავისუფალი საქართველო" წინა არჩევნებისას დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი არ გახლდათ. მაშინ კახა კუკავა "კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელიც პირველი ნომრით იღებდა არჩევნებში მონაწილეობას. პარტიამ ეს ნომერი ამ არჩევნებშიც შეინარჩუნა. მაკა კვირკველიამ თავისი ადრინდელი კომენტარის ჩასწორებაც გვთხოვა და დააკონკრეტა, რომ პარტიის საარჩევნო სიაში 37-ე ნომერია.
"ლეიბორისტული პარტიის" და "ქრისტიან დემოკრატების" ოფისები ლანჩხუთის ცენტრში, მრავალბინიანი კორპუსის მესამე და მეოთხე სართულებზე, ერთმანეთს მეზობლადაა განთავსებული. მიუხედავად რამდენიმე მცდელობისა, ჩვენ ვერც ერთხელ ვერ მოვახერხეთ პარტიების ადგილობრივი ოფისების თანამშრომლები გვენახა და მათი კომენტარები ჩაგვეწერა. ლანჩხუთელი ამომრჩევლის მნიშვნელოვანმა ნაწილმა არ იცის არც "ქრისტიან დემოკრატების" და არც "ლეიბორისტების" საარჩევნო ნომერი, თუმცა, ქართველ "მშრომელთა" საარჩევნო სლოგანზე _ "მდიდარს ვართმევ, ღარიბს ვაძლევ", ღიმილით საუბრობენ. ეტყობა, პარტიის ლიდერის ქარიზმატული სარეკლამო ტექსტები კვალს ტოვებს ამომრჩევლის ცნობიერებაზე.
რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", როგორც ჩანს, პარტიის აქტივისტები კარგად მუშაობენ _ ლანჩხუთის ყველა კერძო მაღაზიის, კაფეს, სავაჭრო ცენტრის ვიტრინებზე მხოლოდ წითელი ხუთიანები ჩანს.
რატომ არ არის ამ ობიექტებზე სხვა პოლიტიკური პარტიების სარეკლამო ფურცლები განთავსებული, ამის გარკვევას კერძო მფლობელებთან შევეცადეთ.
ლანჩხუთის ყოფილი უნივერმაღის შენობაში განთავსებული სავაჭრო ფართები და კაფე-რესტორნები ამჟამად კერძო საკუთრებაა. მათი უმრავლესობის შუშის ვიტრინებსაც "ნაციონალური" ხუთიანები ამშვენებს. ჩვენს შეკითხვაზე, როგორ მოხდა სარეკლამო ფურცლების განთავსება მათი მაღაზიების ვიტრინებზე, ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელმა ქალბატონმა ოდნავი აგრესიით გვიპასუხა, რომ ეს მისი სურვილი იყო: "მოვითხოვე, მოეტანათ და გაეკრათ. მე მინდოდა ასე. სხვათა შორის, თქვენ ყველაფერი რატომ გაინტერესებთ? ყველაფერს რატომ იძიებთ?" _ უფრო შემტევი გახდა მეპატრონე.
მეორე მაღაზიის მფლობელმა დიქტოფონის გამორთვა მოგვთხოვა და როცა დარწმუნდა, რომ არ ვიწერდით, მხოლოდ მაშინ გვიპასუხა: "პარტიის აქტივისტებმა მოიტანეს ეს პლაკატები და გაკვრის ნებართვა გვთხოვეს. ხელშეკრულება არ გაგვიფორმებია, სიტყვიერი თანხმობა მივეცი. თუ სხვა პარტიები მოვლენ და გააკრავენ თავიანთ სარეკლამო ფურცლებს, არც მათ ვეტყვი უარს."
კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში სარეკლამო პლაკატებისა და ბანერების განთავსების საკითხს კობა მირზაშვილი კურირებს. მან განმარტა, რომ სარეკლამო ფურცლები და ბანერები უკვე შეკვეთილი აქვთ და ორ დღეში ჩამოიტანენ ლანჩხუთში. მისივე თქმით, აუცილებელია კოალიციის ნომრიანი პლაკატების განთავსებისას ხელშეკრულებები გააფორმონ კერძო სახლებისა და სავაჭრო ფართების მფლობელებთან. ის ამბობს, რომ მათ ამას კანონი ავალდებულებს.
ამ საკითხის გადამოწმებას შევეცადეთ "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან რევაზ ჩიტიძესთან, თუმცა, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად აფხაზავა ამბობს, რომ პლაკატების გაკვრისას აუცილებელი არ არის კერძო საკუთრების მფლობელთან ხელშეკრულება გაფორმდეს: "მაგალითად, ელექტროგადამცემი ბოძები კერძო კომპანიის "ენერგო პრო ჯორჯიას" საკუთრებაა. ყოველ ბოძზე გაკრული სარეკლამო ფურცლისთვის ახალი ხელშეკრულება ხომ არ გაფორმდება? კომპანიას სიტყვიერად შეუძლია მოგცეს ან არ მოგცეს ამის უფლება. საერთოდ, ეს საარჩევნო შტაბის პრეროგატივაა და ჯობია, მათ ჰკითხოთ. ამ საკითხის იურიდიულ ასპექტებში ბოლომდე არ ვარ გათვითცნობიერებული და დეტალების დასადგენად ჯობს იურისტებთან გაიაროთ კონსულტაცია", _ გვითხრა ზვიად აფხაზავამ.
კოალიცია "ქართული ოცნების" ლანჩხუთის შტაბის წევრი კობა მირზაშვილი "გურია ნიუსთან" განმარტავს, რომ ბანერებისა და ბილბორდების განთავსების უფლება გამგეობის შესაბამისი სამსახურებიდან უნდა მიიღონ. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ მათ დამონტაჟებას. 2-3 დღეში, არჩევნებამდე 3 კვირით ადრე, ლანჩხუთელი ამომრჩეველი კოალიციის ნომერგამოსახულ სარეკლამო პლაკატებსაც იხილავს. ჯერ-ჯერობით კი ლანჩხუთელების ნაწილი "ოცნების" რიცხვად ისევ შვიდიანს ასახელებს.
"ახალი მემარჯვენეები" საარჩევნო ბიულეტენში ოცდამეოთხე ნომრად იქნებიან წარმოდგენილები. მათი ადგილობრივი ლიდერი დავით წულაძე და ლანჩხუთის დეპუტატობის კანდიდატი ბადრი გვარჯალაძე ჩოჩხათში იმყოფებოდნენ ამომრჩეველთან შეხვედრაზე. "ახლების" შტაბში გვითხრეს, რომ სარეკლამო პლაკატების დარიგებას დღეიდან იწყებენ და პირველად მას ჩოჩხათელები ნახავენ.
ლანჩხუთელი მასწავლებელი სოსო კვაჭაძე ხუმრობით ამბობს, რომ ჯერ კიდევ შემორჩენილ ზაფხულის სიმხურვალეში მთელი ლანჩხუთი ჩვეულებრივზე უფრო მეტადაა "ჩა-ხუთ-ული"!