თემურ ჟორჟოლიანი დააკავეს

თემურ ჟორჟოლიანი დააკავეს

30 სექტემბერს სამგორის რაიონის პოლიციამ ქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად დააკავა პარლამენტის წევრი, კონსერვატიულ-მონარქისტული პარტიის ლიდერი თეიმურაზ ჟორჟოლიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრიდან მიღებული ინფორმაციით, ჟორჟოლიანს დაკავების მომენტში პოლიციამ აღმოუჩინა 4 ამპულა მორფინი, 14 ტაბლეტი კოდეინი, 5-გრამი შპრიცი, ე. წ. „პეპელა“, ხოლო მისი ბინიდან ამოიღო 2 ცალი უნომრო ავტომატი, 2 მჭიდითა და 60 საბრძოლო ვაზნით, რ-36 სისტემის პისტოლეტი 8 საბრძოლო ვაზნით, სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღების საბრძოლო ვაზნები, მათ შორის ტტ-ს სისტემის სადისტანციო რაცია, ცედუქსინის ამპულა, ასაფეთქებელი პაკეტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან „რეზონანსს“ აცნობეს, რომ სამედიცინო შემოწმების შედეგად ჟორჟოლიანს დაუმტკიცდა ალკოლოიდის ჯგუფის ოპიუმის მიღება.

სააგენტო ბი-ჯი-აი-ს ცნობით, ამ ფაქტის შესახებ კონსერვატიულ-მონარქისტული პარტიის წარმომადგენელს ნანული ბოცვაძეს განუცხადებია, რომ ჟორჟოლიანის ბინაში ჩხრეკის დროს, მისი ფეხმძიმე ცოლი და მცირეწლოვანი ბავშვები შეუყვანიათ ოთახში და აკავებდნენ ავტომატების ქვეშ.

ჟორჟოლიანის მეუღლის შეკითხვაზე კი, თუ სად მიჰყავდათ მისი ქმარი, პოლიციელებს უთქვამთ: „ყველაფერს გაიგებთ დღეს საღამოს საინფორმაციო პროგრამა „მაცნე“-დანო. „საიდან იცოდნენ მათ, რას უჩვენებდა საღამოს პროგრამა „მაცნე“? მაგრამ ჩანს ყველაფერი უკვე გათვლილი იყო“ - ამბობს ნანული ბოცვაძე.

ქალაქის პოლიციის შეფის მოადგილის ნუგზარ ღამბაშიძის თქმით, თემურ ჟორჟოლიანი ამჟამად იმყოფება ქალაქის პოლიციის სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორში.