თელავში "ქართული ოცნების" აქციის წინ სრული სიმშვიდეა - "საერთაშორისო დამკვირვებლების აქ ყოფნამ სერიოზული გავლენა მოახდინა"
"9 სექტემბერს კოალიცია "ქართული ოცნება" აქციას თელავში გამართავს. როგორც პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლები ამბობენ მათ რეგიონში ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ და მიუხედავად უამრავი დაბრკოლებებისა, აქცია თავისი მასშტაბებით სხვა რეგიონალურ მანიფესტაციებს არ ჩამოუვარდება. შეგახსენებთ, რომ თელავში "ოცნების" მხარდასაჭერი აქცია 2 სექტემბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, ლაფანყურში დატრიალებული ტრაგედიის გამო გადაიდო. "ქართული ოცნების" თელავის შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი აღნიშნავს, რომ ბოლო დღეებია დაშინების ფაქტებმა იკლო, რადგან ყურადღება ლოპოტას ხეობაზეა გადატანილი. ამასთან ერთად რეგიონში საერთაშორისო დამკვირევლები იმყოფებიან", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით თელავში "ქართული ოცნების" აქციის წინ სრული სიმშვიდეა / "მთელი ყურადღება ლოპოტას ხეობაში მიმდინარე პროცესებზეა გადატნილი და საერთაშორისო დამკვირებლების აქ ყოფნამაც სერიოზული გავლენა მოახდინა".
"ხალხი დაშინებულია, ვიტყოდი, რომ განსაკუთრებულადაც, ვიდრე ეს სხვა რეგიონებშია. ზოგადად კახეთის მოსახლეობა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისგან თავს იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ ღიად საკუთარ პოზიციებს ვერ გამოხტავენ, მათი მხრიდან ჩვენი დიდი მხარდაჭერა იგრძნობა. ეშინიათ იმიტომ, რომ არაერთი ფაქტი იყო, როცა ჩვენი მხარდამჭერები სამსახურებიდან დაითხოვეს, თუნდაც იგივე პედაგოგები. უსაფრთხოების - სოდ-ი, კუდ-ი, გამგეობის წარმომადგენლები პირდაპირ სახლში უვარდებოდნენ მოსახლეობას და აშინებდნენ, რომ არ მიეღოთ მონაწილეობა ჩვენს ღონისძიებებში. იყო ფაქტები, როცა ადამიანები ღებულობდნენ სოციალურ ან რამე სხვა სახის დახმარებას სახელწიფოსგან, მაგრამ ჩვენი მხარდაჭერის გამო მოუხსნეს და, როგორც აღვნიშნე, ნაწილი სამსახურებიდან დაითხოვეს. ჩვენს მხარდამჭერ სტიქიით დაზარალებულებს უთხრეს, სახლებს არ გადაგიხურავთ, წადით და შუშის სასახლეში იცხოვრეთო. ასევე იყო "ოცნების" აქტივისტის ცემის რამდენიმე ფაქტიც", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილი.
"რამდენიმე დღეა მსგავსი ფაქტები შემცირებულია, რადგან მთელი ყურადღება ლოპოტას ხეობაში მიმდინარე პროცესებზეა გადატნილი და საერთაშორისო დამკვირებლების აქ ყოფნამაც სერიოზული გავლენა მოახდინა. თუმცა, ის ძველი შიში ინერციით მოდის და ხალხს მაინც მოჰყვება. ვფიქრობ, რომ აქ გამართული აქცა თავისი მასშტაბურობით არ ჩამორჩება სხვა რეგიონებში ჩატარებულ აქციებს. ბატონი ბიძინა ბრძანებს ხოლმე, რომ ქართველები ერთ მუშტად უნდა შევიკრათ და აქ განსაკუთრებული როლი სწორედ რომ კახელებმა უნდა ითამაშონ", - დასძენს "ქართული ოცნების" თელავის შტაბის ხელმძღვანელი.
"ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან მოსახლეობის დაშინების ფაქტებს ადასტურებს კოალიციის თელავის მაჟორიტარობის კანდიდატი გელა სამხარაული -ხელისუფლების წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, რომ ხალხი აქციაზე არ გამოვიდეს. კონკრეტული ფაქტებიც გვაქვს: ჩვენი აქტივისტები დაიბარეს ადგილობრივ თვითმმართველობაში და სთხოვეს ჩვენს გვერდით დგომაზე უარი ეთქვათ, მიზეზად კი შემდეგი დაასახელეს - მაინც ვერ გაიმარჯვებთ და რა აზრი აქვსო. ყველაფრის მიუხედავად ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს აქცია ფართომასშტაბიანი იქნება. ხალხი ცვლილების მოლოდინშია და ვერანაირი დაშინება მათ ვერ შეაჩერებს. ადამიანებს ყელში ამოუვიდათ ამდენი გაჭირვება და უსამართლობა. ხალხს დიდი იმედი აქვს ბიძინა ივანიშვილის", - განაცხადა სამხარაულმა. 9 სექტემბერს "ქართული ოცნების" თელავის აქციას შეუერთდებიან "თავისუფალი საქართველოს" ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერები.
"ბოლო პერიოდებში აშკარად გამოხატული დაშინების რაიმე ფაქტი არ არის, მაგრამ სოფლის რწმუნებულები და ადგილობრივი თვითმმართველობა, უბნის ინსპექტორებთან ერთად, შეფარვით მუშაობენ. მიუხედავად ამისა, იმედი მაქვს, რომ ხალხი, როგორც დანარჩენ საქართველოში, მოვა. ჩვენ და ჩვენი მხარდამჭერები ვაპირებთ, რომ მივიდეთ. ჩვენ მათ შევუერთდებით და ამით ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "თავისუფალი საქართველოს" კახეთის რაიონული ოფისის ხელმძღვანელი გიორგი მოსიაშვილი.