აქციების დასარბევად დაცვის პოლიციის თანამშრომლებსაც ამზადებენ

აქციების დასარბევად დაცვის პოლიციის თანამშრომლებსაც ამზადებენ

აქციების დასარბევად დაცვის პოლიციის თანამშრომლებსაც ამზადებენ - "10 000 პოლიციელის გადამზადება უკვე დასრულებულია"

"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, დიღომში, დაცვის პოლიციის სათაო შენობის ეზოში, პოლიციელთა მასიური გადამზადება მიმდინარეობს. გასული შაბათიდან მოყოლებული, დილა-საღამოს ეზოში ავარჯიშებენ როგორც სამოქალაქო, ისე პოლიციის ფორმაში გამოწყობილ ადამიანებს. ამის შესახებ "რეზონანსს" თვითმხილველმა აცნობა, რომლის სახელსა და გვარსაც მისივე თხოვნით არ ვწერთ. ჩვენი რესპონდენტის თქმით, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ეზოში ყოველდღიურად ვარჯიშობენ, საკმაოდ დიდია. იგი ვარაუდობს, რომ ყოველ ჯერზე, საწვრთნელად, ადამიანთა ახალი ნაკადი მოჰყავთ. მათი რაოდენობა კი საკმაოდ დიდია, ვინაიდან ეზოს მთლიანად ავსებენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით აქციების დასარბევად დაცვის პოლიციის თანამშრომლებსაც ამზადებენ / ფსიქოლოგიური მომზადება - პოლიციის აკადემიაში, პრაქტიკა - დაცვის პოლიციის სათაო ოფისის ეზოში.

"ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ დაცვის პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს ვესაუბრეთ. მან ინფორმაცია დაგვიდასტურა, თუმცა, ვერ გვითხრა თუ რისთვის მზადდებიან პოლიციელები - "არ ვიცი რისთვის და როგორ ამზადებენ, მაგრამ ვიცი, რომ გადამზადება 3 დღის განმავლობაში ნამდვილად მიმდინარეობდა და როგორც ვიცი, უკვე დასრულდა. არ ვიცი რა ნიშნით არჩევენ მათ, ვინც უნდა გადამზადდეს. მე იმ სიაში არ მოვხვედრილვარ და ვინც იმ სიაში იყო, მხოლოდ ისინი წაიყვანეს. ვერ გეტყვით კიდევ გაგრძელდება თუ არა", - განაცხადა ჩვენმა რესპონდენტმა, რომელმაც გასაგები მიზეზების გამო ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. სააგენტო "ივერონი" კი კრიმინალური პოლიციის თანამშრომელზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხელისუფლებამ, ივნისიდან მოყოლებული, მიტინგების დასარბევად, 10 000 პოლიციელი გადაამზადა. წყაროს თქმით, მზადება უკვე დასრულებულია", - აღნიშნავს გამოცემა.

"ხელისუფლება ძალიან შეშინებულია, მათ შანსები თითქმის აღარ აქვთ. არჩევნებსაც, ვფიქრობ, ვეღარ გააყალბებენ და ძალის გამოყენებისთვის ემზადებიან. 10 000 პოლიციელი მიტინგების დასარბევად, უკვე მომზადებულია. მათ როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური გადამზადება გაიარეს. გამორიცხული არ არის რომ კიდევ მოხდეს სხვა ჯგუფების მომზადება არჩევნებამდე", - აცხადებს წყარო და აქვე დასძენს, რომ ფსიქოლოგიური მომზადება მათ პოლიციის აკადემიაში გაიარეს. კოალიცია "ქართული ოცნების" ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან იზორიამ "რეზონანსთან" საუბარში ინფორმაცია გადამზადების შესახებ დაადასტურა და დაამატა, რომ ამისთვის პოლიციის თანამშრომლები თბილისში რეგიონებიდანაც ჩამოჰყავთ", - დასძენს გამოცემა

"მე გეტყვით სრულიად ახალ ინფორმაციას. კერძოდ, რეგიონებიდან პოლიციის თანამშრომლები ე.წ. ტრეინინგებისთვის თბილისში მიჰყავთ. ეს უტყუარი და გადამოწმებული ინფორმაციაა, რომელიც ჩვენმა ნაცნობებმა მოგვაწოდეს. საუბარია ყველა სახის პოლიციელზე, მათ შორის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებზე. ამ ხალხის დატრენინგების ერთადერთი მიზანი ისაა, რომ მიტინგების დასარბევად მოამზადონ. არ ვიცი კონკრეტულად სად ამზადებენ, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ზუსტად იმ ტერიტორიაზე, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ანუ დაცვის პოლიციის შენობის ეზოში. იმისთვის, რომ დარბევა შეძლონ, შესაბამისი უნარების ქონაა საჭირო. გადამზადება სხვადასხვა კომპონენტებისგან შედგება. როგორც ვიცი, ერთ-ერთი კომპონენტი ფსიქოლოგიურ მომზადებასაც გულისხმობს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან იზორია.

"ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, რომ დარღვევასთან გვაქვს საქმე. გააჩნია, რისთვის ამზადებენ და რა ფორმით იმოქმედებენ შემდგომ ისინი. ჩვენ გვახსოვს ხელისუფლების მიერ ხალხის დარბევის ფაქტები და ის ყოველგვარი ზომიერების ფარგლებს სცილდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ისინი დარბევისთვის ემზადებიან, მაგრამ რა ფორმითა და როგორ, ამას მომავალი გვიჩვენებს. კონკრეტული ქმედება გამოაჩენს, თუ რამდენად კანონიერია ეს ყველაფერი. თუ მართლაც არჩევნების შემდეგ, პროტესტის გამოსახატად გამოსული მოსახლეობის დასარბევად ამზადებენ, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აღმაშფოთებელია" - დასძენს ლევან იზორია.