ვინ არის ნამდვილი მამაკაცი... ელიტარებში?

ვინ არის ნამდვილი მამაკაცი... ელიტარებში?

თანამედროვე ცხოვრებაში ადამიანის ღირსების შეფასების კრიტერიუმი იმდენად შეიცვალა, ძალიან ძნელი დასადგენია, ვინ არის ნანდვილი მამაკაცი - ის, ვისაც ბევრი ფული აქვს, ცინცხალი „მერსედესით“ მარიაჟობს, ყველა პრობლემას მობილურით აგვარებს და თანამდებობაც შესაფერისი გაიჩალიჩა, თუ ის ვინც კაცობაში არ იჭრება, იარაღით ქვეყანას იცავდა და მიუხედავად კლასიკური განათლებისა და დახვეწილი მანერებისა, თანამდებობა ვერაფრით მიიღო.

„ალიამ“ ქართველ ელიტარებში იმის გარკვევა სცადა, ვინ არის დღეს ნამდვილი მამაკაცი.

პარლამენტარი ირაკლი ბათიაშვილი პირდაპირ და ღიად აცხადებს, რომ იგი ნამდვილი მამაკაცია, რომელი კრიტერიუმითაც გნებავთ შეაფასეთ, ქართულითაც და ამერიკულითაც.

- აფხაზეთის ომში ვიბრძოდი, უშიშროების შეფი ვიყავი და ეს ფუნქცია უშუალოდ მევალებოდა.

სიღარიბეც გამოგიცდიათ?

- კი, ხშირად, თუმცა, ღატაკი არასდროს ვყოფილვარ. არც გაფუფუნებული ცხოვრება მქონია, სიმართლე რომ გითხრათ, ახლაც ასე ვარ.

ბუნებით რომანტიკოსი ხართ?

- ალბათ, უფრო რეალისტი.

შეყვარებული თუ ყოფილხართ?

- რა თქმა უნდა, ჩემს მეუღლეზე ვიყავი შეყვარებული და დღესაც ვარ.

ესე იგი, ნამდვილი მამაკაცი ბრძანდებით?

- მე მგონი. სიყვარულიც გამომიცდია, გაჭირვებაც და ომიც.

რესპუბლიკის სამხედრო პროკურორი, ბადრი ბიწაძე, კითხვაზე, ომში თუ ხართ ნამყოფიო, ისე დაიბნა, თითქოს საქართველოს მოქალაქე კი არა, რომელიმე აყვავებული ქვეყნის მკვიდრი ყოფილიყოს.

- ომში? ომში რატომ უნდა ვიყო ნამყოფი? ღმერთმა ნუ ქნას და რომ დაიწყოს, წავიდოდი.

კი მაგრამ, აფხაზეთის ომში წასულიყავით.

- აფხაზეთში ისე კი ვიყავი, მაგრამ არ მიომია.

არც სიღარიბე გამოგიცდიათ?

- არა, არც სიღარიბე. თუმცა, ყოფილა შემთხვევა, რაღაც მდომებია და არა მქონია.

შეყვარებული თუ ყოფილხართ?

- რა თქმა უნდა, დღესაც ნინო ბურჯანაძეზე ვარ შეყვარებული.

ესე იგი, სრულყოფილ მამაკაცობამდე ბევრი გკლებიათ.

- ალბათ, ალბათ...

ცნობილი ბიზნესმენი, მამუკა ხაზარაძე, როგორც თავად აცხადებს, ომში არასოდეს ყოფილა. სიღარიბე კი, დაახლოებით, 10-15 წლის წინათ გამოსცადა, თუმცა მშიერი არასდროს ყოფილა. მისი თქმით, იგი დღესაც შეყვარებულია საკუთარ მეუღლეზე, რომელიც თანაკლასელი იყო.

- ომი მარტო თოფის ჭერა და სროლა არ არის. ის, რაც საქართველოში ბოლო წლებში ხდება, ისედაც ომია. ხუთი წლის წინათ ბიზნესის კეთება ომი არ იყო?

ესე იგი, უნდა დავასკვნათ, რომ თავს ნამდვილ მამაკაცად მიიჩნევთ.

- მივიჩნევ კი არა, ასეა.

ეროვნული ბანკის ექს-პრეზიდენტის, ამჟამად პარლამენტარ ნოდარ ჯავახიშვილის ნამდვილ მამაკაცობას მისი ოპონენტი უმრავლესობის წევრებიც კი ერთსულოვნად აღიარებენ და მისი სიმდიდრის შესახებ ლეგენდებსაც ყვებიან. ბატონი ნოდარი ამაზე გულიანად იცინის და აღიარებს:

- სიღარიბე? როგორ არ გამომიცდია. დედა ადრე გარდამეცვალა, მამა ჩვენთან არ ცხოვრობდა, 17 წლის ბიჭი ამ ქვეყნად სულ მარტო დავრჩი.

ომში თუ ყოფილხართ?

- არა, იარაღით ხელში ნამდვილად არ მიბრძოლია, თუ არ ჩავთვლით, რომ ჩვენი ცხოვრება მართლაც ომია.

შეყვარებული თუ ყოფილხართ?

- შეიძლება ჩემნაირი კაცი ისე დაბერდეს, ერთხელ მაინც არ იყოს შეყვარებული?

ის ერთხელ როდის იყო?

- კარგა ხნის წინათ, როცა დავქორწინდი.

ო’ჰენრის შეფასებით, ნამდვილი მამაკაცობისთვის ომში ბრძოლა გაკლიათ. ქვეყანას თუ დასჭირდა, არც მაშინ იომებთ?

- ო’ჰენრის დრო ჩვენი დროისგან განსხვავდებოდა. სიყვარული და სიღარიბე გამოცდილი მაქვს, ომში კი ნამდვილად არ ვყოფილვარ, ძალიან მინდა, არც მოვხვდე, თუმცა, ასეთი მომენტი თუ დადგა, ისე წავალ, თვალსაც არ დავახამხამებ.

ესე იგი, ნამდვილი მამაკაცის ტიტულს არა და არ თმობთ.

- ღმერთო მომკალი! მაგისთანა მამაკაცს სად იპოვით, რომელიც თავს ნამდვილ მამაკაცად არ მიიჩნევს?

„რევოლუციონერ“ ბიზნესმენს, ბესო ჯუღელს, სიღარიბე შვიდიდან ცხრა წლის ასაკამდე გამოუცდია. პირველი სიყვარულიც სკოლაში სწვევია. მას შემდეგ კიდევ ერთხელ შეუყვარდა საკუთარი მეუღლე და დღემდე მისი ერთგული რჩება.

რაც შეეხება ომს, აფხაზეთის ომის დროს იგი მრეწველობის მინისტრი ბრძანდებოდა და სოხუმშიც რამდენჯერმეა ნამყოფი. როგორც თავად აცხადებს, საწარმოების ევაკუაციაში მონაწილეობდა, მებრძოლებს კი თბილისიდან შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა. ბატონი ბესო მიიჩნევს, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, ომში - მეომარმა უნდა იბრძოლოს იარაღით ხელში. ეს ბიზნესმენის მოვალეობა არ არის. რაც შეეხება ო’ჰენრის კრიტერიუმს, იგი აცხადებს:

- ო’ჰენრი ჩემთან შედარებით გენიოსი იყო. მისეულ შეფასებაში დიდი აზრია. რასაკვირველია, როცა მამაკაცი ომს, სიღატაკესა და სიყვარულს გამოსცდის, მისი კაცობის კოეფიციენტი უფრო იზრდება. ჩემი კოეფიციენტის შეფასება კი თქვენთვის მომინდვია.