საპარლამენტო არჩევნების წინ ხელისუფლება იმ შენობას ანგრევს, სადაც დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა.

საპარლამენტო არჩევნების წინ ხელისუფლება იმ შენობას ანგრევს, სადაც დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა.

დანგრეული პარლამენტი - სასესიო დარბაზი, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა, აღარ არსებობს

"პარლამენტში პლენარული სხდომათა დარბაზი, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა, აღარ არსებობს. ილია ჭავჭავაძისა და პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზების შემდეგ სასესიო დარბაზიც დაშალეს. თანაც ამის მიზეზი არავის განუმარტავს და ჟურნალისტებს პარლამენტის მანდატურის სამსახური დარბაზის დაშლის პროცესის გადაღების საშუალებას არ აძლევდა. სხდომათა დარბაზის ცენტრალურ კარს ლუქი ადევს, შიგნიდან არის ჩაკეტილი დარბაზში შესასვლელი დანარჩენი კარებიც და დაშლა ასეთ ვითარებაში მიმდინარეობს. დახურული კარებიდან გამოდიოდა ინვენტარის დაშლის ხმა. გუშინ პარლამენტის პრესსამსახურიც დაიკეტა და ჯერჯერობით მხოლოდ მედიაცენტრი მუშაობს", - წერს გაზეთი"რეზონანსი" სტატიაში სათაურით დანგრეული პარლამენტი / საპარლამენტო არჩევნების წინ ხელისუფლება იმ შენობას ანგრევს, სადაც დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა.

"გასულ კვირას პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელი დავით ჯანიაშვილი ირწმუნებოდა, რომ პლენარული სხდომათა დარბაზის დემონტაჟი დაგეგმილი არ იყო. მისი თქმით, მხოლოდ იმ კაბინეტებისა და დარბაზების დემონტაჟი უნდა მომხდარიყო, რომელიც პარლამენტს "გარანტირებულად აღარ სჭირდებოდა". მისი ნათქვამიდან გამოდის, რომ სხდომათა დარბაზი პარლამენტს "გარანტირებულად აღარ სჭირდება" და ეს გადაწყვეტილება ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიიღეს. საქმე ის არის, რომ პარლამენტის შენობა ქუთაისში მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ უნდა გადავიდეს და რა გარანტია აქვს ხელისუფლებას, რომ მანამდე სხდომის გამართვა საჭირო არ გახდება? ეს არის ის მთავარი კითხვა, რაზეც არანაირი პასუხი არ არსებობს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ჯერჯერობით შენობა არ გაყიდულა და ძნელი სათქმელია, რატომ ჩქარობს ხელისუფლება მის დაშლას. ივლისში პარლამენტის დაცლას პარლამენტის ხელმძღვანელობა პარლამენტის ქუთაისში გადატანას უკავშირებდა და ცალსახად ითქვა, რომ შენობის დანგრევა არ იყო განზრახული. მერე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტს დასანგრევად ამზადებდნენ და ისიც ითქვა, რომ ეს ინვესტორმა მოითხოვაო. მაგრამ არც ინვესტორი გამოჩენილა და არც რამე დოკუმენტი არსებობს, რომ მოქმედი პარლამენტი გაიყიდა", - დასძენს გამოცემა.

"არ არსებობს პასუხი, რატომ დაანგრიეს ეს დარბაზები და ქუთაისში გადასვლამდე საჭირო რომ გახდეს რამე შეხვედრის მოწყობა, სად მოაწყობენ. მეორე კითხვა კი უკვე ტექნიკურ პროცედურებს ეხება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - თუკი ეს დარბაზები პარლამენტმა დაანგრია, მაშინ მას ამ სამუშაოს შესასრულებლად ტენდერი უნდა გამოეცხადებინა. პარლამენტის ვებგვერდზე კი არანაირი სატენდერო განცხადება არ არის განთავსებული. ამასთან, თუკი პარლამენტის შენობა ვინმემ იყიდა და დემონტაჟს ის ახორციელებს, მაშინ ეს მაინც უნდა თქვან. მაგრამ ამ თემაზე საუბარი არც ეკონომიკის სამინისტროში სურთ და არც პარლამენტში", - წერს სტატიის ავტორი.