რა მოხდა ლოპოტას ხეობაში და რა ხდება პანკისში.

რა მოხდა ლოპოტას ხეობაში და რა ხდება პანკისში.

ვაჰაბიტი ანტიტერორიტული ცენტრის თანამშრომლებს ამხელს - რა მოხდა ლოპოტას ხეობაში და რა ხდება პანკისში

"წლეულს ზაფხულში პანკისის ხეობაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან 200-ზე მეტი ჩეჩენი იყო ჩამოსული. მათ საქართველოდან გზის მიცემას პირდებოდნენ. აგვისტოს შუა რიცხვებში ჩეჩნების დიდი ნაწილი იმ ქვეყნებში დაბრუნდა, სადაც ისინი ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობენ, ზოგიერთები დარჩნენ. ვინც პანკისის ხეობაში დარჩა, მათ შორის იყვნენ ესენიც - დუკვახა კოშაევი, სალამ ზაურბეკოვი, ხაშიევ ჯაბრაილი, მუსა ადუევი და სხვები. ისინი პანკისის ხეობაში მინიმუმ ბოლო ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ, მეჩეთში ლოცულობდნენ და აქ ვხედავდით", - აცხადებს პანკისის ხეობაში მცხოვრები ინკოგნიტო რესპონდენტი კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის მიცემულ ინტერვიუში", - წერს გაზეთი "ვერსია" სტატიაში სათაურით "ვაჰაბიტი ანტიტერორიტული ცენტრის თანამშრომლებს ამხელს / რა მოხდა ლოპოტას ხეობაში და რა ხდება პანკისში. 

"26 აგვისტოს მათ გადასვლა გადაწყვიტეს. დახმარების პირობა მიიღეს "დიშნასა" და "გუსლიკასგან" - დიშნა ზელიმხან ხანგოევია, ის დუისში ცხოვრობს. გუსლიკა მუსლიმ ისრაელოვია, ჩეჩნეთიდან ლტოლვილი, ამჟამად თბილისში ცხოვრობს, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, ანტიტერორისტულ ცენტრთან თანამშობლობენ. ამ ჯგუფის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ "დუშმანასაც" და "ზოონსაც". ესენი მართავენ პანკისის ჯამაათს, თავის დროზე ისინი საქართველოში გილაევთან ერთად ჩამოვიდნენ. დუშმანა და "ბაიელი" (ესეც ჩეჩნეთიდან ლტოლვილია) შინაგან ჯარებს წვრთნიან საქართველოში, ბრძოლას ასწავლიან. ზოონი თბილისში ცხოვრობს, დუშმანა აქვე, პანკისის ხეობაში. მებრძოლები არიან. დუშმანას ნამდვილი სახელია რამზანა. სპეცოპერაციის შემდეგ დიშნა ანუ ზელიმხან ხანგოევი პამკისის ხეობაში აღარ გამოჩენილა. მასთან კითხვები გვაქვს, ის ლოპოტას ხეობაში მოლაპარაკებებში მონაწილეობდა სანდროსთან ერთად, მაგრამ ბოლო დღეებია არ ჩანს", - აღნიშნავს კორესპონდენტთან საუბარში პანკისის ხეობის ინკოგნიტო მცხოვრები.

"სანდრო ამირაძე ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომელია. ბოკერიამ რომ თქვა, რომ ბოლოს შს სამინისტროს თანამშომელი ჩაბარდა შეიარაღებულ დაჯგუფებასო, სწორედ ეს არის. ამ ჯგუფის განზრახვის შესახებ ზელიმხან ხანგოევთან ერთად ამირაძემაც იცოდა. სანდრო აწარმოებდა მოლაპარაკებებს ჩვენს იმამებთან ცხედრების გადაცემის თაობაზე. სწორედ ის და ზელიმხანი ითხოვდნენ, ხეობიდან ჟურნალისტები გაგვეყარა, რათა ინფორმაცია უფრო მეტად არ გახმაურებულიყო... ვიდრე მათ ამ მოთხოვნას არ შევასრულებდით, ცხედრების გადმოცემას არ აპირებდნენ. აქ სიტუაცია რომ დაიძაბა, გარდაცვლილების მშობლებს ვეღარ ვაჩერებდით, ღამე იმიტომ გადმოგვცეს და მაშინვე დაკრძალეს. მარტო ალდამოვის მამას აჩვენეს ცხედარი სასაფლაოზე, რამდენიმე წამით", - განაგრძობს რესპონდენტი. 

"მე კიდევ ბევრი ინფორმაცია მაქვს, მაგრამ თქმა არ შემიძლია. მეჩეთში ითქვა, რომ დეტალებზე ჯერ არ უნდა ვისაუბროთ. ვიცით, რომ ახმედა გადარჩა და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე პირი. ახმედა დოკუ უმაროვის პირადი წარმომადგენელია, 30 წლამდე იქნება, ერთი ხელი არ აქვს. ქისტი ჰყავს ცოლად და პანკისის ხეობაში ცხოვრობდა, სპეცოპერაციის შემდეგ აღარ ჩანს. კიდევ ოთხი ახალგაზრდა აქაური ქისტია. დანარჩენები ჩეჩნეთიდან ლტოლვილები არიან. ზუსტად ვიცი, რომ არაფერი არ უნდა დაეშავებინათ საქართველოსთვის. რაც შეეხება ლოპოტას ხეობაში ახალგაზრდები მძევლად აყვანას - როცა საბრძოლველად მიდიხარ და ვინმე გადაგაწყდება, რომელმაც შეიძლება ხელი შეგიშალოს, ან უნდა მოკლა ან სამშვიდობომდე წაიყვანო. ამათ არ მოკლეს, თვითონაც წესიერი ახალგაზრდები იყვნენ, ძალიან კარგი ბიჭები და ამიტომ გადაწყვიტეს, რომ სამშვიდობომდე წაეყვანათ. ცუდი ის არის, რომ ამ ბიჭებს ჯერ დაპირდნენ დახმარებას, მაგრამ მერე გაწირეს და დახოცეს", - დასძენს პანკისის მცხოვრები და შეკითხვას - "ანტიტერორისტული ცენტრის თანამშობლები ასეთ საკითხებს ინდივიდუალურად წყვეტენ თუ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით?" - პასუხობს:

"შეუძლებელია ასეთ საკითხებს მარტო წყვეტდნენ. როცა უნდათ, გვიყენებენ, მაგრამ ახლა ძალიან დაიძაბა ურთიერთობა. ჩვენ მათ აღარ ვენდობით იმ ორი-სამი კაცის გარდა, რომლებიც მათთან არიან შეკრული. ამიტომაც ახლა გადაწყვიტეს თავიდან მოგვიშორონ."

"ორი დღის განმავლობაში არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჩვენი რესპონდენტის მიერ დასახელებულ პირებთან დაკავშირება ვერ შევძელით. ვერ დავუკავშირდით კუდ-ის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით ლორთქიფანიძეს, რომელის შს მინისტრის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძის ძმაა, წარმოშობით ახმეტიდან არიან და პანკისში მათ ხშირად ახსენებენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, 18-კაციანი ჯგუფიდან ოთხი ადამიანი შსს-ს მოდულის შენობაში იმყოფება. მათ შორის არის ახმედა. ამ საკითხზე შსს-ში კომენტარს არ აკეთებენ - ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება. გადამოწმებული ინფორმაციით, პანკისის ხეობიდან ბაწარას ნაკრძალის, სოფლების - ბირკიანის, ხადორის, ომალოსა და ხორეჯოს ხეობის მიმართულებით ყველა გასასვლელს სამხედროები და სპეცრაზმი აკონტროლებენ. ტბათანას ტერიტორიაზე, სადაც ქისტებს საქონელი ჰყავთ, რამდენიმე მწყემსიც არ შეუშვეს. ვარაუდობენ, რომ სპეცოპერაციას გადარჩენილი ქისტები და ჩეჩნეთიდან ლტოლვილები უკან, პანკისის ხეობაში დაბრუნდებიან", - აღნიშნავს გამოცემა.