ჯონ მაკეინი საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას დაბეჯითებით ითხოვს -

ჯონ მაკეინი საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას დაბეჯითებით ითხოვს - "საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს"

"გუშინ საქართველოში დიდი ალიაქოთი იყო. ოპოზიცია და ნაცმოძრაობა გულისფანცქალით ელოდა სენატორ მაკეინის ჩამოსვლად. ამერიკელი სენატორი ჩვენში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერად აღიქმება. ნაციონალები რომ მისი თავგადაკლული ფანები არიან, ყველამ იცის - 2008 წელს კობა სუბელიანი სულაც სანომრე ნიშნით "მაკეინი" დაატარებდა მანქანას. მერე, როცა მაკეინმა ობამასთან საპრეზიდენტო არჩევნები წააგო, კობამ თქვა - ეგ სანომრე ნიშნები კუსტარული იყოო, ჰოდა შერჩა სახელად "მაკეინის კუსტარული ფანი..." რაც შეეხება გუშინდელ გულისფანცქალს, სანატრელი სენატორი ჩამოვიდა და ორივე მხარის წარმომადგენლებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდა", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ჯონ მაკეინი საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ითხოვს.

"მეოცნებეები ამან კარგ ხასიათზე დააყენა: ერთ-ერთმა ფეისბუქზე დაწერა, რომ ივანიშვილმა ნაციონალების "მშობელთა კრება მოიწვია" - მაკეინი ხომ ნაცმოძის მამობილად ითვლება. ამერიკელ სტუმრებთან შეხვედრით ბიძინა ივანიშვილიც კმაყოფილი იყო - "ამერიკელმა სენატორებმა კარგად დაინახეს, რომ რასაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს ჩემზე, სიცრუეა. მათ ისედაც კარგად იცოდნენ ყველაფერი, თუმცა ჩვენთან უფრო კარგად დაინახეს დღევანდელი რეალობა. სენატორები განსაკუთრებით დაინტერესდნენ იმით, რასაც სააკაშვილი რუსეთში ჩემს ქონებასთან დაკავშირებით საუბრობს. მაკეინს ისიც ვუთხარი, რომ გუშინ რუსეთში ჩემი ბოლო ქონება ცნობილმა ამერიკულმა ფონდმა შეიძინა - საუბარია სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ ქონებაზე. მათ ძალიან კარგად დაინახეს, რომ რასაც სააკაშვილი ამბობს ჩემზე, რომ ვარ კრემლის აგენტი, სიცრუეა", - განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, შეხვედრისას სენატორებს გააცნეს სიცრუისა და ძალადობის ფაქტები, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს და დაპირდნენ სენატორებს, რომ მოახერხებენ პროცესების არჩევნებამდე მიყვანას და ხელისუფლების დემოკრატიულად ჩანაცვლებას", - აღნიშნავს გამოცემა.

"ამერიკელი სტუმრები ხელისუფლეის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. საღამოს კი მაკეინმა პრესკონფორენცია გამართა. როგორც მოსალოდნელი იყო, მან 1 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე ისაუბრა. ამერიკელი სენატორი იმედოვნებს, რომ საქართველოში არჩევნები მშვიდად და დემოკრატიულად ჩატარდება: "ჩვენ გვინდა ვიხილოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომლის შედეგებსაც დამარცხებულებიც აღიარებენ. მე მაწუხებს ის საკითხი, რომ არჩევნების შემდეგ შეიძლება მის შედეგებზე დავა დაიწყოს. ჩვენ გვინდა ვიხილოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ეს განსაჯონ დამკვირვებლებმა, ხოლო დამარცხებულებმა შედეგები აღიარონ. მომავალ არჩევნებს ამერიკა დიდ ყურადღება მიაქცევს და დაეყრდნობა წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს. ენდიაის, აირაისა და ეუთოს სადამკვირვებლო მისიები უკვე აქ არიან და არჩევნებთან დაკავშირებით მათ შეფასებას ჩვენს შეხედულებებზე დიდი ზეგავლენა ექნება. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს", -განაცხადა მაკეინმა, რომელმაც დელეგაციის სახელით საქართველოს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისკენ რამდენჯერმე მოუწოდა", - დასძენს გამოცემა.

"მაკეინის განმარტებით, სენატორთა დელეგაცია საქართველოში იმისთვის ჩამოვიდა, რომ მოესმინათ სხვადასხვა მხარეების შეფასებები და შეხვედრები 6 სექტემბერს გაიმართა "ქართული ოცნების", "ქრისტიან-დემოკრატებისა" და "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებთან. "საქართველომ დიდი გზა განვლო მას შემდეგ, რაც ქვეყანაში გამეფებული იყო კორუფცია და სიღარიბე. საქართველოს ქუჩებში გავლა შეუძლებელი იყო, რადგან დაგაყაჩაღებდნენ. დღეს კი ვამაყობთ იმ პროგრესით, რომელსაც თქვენმა ქვეყანამ მიაღწია და დადებითად ვაფასებთ საქართველოს დიდ წვლილს, რომელიც მას შეაქვს ავღანეთში", - აღნიშნა მაკეინმა. ამერიკელი სენატორების განცხადებით კი კმაყოფილი როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები დარჩნენ - მეოცნებები ამბობენ, რომ დასავლეთის დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ შეიცვალა", - წერს სტატიის ავტორი. 

"პრესკონფერენციაზე მაკეინმა ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა - "ბატონმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა. მისი განწყობაა, რომ საქართველოში იყოს დემოკრატია, ქვეყანა იყოს თავისუფალი და ნატოს წევრი. ჩვენ აშკარად ვიღებთ მის სიტყვებს, ხოლო არჩევანს საქართველოს მოქალაქეები თავად გააკეთებენ", - განაცხადა სენატორმა. ამას გარდა "ქართულმა ოცნებამ" საქართველოში ტრადიციად ქცეული ამბასადორიალის მონაწილეებს საგანგებო მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო "ისტორიულ გზაგასაყარზე იმყოფება" და ელჩებს მოუწოდებენ, საშუალება მისცენ ქართველ ემიგრანტებს "შეუფერხებლად და ზედმეტი ფორმალობების გარეშე" მისცენ უფლება გაიარონ რეგისტრაცია საარჩევნო სიებში", - დასძენს სტატიის ავტორი.