რასმუსენი -

რასმუსენი - "არჩევნები საქართველოს დემოკრატიის ტესტია"

"ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტს საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებენ. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე რასმუსენმა აღნიშნა, რომ ნატო აგრძელებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესზე დაკვირვებას და მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ბრწყინვალე ტესტი იქნება ქართული დემოკრატიისათვის. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ეს ვიზიტი რუსეთისთვის მანიშნებელი სიგნალია, რომ საქართველოს თავი დაანებოს. შეგახსენებთ, რომ ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში გუშინ ერთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რასმუსენი: "არჩევნები საქართველოს დემოკრატიის ტესტია".

"რასმუსენის ვიზიტი აჩვენებს, რამდენად ინტენსიურია საქართველო-ნატოს ურთიერთობები და რამდენად სერიოზული და სოლიდურია ჩიკაგოს სამიტის გადაწყვეტილებები. ამავე დროს, ჩვენს მოკავშირეებს აინტერესებთ საქართველოში დღეს არსებული სიტუაცია, მისი სტრატეგიული მდგომარეობა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. არჩევნებზე რა ზეგავლენა უნდა მოახდინოს ამ ვიზიტმა, არ მესმის. ამ პროცესში სადამკვირვებლო მისიები და მთელი საზოგადოება მონაწილეობს, ამიტომ რამე ზეგავლენა ძნელი წარმოსადგენია. რასმუსენის ვიზიტი მხოლოდ პროცესის მხარდაჭერაა. ის მხარს უჭერს საქართველოს აღმშენებლობას და დემოკრატიულ პროცესებს, რაც უკვე მიდის. თუ ვინმეს ჰგონია, რომ აქ რამე სხვა პროცესები მიმდინარეობს, ეს იმ ვიღაცის გემოვნების პრობლემის საგანია. ბუნებრივია, ეს ვიზიტები და ურთიერთობა არის სიგნალი რუსეთისთვის, რომელსაც საქართველოს შინაურ საქმეებში ხელის ფათური სჩვევია. ეს არის მკაფიო მინიშნება, რომ საქართველოს თავი დაანებონ. რუსეთში ასეთი სიგნალები ძნელად, მაგრამ ესმით ხოლმე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი.

"რასმუსენის ვიზიტი, პირველ რიგში, არჩევნებს და ამბასადორიალს უკავშირდება. ჩემი აზრით, ამ ვიზიტის მთავარი მიზანია შეახსენოს საქართველოს, რომ მისი მომავალი წევრობა ნატოში დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დემოკრატიულად ჩატარდება არჩევნები, რამდენად აშენებულია დემოკრატიული ინსტიტუტები და რამდენად არის ქვეყანა კანონმორჩილი და კანონის უზენაესობის მომხრე. შესაბამისად, რასმუსენის ვიზიტი საქართველოს მხარდაჭერაა ნატოსკენ წინსვლაში და ყველასთვის სასარგებლოა. ხელისუფლება ამ შემთხვევაში იტყვის, რომ ნატო მხარს მათ უჭერს; ოპოზიცია კი, სამართლიანად განაცხადებს, რომ ნატო არჩევნების დემოკრატიულობას ითხოვს. თუ ეს ვიზიტი დემოკრატიის განვითარებასაც დაეხმარება და საქართველო ნატოსაც მიუახლოვდება, ყველა მოვიგებთ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი და რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი

"ეს მოთხოვნაა, ჩაატარეთ წესიერი არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში ნატოში თქვენ ვერ გხედავთ - კონკრეტულად კი ეს ნიშნავს, თუ ხელისუფლება აპირებს არჩევნების გაყალბებას 100%-ით, შესაძლოა 20%-ით შეამციროს და 80%-ით გაყალბება ჩაიფიქროს. რასმუსენის ვიზიტი ვერც "კავკასია 2012"-ის წვრთნებს გააუქმებს და ვერც რუსეთზე იმოქმედებს, ამიტომ რისი პრევენცია იქნება ამას ვერ გეტყვით. თუკი ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთს საქართველოში შემოჭრა აქვს ჩაფიქრებული, მაშინ ამას ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი არ უშველის. არა მგონია, რომ "კავკასია 2012" მიზნად ისახავდეს რუსეთის საქართველოში შემოჭრას და რაღაც გამოწვევას. თუმცა, შესაძლოა, ეს ვიზიტი გამხნევებადაც ჩაითვალოს, რომ წვრთნების არ შეგვეშინდეს", - დასძენს ლევან ბერძენიშვილი.

"რასმუსენის ვიზიტი პირველ რიგში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. ჩვენ რასმუსენისგან და ნატოს სხვა წარმომადგენლებისგან მოგვისმენია, რომ მათ სერიოზულად აინტერესებთ, რა დონეზე და რა ხარისხით ჩატარდება არჩევნები. რამდენიმე მნიშვნელობის ვიზიტია, ერთი მხრივ, დემოკრატიულ პირობებში არჩევნების ჩატარებაზე გააკეთა მოწოდება, მეორე მხრივ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და დადასტურება მოხდა ნატოს მხრიდან. ყველაფერი ისევ და ისევ არჩევნებზეა დამოკიდებული და იმ რეფორმებზე, რომელიც ნატოში შესვლის სტანდარტს ადგენს - ეს დემოკრატიული ღირებულებები არის თავისუფალი სასამართლო, კონსტიტუციის დაცვა, რომელიც ადამიანის უფლებებს უკავშირდება, თავისუფალი მედია და ბიზნესგარემო. თუ ისე არ განვითარდა მოვლენები, როგორც ნატოსთვისაა მისაღები, შესაძლოა, ჩვენი ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება კიდევ 35 წელიწადი გაგრძელდეს", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი კახი კახიშვილი.