ნინო ქათამაძე - ვიდგები იქ, სადაც ხალხი იდგება

ნინო ქათამაძე - ვიდგები იქ, სადაც ხალხი იდგება

(იბეჭდება შემოკლებით)

დასავლეთში, როცა პოლიტიკური პროცესები შენობებსა და ვიწრო პოლიტიკურ ფარგლებს სცილდება, ყოველთვის აქტიურდება საზოგადოებრივი აზრი. საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები, ვისი ცხოვრებაც გამჭვირვალეა, პოზიციასაც გამჭვირვალედ აფიქსირებენ. მეტიც, სწორედ ისინი გვევლინებიან პროცესების სათავეებთან, ბარიკადების ერთ ან მეორე მხარეს, ანდა პირიქით - შუამავლის როლში.

რა ხდება ჩვენთან და რას ფიქრობენ ჩვენი ხელოვანები მოსალოდნელი რევოლუციის შესახებ.

„ალია“ მთელი დღის განმავლობაში უკავშირდებოდა ქართული კულტურისა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს.

მაშ ასე, რას ფიქრობენ ისინი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე.

დათო ხუჯაძე, მომღერალი:

- მე ეგეთი რაღაცეები ნაკლებად მაინტერესებს, მასე შეიძლება სამოქალაქო ომიც დაიწყოს, მაგრამ მე რა? რა უნდა ვქნა, უნდა გამოვიდე და ვიმღერო? მე ჩემი სიმპათიები მაქვს და ამას არჩევნებზე ურნასთან გავარკვევ.

ლამის ქვეყანა თავზე გვექცევა და სიმღერა ვის რად უნდა. აქციებში მონაწილეობაზე გეკითხები და აპირებ თუ არა პოზიციის დაფიქსირებას?

- ჩემი აქციებში მონაწილეობა სიმღერის გარდა სხვანაირად ვერ წარმომიდგენია, ლოზუნგების ყვირილს და ტრანსპარანტებით სიარულს მე ვერ დავიწყებ.

როცა ხელისუფლება პოზიციებს არ თმობს და ოპოზიციას იძულებულს ხდის ქუჩაში გავიდეს ვინ არის დამნაშავე?

- ეგ თვითონ არ იციან და შენ გინდა რომ მე ვიცოდე? ორივე დამნაშავეა.

კახუჩელა, მომღერალი:

კახა, ოპოზიცია და ხელისუფლება ვერ თანხმდება და პოლიტიკური პროცესები ქუჩაში ინაცვლებს.

- მერე მე რომ მირეკავ, რა შუაში ვარ?

ამ ქვეყნის მოქალაქე არ ხარ? შემოქმედს მით უმეტეს უნდა ჰქონდეს თავისი პოზიცია. რას ფიქრობ და საერთოდ აპირებ თუ არა დემონსტრაციებში მონაწილეობას?

- არა, მე არ ვაპირებ, მართალი გითხრათ, საერთოდ ვერ ვხვდები რაზეა ლაპარაკი და რა ხდება.

ხელისუფლება პოზიციებს არ თმობს საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, არ სურს ბერკეტების ხელიდან გაშვება, ოპოზიცია ქუჩაში ინაცვლებს.

- არ ვიცი, აბა რა გითხრა, ეგენი საერთოდ ვერ რიგდებიან და მთავარია, ამ ყველაფერმა ხალხზე არ იმოქმედოს ცუდად, ხალხს რა გარანტია აქვს, რომ ოპოზიცია მისთვის იზრუნებს? რა გითხრათ, მე ჯერ არანაირ მონაწილეობას არ ვაპირებ ამ გამოსვლებში.

ავთო ცქვიტინიძე, დიზაინერი:

- საერთოდ აზრზე არ ვარ, რა ხდება, ახლა გავიგე თქვენგან. მე თვითონ არაფერს არ ვაპირებ. საერთოდ რა ვიცი, თუ ხალხს ცუდად არ შეეხება, გამოვიდნენ ქუჩაში, ადგილი ბევრია.

კაცო, უფლებას კი არ ვიღებ თქვენგან ქუჩაში გამოსვლაზე, თქვენ რა პოზიცია გაქვთ მეთქი?

- რა გითხრათ, არ მიფიქრია ამაზე, ისეთ მდგომარეობაში ვარ, არც ვიცი რა ხდება.

ნინო ქათამაძე, მომღერალი:

- მე არ ვაპირებ პოლიტიკურ პროცესებში ჩაბმას, მაგრამ დავდგები იქ და მასთან, ვისაც ჩემი თანადგომა დასჭირდება, ანუ ხალხთან, ჩემს ხალხთან. თუ აუცილებელი შეიქნა, ჩემი თანადგომა, მე მზად ვარ.

ანუ, შენ თავისუფლად გამოხვალ ხელისუფლების წინააღმდეგ და არ მიეკუთვნები კონიუნქტურას, რომელიც ლოიალურია ხელისუფლების, ამ შემთხვევაში, შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ.

- პერსონიფიკაცია აქ არაფერ შუაშია, პასუხისმგებელი ხელისუფლებაა. მე არავის წინააღმდეგ გამოსვლის პრობლემა არ მაქვს. მე უკვე გამოვხატე ეს, როცა არც ერთი პარტიის სასარგებლოდ არ ვმღერი და არც ვიმღერებ.

აქციებში მიიღებ მონაწილეობას?

- ვერ გეტყვით, მე ვიდგები იქ, სადაც ხალხი იდგება და თუ ხალხი ქუჩაში გავიდა და ეს გასცდა პოლიტიკური დავის ფარგლებს, მე ჩემს ხალხთან ვიდგები.

ხათუნა იოსელიანი, მსახიობი:

- ქუჩაში გასვლის წინააღმდეგი კი ვარ, მეშინია, ეს ყველაფერი არეულობაში არ გადაიზარდოს, მაგრამ რაღაცა რომ უნდა გაკეთდეს, ფაქტია.

თავიდან საუბარია მშვიდობიან დემონსტრაციაზე.

- მშვიდობიან დემონსტრაციაზე, რა თქმა უნდა მივალ. რას ვიზამთ, თუ სხვა გზა არ არის, რომ ეს ხელისუფლება რამეს მიხვდეს და გონს მოეგოს. ჩემი კოლეგები, არ ვიცი, რას იზამენ, მაგრამ მე პირადად თუ ჩემს ქვეყანას დასჭირდა, ქუჩაში გამოვალ კი არა, თავს ზემოთ გადავხტები. ისე არ გამიგოთ, რომ მე მაინცდამაინც ოპოზიციის მჯერა, არა, მე აღარც ხელისუფლების მჯერა და არც ოპოზიციის.

ნანუკა ხუსკივაძე, მსახიობი:

ნანუკა, პოლიტიკური პროცესები ქუჩაში ინაცვლებს, ცივილიზებულ ქვეყნებში ხელოვან ხალხს ყოველთვის აქვს მკვეთრი პოზიცია მიმდინარე მოვლენებზე.

- ჩვენ ცივილიზებული ქვეყანა არ ვართ და როცა ვიქნებით, მაშინ მეც დავიჭერ პოზიციას. მე ჩემი პოზიცია ჩემთვის მაქვს და საჭიროდ არ მიმაჩნია მისი საჯაროდ გამოხატვა.

რატომ, ხელისუფლებას ერიდებით?

- არა, არ იფიქროთ, ვინმეს ან რამეს ვერიდებოდე. უბრალოდ, ჯერჯერობით ვერავინ გამოხატა თავისი პოზიცია დამაჯერებლად და აზრიანად, არანაირად არ მსურს მათ რიცხვში აღმოვჩნდე. საერთოდ, თუ ქვეყანას წაადგება, ჩემთვის ყველა გზა მისაღებია, გარდა სისხლისღვრისა და უბედურებისა, თუ ეს პროცესები მის ორგანიზატორებს ქვეყნის საკეთილდღეოდ აქვთ გამიზნული, ცხადია, მისაღებია, თუ ქვეყნის ასაწეწად...

თავად თუ მიიღებთ მონაწილეობას მშვიდობიან დემონსტრაციაში?

- მე ჯერ ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ ქუჩაში გამოვიდე. როცა ჩავთვლი, რომ ჩემი ყოფნა აუცილებელია, ნამდვილად დავდგები „იქ, სადაც ქარიშხალია.“ ახლა კი არანაირად არ ვაპირებ ქუჩაში გამოსვლას.