ზაზა შათირიშვილი - "დღეს ჩვენ მოწმე ვართ არა პარტიული ბრძოლისა, არამედ პროცესისა, როცა ოლიგარქიული სისტემა დემოკრატიულ სისტემაში უნდა გადავიდეს"
"ერთი რამ აშკარაა - ხელისუფლება ლაპარაკობს ბაბილონურ ენაზე, ვგულისხმობ ენების არევდარევას. ჯერ გვითხრეს, დაღუპულები (რომლებსაც დივერსანტები არც მინდა ვუწოდო, რადგან გაურკვეველია, ვინ იყვნენ და რა უნდოდათ) საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენო! მერე, როდესაც მათი დამალული ინფორმაცია გამჟღავნდა, აღიარეს, იყვნენო და, როგორც იქნა, ცხედრებიც გადასცეს ახლობლებს. არ გამოვრიცხავ, ცოტა ხანში გამოგვიცხადონ, - ვინც იტყვის, თითქოს ჩვენ თავდაპირველად ვთქვით, რომ ჯგუფში საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ - პრორუსული ძალები არიანო", - აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ხელისუფლებას ენათა არევის თუ, საერთოდ, უენობის სინდრომი სჭირს" / "ფაქტია, სცადეს დაემალათ საქართველოს მოქალაქეების დაღუპვა, რაც ბუნებრივად აჩენს ვარაუდს, რომ ამ პროცესებში სხვაც ბევრი რამ იმალება".
"სულაც არ მიკვირს, რომ შს მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილის მიერ ამის თაობაზე გაკეთებული განცხადება სამინისტროს ინტერნეტგვერდიდან გაქრა - ეს მათი ხელწერაა. სწორედ ასე იქცეოდა მათი სულიერი მამა - სტალინი. როდესაც ვიღაცას დახვრეტდნენ, მერე ამ ადამიანს დოკუმენტებიდანაც აქრობდნენ. ამ სპეცოპერაციას რაც შეეხება, არ არის გამორიცხული, უფრო შორს მიმავალ, მზაკვრულ გეგმასთანაც გვქონდეს საქმე. ის, რომ სცადეს საქართველოს მოქალაქეების დაღუპვა დაემალათ, ბუნებრივად აჩენს ვარაუდს, რომ ამ პროცესებში სხვაც ბევრი რამ იმალება. საინტერესო სურათია: ფაქტობრივად, ბოლო ექვსი წელიწადია, სააკაშვილი გმირულად ებრძვის რუსეთს, ამ ფონზე კი ჩრდილოეთკავკასიელებს ანადგურებს. ისევ ბაბილონურ ენასთან გვაქვს საქმე: ერთი მხრივ, ებრძვის რუსეთს, მეორე მხრივ კი, აკეთებს ისეთ რამეს, რაც სწორედ რუსეთს აძლევს ხელს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა შათირიშვილი.
"რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული ადამიანები უკანონოდ არ უნდა დადიოდნენ, მაგრამ კითხვა კითხვად რჩება: რას ემსახურება ინფორმაციის ასეთი გასაიდუმლოებისა და დამალვის მცდელობა? მოკლედ, ხელისუფლებას ენათა არევის თუ, საერთოდ, უენობის სინდრომი სჭირს, რაც, სხვა პრობლემებთან ერთად, ინტელექტის პრობლემაცაა", - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვას - "ორი დღის წინ გამოქვეყნდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (ენ-დი-აი) გრძელვადიანი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შუალედური შეფასება, სადაც ვკითხულობთ: "როგორც მმართველი პარტიის, ისე "ქართული ოცნების" ქმედებები და ურთიერთბრალდების რიტორიკა იწვევს საზოგადოების პოლარიზებას, ქმნის მცდარ წარმოდგენებს და არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებს..." - პასუხობს:
"ამჯერად ენ-დი-აი შეეცადა, არც მწვადი დაეწვა და არც შამფური - ხელისუფლებაც დამნაშავეა და ოპოზიციაცო. აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ქმედებებზეც, როგორც იქნა ამოღერღეს, არაპროპორციულად მოქმედებენო. სიმართლე გითხრათ, ამისთვისაც მადლობის მეტი რა გვეთქმის. კატის გაზრდილი ლომიდან ხომ გახსოვთ - "აბა, ჩემს შვილს ხომ არ მოვჭრი თავსო?" ასე იქცევა ხოლმე ენ-დი-აიც, რომლის "შვილიც" ეს ხელისუფლებაა. ხომ ნახეთ, ენ-დი-აის ოფისში მომუშავე ხალხი "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიაში აღმოჩნდა - მე-4 ნომერი თინათინ ბოკუჩავა 2009-2011 წლებში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის პროგრამის უფროსი ოფიცერი იყო. ჩანს, ევროსაბჭოსა და ეუთო-ს კრიტიკულმა განცხადებებმა მათზეც იმოქმედა, მოვესწარით იმასაც, რომ ენ-დი-აის საქართველოს ოფისმა, - აქვე ვიტყვი, რომ ყველა ქვეყანას ისეთი ენ-დი-აი ჰყავს, როგორსაც იმსახურებს - რაღაცებზე თვალის დახუჭვა ვეღარ გაბედა. არადა, ენ-დი-აი ვისაც უკვეთს ხოლმე გამოკითხვის მოწყობას, იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლევან თარხნიშვილიც "ნაციონალური მოძრაობის" სიაშია".
"ნაციონალური მოძრაობის" სიებში ძალიან ცოტა ახალი სახეა. ასეთ გადამწყვეტ ვითარებაში ნდობას ყოველთვის ძველ გვარდიას უცხადებენ ხოლმე, თანაც ახალი სახეების მოსაძებნად დროც ნაკლები ჰქონდათ. ანუ, ჩვენ ვხედავთ, რომ სახელისუფლებო მონოლითი კიდევ უფრო შეიკუმშა. ეს ბუნებრივი მოვლენაა. კოალიცია კი არ არის ერთი პარტია, "ქართული ოცნება" დღეს წარმოადგენს ჩვენი საზოგადოების მთელ სპექტრს. იქ არის მემარჯვენეც, მემარცხენეც, ცენტრისტული ძალებიც და ა.შ. დღეს ჩვენ მოწმე ვართ არა პარტიული ბრძოლისა, არამედ პროცესისა, როდესაც ოლიგარქიული სისტემა დემოკრატიულ სისტემაში უნდა გადავიდეს. ერთ მხარეს ოლიგარქია ხელისუფლების სახით, მეორე მხარეს კი - დემოკრატიული სპექტრი, ამიტომაც მივიღეთ ეს "აჯაფსანდალი". სამომავლოდ, როცა კოალიცია დაიშლება, მივიღებთ სავსებით ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს. დაშლაში ის ვიგულისხმე, რომ ამ კოალიციის წიაღში შეიძლება დაიბადოს მძლავრი და საინტერესო ოპოზიციური ძალა. როგორც ვიცი, ისეთი მექანიზმებია ჩადებული, რომ კოალიციის ნაადრევი და ერთბაშად დაშლა არ მოხდება. შემთხვევით არ ხდება, რომ ყოვლისშემძლე "ნაციონალური მოძრაობა" ძრწის "ქართული ოცნების" წინაშე და ბიძინა ივანიშვილის გასანეიტრალებლად რაღას არ იგონებს", - დასძენს ზაზა შათირიშვილი.