ვახტანგ ხმალაძე :

ვახტანგ ხმალაძე : "ხელისუფლების ნათქვამი აშკარად ტყუილი გამოდის, არადა ხელისუფლება ტყუილს არ უნდა ამბობდეს"

"დაეჯერება თუ არა რამე ხელისუფლებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს რამდენიმე დღის განმავლობაში ატყუებდა და ბოლოს იძულებული გახდა თავადაც ეღიარებინა ეს? შსს გადაჭრით უარყოფდა ცნობებს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაღუპულ "დივერსანტებს" შორის საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ინფორმაციასაც და მათ გამავრცელებლებსაც სხვადასხვა ეპითეტებით ამკობდნენ. გუშინ კი შსს-მ თავად აღიარა, რომ ეს ინფორმაცია სრული სიმართლეა. რა არის ეს - სახელმწიფოს მართვის სტილი, თუ გამონაკლისი შემთხვევა?" - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით შსს-მ ტყუილი აღიარა და არავითარ უხერხულობას არ გრძნობს / "კაცი ერთხელ რომ ტყუილს იტყვის, მერე იმისი სიმართლეც აღარ გჯერა".

"დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ჩვენს მიერ ლიკვიდირებული 11 ადამიანიდან არც ერთი არ არის საქართველოს მოქალაქე", - აცხადებდა რამდენიმე დღის წინ ლაფანყურის სპეცოპერაციაზე საუბრისას შს მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი. ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლებიც ბოლო დღეების განმავლობაში გადაჭრით უარყოფდნენ სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედია საშუალებებში გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ სპეცოპერაციისას დაღუპულ "დივერსანტთა" შორის საქართველოს მოქალაქეები, პანკისის ხეობის მცხოვრებლები იყვნენ. გუშინ კი შსს-მ ოფიციალურად აღიარა, რომ ტყუოდა. სამინისტრომ "საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე" ოფიციალურად დაასახელა ლიკვიდირებულთა ვინაობა და განაცხადა, რომ 11 დაღუპულიდან 7-ის ამოცნობა მოხერხდა და მათგან 2 საქართველოს მოქალაქეა - 1990 წელს დაბადებული ასლან მარგოშვილი და 1986 წელს დაბადებული ბაჰაუდინ ქავთარაშვილი. ორივე მათგანი გუშინ გამთენიისას დაკრძალეს სოფელ დუისში. ამ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებით ხელისუფლებამ პრაქტიკულად მოქალაქეების ღიად მოტყუების პრეცედენტი შექმნა. ექსპერტთა ნაწილი ამას შემაშფოთებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ხელისუფლების ნებისმიერ განცხადებას ამის შემდეგ საზოგადოება გაცილებით უნდობლად მოეკიდება.", - აღნიშნავს გამოცემა.

"ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი კი უჩვეულოს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ შსს-ს წარმომადგენელს არ ჰქონოდა ზუსტი ინფორმაცია, თუმცა, არ საუბრობს იმაზე, ინფორმაციის არქონის შემთხვევაში თუ რატომ აკეთებდა შსს კატეგორიულ განცხადებებს და რატომ უარყოფდა დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეების ყოფნას - "არაფერია გასაკვირი იმაში, რომ თავიდან შსს-ს წარმომადგენელს, ისევე როგორც ძიებაში ჩართულ ადამიანებს, არ სცოდნოდა დაზუსტებით ვისთან გვქონდა საქმე. თითოეული ახალგაზრდის დაღუპვა ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ხომ გააჩნია რას საქმიანობდნენ ეს ადამიანები? როცა ისინი შეიარაღებულ ფორმირებას ქმნიან და უკანონო ქმედებების ჩადენას აპირებენ საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, ამაზე, რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახელმწიფო რეაგირებას მოახდენდა", - აცხადებს დარჩიაშვილი. მან უარი თქვა შეეფასებინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან თავად ტყუილის თქმის ფაქტი: "ამაზე ჯობია იმას მიმართოთ, ვინც ეს განცხადება გააკეთა", - ამბობს დარჩიაშვილი და მედიის წარმომადგენლებს გვირჩევს, აქცენტი სხვა თემებზე გავაკეთოთ", - დასძენს გამოცემა

"იგივე აზრს იზიარებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე. კითხვაზე, უნდა დადგეს თუ არა შსს-ში ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი აშკარა ტყუილისათვის, მან პირდაპირი პასუხი არ გაგვცა - "ბუნებრივია, ოპერაციის დროს ძნელი იქნებოდა მათი ვინაობის დადგენა. მთავარი ის კი არ არის, რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, არამედ ის, თუ სად მოღვაწეობდნენ და რას აკეთებდნენ. ეს ხალხი დაღესტნის ტერიტორიიდან შემოვიდა და საფუძვლიანი ეჭვი გაჩნდა, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ. როცა იარაღის დაყრაზე უარს ამბობდნენ, ხომ არ ეტყოდნენ - თუ ძმა ხარ, შენი პირადობის მოწმობა მაჩვენე, რომელი ქვეყნის მოქალაქე ხარო? ზოგჯერ გამოძიებები თვეებისა და წლების განმავლობაში მიმდინარეობს. ამ თემაზე საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი საუბრობს და კიდევ პოლიტიკურად ანგაჟირებული ვითომ ექსპერტები. როცა პოლიტიკური პარტიის წევრი ხარ და გინდა ბელადს ასიამოვნო, რათა მერე დაფინანსება არ შეგიწყვიტოს, რა თქმა უნდა იმას იტყვი, რასაც დაგავალებენ", - ამბობს ნიკა ჩიტაძე, რომლის აზრით, "ვაიექსპერტები, რომლებიც ამა თუ იმ პარტიის წევრები არიან, ობიექტურ განცხადებას ვერ გააკეთებენ", - წერს სტატიის ავტორი.

"სამართლებრივ საკითხთა ექსპერტსა და კოალიცია "ქართული ოცნების" წევრ ვახტანგ ხმალაძეს არ სჯერა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს უბრალოდ შეცდომა მოუვიდათ, რომელიც 2 დღეში გამოასწორეს. მისი აზრით, ეს ყველაფერი, ხალხის უნდობლობას ხელისუფლებისადმი კიდევ უფრო გაამძაფრებს - "უბედურება ისაა, რომ ჩვენი ხელისუფლება ხშირად ტყუის ხოლმე. ამის გამო, ხელისუფლების განცხადებები მაინცდამაინც მაღალი ნდობით არ სარგებლობს. ეს ძალიან ცუდია. ეს ყველაფერი ხელისუფლების მიმართ ეჭვებს იწვევს. დღესაც, იმდენად მწირი ინფორმაცია გვაქვს მთელი ამ ამბის შესახებ და იმდენად ურთიერთგამომრიცხავი, რომ მტკიცებულებებზე დაყრდობით შეფასების გაკეთება რთულია. საუბარი მხოლოდ ვერსიების დონეზეა შესაძლებელი", - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე, რომლის თქმით, "ხელისუფლება ტყუილს არ უნდა ამბობდეს", - დასძენს სტატიის ავტორი.

"თუ მათ არ ჰქონდათ საშუალება, რომ დაედგინათ ამ ხალხის ვინაობა, მაშინ უნდა ეთქვათ, რომ არ იცოდნენ! თუ მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან, მაშინ ის ეცოდინებოდათ, თუ ვისი მოქალაქეები იყვნენ. მოკლედ, ხელისუფლების ნათქვამი აშკარად ტყუილი გამოდის, არადა ხელისუფლება ტყუილს არ უნდა ამბობდეს. სწორედ ამიტომ გაჩნდა ეჭვი მათ შემდგომ ნათქვამებზეც. კაცი ერთხელ რომ ტყუილს იტყვის, მერე იმისი სიმართლეც აღარ გჯერა. ფაქტია, რომ ტყუილი ან განგებ თქვეს, ან - უცოდინარობის გამო. ყველა ნორმალურ და დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთი არასწორი ინფორმაციის გავრცელება, როგორც მინიმუმ, მორალურ პასუხისმგებლობას იწვევს ხოლმე, რაც ხშირად მთავრდება იმით, რომ შესაბამისი პირები თანამდებობებს ტოვებენ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.