პატარა ერთოთახიან ბინაში შავებში ჩაცმული დიასახლისი და 5 წლის გოგონა მეგებებიან ნახატით ხელში.…"ნახეთ, ეს მამაა საავადმყოფოში, ეს კი მე და დედა ვართ, აქეთ გულები დაფრინავენ და თან ტირიან. ტირიან იმიტომ, რომ მამა საავადმყოფოშია", - მიხსნის 5 წლის ლიზი ხახიშვილი, იმ ჭიათურელი ექიმის ქალიშვილი, რომლის მკველელობის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა იუჯინ პურსომ წინა ნომერში ჩვენთან ინტერვიუში ისაუბრა.
ჭიათურელი ექიმი ალექსანდრე ხახიშვილი 28 ივლისს ინციდენტიდან ერთი თვის თავზე მძიმე ტრავმების გამო გარდაიცვალა.
ლელა ნოზაძე, ალექსანდრე ხახიშვილის მეუღლე: - 27 ივნისს დილით ჭიათურიდან დამირეკა ახლობელმა ექიმმა და მაცნობა, რომ ჩემი მეუღლე მძიმედ იყო. აპარატზე ჰყავდათ შეერთებული და თბილისში გადაჰყავდათ. თბილისში უმძიმეს მდგომარეობაში ჩავიყვანეთ, უგონოდ. ერთი თვე აპარატზე იყო შეერთებული. ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, შუბლის ძვალი ჰქონდა გატეხილი. რამდენიმე ხნის შემდეგ თითქოს უკეთ გახდა, გონზეც მოვიდა, რეფლექსებიც დაუბრუნდა, მაგრამ 28 ივლისს გარდაიცვალა, მანამდე კი მოასწრო ჩემთვის ეთქვა, ვინ ჩააგდო ამ დღეში. მან თუთარაშვილები დაასახელა. ინციდენტში მალხაზ თუთარაშვილის მთელი ოჯახი - მამა, ძმა და დეიდაშვილები მონაწილეობდნენ და კიდევ ვინმე ღავთაძე თუ ღვალაძე, რომლის გვარის გამოთქმა კარგად ვერ მოახერხა. მალხაზ თუთარაშვილი ჭიათურის "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი და საკრებულოს წევრია.
- რა იყო ინციდენტის მიზეზი?
- ჭორი დაყარეს, თუთარაშვილი ქუჩაში ბავშვით მიდიოდა და ალეკოს უთქვამს, ბავშვს მოვეფერებიო. ამის გამო მოხდა თითქოს ჩხუბი. მაგრამ ეს ხომ აბსურდული მიზეზია. როდის იყო ამისთვის კაცს სასიკვდილოდ იმეტებდნენ? ბევრმა დაინახა და გაიგონა, რაც მოხდა, მაგრამ ისეთი შიში აქვთ, რომ ყველამ პირში წყალი ჩაიგუბა. თავად ჩემმა მეუღლემ კონფლიქტის მიზეზის თქმა ვერ მოასწრო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლეოდა. როცა ვკითხე მიზეზი, იმდენად განერვიულდა, რომ იძულებული გავხდი, საუბარი შემეწყვიტა. ამ სისასტიკეში მონაწილეთა სახელები და გვარებიც ძლივს დაასახელა, რადგან ტრაქეოსტომა ჰქონდა ჩადგმული. ჩემს მეუღლეს პირადი შუღლი თუთარაშვილებთან არ ჰქონია, არც ბიზნესით ან სამსახურებრივად ყოფილან დაკავშირებული. მხოლოდ ეგ იყო, ჩემი მეუღელე დაუფარავად გამოთქვამდა თავის ოპოზიციურ შეხედულებებს. მხოლოდ ერთი რამის გარკვევა შევძელი, - ეს არ იყო უეცრად, აღელვების ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული. ჩემს მეუღლესა და მალხაზ თუთარაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა და ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. მალე თუთარაშვილი მთელი ამალით დაეწია და სასტიკად გაუსწორდა.
ამ საქმის გამოძიებასა და დამნაშავის პასუხისგებაში მიცემას ვითხოვ. თავდაპირველად თუთარაშვილი აიყვანეს, მაგრამ იმავე დღეს გამოუშვეს. რადგან ჩემი მეუღლის უმოწყალოდ ცემასა და მოგვიანებით სიკვდილს რეაგირება არ მოჰყოლია, პოლიციაში განცხადება შევიტანე. მითხრეს, საქმე აღძრულია და გამოძიება მიმდინარეობსო. რადგან შედეგი არ მოჰყვა ძიებას, ისევ შევიტანე განცხადება და პირდაპირ მივუთითე, რომ ჩემმა მეუღლემ სიკვდილის წინ მითხრა, ვინ მონაწილეობდა ამ დანაშაულში. დავასახელე მალხაზ თუთარაშვილი და მისი ოჯახის წევრები. მიუხედავად ამისა, თუთარაშვილი თავისუფლია.
მეუბნებიან, ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ მოგვსვლია, ხოლო ბრალს ვერავის ვდებთ, რადგან მოწმეები არ არსებობენო. სამწუხაროდ, ვერც ექსპერტიზაში გავარკვიე რამე. ექსპერტიზის ბიუროში მითხრეს, არა გვაქვს უფლება, რაიმე ინფორმაცია მოგაწოდოთ, მხოლოდ გამოძიებას გადავცემთო.
კიდევ რა ჩვენებას ელოდებიან? ეს ჯგუფური მკვლელობა იყო, ერთი ადამიანი ამხელა კაცს ნამდვილად ვერ მოერეოდა. ჩემი ქმარი საკმაოდ ძლიერი იყო ფიზიკურად, მაგრამ იმდენად კეთილშობილი, ჭიანჭველასთვისაც არასოდეს დაუდგამს ფეხი. პირდაპირ ვაცხადებ, - ჩემი მეუღლე "ნაცმოძრაობის" ჭიათურის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ და მისმა ოჯახის წევრებმა გამოასალმეს სიცოცხლეს!
ამ ხელისუფლების ხელში, როცა არც კანონი კანონობს და არც სამართლის პოვნა შეიძლება, ეს ძალზე თამამი განაცხადია, მაგრამ დასაკარგი აღარაფერი დამრჩა. ერთადერთი მცირეწლოვანი შვილი მყავს და მისი უსაფრთხოების მიზნით ვაპირებ, საელჩოებს მივმართო და პოლიტიკური თავშესაფარი მოვითხოვო.
ამ ქვეყანაში არაფრად უღირთ ადამიანის სიცოცხლე, შეიძლება უდანაშაულო ადამიანი მოკლას და ამისთვის პასუხი დამნაშავემ არ აგოს მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტელიტის წევრია.
რას ერჩოდნენ ჩვენს ოჯახს? რისთვის დამიობლეს შვილი, რომელიც მარტომ, სიდუხჭირეში უნდა გავზარდო? ამხელა ტრაგედია დაატრიალეს, უდანაშაულო კაცი მოკლეს და ამ ხალხს პასუხსაც არავინ სთხოვს. ღირს კი ასეთ ქვეყანაში ცხოვრება?
მალხაზ წერეთელი, ჭიათურის საკრებულოს წევრი: "ეს ამბავი რვასართულიანი კორპუსის წინ მოხდა. მობინადრეებმა ყველაფერი დაინახეს. რა თქმა უნდა, კონფიდენციალობის დაცვის პირობით გვიამბეს, რომ გაჩერდა ყვითელი ფერის ტაქსი ნომრით 509, საიდანაც გადმოვიდა მალხაზ თუთარაშვილი "ნაცმოძრაობის" აქტივისტებსა და ოჯახის წევრებთან ერთად. მალხაზ თუთარაშვილმა ალექსანდრე ხახიშვილს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, მერე კი წაქცეულს დანარჩენებმა წიხლები დააყარეს.
როცა ხახიშვილს სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა, გაჩერდნენ და იმაზე დაიწყეს ფიქრი, მგონი, მოკვდა, იქნებ წავიღოთ და სადმე გადავაგდოთო. ამ საუბრის მოსმენის შემდეგ ვეღარ მოითმინა მოსახლეობამ და ქალებმა ატეხეს ერთი ამბავი,
გარეთ გამოვიდნენ და სასწრაფო გამოიძახეს. ალექსანდრე ამ დროს უგონოდ ეგდო ძირს. მხოლოდ კორპუსის მობინადრეთა აქტიურობით მოხერხდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა, თორემ ესენი სადღაც გადაგდებას უპირებდნენ. თუთარაშვილმა ალექსანდრე ხახიშვილის ოჯახის წევრებთან საუბარში ჩხუბის რამდენიმე ვერსია დაასახელა, - ჯერ თითქოს მის შვილს მოეფერა უხეშად და ამის გამო მოხდა ჩხუბი, მერე თითქოს მამამისს ეჩხუბებოდა ალეკო და გაშველების დროს მოუხვდა ხელი ცუდად. არადა, ეს რომ სრული აბსურდია, მთელმა ჭიათურამ იცის. ჯერ ერთი, მას შუბლის ძვალი ჰქონდა გატეხილი, რომელიც ხელის ცუდად მოხვედრით არ ტყდება; მეორე - ალექსანდრე ხახიშვილი არ უნდა გცნობოდა, ეს რომ დაგებრალებინა. ეს იყო უკეთილშობილესი ადამიანი, რომლის ზედმეტი სიტყვა არავის ახსოვს. ერთადერთი, რის გამოც თვისაც უკმაყოფილება ჰქონდა თუთარაშვილთან, ის იყო, რომ თუთარაშვილი ერთ-ერთი შპს-ის ხელმძღვანელად დანიშნეს. ამ შპს-ის შენობაში იყო განთავსებული ინვალიდთა საავადმყოფო, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა. როგორც კი თუთარაშვილი საავადმყოფოში მივიდა, ინვენტარიზაცია ჩაატარა და საავადმყოფოს შენობიდან გამოსახლება დააპირა. რა თქმა უნდა, ეს თუთარაშვილის გადასაწყვეტი არ იყო, მან ხელისუფლების გადაწყვეტილება გაახმაურა. ალეკოს უმოწყალოდ ცემის შემდეგ თუთარაშვილი არც დაუკავებიათ, დაკითხვაზე მიიყვანეს და მალე გაუშვეს სახლში. ქალაქშიც ისე ამაყად დადიოდა, თითქოს სასიკვდილოდ არ გაემეტებინოს ადამიანი".
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ საკითხზე კომენტარის მიღება ვერ მოვახერხეთ. ვინ მოკლა ექიმი ხახიშვილი, რა იყო ასეთი სისასტიკის მიზეზი, ოფიციალური პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. Mმიუხედავად იმისა, რომ ამ შემზარავ ამბავს უამრავი მოწმე ჰყავს, გამოძიება მოწმეების არარსებობის საბაბით სიმართლის დადგენას "ვერ ახერხებს(!)".