აუცილებლად მიმაჩნია იმ ადამიანების სიების რაც შეიძლება მალე გამოქვეყნება, რომლებსაც პარტიები საარჩევნო კომისიებში წევრებად და დამკვირვებლებად წარადგენენ

აუცილებლად მიმაჩნია იმ ადამიანების სიების რაც შეიძლება მალე გამოქვეყნება, რომლებსაც პარტიები საარჩევნო კომისიებში წევრებად და დამკვირვებლებად წარადგენენ

წინასაარჩევნო ვითარებასა და არჩევნებში მონაწილე პარტიათა საარჩევნო სიების შესახებ "ინტერპრესნიუსი" დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტს, სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

- ბატონო სოსო, არჩევნებამდე არც ისე დიდი დრო დარჩა. წინასაარჩევნო პერიოდში სხვადასხვა სახის დარღვევებზე ბევრი რამ უკვე ითქვა და ვიცით, მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებდით ქვეყანაში წინასაარჩევნოდ არსებულ ვითარებას და თქვენი ვარაუდით როგორი შეიძლება იყოს საქართველოში 2012 წლის პოლიტიკური შემოდგომა?

- წლევანდელი შემოდგომა დიდი ხანია იგეგმებოდა. სცენარი, რომელიც თითქმის ორი წელია გააჩნია ხელისუფლებას 2012 წლის შემოდგომის მიმართ, რეალიზაციის სტადიაშია. არჩევნებისთვის ხელისუფლების მზაობის ხარისხი თითქმის ორ წლის წინ გამჟღავნდა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა კატეგორიულად გამორიცხა ქვეყანაში ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით არჩევნების ჩატარება. მიზეზად ამ ღონისძიების ჩასატარებლად 188 მილიონი ლარის ხარჯის აუცილებლობა დასახელდა, თუმცა, ოპოზიციის მიერ საჯაროდ გადათვლილი ხარჯები 66 მილიონს არ აღემატებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ამ ღონისძიებისთვის თანხების მიღების წინადადება მიიღო, ეს საკითხი განხილვის სფეროში არ მოექცა. ისევე, როგორც საარჩევნო უბნის დახურვისას უპირველეს ყოვლისა დათვლილიყო ურნაში ამომრჩევლების მიერ ჩაგდებული ბიულეტენების რაოდენობა. ანუ, არჩევნების დამთავრებიდან პირველივე საათში ქვეყანას გაეგო, თუ რამდენმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. როდესაც ამას საჯაროდ უარყოფ, შენ შეიძლება განიხილებოდე იმ ძალად, რომელიც ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ, არჩევნების მეორე დღეს მოვლენების შესაძლო ინიცირებისთვის და შესაბამისი აქციების ჩასატარებლად.

არაერთი ნაბიჯია მას შემდეგ გადადგმული ხელისუფლების მიერ, რომელიც ამაში გვარწმუნებს, მათ შორის თუნდაც არჩევნების წინა დღეს "მასტ ქერის" პროექტის დასრულება და არჩევნების დღეს მთელი ქვეყნის მოსახლეობის ისევ სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში ჩაძირვა. ამიტომ, თუ როგორია გეგმა "ნაცმოძრაობისა" მოყოლებული 2010 წლის შემოდგომიდან დღემდე, ცხადია. საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას საქვეყნოდ განაცხადა - "მე თავად ვიქნები ქვეყანაში გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გარანტი". მან ეს წელს თებერვალში პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. აღსანიშნავია, რომ მას ამ სიტყვით ეს წინადადება არ დაუსრულებია. ეს წინადადება გაგრძელდა შემდეგი სიტყვებით - "მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ არჩევნებში გაიმარჯვოს "ნაციონალურმა მოძრაობამ". ამის შემდეგ რაიმე ილუზიები ე.წ. გარანტის მოტივაციაზე და მის დემოკრატიულობაზე შეიძლება გვქონდეს?! სააკაშვილის დაპირებები შეიძლება შევიდეს ქოსა ტყუილას ოქროს სკივრში და მომავალ თაობებში ზღაპრებად გავრცელდეს.

- ხელისუფლება "ქართულ ოცნებას" არჩევნების შემდეგ ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის მზადებაში ადანაშაულებს. ხშირად გაიგებთ მტკიცებას, რომ ხელისუფლებაში კარგად აცნობიერებენ, რომ სამოქალაქო დაპირისპირების პერსპექტივა მათთვის მხოლოდ წამგებიანი იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად ხელისუფლების მხრიდან რაიმე ხელშესახები ნაბიჯი არ იდგმება . . .

- ეს გახლავთ ზუსტად ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ, ანუ მზაობა, ნებისმიერი საშუალებებით კვლავ რამდენიმე წლით ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება. ამას აღარც მალავს და ამ თემაზე გამჭვირვალედ საუბრობს თავის საჯარო გამოსვლებში ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გარანტი პრეზიდენტი სააკაშვილი. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ყველა ხერხს იხმარს საიმისოდ, რათა მათ სავარძლებს რაიმე საფრთხე არ შეექმნას.

- როგორ შეაფასებდით მმართველი "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიასა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებულთა სიას?

- ფაქტია, რომ ეს სია დიდი სიახლით ვერ გამოირჩევა, რადგან მასში 67 მოქმედი პარლამენტარია. უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას იქცევს სიის გენდერული თანაფარდობა, განსაკუთრებით მაჟორიტარებთან მიმართებაში. იმ 17 ქალიდან, რომელიც 155 კაციან სიაშია, 7 მოქმედი პარლამენტარია. პირადად ჩემთვის გარკვეული სიურპრიზიც გახლდათ ის, რომ მოქმედ პარლამენტართა შორის აღმოვაჩინე ელენე ჯავახაძე და გურანდა ჯაბუა. გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ესენი მოქმედი პარლამენტარები არიან და ჩემდა სამარცხვინოდ, მე მათ შესახებ არაფერი მსმენია. ეს ჩემი ნაკლია და არა ამ ორი ქალბატონის. ჩვენში მანდილოსნებს ყოველთვის ჰქონდათ პატივისცემა, თუმცა, არც თუ პროპორციული. როგორც ჩანს, "ნაცმოძრაობის" გამარჯვების შემთხვევაში სახელისუფლებო სტრუქტურებში მანდილოსნების დეფიციტი გაგრძელდება, ვინაიდან ჩვენ არ ვართ შვედეთივით გაბრწყენებული ქვეყანა, რომლის ერთ-ერთ ნიშნად ის მიმაჩნია, რომ იქ მანდილოსნები მთავრობაში სჭარბობენ მამრს. იქნებ ამ გზით უფრო თამამად გვევლო და გვეღიარებინა ობიექტურობის თვალსაზრისით მანდილოსანთა უპირატესობა გადაწყვეტილების მიღებისას. თუმცა, როგორ დაუთმობენ მამაკაცები მანდილოსნებს ადგილს მაშინ, როცა უნდათ გააპარლამენტარონ "ნაცმოძრაობის" სხვადასხვა სიმბოლო. კერძოდ, იგივე გაყალბებული არჩევნების სიმბოლო ლევან თარხნიშვილი, იგივე ნაციონალური უპრინციპობის სიმბოლო ლევან ბეჟაშვილი და სხვა ოდიოზური ფიგურები.

თავისთავად მრავლისთქმელია ის, რომ "ნაცმოძრაობას" წარჩინებულთა ათეულში შეყვანილი ჰყავს გიორგი ვაშაძე. ადამიანი, რომელიც როგორც მინიმუმ, იყო თანამონაწილე უკანასკნელი არჩევნების გაყალბებისა. ვგულისხმობ, მის მიერ, როგორც სამოქალაქო რეესტრის ხელმძღვანლის მიერ ცესკო-სთვის გადაცემულ სიას არჩევნებისთვის. ამ სიაში 412 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული ერთოროთახიან ნაგებობაში, ასევე 50 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული 40 კვადრატულ მეტრიან ფართზე. იმის ნაცვლად, რომ დასჯილიყო ასეთი მოხელე და მისი კონკრეტული თანამშრომლები, რომლებიც წარმოუდგენელ უსამართლობას სჩადიოდნენ, ასეთ კაცს აწინაურებენ. ანუ, აშკარაა, რომ "ნაცმოძრაობა" მხოლოდ ისეთ ადამიანებს აწინაურებს, რომლებიც თარხნიშვილისა და ვაშაძის მსგავსად სიყალბეს სჩადიან.

რაც შეეხება ბატონ ზურაბ ჯაფარიძეს, გულისტკივილით ვაცილებ მას ჭუჭყიან პოლიტიკაში, რადგად ის თავად "სუფთა პოლიტიკის" სივრცეში საქმიანობდა. მაგრამ როგორც ჩანს, მას მაინც წაუცდა ფეხი ტალახიანი სივრცისკენ. მან ამ ნაბიჯით არასამთავრობო სექტორში გამოჩენილ დამსახურებას ხაზი მთლიანად გადაუსვა.
გარდა ამისა, სიამ დაადასტურა, რომ წინასაარჩევნოდ სახელისუფლებო ხრიკების შესახებ საუბრები არ იყო მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფი. ხელისუფლება აღარავის ერიდება თავისი უკანონო ზრახვების დასაფარად. დიდი გამოცნობა არ სჭირდებოდა იმას, რომ სტუდენტური დასაქმების აქცია, რომელსაც summer job-ი ერქვა, მთლიანად ხელისუფლების წინასაარჩევნო ღონისძიება იყო და გარდა ამისა, წინასაარჩევნოდ თანატოლებს შორის ბზარის შეტანას ემსახურებოდა.

- როგორ შეაფასებდით "ქართული ოცნების" საარჩევნო სიასა და კოალიციის მიერ დეპუტატობის მაჟორიტარულ კანდიდატებად დასახელებულთა სიას?

- ზემოთქმულიდან გამომდინარე ჩემთვის მისაღებია კოალიციის სიაში უპირველეს ყოვლისა მანდილოსანთა რაოდენობა მაჟორიტარებს შორის. კამპანიაში თავად ამ მანდილოსნების აქტიურობა საგულისხმო მაგალითია მამაკაცებისთვისაც. მოსახლეობის დამოკიდებულება ამ მანდილოსნების მიმართ მკაფიოდ პოზიტიურია და ვფიქრობ, წარმატების კუთხით მაჟორიტარი "მეოცნებე" მანდილოსნები "მეოცნებე" მამაკაცებს დაჩაგრავენ.
კოალიციის სია საინტერესოა პარტიული მრავალფეროვნებით. როგორც ჩანს, მონახულია მოდელი, რომელზეც დათანხმდა ბევრი პოლიტიკური ძალა. თუმცა, ჩემი აზრით, კოალიციაში კიდევ შესაძლებელი იყო ორი პოლიტიკური ძალის მიერთება. მხოლოდ შიდაინტრიგები მეგულება იმის მიზეზი, რომ "თავისუფალი საქართველო" და "ქართული დასი" დარჩნენ კოალიციის მიღმა.
რაც შეეხება თავად სიას, იგი ნამდვილად საინტერესოა თავისი მრავალფეროვნებით. აქაც რამდენიმე თაობაა წარმოდგენილი. მასში როგორც პოლიტიკური წრეებიდან, ისე არასამთავრობო სექტორიდან და აკადემიური წრეებიდან საკმაოდ ცნობილი ადამიანები არიან. კოალიციის სიის მიმართ ინტერესი იმის გამოა დიდი, რომ ცხადია ამ სიაში 67 მოქმედი პარლამენტარი ვერ მოხვდებოდა. ამომრჩევლისთვის სიახლე ყოველთვის საინტერესოა. პირველ 50 კანდიდატს შორის სიაში არ გახლავან მაჟორიტარობის კანდიდატები, რასაც საწინააღმდეგო სტრატეგია შეაგება "ნაცმოძრაობამ", რომლის სიის პირველ 40-ეულში არიან მათივე მაჟორიტარები. ეს განსხვავება მიდგომებში არსებობს და მხოლოდ არჩევნების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რომლის ტაქტიკა იყო უფრო წარმატებული.

- როგორ შეაფასებდით "ქრისტიან-დემოკრატების" საარჩევნო სიასა და დეპუტატობის მაჟორიტარული კანდიდატების სიას?

- თავისთავად, ყველა პარტიის სია საინტერესოა და კარგ საფუძველს იძლევა განსჯისთვის. ჩემთვის მოულოდნელი იყო, რომ ქალბატონი ინგა გრიგოლია ქდმ-ს სიაში არ აღმოჩნდა. ვფიქრობ, არსებობენ ადამიანები, რომელთა პირადი დამსახურება საზოგადოების წინაშე უფრო მაღლა დგას, ვიდრე მათი პარტიული კუთვნილება. სწორედ ასეთ ადამიანად მივიჩნევ ქალბატონ ინგა გრიგოლიას, მაგრამ საინტერესოა გლდანელები თუ იზიარებენ ჩემს მოსაზრებას?! ასეა თუ ისე, ეს გახლავთ ზნეობრივი მაგალითი პარლამენტარობის კანდიდატისა, რომელსაც აქვს იმდენი გამბედაობა, რომ არ დაუკავშიროს საკუთარი საპარლამენტო პერსპექტივა ნაბოძებ უპირატესობას.

- ცესკოში არაერთმა პარტიამ წარადგინა თავისი პარტიული სიები არჩევნებისთვის. ყველას შეფასებას არ გთხოვთ, მაგრამ ზოგადად მათ როგორ შეაფასებდით და რა არის ისეთი ამ სიებში, რაც თქვენ საინტერესოდ გეჩვენათ და შეუმჩნეველი არ დაგრჩათ?

- რასაკვირველია, თვალშისაცემია დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძის გადანაცვლება "ქართული ოცნებიდან" პარტია "თავისუფალ საქართველოში". ჩემთვის ასევე მოულოდნელი იყო "თავისუფალ საქართველოში" ზაზა აბაშიძის ხილვა. ასევე ბევრისმთქმელი იყო სატელევიზიო დებატები კახა კუკავასა და მამუკა კაციტაძეს შორის ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილის პროგრამა "პოლიტმეტრში". ამ დებატებმა ძალიან ბევრ ვარაუდს მისცა დასტური. გარდა ამისა, ამ დებატების გათვალისწინებითაც გასაკვირი სულაც არ უნდა ყოფილიყო აკადემიური წრეების ისეთი წარმოჩენილი პიროვნების "თავისუფალ საქართველოში" გამოჩენა, როგორიც ზაზა აბაშიძეა.

- ინტერვიუს დაწყებამდე საუბრისას თქვენ გამოთქვით მოსაზრება, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ როგორ დაკომპლექტდება საუბნო-საარჩევნო კომისიები. თქვენი ინფორმაციით, კომისიებში პარტიებმა რამდენად ავტორიტეტული, კვალიფიციური და წესიერებით გამორჩეული ადამიანები წარადგინეს?

- მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ამოსარჩევ თანამემამულეთა გვარები, ახლა ინტერესის მთავარი საგანი უნდა გახდეს იმ ადამიანების გვარები, რომლებსაც პარტიები საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში კომისიის წევრებად და დამკვირებლის სტატუსით წარადგენენ. თავად მოსახლეობა გაარკვევს, იმსახურებენ ისინი თუ არა ნდობას. აუცილებლად მიმაჩნია იმ ადამიანების სიების რაც შეიძლება მალე გამოქვეყნება, რომლებსაც პარტიები საარჩევნო კომისიებში წევრებად და დამკვირებლებად წარადგენენ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ამა თუ იმ პარტიამ ცალკეულ უბანზე ვინ წარადგინა კომისიებში თავის წევრებად და დამკვირებლებად. თავად საზოგადოებამ უნდა გამოუტანოს განაჩენი იმ ფსევდოოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც წლების განმავლობაში "ნაცმოძრაობის" აპოლეგეტ თანაქალაქელებსა და თანასოფლელებს აღმოაჩენენ კომისებში ოპოზიციურ პარტიათა კვოტით წარდგენილთა სიებში.

- ბატონო სოსო, შეგიძლიათ ამის მაგალითები დაგვისახელოთ?

- დიახ, არსებობს ამის მაგალითები. ასე მოხდა 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზე და სხვადასხვა უბნებში ამ თემაზე აღშფოთების საფუძველი არსებობდა. წინასაარჩევნო პერიოდია და არ მინდა მე ვისაუბრო ამ თემაზე. მოსახლეობამ თავად უნდა განასაჯაროოს ამა თუ იმ ადამიანის პოლიტიკური კუთვნილება და ის, თუ ვინ არის და რატომ შეგზავნილი ოპოზიციური პარტიების სახელით საარჩევნო კომისიებში.

- "ენ-დი-აიმ" წინასაარჩევნოდ საარჩევნო გარემოზე შუალედური დასკვნა უნდა გამოაქვეყნოს. იმის გათვალისწინებით, რომ რიგმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ამ თემაზე საკმაოდ კრიტიკული შენიშვნები გამოთქვეს, თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს "ენ-დი-აის" შუალედური დასკვნა?

- დაველოდოთ "ენ-დი-აი"-ს დასკვნას. იმედი მაქვს, მისი დასკვნები არ იქნება დაფუძნებული იმ მეთოდოლოგიაზე, რომელსაც იგი სოციოლოგიური კვლევებისას იყენებდა. რამდენადაც ვიცი, "ენ-დი-აი"-ს საკმაოდ სოლიდური ადამიანები ჰყავს მოზიდული ასეთი დასკვნის გასაკეთებლად. ისინი ვერ აცდებიან ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შეფასებებს, ვერ იქნებიან დიამეტრალურად განსხვავებულნი იმ შეფასებებისგან, რომელიც ეუთო-მ უკვე გააჟღერა.
ცხადია, რომ მათი დასკვნის მიმართ ინტერესი დიდია, ვინაიდან იგი წინასაარჩევნო პერიოდში პირველი თვის ანალიზს უნდა შეეხოს. ამ ანალიზზე ბევრად იქნება დამოკიდებული, თუ როგორი იქნება მეორე საარჩევნო თვის ყოველდღიურობა. დარწმუნებული ვარ, რომ "ენ-დი-აი" საკუთარ პასუხისმგებლობას აცნობიერებს, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ბატონმა ირაკლი კაკაბაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში საჯაროდ ხმამაღლა და დაბეჯითებით გამოაქვეყნა იმ ფინანსების ოდენობა, რომელსაც საქართველო სახელმწიფო ბიუჯეტიდან "ენ-დი-აი"-ს ლიდერთა მიმართულებით ხარჯავს.