მიხეილ სააკაშვილი - საქართველომ სწორი არჩევანი გააკეთა

მიხეილ სააკაშვილი - საქართველომ სწორი არჩევანი გააკეთა

(იბეჭდება ნაწყვეტი)

დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნები. ედუარდ შევარდნაძე კვლავ საქართველოს პრეზიდენტია. მისი გამარჯვება გარდაუვალი იყო და დღეს საწინააღმდეგოს მტკიცება აბსურდია. ცალკე საკითხია ის რეალური ხარვეზები და დარღვევები, რომელსაც ადგილი ჰქონდა არჩევნების ჩატარებისას და დაფიქსირებულია ქართველი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ

თავისი უარყოფითი როლი ითამაშა ასევე ოპოზიციის უკიდურესმა დაქსასულობამაც, რაც გადაიზარდა პასიურობასა და კონტროლის შესუსტებაში. თუმცა, რამდენიც არ უნდა ვისპეკულიროთ დარღვევებზე, ერთი რამ ვხადზე ცხადია და ამას აღიარებს ყველა მიუკერძოებელი დამკვირვებელი: ედუარდ შევარდნაძემ ეს არჩევნები მოიგო დიდი უპირატესობით და მიიღო უფრო ფართო მანდატი საქართველოს მოსახლეობისგან, ვიდრე 1995 წელს. არჩევნები დამთავრდა, ახლა არჩევანი ჩვენზეა - ვგულისხმობ ყველას, ვინც წარმოვადგენთ ხელისუფლებას და ვინც წარმოვადგენთ შევარდნაძის გუნდს...

საარჩევნო კომპანიის დროს, მე შესაძლებლობა მწონდა შევხვედროდი ათასობით ადამიანს.

უკვე საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ნათელი გახდა, რომ ასლან აბაშიძეს თავისუფალ არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ ჰქონდა. საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს გამოჩნდა ისიც, რომ პატიაშვილის შანსები 1995 წელთან შედარებით მკვეთრად შემცირდა. თავისი შეხედულებებით და მოქმედებებით იგი წარსულს განასახიერებს და აშკარა იყო, რომ ამომრჩეველი ორიენტირებული იყო და ინსტინქტურად ეძებდა მომავალთან დაკავშირებულ გამოსავალს. სხვათა შორის, ამასვე ცხადყოფდა საკმაოდ კვალიფიციური სოციოლოგიური გამოკითხვებიც.

მრავალი შეხვედრიდან გამომქონდა ერთი და იგივე აზრი: არსებობს საფუძველი სკეპტიციზმისთვის. ხალხი შევარდნაძეს აკრიტიკებს იმისათვის, რომ ფაქტობრივად არ მიმდინარეობს ბრძოლა კორუფციასთან და რეალურად არცერთი თანამდებობის პირი კორუფციისთვის არ დასჯილა. ყოველივე ამის მიუხედავად ამომრჩეველმა დაინახა მთავარი: ყველა მძიმე პრობლემის გადაწყვეტის იმედები უკავშირდება ისევ და ისევ ედუარდ შევარდნაძეს.

ამასაც რამდენიმე რაციონალური მიზეზი აქვს: ჯერ ერთი, მხოლოდ შევარდნაძეს გააჩნია უნიკალური ისტორიული გამოცდილება და სახელი საერთაშორისო ასპარეზზე. ძალზედ ნაკლებ სავარაუდოა, რომ მას მომავალში ამ მხრივ რომელიმე ქართველი პოლიტიკოსი გაუტოლდეს.

მეორეც, დღეს მხოლოდ შევარდნაძის სიტყვას იღებს თითქმის უპირობოდ სახელმწიფო აპარატის ყველა რგოლი, რაც სულაც არ იქნებოდა ასე, პრეზიდენტის პოსტზე თუნდაც იგივე პატიაშვილი რომ არჩეულიყო - შევარდნაძე დღეს ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსია, რომლის ავტორიტეტს უსიტყვოდ აღიარებს საქართველოს ყველა რეგიონი და ეთნიკური ჯგუფი, მესამეც, უშუალოდ შევარდნაძის სახელს უკავშირდება საქართველოში დაწყებული რამდენიმე რეფორმა და საკადრო განახლებები, ამ მხრივ შევარდნაძე დადებითად გამოირჩევა სხვა კომუნისტური წარსულის მქონე პოსტსაბჭოთა ხელმძღვანელთაგან.

ამგვარად განახლების, რეფორმების, და, როგორც ყოველივე ამის შედეგი, ცხოვრების გაუმჯობესების შანსი საქართველოსი, ისევ შევარდნაძის სახელთან ასოცირდება.