შეიძლებოდა, რომ ლოპოტაში სისხლი არ დაღვრილიყო

შეიძლებოდა, რომ ლოპოტაში სისხლი არ დაღვრილიყო

ვაგრძელებთ საუბარს სოფელ ლაფანყურის მახლობლად, ლოპოტის ხეობაში 29 აგვისტოს ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, რომლის მსვლელობაში დაიღუპნენ 11 დივერსანტი და სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე. „მიხეილ სააკაშვილმა, როგორი რიტორიკაც უნდა ჰქონდეს მას, გარკვეული რევერანსი გააკეთა კრემლის მისამართით - ღია ომი გამოუცხადა "კავკასიის საამიროს" და იმ ხალხს, ვინც მხარს უჭერს საამიროს ბრძოლას თავისუფლებისათვის“, გვიზიარებს თავის მოსაზრებას ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის თანამშრომელი ლიომა ჩაბაევი, რომელიც თავის დროზე ჩეჩნეთის პრეზიდენტების, ასლან მასხადოვისა და ჯოხარ დუდაევის პრესმდივანი იყო. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ამ ნაბიჯს, შესაძლოა, საპასუხო მოქმედება მოჰყვეს ექსტრემისტული დაჯგუფება „კავკასიის საამიროს“ მებრძოლების მხრიდან.

ლიომა ჩაბაევი: რამზან კადიროვის ადმინისტრაციისა და კრემლის ერთგული ადამიანებისათვის სულერთია, ჩეჩნები იყვნენ ისინი, დაღესტნელები, ქისტები თუ არაქისტები. რადგან ეს შემადგენლობა, „კადიროვის ხროვა“, მომართულია იმაზე, ოღონდ როგორმე დახოცოს მეამბოხე პარტიზანები და მნიშვნელობა არა აქვს, ვისი ხელით მოხდება ეს - რუსების, ქართველების, სომხებისა თუ ებრაელების. თუმცა, კადიროვისა და მისი ლაქიების გარდა, არის სოლიდური რაოდენობა ჩეჩნებისა, რომლებიც უთანაგრძნობენ მეამბოხეებს, რომლებიც მთელი არსებით ემხრობიან იმავე დოკუ უმაროვს, და სააკაშვილმა [ამ სპეცოპერაციით] ფრონტი გახსნა კავკასიის საამიროსა და იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელიც მხარს უჭერეს კავკასიის საამიროს. ეს ძალიან სამწუხაროა. რადგან, საქართველო, ჩეჩნებისა და დაღესტნელებისათვის, რომლებსაც არ ჰქონდათ საკუთარი სახელმწიფოებრიობა, ყოველთვის იყო და რჩება ქვეყნად, რომლის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასაც ყოველთვის ესწრაფვოდნენ ჩრდილოკავკასიელები. რადგან რაც უფრო ძლიერია საქართველოს სახელმწიფოებრიობა, მით უფრო მეტი საყრდენი ექმნებათ ჩრდილოკავკასიელებს, რომლებსაც არ სურთ რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა.

რადიო თავისუფლება: მაგრამ რა უნდა მოემოქმედებინა საქართველოს ხელისუფლებას ამ შემთხვევაში, როდესაც შეიარაღებული ჯგუფის წევრებმა მძევლები აიყვანეს და საფრთხის წინაშე დადგა არა მხოლოდ ადამიანების ბედი, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესები?

ჩაბაევი: ცხადია, გადაჭრით არაფრის თქმა არ შეიძლება, რადგან თავად საქართველოშიც კი ძნელია ზუსტად იმის დადგენა, თუ რა მოხდა და როგორ მოხდა სინამდვილეში. ერთი მხრივ შეიძლება იმის თქმა, რომ სააკაშვილმა, როგორი რიტორიკაც უნდა ჰქონდეს, კრემლსა და მოსკოვს გარკვეული რევერანსი გაუკეთა. აგრძნობინა - აი, გეხმარებით თქვენი ბანდიტებისა და ტერორისტების განადგურებაში, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრნენო. მაგრამ მეორე მხრივ, კრემლი კრემლად, მაგრამ ქართველ ხალხს კარგად მოეხსენება მათს მიმართ ჩეჩნების დამოკიდებულება. რომ იყოს არჩევანის შესაძლებლობა - „კრემლი თუ თბილისი? რუსი თუ ქართველი?“ - დღეს ნებისმიერი ჩეჩენი მთელი არსებით საქართველოს მხარეზე დადგებოდა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ სააკაშვილს ეს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაეკეთებინა. ადამიანები, რომლებიც კუთხეში არიან მიმწყვდეული და „მეხუთე კუთხეს“ ეძებენ რუსეთის შვეულმფრენების, არტილერიისა და რისხვისაგან თავის გადასარჩენად, ამ ადამიანებმა მიაშურეს საქართველოს. ცხადია, მე არ შემიძლია ზუსტად იმის თქმა, რა მიზნით და რატომ აღმოჩნდა ეს ჯგუფი იქ, სადაც აღმოჩნდა. მაგრამ შეიძლებოდა, არ დაღვრილიყო სისხლი. შეიძლებოდა ცოტა უფრო ლოიალურად მოქცეოდნენ, დალაპარაკებოდნენ და რაღაცაზე მოელაპარაკათ. ჩვენ კავკასიელები ვართ და გავარკვევდით ყველაფერს.

რადიო თავისუფლება: მაგრამ საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ მოლაპარაკება „დივერსანტებთან“ უშედეგოდ დასრულდა. თანაც, ალბათ დროის ფაქტორიც გასათვალისწინებელია. მით უმეტეს, რომ დიდი ხანი არ გვაშორებს 2001-2002 წლების პანკისის ხეობის მოვლენებიდან, როდესაც ლოკალური პრობლემა ლამის რეგიონული მასშტაბის კონფლიქტად გადაიქცა...

ჩაბაევი: რა თქმა უნდა, პოლიტიკა რთული რამაა და ალბათ საჭიროა გარკვეული ანგარიშის ჩაბარება საერთაშორისო დონეზე, მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე და ასე შემდეგ. ჩვენ გვახსოვს და ჩეჩნებისათვის არავითარ საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ სწორედ პანკისში გადასვლამ შეუწყო ხელი იმას, რომ არ დაიღუპა ბევრი ჩვენი თანამემამულე. როდესაც ჩეჩნეთის ტერიტორიაზე, თანამედროვე ტიპის ჭურვები და ბომბები ცვიოდა, ჩვენ საქართველოში, პანკისის ხეობაში ვპოულობდით თავშესაფარს, სითბოსა და ადამიანურ თანაგრძნობას. მეტიც, წინააღმდეგობის გარკვეული ძალებიც პოულობდნენ თავშესაფარს საზღვრისპირა ტერიტორიაზე, ცხოვრობდნენ, ძალებს იკრებდნენ და უკან ბრუნდებოდნენ მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად. ყველაფერი ეს იყო. ამიტომ აღნიშნულ შემთხვევაშიც შეიძლებოდა საუბარი, მოლაპარაკება, ერთმანეთის გაგება. თქვენ პანკისის მოვლენები ახსენეთ, მაგრამ მაშინ [2001-2002 წლებში] საქმე არ მისულა სისხლისღვრამდე და, ვფიქრობ, ახლაც შეიძლებოდა საქმის უსისხლოდ მოგვარება.

რადიო თავისუფლება: მაგრამ ისევ მივუბრუნდები ხელისუფლების მოქმედებას. ვიდრე სოფელ ლაფანყურთან სპეცოპერაცია ჩატარდებოდა, საქართველოში, პანკისის ხეობაში, დაკრძალეს რუსლან გელაევის შვილი, რომელიც სირიაში დაიღუპა. თუ დივერსიული ჯგუფის განადგურება არ იყო ნაკარნახევი გადაუდებელი აუცილებლობით და სააკაშვილმა, როგორც თქვენ ბრძანებთ, რევერანსი გაუკეთა მოსკოვს, მაშინ, მოსკოვის ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლება არც პანკისის ხეობაში გელაევის შვილის დაკრძალვაზე უნდა დათანხმებულიყო.

ჩაბაევი: სამწუხარო ისაა, რომ ჩვენ სრულ ინფორმაციას არ ვფლობთ. ხოლო ის ინფორმაცია, რასაც სააკაშვილი და საქართველოს ოფიციალური საინფორმაციო საშუალებები გვაწვდიან, ნდობას, გულწრფელად გეტყვით, არ იმსახურებს. აქ შეიძლება უამრავი რამ იყოს. დასაშვებია, რომ ეს ხალხი საქართველოში გელაევის შვილის საფლავის სანახავადაც ჩასულიყო. ანდა ეს სწორედ ის ადამიანები ყოფილიყვნენ, რომლებმაც სირიიდან რუსლან გელაევის შვილის ცხედარი ჩაასვენეს. მაგრამ რაკი ვიცნობ ჩვენს ხალხს და კარგად ვიცი, რას წარმოადგენენ ადამიანები, რომლებსაც ჩვენ ‘კავკასიის საამიროს’ წარმომადგენლებს ვუწოდებთ, გარწმუნებთ, რომ საქართველოსათვის რაიმე მზაკვრული გეგმით ეს ხალხი საქართველოში არ ჩავიდოდა. ამაში 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული.

რადიო თავისუფლება: თქვენ აღნიშნეთ, რომ ამ, როგორც საქართველოს ხელისუფლება უწოდებს, „დივერსიული ჯგუფის“ განადგურებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ღია კონფლიქტი "კავკასიის საამიროსთან", რომელსაც დოკუ უმაროვი ხელმძღვანელობს. თქვენ ფიქრობთ, რომ ამ სპეცოპერაციას მათი მხრიდან შურისგების აქტები შეიძლება მოჰყვეს?

ჩაბაევი: ვფიქრობ, რომ დოკუ უმაროვის მებრძოლებს, როგორც რუსეთის პრეზიდენტს უყვარს თქმა, კარგად შეუძლიათ ბუზების და კატლეტის გარჩევა. იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით სისხლი დაიღვარა, იმედი მაქვს, დოკუ უმაროვსა და მის მებრძოლებს ეყოფათ ჭკუა, რომ ბრალი მთელ ქართველ ხალხზე არ გადაიტანონ. ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს მებრძოლი ჩეჩნები და მებრძოლი დაღესტნელები საქართველოს წინააღმდეგ ომის გზას დაადგებიან. მაგრამ ერთმნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ისინი ნამდვილად შევიდნენ მტრობაში. მათ ეს აიძულეს.