ჟენევაში (შვეიცარია) მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულემ, პოლიტიკურმა დევნილმა, ბიზნესმენმა დავით ბეგიაშვილმა ცოტა ხნის წინ ქართველი სახელმწიფო მოხელეებისადმი მიმართვა გაავრცელა და მათ გონიერებისკენ მოუწოდა...
- საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივი მოქმედების მასშტაბურობაში დღეს ეჭვი არავის ეპარება. პრეზიდენტი, მინისტრები, მოსამართლეები, ძალოვანი თუ სხვა უწყების მოხელეები, პოლიტიკური ოპონენტებისა და არასასურველი პირების წინააღმდეგ ორგანიზებულად მოქმედებენ. გასაგებია, რომ მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები გამორჩენის, ხელისუფლების შენარჩუნებისა თუ პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის სჩადიან დანაშაულს, მაგრამ კრიმინალურ დავალებებს, როგორც წესი, რანგით უფრო დაბალი მოხელეები ასრულებენ - ზოგი ანგარებით, ზოგიც უანგაროდ. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ჭირი მალე მოგვშორდება და ყოფილ სახელმწიფო მოხელეებს ჩადენილის გამო პასუხისგება მოუწევთ.
მოვუწოდებ სახელმწიფო სექტორში მომუშავე თანამემამულეებს, ნუ შეასრულებენ კრიმინალურ შეკვეთებს, ნუ იქნებიან მოძალადეები, არ ჩაითრიონ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დანაშაულებრივ ქმედებაში. ამხილონ და გამოააშკარაონ დანაშაული! ამით ისინი მოძალადე ხელისუფლებისაგან საკუთარ თავსაც გადაირჩენენ და საზოგადოებასაც. აღვნიშნავ, რომ ჩემი და ჩემი კომპანიების წინააღმდეგ 5 უწყების 90-მდე სახელმწიფო მოხელე მონაწილეობდა, რომელთა სიასაც ვამზადებ და ცოტა ხანში გამოვაქვეყნებ. ამ სიაში არიან სხვადასხვა სამსახურის უფროსები, პროკურორები და მოსამართლეები.
- ბატონო დავით, თქვენი ქონების დიდი ნაწილი დაყადაღებულია. დანარჩენი ვის ხელშია?
- ჩემ წინააღმდეგ ამჟამადაც მიმდინარეობს სასამართლო განხილვები რამდენიმე მიმართულებით. ეკონომიკის სამინისტრომ ჯერჯერობით გადაიფორმა თბილისში, ჭავჭავაძის 44-ში მდებარე ჩემი ერთ-ერთი მაღაზია "ალბატროს დე ლუქსი". ჩემს ანგარიშებსა და პირად ქონებას ადევს ყადაღა. ასე რომ, დღეს მე აღარაფერი გამაჩნია.
- ადრე განაცხადეთ, ჩემი გატაცების ორგანიზატორი სროლის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი უდესიანი იყოო...
- როგორც ჩანს, გია უდესიანსაც ჰქონდა დავალებული ჩემზე ზემოქმედება. ეს კაცი მანამდე რამდენჯერმე მყავდა ნანახი, მაგრამ რას საქმიანობდა, რით იყო დაკავებული, არ ვიცოდი. "მოდულის" შენობაში რომ ვნახე, ვიფიქრე, თანამშრომელია-მეთქი, ვინაიდან ფორმაში იყო და შეიარაღებული. რას წარმოვიდგენდი, მას ამ სტრუქტურასთან კავშირი არ ექნებოდა?! უდესიანმა იარაღი გადატენა და მითხრა, გესვრიო. მასთან ერთად მინისტრი ლადო ვარძელაშვილიც შემოვიდა ოთახში, მომესალმა და გავიდა, თუმცა იცოდა, რომ ჩემზე ზემოქმედებდნენ. ამ საქმეში კუდ-ის ახალი შეფი ლევან ქარდავაც მონაწილეობდა, რომელიღაც განყოფილების უფროსი იყო იმხანად. სულ სიცილ-კისკისით მეუბნებოდნენ, ქონება დათმე და თუ ჩვენს პირობებს დათანხმდები, ყველაფერს მოგიგვარებთო. მოჰყავდათ სხვა ადამიანების მაგალითები - აი, იმას ასე დაემართა, ამას ასე გავუკეთეთ და შენც ანალოგიური რამ გელისო.
- მაინც ვისი მაგალითები მოჰყავდათ?
- მახსოვს, გენერალ გია უჩავაზე მიყვებოდნენ, რომელმაც ბადრი ბიწაძეზეც ილაპარაკა. იმხანად ისიც კუდ-ში ჰყავდათ და, როგორც ვიცი, ფიზიკურად ზემოქმედებდნენ. უდესიანი იქადნიდა, უჩავა ეზოში ჩავიყვანეთ, ბიჭების წინაშე მთელი ამბები ჩავუტარეთ და გენერალი კაცი უცებ პატარა ბიჭივით გახდაო. ისეთ ეიფორიაში იყვნენ, რომ ცხადი იყო, გია უჩავას რაღაც საშინელება დამართეს. სავარაუდოდ, მისი აღიარებითი ჩვენებაც მათ მოქმედებას მოჰყვა. ამას იმიტომ მიყვებოდნენ, რომ მეც დავფიქრებულიყავი, დასკვნები გამომეტანა და მათი მოთხოვნები დამეკმაყოფილებინა. ეს იყო ფსიქოლოგიური ზემოქმედება. მომამაგრეს ერთი ადამიანი, თოფურიძის თანაშემწე, რომელსაც საკვები მოჰქონდა, ღამეებს მითენებდა. როცა მისი ყურადღებით შევწუხდი და "თანავუგრძნე", წამოსცდა, არა უშავს, მიჩვეული ვარ, აქ ხშირად ხდება ასეთი რაღაცებიო. მესამე დღეს, დილის 7 საათზე, წამიყვანეს სასამართლოში და გირაოს, 100 ათასი ლარის გადახდის შემდეგ თავდებით გამომიშვეს. როდესაც ბედს არ შევეგუე, ჟენევაში ჩამოვედი და განცხადებები გავაკეთე, მაშინვე შემიცვალეს აღმკვეთი ღონისძიება. დამირეკეს ადვოკატებმა და მითხრეს, პატიმრობა შეგიფარდეს და იძებნებიო. ამის შემდეგ სატელევიზიო ეთერში ჩემ შესახებ სტუდია "მონიტორის" ფილმი აჩვენეს და მეორე დღესვე ზუსტად ის სამონტაჟო დაარბიეს, სადაც ფილმი მომზადდა. ის მასალები წაიღეს, რაც ფილმში არ გასულა. საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს ეთერში ფილმის გასვლა და სტუდიის დარბევა.
- ბატონო დავით, რას აპირებთ, კვლავაც განაგრძობთ ბრძოლას?
- ჯერ გამოვაქვეყნებ დამნაშავეთა 90-კაციან სიას, რომელსაც გადავცემ შვეიცარიის პროკურატურას, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარს, რომლის ოფისიც ჟენევაშია, აგრეთვე, დიპლომატიურ კორპუსს და ვთხოვ, რომ ამ ადამიანებზე დააწესონ შეზღუდვები. ასევე, მივმართავ საზოგადოებას, სამოქალაქო ბოიკოტი გამოუცხადოს მათ. პროკურატურისგან კი მოვითხოვ, დაიწყოს ამ ადამიანების მიმართ სამართლებრივი დევნა. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის არბიტრაჟში მზადდება სარჩელი (ჩემს კომპანიაში ინვესტიციები ჰქონდა შვეიცარიულ და გერმანულ კომპანიებსაც და ამ კუთხით მზადდება სარჩელი). საერთაშორისო სასამართლოს იმედი მაქვს და საქმეს მოვიგებ კიდეც. სამწუხაროდ, ეს საქმე მძიმე ტვირთად დააწვება ქვეყანას - დაწესდება სოლიდური ჯარიმა, რომელიც პირდაპირ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ჩაიდება.