7 საფლავი უკვე გათხრილია - პანკისის ხეობა დაღუპულებს გლოვობს(VIDEO)

7 საფლავი უკვე გათხრილია - პანკისის ხეობა დაღუპულებს გლოვობს(VIDEO)

წუხელ გვიან ღამით, სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ე. წ. "ბოევიკები", სინამდვილეში, პანკისის ხეობის მაცხოვრებლები იყვნენ.

ჩვენი კორესპონდენტი პანკისში იმყოფება და ამ წუთებში, იმ ადგილასაა, სადაც დაღუპულთა გვამებს ელოდებიან.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ე. წ. "ბოევიკები" პანკისის ხეობაში მცხოვრები 19-20 წლის ახალგაზრდა ბიჭები არიან. მათი განცხადებით, ისინი ვაჰაბიტები იყვნენ და დაღესტნის გავლით სირიაში გადასვლას და ამბოხებულთა მხარეს ბრძოლას აპირებდნენ.

როგორც პანკისელები გვიყვებიან, სირიელ ამბოხებულთა მხარეს დაღუპულთა შორის რუსლან გილაევის ვაჟიც იყო, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩამოასვენეს და რომელიც დუისში დაკრძალეს.

პანკისის მცხოვრებთა თქმით, "ეს ბიჭებიც აპირებდნენ იქ ჩასულიყვნენ და სირიელი ამბოხებულების მხარეს ებრძოლათ".

საფლავების გათხრა, წუხელ, გვიან ღამით, თავსხმა წვიმაში დაიწყეს. პანკისის ხეობა დაღუპულებს გლოვობს. დაღუპულები ჰყავს სამ სოფელს, _ დუისს, ჯოყოლოსა და ბირკიანს. როგორც პანკისელები "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობენ, ზუსტად არ იციან, მაგრამ ვარაუდობენ რომ, 11-ვე ამ ხეობიდანაა.

"გურია ნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს, სალომე მახარაძეს დაუკავშირდა:

_ ქალბატონო სალომე. გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. "ბოევიკები", რომელთა ლიკვიდაცია მოხდა საქართველო რუსეთის საზღვართან, პანკისის მცხოვრებლები არიან. ამ წუთებში ჩვენი კორესპონდენტი იმყოფება პანკისის ხეობაში, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ 7 გვამი უკვე ამოიცნეს და ნამდვილად პანკისის ხეობის სოფლის მცხოვრებლები არიან. რა კომენტარს გააკეთებდით ამაზე?

_ აბსოლუტურად დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, მათ შორის არავინ არ იყო საქართველოს მოქალაქე. როგორ ამოიცნეს ძალიან მაინტერესებს?! სად ნახეს, თქვენ არ გაგიჩნდათ კითხვა?!

_ ძალიან ბევრი კითხვა გაგვიჩნდა...

_ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, მათ შორის არცერთი საქართველოს მოქალაქე არ იყო.

_ გვამების ამოცნობა, ხეობაში მათი მუსულმანური წესით დასაფლავება, გარდაცვლილების ხეობის მაცხოვრებლებისთვის გადაცემა, რომელსაც დღეს აპირებენ, სიმართლეს არ შეესაბამება?

_ არა. არა. ეს არ ვიცი. უნდა დავაზუსტო. რამდენიმე წუთში დამირეკეთ და დავაზუსტებ.

სალომე მახარაძე რამდენიმე წუთში "გურია ნიუსს" თვითონ დაუკავშირდა და გვითხრა: "გადავამოწმე ყველგან ყველაფერი. მათ შეხება არ აქვთ არ გვამებთან და არც არაფერთან; წარმოუდგენელია, ვინმეს ენახა გვამი, ან მათი რაიმე გადაცემა. "

კვლავ არ პასუხობს ჩვენს სატელეფონო ზარებს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, ნინო პოტრჟებსკაია.

"გურია ნიუსი" დაუკავშირდა უშიშროების საბჭოს უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენელს, თამარ კინწურაშვილს, რომელიც კარგი კომუნიკაციით გამოირჩევა, მაგრამ ამჯერად არც ქალბატონმა თამარმა გვიპასუხა.

"გურია ნიუსი" დაუკავშირდა ასევე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს, ნინო იმედაშვილს, რომელიც შეგვპირდა, რომ რამდენიმე წუთში შეგვეხმიანებოდა.

ვესაუბრეთ შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, უფროს ლეიტენანტს, თეა პატიეშვილს, რომელმაც თავდაცვის სამინისტროში გადაგვამისამართა.

ჩვენ ისევ ველოდებით გამოხმაურებას სახელმწიფო სტრუქტურებიდან და კომენტარებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.