სააკაშვილის რეჟიმი ყველანაირად ცდილობს ოპოზიცია საარჩევნოდ შეზღუდოს და ამისთვის სხვადასხვა «ნოვაციებს» იგონებს. გასული წლის ბოლოს პარლამენტმა კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმადაც კონტროლის პალატას უფლება მიეცა, რომ არამარტო არასასურველ პოლიტიკურ პარტიას დაუყადაღოს ქონება და საბანკო ანგარიშები, არამედ იმ პირთაც, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად არიან დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიებთან. უფულოდ კი ვერავინ რომ ვერაფერს გააკეთებს, ყველას კარგად მოეხსენება. თანაც დაყადაღების პროცედურა არათუ მარტივდება, არამედ მთლიანად ერთი ადამიანის, კერძოდ, კონტროლის პალატას ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ხელში გადადის. ამ პოსტზე დანიშნული ნათია მოგელაძე პროკურატურის კადრი გახლავთ, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს, თუნდაც იმაზე, რომ ექსპროკურორი ქალბატონი ზურაბ ადეიშვილის ბრძანებების უსიტყვო შემსრულებელი იქნება.
ნათია მოგელაძე ერთი პერიოდი ისანი-სამგორის პროკურატურაში მუშაობდა და რით დაიმსახურა მან დაწინაურება, მითუმეტეს - ესოდენ მნიშვნელოვან პოსტზე დანიშნვა, ბევრ კითხვას ბადებს იმ ხალხში, ვინც მის პროკურატურაში „მოღვაწეობას” მეტნაკლებად იცნობს. ამ კითხვებს, მართლაც რომ აქვს საფუძველი, რამდენიმე წლის წინ ისანი-სამგორის რაიონში მომხდარი საზარელი მკვლელობებიც მოწმობს. ამ პერიოდში ქალბატონი მოგელაძე ხსენებული პროკურატურის თანამშრომელი გახლდათ, უფრო მეტიც მას უშუალო შეხება ჰქონდა ამ საქმეებთან და ერთ-ერთი მოკლულის ოჯახის განცხადებით, პროკურატურა-პოლიციას მაშინ, რბილად რომ ვთქვათ, უნიათობა რომ არ გამოეჩინა, ეს მკვლელობები არ მოხდებოდა.
ახლა კი უშუალოდ იმ დანაშაულობებზე ვისაუბროთ, რაც 2007 წლის შემოდგომაზე მოხდა ისანი-სამგორის რაიონში. საქმე ეხება სამ მკვლელობას, რომელიც დაახლოებით ერთი თვის ინტერვალში მოხდა. საშა მეტონიძის, თენგიზ გურაშვილისა და იმელი გაბედავას მკვლელობაში ბრალდებულ ტარიელ საყვარელიძეს სასამართლომ 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამ მკვლელობებს საკმაოდ საინტერესო წინაისტორია უძღოდა. სხვათა შორის თავის დროზე მედიით ეს საქმეები ფართოდ გაშუქდა.
ტარიელ საყვარელიძე და მის მიერ მოკლული საშა მეტონიძის შვილი დავით მეტონიძე მეზობლები და ბავშვობის მეგობრები იყვნენ. 2007 წლის მაის-ივნისში დავით მეტონიძემ კერძო პირებისგან 13.320 აშშ დოლარი ისესხა, სანაცვლოდ კი იპოთეკით დატვირთა ორხევის დასახლებაში მდებარე თავისი საცხოვრებელი ბინა, რის შესახებაც მამამისმა არაფერი იცოდა. როგორც ირკვევა, მეტონიძე კერძო იპოთეკარებთან ფულის სასესხებლად საყვარელიძემ მიიყვანა. რაში დახარჯა მეტონიძემ ეს ფული, უცნობია. არსებობდა ეჭვი, რომ ახალგაზრდებმა ნაწილი თანხით ავტომანქანა იყიდეს, დანარჩენი ფული კი საყვარელიძემ მოიხმარა.
იმავე წლის ივლისში ამ ავტომანქანით მეგობრები დასავლეთ საქართველოში იყვნენ, რა დროსაც ავტოავარია მოუხდათ და დავით მეტონიძე ადგილზე გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, საჭესთან მეტონიძე იჯდა, რაშიც მოკლული თენგიზ გურაშვილის დედას ეჭვი ეპარება. რამდენჯერმე მევალეებისთვის პროცენტები ტარიელ საყვარელიძეს გადაუხდია, თუმცა მეტონიძის გარდაცვალების შემდეგ აღარ გადაიხადა. მევალეებმა კუთვნილი თანხის გადახდა საშა მეტონიძეს მოსთხოვეს და მაშინ შეიტყო, რომ ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებოდა.
საქმის გასარკვევად მან საყვარელიძეებს მიაკითხა, თუმცა ტარიელმა იუარა, ამ ვალის შესახებ არაფერი ვიციო. თურმე ძალზე აგრესიულადაც დახვედრიან საყვარელიძეები შვილმკვდარ მამას. საშა მეტონიძე მეორედაც მისულა საყვარელიძეებთან, რა დროსაც მას თავისი და ლამარა მეტონიძე და ნათესავი ახლდა. საყვარელიძეები მათ კვლავ ძალზე აგრესიულად დახვდნენ და ეს შეხვედრა ჩხუბით დასრულებულა. საშა მეტონიძე მათ დამუქრებია, რომ აუცილებლად უჩივლებდა, რაზეც ტარიელს უთქვამს, სადაც გინდა იქ მიჩივლეო.
11 ოქტომბერს საშა მეტონიძემ მართლაც შეიტანა საჩივარი ისანი-სამგორის რაიონის პროკურატურაში. ეს საქმე, როგორც ჩანს, ზემოხსენებულ პროკურ ნათია მოგელაძეს გადაეცა. მან ტარიელ საყვარელიძე 16 ოქტომბერს დაიბარა, მაგრამ რატომღაც ოფიციალურად არ დაჰკითხა, თუმცა ქალბატონმა პროკურორმა მას გაუმხილა საშა მეტონიძე გიჩივისო და დასაკითხად მეორე დღისთვის დაიბარა. ამის შემდეგ მოვლენები ელვის უსწრაფესად განვითარდა. პროკურატურიდან წამოსულმა ტარიელ საყვარელიძემ იმავე საღამოს მიაკითხა სახლში გარდაცვლილი მეგობრის მამას და გამოძიების ვერსიით, გადაჭრილი სანადირო თოფიდან, ე.წ. აბრეზიდან ორი გასროლით სიცოცხლეს გამოასალმა.
აღსანიშნავია, რომ მეტონიძე იმ პერიოდში სახლში მარტო იყო. მას მეუღლე ადრე გარდაეცვალა, შემდეგ შვილიც დაეღუპა და დასთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც იმ დროს სოფელში იყო წასული. არ არის გამორიცხული, რომ ამის შესახებ ტარიელ საყვარელიძემ ყველაფერი იცოდა, რადგან ისიც იქვე ცხოვრობდა. მეორე დღეს, საღამოს სწორედ ამ ქალბატონმა აღმოაჩინა ძმის გვამი. 17 ოქტომბერს დილით ტარიელ საყვარელიძე თითქოს არაფერი მომხდარა, პროკურატურაში გამოცხადდა. პროკურორმა ნათია მოგელაძემ ის თაღლითობის ფაქტთან დაკავშირებით დაჰკითხა და გაუშვა.
გამოცდილი იურისტების განცხადებით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა პროკურორს საყვარელიძისთვის წინასწარ ეთქვა, საჩივრის განცხადებაში რაზე იყო საუბარი, ანუ პირდაპირ ეთქვა, რომ მეტონიძე უჩიოდა. მითუმეტეს არც დაჰკითხა იმავე დღეს, არ გაიგო საქმის ირგვლივ რა ხდებოდა. იქნებ დასაჭერი იყო ეს ადამიანი, რატომ გაუშვეს ასე. პროკურორის საქციელი «ჩაშვებად» შეიძლება შეფასდეს, რომელმაც გეზი მისცა საყვარელიძეს, რომ წასულიყო და მომჩივანი მოეკლაო.
იმავე საღამოს საყვარელიძემ დაურეკა თენგიზ გურაშვილს, რომელიც მეტონიძეების კორპუსში ცხოვრობდა და ეზოში ჩასვლა სთხოვა. გურაშვილი დეიდაშვილთან ერთად ჩავიდა. საყვარელიძემ ისინი საკუთარ „ტოიოტას“ მარკის ჯიპში ჩაისვა, იქვე იყვნენ სხვა მეზობლებიც, კახა კალანდარიშვილი და ზურაბ გაბულდანი. საყვარელიძემ მათ უამბო, საშა მეტონიძემ პროკურატურაში მიჩივლა და შურისძიების მიზნით მოვკალიო. მათთან მოგვიანებით იმელი გაბედავაც მისულა და საყვარელიძეს უთქვამს, ამან უკვე იცის ყველაფერიო. ამ საუბრის დროს ეზოში პატრულის ავტომანქანები შემოსულა, საყვარელიძეს უთქვამს, ესენი მე მეძებენო, ბიჭები სასწრაფოდ ჩამოუსვამს და გაქცეულა.
პოლიციამ ამ ფაქტთან დაკავშირებით, იმელი გაბედავას გარდა ყველანი დაკითხა. კალანდარიშვილის და გაბულდანის დაკითხვას 15-15 დასჭირვებია. გურაშვილსა და მის დეიდაშვილ ზაქაიძეს კი თურმე 3 საათს კითხავდნენ, რა დროსაც ამ უკანასკნელს პოლიციელებმა სასტიკად სცემეს და გურაშვილს აყურებინეს, რითაც აიძულეს ამხანაგის საწინააღმდეგო ჩვენება მიეცა. კალანდარიშვილთან და გაბულდანთან ეს „პროცედურები“ არ დასჭირვებიათ, რადგან მათ საყვარელიძის მონათხრობი, მაშინვე უღიარებიათ, თუმცა საყვარელიძის მამასთან ყველაფერი გადათქვეს და გურაშვილსა და ზაქაიძეს შეაწმინდეს ხელი, ტარიელი ამათ «ჩაუშვესო». გურაშვილს ჰგონებია, რომ საყვარელიძე უკვე დაკავებული ჰყავდათ, თორემ მიუხედავად ცემა-წამებისა არც მისცემდა ჩვენებას. მას დედისთვის უთქვამს, ჩემი ჩვენება რაში სჭირდებოდათ, პოლიციამ ისედაც ყველაფერი იცოდაო.
საგულისხმოა ის გარემოება, რომ ამ ჩვენებებიდან თითქმის სამი კვირა საყვარელიძე ბებიამისის სახლში, მესამე მასივის დასახლებაში ცხოვრობდა, ავტომანქანითაც გადაადგილდებოდა, მაგრამ პოლიციამ რატომღაც ვერ დააკავა. მეტონიძის მკვლელობის საქმის გამომძიებელი ბეკურიშვილი მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ საყვარელიძეს ორჯერ მიაკითხა სახლში და დააფიქსირა, რომ იგი სახლში არ იმყოფებოდა. უფრო მეტიც, თურმე მისი ავტომანქანა ოფიციალურად არც კი იძებნებოდა. სამაგიეროდ, გამომძიებელმა საყვარელიძის მამას აცნობა, შენს შვილს იმიტომ ვეძებთ, რომ მისი მეგობრები ადებენ ხელს, მეტონიძის მკვლელობაზეო. არადა, დამწყებმა იურისტმაც კი იცის, მოწმის ჩვენება, მითუმეტეს ბრალდებულის მხარესთან რომ არ უნდა გაამხილოს.
მოკლედ, ბეკურიშვილმა სასიკვდილოდ გაწირა ეს ახალგაზრდები. ვერაფერს იტყვით, გამომძიებლის მხრიდან მართლაც «შესაშური პროფესიონალიზმია». ტარიელ საყვარელიძის მამა დავით საყვარელიძე თურმე თენგიზ გურაშვილს მოკვლით ემუქრებოდა. ეტყობა საყვარელიძეები იმელი გაბედავასაც დამნაშავედ მიიჩნევდნენ, რადგან ეს ორი ახალგაზრდა დახოცა «აბრეზით» საყვარელიძემ. აქ კი პოლიციამ ოპერატიულობა გამოჩინა და იგი მკვლელობიდან რამდენიმე საათში, ბებიამისის მეზობლის სახლში დააკავა.
ამ ახალგაზრდების გვამები 2-2 ნატყვიარით, ზურგისა და მუცლის არეში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. გამოძიების ვერსიით, ტარიელ საყვარელიძემ შურისძიების მიზნით მათი დახოცვა გადაწყვიტა, თანაც დანაშაულის დაფარვა უნდოდა, ამიტომ ისინი თავიდან უნდა მოეცილებინა. ამ მიზნით 5 ნოემბერს საღამოს, მან გურაშვილსა და გაბედავას დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. გაბედავა ამ შეხვედრაზე მამამისის ბმვ-თი წავიდა. მოგვიანებით გურაშვილი და გაბედავა საყვარელიძეს თბილისის ზღვაზე წყლის სატუმბი კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდნენ, სადაც ისინი ტარიელმა „აბრეზიდან“ 2-2 გასროლით დახოცა და გაბედავას ავტომანქანით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ამ საქმის გამოძიების მასალებში უამრავი ხარვეზია, თუმცა ამ მკვლელობების დეტალების განხილვაზე მეტად იმ ინფორმაციის მიწოდება გვინდოდა მკითხველისთვის, რა დონის პოლიცია-პროკურატურა ჰყავს საქართველოს და როგორ პროფესიონალ ნაპროკურორალს ჩაბარდა ოპოზიციური პარტიების ფინანსებისა და ქონების დაყადაღება-განკარგვის საქმე.