"გურია ნიუსის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" ოზურგეთის რაიონში დეპუტატობის კანდიდატად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილს წარადგენს. ამ ინფორმაციამ "ფეისბუკის" მომხმარებელთა შორის დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ბევრი ამბობდა, რამაზ ნიკოლაიშვილს არანაირი კავშირი არ აქვს გურიასთან და, მით უმეტეს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვთან, მას გურულობა მხოლოდ არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად სჭირდებაო. რამდენიმე მომხმარებელმა ისიც კი განაცხადა, სინამდვილეში, რამაზ ნიკოლაიშვილი წარმოშობით გარდაბნის რაიონის სოფელ ნორიოდან არის, მამული დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედში აქვს და საშუალო სკოლაც ამავე სოფელში დაამთავრაო. აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია ნორიოსა და ზემო ქედის რამდენიმე მცხოვრებმაც დაგვიდასტურა.
ყოფილმა პარლამენტარმა მაკარ ნიკოლაიშვილმა კი განაცხადა: "დიდი ხანია, ვიცნობ რამაზ ნიკოლაიშვილს და გურულობის შესახებ მისგან არასდროს არაფერი მსმენია. ერთი წლის წინ კი, აქ გუბერნატორად რომ მუშაობდა, უთქვამს, გურული ვარ, ბახველიო. მოგვარეები ვართ და რატომ მიმალავდა, თუ გურული იყო? მე ბახველი ვარ და რამაზის ბახველობის შესახებ არაფერი მსმენია, არც მისი წინაპრების შესახებ, ბახვში ოდესმე რომ ყოფილიყვნენ".
ვინ იყო რამაზ ნიკოლაიშვილი "ვარდების რევოლუციამდე"
"რამაზ ნიკოლაიშვილის კარიერა ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, საგადასახადო ინსპექციის ხელმძღვანელად დავით სალარიძის მუშაობისას დაიწყო", - განგვიცხადა საგადასახადო სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ამჟამად პრობაციონერმა, რომელმაც გვთხოვა, რომ მისი ვინაობა საჯაროდ არ გაგვემხილა, - რამაზ ნიკოლაიშვილი და მე ერთი თაობის ეკონომისტები ვართ. ერთად ვმუშაობდით ოპერატიულ დეპარტამენტში, რომელსაც გრიშა შონია ხელმძღვანელობდა. შონიას მოადგილე იყო ბადრი ფირცხელანი, გაგრის ყოფილი კომენდანტი და მებრძოლი კაცი. სწორედ ფირცხელანმა მოიყვანა რამაზი დეპარტამენტში. ნიკოლაიშვილი რიგითი თანამშრომელი იყო, მაგრამ გრიშა შონიასთან ერთად ფულს მალე გაუგო გემო და ეს დეპარტამენტი ფულის საჭრელ საამქროდ იქცა. ამიტომ ბადრი ფირცხელანმა დავით სალარიძეს დეპარტამენტის გაუქმების მოთხოვნით მიმართა. დეპარტამენტი მართლა გაუქმდა და როგორც იმხანად ამბობდნენ თანამშრომლები, რამაზ ნიკოლაიშვილს ფირცხელანმა გვარიანად სცემა. რამაზ ნიკოლაიშვილი ნაცრეფორმატორებს "ვარდების რევოლუციამდე" დაუახლოვდა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ის საფინანსო პოლიციაში, დავით კეზერაშვილის რეკომენდაციით, საგამოძიებოს უფროსად დაინიშნა. ამ პერიოდში მან ახლობლებს უამრავი ბოროტება გაუკეთა. დაიბარებდა თავის ძმაკაც ბიზნესმენებს კაბინეტში, სიცილ-ხარხარით ელაპარაკებოდა და ამშვიდებდა, ყველაფერი კარგად იქნებაო, მაგრამ როგორც კი კარის ზღურბლს გადააბიჯებდნენ, ყველას აკავებდა. აი, ასეთი ადამიანია რამაზ ნიკოლაიშვილი. მეც მისი ერთ-ერთი მსხვერპლი ვარ. სწორედ მაგ ადამიანის უკანონო მოქმედებას შეეწირა ჩემი ოჯახი. ოთხი წელია, ჩემს სამ შვილთან ერთად ქირით ვცხოვრობ და გაჭირვებით ვარჩენ ოჯახს. მეც და ჩემ მეუღლესაც ნერვიულობისგან დიაბეტი დაგვემართა... საფინანსო პოლიციაში მუშაობისას ნიკოლაიშვილი დაუახლოვდა ახლახან შექმნილი დასაქმების სამინისტროს ხელმძღვანელ პაატა ტრაპაიძეს, რომელსაც გადაზიდვების ბიზნესი და ხიდების მშენებლობის ექსკლუზიური უფლება ჰქონდა საქართველოში. ნიკოლაიშვილი ტრაპაიძეს "საკომისიო თანხას" ართმევდა, რომელიც ნაციონალების ყულაბაში გროვდებოდა.
როცა კომენტარისთვის უცხოეთში მცხოვრებ ბადრი ფირცხელანს დავუკავშირდით, ის მხოლოდ ერთი ფრაზით შემოიფარგლა: "დიახ, ეგ "ახვარი" რამაზ ნიკოლაიშვილი საგადასახადოს ოპერატიულ დეპარტამენტში მე მივიყვანე!"
არჩევნების გაყალბების რა სქემა მუშავდება გურიაში?
ოზურგეთის გამგეობის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც, უსაფრთხოების მიზნით, თავისი ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვა, არჩევნების გაყალბების სქემაზე გვესაუბრა: "ოზურგეთის გამგეობაში ვმუშაობ და ვიცი, ხელისუფლებამ გურიაში არჩევნების გაყალბების რა სქემაც შეიმუშავა. ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში არჩევნების მაღალი პროცენტით მოგება მიხეილ სააკაშვილმა რამაზ ნიკოლაიშვილს დაავალა. ნიკოლაიშვილი თავის გუნდთან ერთად 24 საათის განმავლობაში მუშაობს არჩევნების გაყალბების სქემაზე. მათი სამუშაო და შეკრების ადგილი კი ოზურგეთში, გუბერნიის ადმინისტრაციული შენობაა. სქემა კი ასეთია: ვთქვათ, სოფელ მერიაში არის ათასი ამომრჩეველი, არჩევნებზე კი მივიდა 600 ამომრჩეველი. თუ 300-ს პლუს ერთმა ამომრჩეველმა ნაციონალებს მისცა ხმა, არჩევნები მოგებულია. ამიტომ იბარებენ საჯარო მოხელეებს, განსაკუთრებით - პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც წარმოშობით ამა თუ იმ სოფლიდან არიან და ეუბნებიან, უნდა მოიგოთ არჩევნები თქვენს სოფელში, თორემ იცოდეთ, დედა აღარ გეყოლებათო.
დაშინებული პოლიციელები, თავის გადარჩენის მიზნით, სოფლის გამგებლების, სკოლის დირექტორების, მასწავლებლების, ბაგა-ბაღის თანამშრომლების გადაბირებზე მუშაობენ. კოორდინატორებადაც, ძირითადად, გაჭირვებულებსა და უმუშევრებს არჩევენ. ყველა მათგანს 150-დან 300 ლარამდე უხდიან, იმის მიხედვით, ვის რა შესაძლებლობა აქვს. საერთო ჯამში, ეს უზარმაზარი თანხაა. საიდან უხდის ხელისუფლება ამ ფულს კოორდინატორებს, არ არის ეს მოსყიდვა და კანონდარღვევა? სად არის ნათია მოგელაძე? რატომ არ ისჯებიან ხელისუფლების წარმომადგენლები არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის? მიმდინარეობს კოორდინატორების მოსყიდვა სუფრების გაშლით და ქეიფით. მაგიდის თავში კი ხელისუფლების წარმომადგენლები სხედან და მშიერ კოორდინატორებს ტვინს უბურღავენ - ხომ გაქვთ დენი, გაზი, ხომ დავაგეთ გზებიო და ა.შ. არადა, ეს ყველაფერი ხომ ჩვენი ფულით კეთდება?! ის ადამიანები, ვინც რამაზ ნიკოლაიშვილს ეხმარებიან, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ. მთელმა გურიამ იცის, რომ რამაზ ნიკოლაიშვილს გუბერნატორად მუშაობისას თანამშრომლები "დაჩმორებული" ჰყავდა და თათბირებსაც კი დედის გინებით ატარებდა. გურულობას და ბახველობას რომ იჩემებს, ჰკითხეთ მის რომელიმე მოგვარეს, ნამდვილ ნიკოლაიშვილს, თუ სმენია მორალურად არამდგრადი რამაზ ნიკოლაიშვილის გურულობის შესახებ რამე. ოზურგეთში ასეთი ანეკდოტიც კი შეთხზეს: ბაბუა შვილიშვილს ადღეგრძელებს, მანამ იცოცხლე, ბაბუ, ვიდრე ბახვში რამაზ ნიკოლაიშვილის წინაპრების საფლავი არ მეიძებნებაო".