მიტ რომნიმ ოფიციალურად მიიღო რესპუბლიკური პარტიის წინადადება, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაუპირისპირდეს მოქმედ პრეზიდენტ ბარაკ ობამას, როგორც რესპუბლიკური პარტიის ერთიანი კანდიდატი. ეს მოხდა ფლორიდის შტატის ქალაქ ტამპაში რესპუბლიკური პარტიის ნაციონალური ყრილობის მესამე და გადამწყვეტ დღეს.
ტამპაში, რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას, საკუთარ თავს რომნიმ უწოდა ყველაზე დიდი იმედი აშშ-ის ეკონომიკის გაუმჯობესებასა და ამერიკელთათვის მიცემული დაპირების ასრულებაში. რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს მიაჩნია, რომ ობამას ოთხი წლის წინანდელი კამპანიის დროს გაჟღერებული დაპირებები ”იმედგაცრუებისა და დაყოფის” საფუძვლად იქცა:
„ბატონო თავმჯდომარევ და დელეგატებო, მე თანახმა ვარ ვიყო თქვენ მიერ წარდგენილი კანდიდატი აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე. ამას ვღებულობ მორჩილად, ძალიან აღფრთოვანებული ვარ იმ ნდობით, რომელიც ჩემ მიმართ გამოხატეთ; ეს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს და ამ ღამით გთხოვთ, შემომიერთდეთ და ერთად ვიაროთ უკეთესი მომავლისაკენ.“
მიტ რომნი ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს აშშ დაიბრუნებს მსოფლიო ლიდერის იმიჯს, კიდევ უფრო გაამკაცრებს პოლიტიკას ირანისა და ასევე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ. რომნის მსგავსად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა პოლ რაიანმაც ისაუბრა მნიშვნელოვან ცვლილებებზე - იმაზე, რომ არჩევნებში პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში მნიშვნელოვანი „შემოტრიალება“ მოხდება.
„მას შემდეგ, რაც მთავრობა ოთხი წელი ცდილობდა სიმდიდრის განაწილებას, გვეყოლება ამერიკა, რომელიც ისევ შექმნის სიმდიდრეს (ტაში და შეძახილები). სამართლიანი გადასახადებითა და რეგულაციის რეფორმით, მთავრობას დავაბრუნებთ პოლ რაიანი იმ მამაკაცებისა და ქალების
მხარეზე, რომლებიც ქმნიან სამუშაო ადგილებს“, - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ნაციონალურ ყრილობაზე ვიცე-პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, პოლ რაიანმა.
თავის გამოსვლაში მასაჩუსეტსის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა რბილად, თბილად ისაუბრა საკუთარ მშობლებსა და ოჯახზე და ასევე შეეცადა დაეცვა თავისი მოღვაწეობა კომპანია „ბეინ კაპიტალში“, ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო კომპანიაში, რომელსაც კრიტიკოსები ბრალად სდებენ სხვა კომპანიების მიმართ განხორციელებულ რეიდერულ თავდასხმებსა და სამუშაო ადგილების შემცირებაში.
რესპუბლიკელმა ნაციონალურმა კონგრესმა მიტ რომნის რეიტინგს დიდი რეკლამა გაუკეთა. მიტ რომნის ტამპაში გამოსვლას დაახლოებით 10 მილიონი ტელემაყურებელი ადევნებდა თვალს. თუმცა 6 ნოემბრის არჩევნებამდე დარჩენილი დროისათვის საპრეზიდენტო კანდიდატებს დაახლოებით თანაბარი რეიტინგები აქვთ.