მისი მთავარი სიმდიდრე არჩევნების გაყალბების ტექნოლოგიების სრულყოფილი ცოდნაა. მის მიერ გავლილი პოლიტიკური გზაც ამ სიმდიდრის მუდმივად გამოყენებას უკავშირდება. მიხეილ მაჭავარიანი საჭირო იყო ედუარდ შევარდნაძის დროსაც და საჭიროა ახლაც, რადგან საქართველოში, როგორც წესი, მმართველი გუნდი არჩევნებს გაყალბების გარეშე ვერასოდეს იგებს. შესაბამისად, მაჭავარიანს ხათუნა გოგორიშვილთან ერთად, ახლაც ოქროს ფასი ადევს.
პოლიტიკური მამისა და შვილების ერთმანეთისაგან გაყრის დროს, მიხეილ მაჭავარიანმა საკუთარი ადგილი და მომავალი ზურაბ ჟვანიას გუნდში დაინახა და პოლიტიკისაკენ გზის გამკვალავ მამას ედუარდ შევარდნაძეს თანაგუნდელებთან ერთად ხელისუფლება ჩამოართვა. თუმცა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ, ექს-პრემიერის გუნდის წევრებს შორის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ლიდერი ყველაზე ადრე გამოიგლოვა და დაივიწყა. მისი მომავლისთვის მკვდარ ზურაბ ჟვანიას ცოცხალი მიხეილ სააკაშვილი სჯობდა და შესაბამისად, არც დაფიარებულა - ყველა ადამიანურ პრინციპზე უარი თქვა და მეფის მზის ქვეშ ადგილიც უპრობლემოდ მოიპოვა.
ვინაიდან მიხეილ მაჭავარიანის მიერ გავლილი პოლიტიკური გზა თუნდაც იმით არის საინტერესო, რომ იგი მეხუთეჯერ აპირებს დეპუტატის მანდატის მოპოვებას, სააგენტომ პარლამენტის ვიცე-სპიკერის რეზიუმე გადაათვალიერა.
როგორც აღმოჩნდა, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს რეზიუმეს შევსების დროს დაავიწყდა ან გამორჩა, რომ პოლიტიკურ მოუსავლეთში გაგზავნილი "მოქალაქეთა კავშირის" გენერალური მდივანიც იყო წლების წინ. თუმცა სავარაუდოა, რომ არც გამორჩა და არც დაავიწყდა – ალბათ, უფრო დაივიწყა, რადგან მისთვის "მოქალაქეთა კავშირის" გენერალური მდივნობა ისეთივე ბიოგრაფიული შავი ლაქაა, როგორც სააკაშვილისთვის თავის დროზე მოქალაქეთა კავშირის 120-კაციანი ფრაქციის ხელმძღვანელობა და იმ გუნდის წევრობა, რომელიც, მისი ლექსიკონის მიხედვით, მანკიერი, კორუმპირებული, გაქსუებული, მაჯლაჯუნა, ჩარეცხილი და ა.შ. ადამიანებისაგან შედგებოდა.
მიხეილ მაჭავარიანის ბიოგრაფია კი ასე გამოიყურება: იგი 1991–1995 წლებში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეობის კათედრის ლაბორანტი იყო, 1995 წელს კი პარლამენტის წევრი გახდა, 1999 წელს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის სავარძელი მოირგო. მოგვიანებით კვლავ პარლამენტში დაბრუნდა და 2001-2002 - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი გახდა. 2002-2004 - თბილისის სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს. პარლამენტში კი - ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატების" წევრი იყო. მოგვიანებით, 2003-2004 წლებში აღნიშნული ფრაქციის თავმჯდომარე გახდა. 2004-2008 წლებში საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. ხოლო 2008 წლის ივნისდან დღემდე საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პორტფელი აბარია. ცოტა ხნის წინ კი, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნობაც უბოძეს. სავარაუდოდ, ეს პატივი მას არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით ერგო.
რაც შეეხება მის ქონებრივ-ფინანსურ მდგომარეობას - იგი მყარი და მსუყეა, მაგრამ უჩინარი. ის ითვლის მილიონებს, მაგრამ ვერავინ ახერხებს მისი მილიონების დათვლას. როგორც პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები ხშირად ხუმრობით ამბობენ, მიხეილ მაჭავარიანის გამოჭერა ძნელი, მაგრამ შესაძლებელია. ცნობისათვის, მის სახელს უკავშირდებოდა და უკავშირდება წარსულშიც და ახლაც მონოპოლიური ბიზნეს-სქემები, საიდანაც "მრავალჭირნახული" და სააკაშვილის გუნდის "მუმიის" პირად ბიუჯეტში დიდი რაოდენობის თანხა მიედინებოდა.
მისი ქონებრივი დეკლარაცია კი შემდეგნაირად გამოიყურება:
2009-2011 წლებში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა აღნიშნულ პოსტზე ხელფასის სახით 226 632 ლარი აიღო.
როგორც "პირWელის" მიერ მაჭავარიანის 2009, 2010 და 2011 წლების ფინანსური დეკლარაციის შედარებისას აღმოჩნდა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა როგორც 2009, ისე 2010 და 2011 წლებში აღნიშნულ პოსტზე 75 544-75 544 ლარი გამოიმუშავა.
ამასთან, დეკლარაციის ერთ-ერთ გრაფაში "თქვენი, თქვენი ოჯახის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფული, რომლის ოდენობა 4000 ლარს აღემატება", ფინანსურ დოკუმენტში როგორც 2009 წლის შესაბამის გრაფაში, ისე 2010 და 2011 წლების დეკლარაციაშიც, მაჭავარიანის მეუღლეს სოფიო ჟღენტს 30 000-30 000 ლარი აქვს მითითებული.
აღსანიშნავია, რომ მაჭავარიანის 2009 წლის ფინანსური დეკლარაციის თანახმად, მისმა მეუღლემ სოფიო ჟღენტმა "აიტივის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად მუშაობისთვის ხელფასის სახით 6 000 ლარი აიღო, "ინტერ ტურის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერობისთვის კი - 840 ლარი. დეკლარაციის მიხედვით, ზუსტად ანალოგიური თანხები გამოიმუშავა ჟღენტმა 2010 და 2011 წელსაც.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მიშა მაჭავარიანს 2009 წელს ~თიბისი ბანკში~ გახსნილ სამ სახელფასო ანგარიშზე ნაშთის სახით (კრედიტი ან დებეტი), 1947 ლარი, 78 ევრო და 982 აშშ დოლარი ერიცხებოდა, ამავე ბანკში გახსნილ დეპოზიტზე კი - 7 888 დოლარი. გარდა ამისა, მაჭავარიანს "საქართველოს ბანკში" მიმდინარე ანგარიში ჰქონდა გახსნილი, რომელზეც 3086 ევრო ერიცხებოდა. ამავე ბანკში პარლამენტის ვიცე-სპიკერს სამი ანაბრი ჰქონდა გახსნილი, სადაც შესაბამისად, 10 000 ევრო, 12 000 ევრო და 10 000 დოლარი ერიცხებოდა.
ამასთან, მის მეუღლეს - სოფიო ჟღენტს "თიბისი ბანკსა" და "ბანკ რესპუბლიკაში" მიმდინარე ანგარიშები ჰქონდა გახსნილი, რომლებზეც შესაბამისად, 957 ლარი და 10 ლარი ერიცხებოდა. ასევე, ჟღენტს "თიბისი ბანკში" დეპოზიტიც ჰქონდა გახსნილი, სადაც ზუსტად იმდენი თანხა ერიცხებოდა, რამდენიც მაჭავარიანს ამავე ბანკში გახსნილ ანგარიშზე ანუ - 7 888 დოლარი. გარდა ამისა, მაჭავარიანის შვილებს ბარბარე და ვარდენ მაჭავარიანებს "თიბისი ბანკში" გახსნილ დეპოზიტებზე თანაბარი თანხა 20 051 – 20 051 დოლარი ერიცხებოდათ.
აღსანიშნავია, რომ როგორც 2010 წლის, ისე 2011 წლის დეკლარაციის მიხედვით, პარლამენტის ვიცე-სპიკერის და მისი ოჯახი წევრების საბანკო ანგარიშები ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც 2009 წელს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის უძრავ ქონებას რაც შეეხება, 2009 წლის ფინანსური დეკლარაციის თანახმად, მაჭავარიანს თავის სახელზე თბილისში, რუსთაველის გამზირის #20-ში 220 კვ.მ ფართობის ბინა, დიღომში 1400 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, სოფელ ჭორვილაში 837 კვ.მ და 1122 კვ.მ ფართობის მიწები და ჭორვილაში საცხოვრებელი სახლი აქვს. ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, მაჭავარიანის დედას - მარინე მდინარაძეს თბილისში, 9 ძმის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი, ამავე ქუჩაზე 145 კვ.მ ფართობის მიწა და თბილისში, ნაფეტვრებში, 600 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი აქვს. ასევე, სოფიო ჟღენტის სახელზეა გაფორმებული ტაბახმელაში 901 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი. ამასთან, ვარდენ მაჭავარიანს ეკუთვნის თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მდებარე 136 კვ.მ ფართობის არასაცხოვრებელი ფართის 74%.
2010-2011 წლების დეკლარაციის მიხედვით მაჭავარიანების ოჯახის უძრავ ქონებას არც არაფერი შემატებია და არც დაკლებია.
რაც შეეხება მოძრავ ქონებას, (თითოეულის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშების, ნაღდი ფულადი თანხის გარდა) როგორც 2009 წლის, ისე 2010 და 2011 წლების დეკლარაციის შესაბამის გრაფაში სოფიო ჟღენტს 2009 წლის გამოშვების მსუბუქი ავტომანქანა "Wolkswagen-Tiguan" აქვს მითითებული.
ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, 2009-2011 წლების დეკლარაციების მიხედვით, მაჭავარიანი ოჯახის არცერთი წევრი არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ სამეწარმეო საქმიანობას არ ეწეოდა.
აღსანიშნავია, რომ დეკლარაციის მიხედვით, არც მიხეილ მაჭავარიანს და არც მისი ოჯახის სხვა წევრს 2009-2011 წლების განმავლობაში ფასიანი ქაღალდები არ გააჩნდა.
დეკლარაციას თუ ვენდობით, 2009-2011 წლების განმავლობაში პარლამენტის ვიცე-სპიკერს 500 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქარი არ აუღია.
ასევე, დეკლარაციის ერთ-ერთი გრაფა - "თქვენი ან თქვენი ოჯახის წევრის ნებისმიერი შემოსავალი ან გასავალი, რომლის ოდენობა თითოეულ შემთხვევაში აღემატება 1500 ლარს და არ არის მითითებული ამ დეკლარაციის სხვა ფურცლებზე", 2009 წლის დეკლარაციის შესაბამის გრაფაში აღნიშნულია, რომ ვარდენ მაჭავარიანმა შემოსავლის სახით 1818 აშშ დოლარი მიიღო, ბარბარე მაჭავარიანმა – 1728 დოლარი, სოფიო ჟღენტმა ავტომანქანის გასხვისებისგან - 14 000 დოლარი, ხოლო მიწის ნაკვეთის გასხვისებისგან - 15 300 ლარი. უნდა აღინიშნოს, რომ 2010 და 2011 წლების დეკლარაციების შესაბამის გრაფაშიც მაჭავარიანს ანალოგიური მონაცემები აქვს მითითებული!
ცნობისთვის, მიხეილ მაჭავარიანის ოჯახი მეუღლის - სოფიო ჟღენტის, შვილების - ვარდენ და ბარბარე მაჭავარიანების და დედის - მარინე მდინარაძისგან შედგება.