მამუკა არეშიძე:

მამუკა არეშიძე: "საქართველოს რკინიგზას" "რასიისკიე ჟელეზნიე დაროგის" გარდა სხვა რეალური მყიდველი არ ჰყავს"

ქართულ-რუსულ ბიზნეს-პოლიტიკურ ურთიერთობებსა და წინასაარჩევნო კამპანიაზე საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" რეგიონული პოლიტიკისა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების მიმართულების ხელმძღვანელი, კოალიცია "ქართული ოცნების" გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა არეშიძე გვესაუბრება.

- "საქართველოს რკინიგზის" საკითხი აქტიურდება მაშინ, როცა ხელისუფლებას ფული აკლდება და ცდილობს, დასავლელ პარტნიორებს ევაჭროს. როგორც ჩანს, მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიით ხელისუფლება უკმაყოფილოა და მას გარკვეული გარანტიების მიღება უნდა ამერიკელი და ევროპელი პარტნიორებისგან, თანაც - საარჩევნოდ ფული სჭირდება. მას შემდეგ, რაც სააქციო საზოგადოება "რასიისკიე ჟელეზნიე დაროგიმ" სომხეთისა და აფხაზეთის რკინიგზა დაისაკუთრა, საქართველოს რკინიგზას სხვა რეალური მყიდველი არც ჰყავს; საზოგადოებას ისიც ახსოვს, როგორ ევაჭრებოდა ხელისუფლება რკინიგზით ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს ტელეკომპანია "იმედის" აქციების საკონტროლო პაკეტის სანაცვლოდ.

- თავის დროზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა პუტინს "თანამედროვეობის ყველაზე პრაგმატული პოლიტიკოსი უწოდა"... დროდადრო ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლება დღემდე ცდილობს კრემლთან, პუტინის გარემოცვასთან ურთიერთობის აწყობას და ამ მიზნით არაერთ ემისარს გზავნის.
- ძალზე დიდი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ასეა. საუბარია ფართომასშტაბიან მცდელობაზე, ურთიერთობა კულუარულად მოაგვარონ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველო-რუსეთის ურთიერთობის საკითხს კი არა, ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის დამოკიდებულების საკითხს აყენებენ, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს თავისი მდგომარეობის, სკამის შესანარჩუნებლად. ისიც კარგად იციან, რომ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ამ საკითხს წყვეტს ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი, ამიტომ მოსკოვშიც დადიან და ვაშინგტონშიც. თავის დროზე მოსკოვში გიგი უგულავაც იყო ჩასული. ახლა გზას კრემლისკენ უფრო მსხვილი ბიზნესმენების მეშვეობით იკვალავენ, რომლებსაც არა მხოლოდ ეკონომიკის, პოლიტიკის პულსზეც უდევთ ხელი.

- "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ეს ეკონომიკური საკითხებია და კრემლის პოლიტიკურ ინტერესებთან საერთო არაფერი აქვს.
- ეს მტკნარი სიცრუეა. თვითონ რუსი ანალიტიკოსები მეუბნებიან, რომ ყველა რუსული კომპანია - "ენერგო პრო", "პრომიშელ ინვესტი", "ინტერ რაო" თუ სხვა, რომლებსაც საქართველოს მსხვილი სტრატეგიული ობიექტები აქვს ჩაგდებული ხელში, კრემლის მიერ მართული, კრემლის პროექტია, ერთადერთი გამონაკლისი არის "თბილწყალის" მფლობელი, რომელიც კრემლს პირდაპირ არ ექვემდებარება.

- როგორ შეაფასებთ ზურაბ არსოშვილის დანიშვნას "თელასის" კომერციულ დირექტორად?
- არსოშვილი არის ადამიანი, რომელიც ხელისუფლების ყველა დავალებას შეასრულებს. რევაზ და მერაბ შარანგიები, რუსეთში მოღვაწე სხვა ბიზნესმენები რუსულ-ქართულ პოლიტბიზნესს შორის შუამავლები არიან. შარანგიები პირდაპირ არიან მიბმული სააკაშვილის ოჯახზე. კომპანია "ბილაინში" რომ შეხვიდეთ, ყველა თანამშრომელმა იცის, რომ მისი ერთ-ერთი მფლობელი არის შარანგია. იგივე შეიძლება ითქვას რუსეთში მოქმედ სხვა ბიზნესმენებზე, ზოგიერთ მათგანთან სააკაშვილს სტუდენტური წლები აკავშირებს, ზოგთან - სხვა კავშირები და დღეს სწორედ ისინი არიან სააკაშვილის ბიზნეს-პოლიტიკური ემისრები მოსკოვში, მინსკში, კიევში.

- გარდაბანი მრავალეროვანი, ტრადიციულად რთული რაიონია. ბოლო ოცი წელია, ეროვნული უმცირესობების ხმების აბსოლუტური უმრავლესობა სახელისუფლებო ყულაბაში იყრება. როგორ დაახასიათებდით ხელისუფლების პოლიტიკას ეროვნული უმცირესობების მიმართ?
- ეროვნული უმცირესობები, განსაკუთრებით კომპაქტურად დასახლებულები, ჩვენი საზოგადოების ყველაზე არაინფორმირებული ნაწილია და მათი მართვა, ცხადია, უფრო ადვილია. გარდა ამისა, სააკაშვილის ხელისუფლება, ისე რიგორც მისი წინამორბედი, ამ ადამიანებზე მეზობელი ქვეყნების ხელისუფლებების მეშვეობით ზემოქმედებს, იქნება ეს ოფიციალური ბაქო თუ ერევანი. ასე რომ, ეროვნული უმცირესობები ორმაგი წნეხის ქვეშ არიან. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად აფერხებს მათი ინტეგრაციის პროცესს. მათ შეუქმნეს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, სადაც ახალგაზრდები არა მარტო ცოდნას იღებენ, არამედ გარკვეული იდეოლოგიის ქვეშაც ექცევიან, მათ მნიშვნელოვან ნაწილს კი საარჩევნოდ იყენებენ. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ხელისუფლების ხმამაღალი დაპირებებისა, ფერხდება ეროვნული უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლება, აზერბაიჯანელებით დასახლებულ რაიონებში იყო შემთხვევები, როცა ქართული ენის შემსწავლელი პროგრამა ერთ თვეში შეჩერდა უსახსრობის გამო.

- ანუ, რუსულად გიწევთ საარჩევნო კამპანიის ჩატარება?
- დიახ, მაგრამ ბევრმა რუსულიც აღარ იცის. აზერბაიჯანელი ახალგაზრდობის ნაწილმა აზერბაიჯანულის გარდა არც ერთი ენა არ იცის. ამ სოფლების მოსახლეობის 30-35 პროცენტი მხოლოდ აზერბაიჯანულად ლაპარაკობს. გარდაბნის რაიონი საინტერესოა არა მხოლოდ ეთნიკური, რელიგიური სიჭრელითაც, ვგულისხმობ მხოლოდ მაჰმადიანობას და ქრისტიანობას, იქ ისლამი რამდენიმე მიმდინარეობით არის წარმოდგენილი: სუნიტური, შიიტური, ვაჰაბიტური. რაც შეეხება ქართველ მოსახლეობას, რომელიც გარდაბანში დაახლოებით 50 პროცენტია, არის სოფლები, სადაც ძირძველი მოსახლეობა ცხოვრობს, ასევე არიან ეკომიგრანტები სვანეთიდან, აჭარიდან, რაჭიდან... დღეს აქ უმძიმესი ვითარებაა წყლით მომარაგების თვალსაზრისით, რის გამოც დაწყებულია მიწების გაუდაბნოება. თუ ასე გაგრძელდა, გარდაბნის რაიონი, როგორც მდიდარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული, შეიძლება დავკარგოთ. ამ პრობლემის გადაჭრა რამდენიმე ასეული მილიონი ლარი დაჯდება, მაგრამ ჩვენ მას თანდათან გადავჭრით. ადამიანები ავადდებიან იმის გამო, რომ დაბინძურებულ წყალს სვამენ. მწვავედ დგას მიწების პრობლემა, ეს სასაზღვრო რეგიონია და სახელმწიფო მიწები იჯარით არის გაცემული, მაგრამ, მაგალითად, სოფელ ბირლიკის მოსახლეობამ ერთ მშვენიერ დღეს გაიგო, რომ მათი მიწები სხვას გადაეცა. შექმნილია ლატიფუნდიები - ადამიანთა ერთ ჯგუფს ასობით ჰექტარი მიწა აქვს ხელში ჩაგდებული და ან იჯარით გასცემენ, ან საერთოდ არ ამუშავებენ, მოსახლეობა კი მშიერია. გარდაბნის რაიონის აზერბაიჯანელი მოსახლეობის 40 პროცენტი ქვეყნიდან გასულია, აღარაფერს ვამბობ უცხოეთში წასულ ქართველებზე.
ჩემი მოწინააღმდეგე "ნაციონალური მოძრაობიდან", გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ფეიქრიშვილი, რბილად რომ ვთქვა, კონკრეტული ადამიანების გულის მოგებაზეა გადასული. არ მინდა ვთქვა სიტყვა "ქრთამი", თუმცა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ვურჩევდი, "ქართული ოცნების" მიერ მაისურებისა და კალმისტრების დარიგებაზე კი არა, გარდაბანსა და ქვემო ქართლის სხვა რაიონებში მიმდინარე პროცესებზე გაამახვილოს ყურადღება.

- კონკრეტული ფაქტები გაქვთ?
- სამწუხაროდ, ამ ფაქტებზე გვესაუბრებიან ადამიანები, რომელთაც საჯაროდ ვინაობის გამხელისა ეშინიათ. არადა, ცნობილია ფულის, სანოვაგის დარიგების ფაქტები. გარდაბანში წლობით გრძელდებოდა დაპირისპირება ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის, რომ მათ დაუკანონდეთ მიწის ნაკვეთები, მათ შორის, ის, სადაც საცხოვრებელი სახლები უდგათ. მხოლოდ ამ დღეებში, აგვისტოს ბოლოს დაიწყეს ამ მიწების დაკანონება, რაც მოქრთამვის ერთ-ერთი ფორმაა. სად იყვნენ ცხრა წელი?

- გაქვთ ამომრჩევლის დაშინების კონკრეტული ფაქტები?
- ერთ-ერთი ქალბატონი, გვარად ყულიევა განსაკუთრებულად აქტიურობდა ჩვენთან შეხვედრაზე, რის შემდეგაც მას ყარაჯალის გამგებლის რწმუნებული ელჰამ ბეხტიევი არ ასვენებს, - თან ემუქრება, თან მიწის გაფორმებას ჰპირდება, რაზეც ყულიევა უარს ამბობს. ნორიოს ტაძრის მოძღვარი მამა კახაბერი სახლიდან გაიყვანეს, მოსთხოვეს, უარი ეთქვა ჩვენთან ურთიერთობაზე, ათას რამეს ჰპირდებოდნენ, მაგრამ აზრი ვერ შეაცვლევინეს. უკვე ისე გათავხედდნენ, სამღვდელოების წარმომადგენელსაც კი უბედავენ ამას.

- ვინ მიაკითხა მამა კახაბერს?
- სოფლის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა პირებმა, ე.წ. ზონდერებმა. ყველა სოფელს ამ ზონდერების მიკროჯგუფი მართავს, ხოლო იმ სოფლებში, სადაც თვლიან, რომ გამგებელი სუსტია, სპეციალური ჯგუფები ჰყავთ მოვლენილი გარდაბნიდან. ჩვენთან შეხვედრაზე გამოსულ ადამიანებს ოჯახებში უვარდებიან, ემუქრებიან, ერთ-ერთი ასეთი ქალბატონის შვილს, ახალგაზრდა სპორტსმენს, სტიპენდია მოუხსნეს, რის გამოც ის 10 სექტემბერს ბრაზილიაში შეჯიბრებაზე ვეღარ წავა.

- როგორია ამ პროცესებში ქვემო ქართლის გუბერნატორის დავით კირკიტაძის როლი?
- კირკიტაძე გარდაბნის რაიონს ჩამოაცილეს, ამ რაიონს დღემდე საქართველოს კუდ-ის უფროსის მოადგილე ვაჟა ლილუაშვილი აკონტროლებს, რომელიც წლების განმავლობაში გარდაბნის რაიონის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. აღსანიშნავია, რომ ლილუაშვილი ლევან მამალაძის მოადგილე იყო, შემდეგ კი უმტკივნეულოდ გადაინაცვლა "ნაციონალების" გუნდში. კირკიტაძე კი ჩვეული მეთოდებით რუსთავსა და ქვემო ქართლის სხვა რაიონებში მოქმედებს.

- როგორ აპირებთ არჩევნების გაყალბების თავიდან აცილებას?
- ქვემო ქართლში ადგილობრივი კომისიის წევრები ყოველთვის ადმინისტრაციული წნეხის ქვეშ იყვნენ, ამჯერად ვითარება შეიცვლება. ყველა უბანზე გვეყოლება წარმომადგენლები, პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან უცხოელი დამკვირვებლები, ხმები რომ არ გაყალბდეს.