”მე დავიწყე ომი!” - ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა ფეისბუკზე მხატვარმა გიორგი კევლიშვილმა.
უცნაურად დაემთხვა. იმ დღეს სწორედ ამაზე ვფიქრობდი. არა იმაზე, რომ ”პუტინმა დაიწყო ომი!”, და, მით უმეტეს, არც იმაზე, რომ ”სააკაშვილმა დაიწყო ომი!” (მოდაშია. არჩევნები ახლოვდება)... არამედ იმაზე, რომ მე... დიახ, მე დავიწყე!
საბაბი ნათია მიქიაშვილის ძალიან ცუდი გადაცემა იყო. პირადად ჩემთვის, გამოუსწორებელი ფორმალისტისა და დეკადენტისთვის, მნიშვნელობა აქვს არა მარტო იმას, რას ამბობს წამყვანი, არამედ იმას, როგორ ამბობს. როცა ვატყობ, რომ წვალობს, რადგან მთელი არსებით, მთელი სხეულით - ხმით, თვალით, ტუჩით - უნდა, რომ დამაჯეროს, რასაც ამბობს, მეცინება და ვეღარ ვუსმენ. მით უმეტეს, თუ აზრის გასამტკიცებლად, ემოციის გასამძაფრებლად, უპათეთიკურესი მუსიკა დაადო, ”ვოკალიზებით”... მესმის, რომ ამას არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა. მაგრამ ჩემთვის აქვს! ასეთ შემთხვევებში სულ მგონია, რომ ობიექტურობის პრეტენზიით მოცული ”გამოძიება” ადამიანთა მანიპულაციისთვის და შესაბამისად გარკვეული პოლიტიკისთვის, ამ შემთხვევაში კი კონტრპროპაგანდისთვის, იქმნება.
ეს სიტყვა, ”კონტრპროპაგანდა” ჩემს ცხოვრებაში აქტუალური 80-იან წლებში, ანდროპოვის დროს გახდა. ტელევიზიაში დავიწყე მაშინ მუშაობა და ერთ დღეს აგვიხსნეს, რომ ”ცივი ომის” გამო, ვინაიდან დასავლეთი ახალი ტექნოლოგიების დახმარებით მიმართავს პროპაგანდას (ვიდეო შემოვიდა!), უნდა გადავიდეთ კონტრპროპაგანდაზე - ანუ იმ ფორმით, სტილით, ჟანრით ვიმუშაოთ, როგორც ”მტერი” მუშაობს, ოღონდ სრულიად საწინააღმდეგო ვთქვათ.
ფაქტობრივად, ეს სტალინური ეპოქის რეინკარნაციას ჰგავდა. სწორედ სტალინმა მოინდომა, მაგალითად, ”საბჭოთა ჰოლივუდის” აშენება იალტაში 1936 წელს. მართალია, იდეა ვერ განხორციელდა, მაგრამ დაიწყო საბჭოთა ყოფაში გადატანილი ”ჰოლივუდური სერიალების” გადაღება. ”პოტიომკინის” ისტორიას აღარ გავიხსენებ, ჩვენც გვინდა ჩვენი ”პოტიომკინიო”, გებელსმა რომ ბრძანა.
აქაც ასე მოხდა, საქართველოში. როგორც კი გაჩნდა არასახელისუფლო მედია ამ არჩევნების წინ, დაიბადა ბუნებრივი იდეა, გაკეთებულიყო იმის საწინააღმდეგო, რასაც ”იმედი” და”რუსთავი 2” აკეთებდა. ჰოდა, არაფერი გასაოცარი არაა იმაში, რომ 2008 წლის აგვისტოზე გადაღებული პროპაგანდისტული გადაცემები, რომლებშიც ასევე მთელი არსებით - ხმით, თვალით და ტუჩით - გვიხსნიდნენ, როგორი საშინელი ქვეყანაა რუსეთი და რა საშინელ დღეშია სამყარო რუსეთის ხელში. ასევე იმას, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო პატარა საქართველოს გვერდითაა რუსეთის წინააღმდეგ, შეიცვალა ასეთივე ფორმის, სტილის, ჟანრის, პათოსის ”ტელეფილმით”, ოღონდ საწინააღმდეგო აზრით, რომელიც მოკლედ, ორი სიტყვით ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს - ”ომი დაიწყო მიშამ!”
ამ აზრის გასაძლიერებლად მოიჭრა ინტერვიუები მართლაც ძალიან კარგი ფილმიდან, რომელიც BBC-მ გადაიღო აგვისტოს ომზე, ამ აზრის გასაძლიერებლად, მეტი ეფექტისთვის, დაედო ”ახალგაზრდა ჰიტლერელების” მარში ქართველ წვეულთა კადრებს. იმ წვეულების, რომელთაგანაც შეიძლება ყველა არცაა ცოცხალი!
ესაა პროპაგანდისა და კონტრპროპაგანდის ”დისკურსი” - რაღაცები შეიძლება შეწირო სათქმელს. საერთოდ, ”მსხვერპლი” დაიშვება... მიზანი ამართლებს საშუალებას.
იაფფასიანი მედიისთვის ჩვეულებრივი ამბავია და ქართული მედია არც ამითაა განსაკუთრებული.
უცნაური სხვა რამეა, ის ხალხი, რომელმაც თავის დროზე ”მოდელირებული ქრონიკის” გამართლება დაიწყო, დღეს აღშფოთებას ვერ მალავს ნათია მიქიაშვილის ფილმით. ის ხალხი, ვისაც არ ჰქონდა რეაქცია რუსეთზე გაკეთებულ პროპაგანდისტულ კარიკატურებზე, გვიმტკიცებს, რომ მედია არ უნდა იყოს პროპაგანდისტული. თუმცა ესეც არაა მთავარი - ორივე მხარე ომის დაწყებას მხოლოდ და მხოლოდ სხვას აბრალებს და არანაირად არ აღიარებს საკუთარ პასუხისმგებლობას.
არადა ეს ომი შუა საუკუნეებში არ მომხდარა, მასზე შექმნილი მითებით რომ გავაგრძელოთ ცხოვრება.
რადიო თავისუფლებას არქივი აქვს... შეგიძლიათ მოუსმინოთ - შეგიძლიათ გაიხსენოთ ქართველი პოლიტიკოსების, ექსპერტების, უბრალო მოქალაქეების მოსაზრებებს. განსაკუთრებით საინტერესოა 2008 წლის 7 აგვისტო, როცა მიხეილ სააკაშვილი აღფრთოვანებული - ასევე მთელი სხეულით - გვიამბობდა ქართული ჯარის მიერ ცხინვალის რეგიონის სოფლების ”განთავისუფლებაზე”! მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ”ომი მიშამ დაიწყო”. რადგანაც ამ აღფრთოვანებას მეორე ხმას აძლევდა სრულიად ქართული საზოგადოება... არა, მართალი მითხრა ზაალ ანდრონიკაშვილმა, მრავლობითი რიცხვის პირველი პირი რატომ გიყვარსო - პირადად მე ვაძლევდი მეორე ხმას! პირადად მე ვოცნებობდი ჩემი სახლის ხელახლა ნახვაზე გაგრაში, რადგან ”იქაური სუნი” დღესაც მესიზმრება... ვოცნებობდი და გულის სიღრმეში ყოველთვის მქონდა იმედი, რომ კიდევ მოვხვდებოდი ჩემს სამოთხეში... მე. და სხვაც, არა მარტო მე... რომელი სიტყვა ჯობია ამ დროს ვიხმარო, არ ვიცი... ”ვუკვეთავდი”? ჰო, მე დავუკვეთე ეს ომი ქართულ ხელისუფლებას, რადგან მჯეროდა, რომ ამერიკაში გაწვრთნილი, კარგად შეიარაღებული ქართული ჯარი ზუსტად ისე შეძლებდა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას, როგორც, მაგალითად, ხორვატიამ დაიბრუნა სერბიისგან - ელვისებური ოპერაციით, მინიმალური მსხვერპლით!
”მიშა კაცური კაცი ხარ!” - წერდნენ forum.ge-ზე.
არ არის გამორიცხული, ავტორი ფრაზისა ”მიშა კაცური კაცი ხარ!” დღეს ნათია მიქიაშვილის ფილმით იყოს აღფრთოვანებული, რადგან მისთვის პრობლემა არა ომი, არამედ წაგებული ომია!
მისთვის და იმ პათეტიკური სიყალბის ავტორებისთვის, რომელთაგან 2008 წლიდან დღემდე ზოგი, როგორც დღეს ამბობენ ხოლმე, ”აპრავებდა” ამ ომს, ზოგი კი (ეს ხალხი უფრო დღეს გააქტიურდა მაინც და მაინც, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ) მოულოდნელი პაციფისტის როლში მოგვევლინა და იმის მტკიცება დაიწყო, რომ ”ომი მიშამ დაიწყო!”
ომი დავიწყე მე! რადგან მე შეურაცხყოფილი ვიყავი იმის გამო, რაც მოხდა აფხაზეთში. მე წამართვეს სახლი! მე შეურაცხყოფილი ვიყავი და ვოცნებობდი ხელისუფალზე, ”კაცურ კაცზე”, რომელიც ჩემს სამოთხეს დამიბრუნებდა.
რა არის აქ გაუგებარი? რა არის გაუგებარი იმაში, რომ მე და ჩემნაირების დაკვეთა შეასრულა საქართველოს ხელისუფლებამ? მით უმეტეს, რომ 2008 წელს მას ძალიან სჭირდებოდა დაემტკიცებინა ჩვენთვის, რომ ”კაცური კაცია!”
მე მხოლოდ მსუბუქად ვქილიკობდი მილიტარისტულ, ვითომ სამხედრო-პატრიოტულ პროპაგანდაზე, რომელსაც ხელისუფლება 2006, 2007, 2008 წლებში ეწეოდა. ვქილიკობდი, მაგრამ იმ დღეს, 2008 წლის 7 აგვისტოს, ველოდი, როგორ ”კაცურად” დამიბრუნებდა ჩემი ხელისუფლება წართმეულ ტერიტორიებს. უფრო მეტიც, მეც დავდექი ჯაჭვში ჩემს თანამემამულეებთან ერთად, მეც მინდოდა, რომ მსოფლიოს მართლაც დაეკეტა საზღვარი რუსი ბიზნესმენებისთვის (ქართული მედიის არქივი ნახეთ! ეს უფრო საინტერესოა, ვიდრე ე.წ. ”აკრძალული კადრები”), ბოიკოტი გამოეცხადებინა სოჭის ოლიმპიადისთვის. კიდევ მჯეროდა. ამჯერად სხვა ”კაცური კაცების”, თუნდაც ჯორჯ ბუშის და იმედი მქონდა, რომ ბათუმში ჩამომდგარი ამერიკული გემი შეურაცხყოფილის და დამარცხებულის საშინელი განცდისგან გამათავისუფლებდა.
ახლა გავიდა დრო. აგერ ”პროპაგანდაც” ვნახეთ და ”კონტრპროპაგანდაც”. დროა ვნახოთ რაღაც სხვა. ის, რაც საკუთარ პასუხისმგებლობას თუ არ გაგვააზრებინებს, იმაზე მაინც დაგვაფიქრებს, რომ არასდროს უნდა ვენდოთ ”კაცურ კაცებს”. ისინი ძალიან სახიფათონი არიან... უფრო სწორად, სახიფათოა ჩვენი ეს ვნება - ”კაცური კაცების” იმედად ცხოვრება. ამის გააზრება პირველი ბიძგი იქნება კათარზისისთვის, უსაზღვროებისა და თანასწორობის განცდისთვის, იმის შეგრძნებისთვის, რომ აფხაზი და ოსი... უფრო მეტიც, რუსიც, სომეხიც, თურქიც ჩვენი ძმაა. ჩვენ ადამიანები ვართ! და ეს შეგრძნება საკმარისი იქნება იმისთვის, რომ დავიწყოთ მეზობლებთან დიალოგი.
არ გამოვაო, არ მითხრათ ახლა. რა იცით, რომ არ გამოვა?!
პირველ ნაბიჯს ასეთს გთავაზობთ. დღეში ერთხელ, ისე, რომ არ დავძაბოთ სხეული, - ჩვენი ხმა, თვალები და ტუჩი, - სრულიად მშვიდად ვუთხრათ ჩვენს თავს: ”მე დავიწყე ომი!”