ვახტანგ ხმალაძე:

ვახტანგ ხმალაძე:"ნაცმოძრაობა" ალიბის იკეთებს" - ოპოზიციას ხელისუფლების მხარდამჭერების დაჯარიმების არ სჯერა

"ქართული ოცნების" წარმომადგენელი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ "ნაციონალების" დაფინანსების გამო 5 ადამიანის დაჯარიმება მხოლოდ "დასანახად გაკეთდა" და ამას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გამოთქმულ შენიშვნებს უკავშირებს - შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ევროსაბჭოს და ეუთოს მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გამოყენებული ფინანსური სანქციები პრობლემას წარმოადგენს და ამ ძალას საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება არ ეძლევა. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში კი ჯერ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალ პარტიებს დადებული ინკასო შეუჩერდათ. შემდეგ კი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა "ნაციონალებისთვის" გადარიცხული თანხის გამო ხუთი ადამიანი დააჯარიმეს, რაზეც ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებამ ეს "ალიბისთვის გააკეთა" - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ხმალაძე: "ნაცმოძრაობა" ალიბის იკეთებს / ოპოზიციას ხელისუფლების მხარდამჭერების დაჯარიმების არ სჯერა.

"პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ გვარების არგამოქვეყნება არის კარგი და სწორი. არასწორი და ძალიან ცუდი იყო ის, როდესაც ოპოზიციის მხარდამჭერების გვარებს ასახელებდნენ. თუ ადამიანს არ უნდა, რომ მის შესახებ ასეთი ინფორმაცია საჯარო გახდეს, ხელისუფლება ამას არ უნდა აკეთებდეს. მაგრამ, თუკი ოპოზიციასთან დაკავშირებით დაჯარიმებული პირების ვინაობა საჯარო გახადა, ახლა კეთილი ინებოს და იგივე ახლაც გააკეთოს. იმის გამო, რომ მათი ვინაობა არ სახელდება, ნამდვილად საფუძვლიანი ეჭვია, რომ არავინ არ დაუჯარიმებიათ. გარდა ამისა, არის კიდევ ძალიან ბევრი კითხვა. პირველი ის, რომ რაოდენობებს თუ შევადარებთ ერთმანეთს, რამდენით დაჯარიმდა "ქართული ოცნება" და რამდენით "ნაციონალური მოძრაობა", მეორე - რამდენი ადამიანი დაჯარიმდა ერთიდან და მეორედან, ამ მონაცემების შედარებისას იმხელა განსხვავებებს ვნახავთ, რომ კომენტარის გაკეთებაც კი ზედმეტი იქნება. ამასთან, "ნაცმოძრაობას" ეს დაჯარიმება არ გაუპროტესტებია. "ქართულმა ოცნებამ" კი ყველა დაჯარიმება გააპროტესტა და არც ერთი პროტესტი არ დაკმაყოფილდა. ესეც მეტყველებს იმაზე, რომ "ნაციონალები"დაჯარიმდნენ იმისთვის, რომ შემდგომ თქვან, ჩვენ ყველას ერთნაირად ვაფასებთ, კანონის გამოყენება შერჩევით არ ხდება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე..

"მხოლოდ ამისთვის გაკეთდა და ეს სრულიად ცხადია. ჩვენ შეგვიძლია, გავიხსენოთ "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა დაჯარიმების მრავალი შემთხვევა, რომელიც ნათლად მიუთითებს, რომ არანაირ სამართლიანობასთან, კანონის დაცვასთან და ობიექტურობასთან არ გვქონია საქმე. გუშინ იყო ასეთი ინფორმაცია, რომ ფოთში დაიბარეს ადამიანი, რომელმაც 10 ლარი შესწირა "ქართულ ოცნებას" და მეორე შემთხვევას გავიხსენებ, "ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორის, ნოდარ ჯავახიშვილის დაჯარიმებას, როდესაც ნოდარ ჯავახიშვილმა თავისი შემოსავლის თაობაზე ყველანაირი საბუთი წარადგინა. მას ჰქონდა ყოველთვიური შემოსავალი, თუ არ ვცდები, 10 ათასი ლარი და, როდესაც "ქართუ ბანკიში" შევიდა სახელმწიფოს მიერ დანიშნული მმართველი, მან ჯავახიშვილს კომპენსაციის სახით ჩაურიცხა 20 ათასი ლარი, საიდანაც 17 ათასი ლარი მან შესწირა "ქართულ ოცნებას" და ის დააჯარიმეს ხუთმაგი ოდენობით. როდესაც ასეთი ფაქტები არსებობს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა რაც არ უნდა თქვას, რომ "ნაცმოძრაობის" შემომწირველებიც დავაჯარიმეთო, ამას გონიერი არანაირად არ მიიღებს იმად, რადაც უნდა გასაღება ამ ქმედებისა",- განაგრძობს რესპონდენტი.

"საქმე ის არის, რომ "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებიც და ხელისუფლებაც ძალიან ბევრ რამეს აკეთებენ აბსოლუტურად არაგონივრულად. თანაც ისეთ რამეებს, რაც მათთვისვე უარესია. მაგრამ, როგორც ჩანს, პანიკაშია არიან ჩავარდნილები და შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. ამით უნდათ, რომ ერთგვარი ალიბი გაიკეთონ, რომ მარტო ერთ ძალას კი არ ერჩიან, არამედ იბრძვიან კანონის დაცვისთვის. მაგრამ ამის ვის ჯერა? არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ეს განცხადებები განხილული იქნას, როგორც ტრაფარეტული განცხადებები. ვინც ამას იტყვის, მოიტანონ სხვა განცხადებები, სადაც მსგავს რამეს ამბობენ ეს ორგანიზაციები", - მიიჩნევს ვახტანგ ხმალაძე.

"ეს იყო ძალიან სერიოზული განცხადებები და ამიტომაც მოჰყვა ჯერ ინკასოს აღსრულების შეჩერება. რა, ერთბაშად კეთილები გახდნენ და ამიტომ შეაჩერეს იძულებითი აღსრულება და პარტიებს ინკასო ამიტომ მოუხსნეს? ცხადია, ეს არის იმის მცდელობა, რომ როგორმე უკეთესად წარმოაჩინონ საკუთარი თავი. პარტიები ვერ სარგებლობენ - ინკასოს მოხსნა საკმარისი არ არის. პარტიამ რომ ისარგებლოს, აუცილებელია, რომ ანგარიშზე შეტანილი იქნას თანხა და 10 ლარის შემწირველს იბარებენ და ვინმემ რამე რომ შესწიროს, მას ელის ხუთმაგი ჯარიმა და ბევრია ამაზე წამსვლელი? რა თქმა უნდა, ყველაზე ეფექტიანი ზემოქმედება არის ჯარიმები, ყადაღა, ინკასო, როდესაც ყოვლად გაუმართლებლად უამრავი ადამიანი დაჯარიმდა. დიდი ჯარიმები რომ დაეკისრათ, ვერ გადაიხადეს, მერე დაუყადაღეს ქონება, შემდეგ გაუყიდეს ეს ქონება და იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ქონება ვერ გაიყიდა და სახელმწიფო საკუთრებაში მიაქციეს. ეს ქონება იყო ამ ადამიანების საცხოვრებელი საშუალებები და ამის გარეშე დარჩნენ. წარმოიდგინეთ, რა დღეში არიან ეს ადამიანები", - თვლის რესპონდენტი 

"პარტიის შემთხვევაში კი ინკასოს დადება ნიშნავს იმას, რომ ეს პარტია ვერანაირ მომსახურებას ვერ შეისყიდის. ანუ, ვერ ჩაატარებს წინასაარჩევნო კამპანიას. ევროსაბჭოს და ეუთოს განცხადებების შემდეგ კი იძულებითი აღსრულება კი არ მოხსნეს, უბრალოდ, შეაჩერეს. მაგრამ არ შეჩერებულა ის პროცედურა, როდესაც შემოწირულობას თვლიან უკანონოდ და შემომწირველებს ისევ ისე აჯარიმებენ. ანუ, ისევ შეკრული წრეა. გარდა ამისა, გამოიყენება სხვა მეთოდები სრულიად უკანონოდ. ფიზიკურ პირები, რომლებსაც ანგარიშები ბანკში აქვთ გახსნილი, ვერ სარგებლობენ პლასტიკური ბარათებით და, როდესაც ბანკში მიდიან, მათ პასუხობენ, რომ ტექნიკური ხარვეზია და გამოსწორდება. ზოგიერთ მათგანს ეს თანხა ბანკიდან აუღია. მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ამ ადამიანებს უფიქსირდებათ დიდი ოდენობით დავალიანება. ასეთი შემთხვევა იყო ძალიან ბევრი და ხდება ყველა ბანკში. პასუხი ყველგან ერთია, რომ ეს არის სისტემაში მომხდარი ტექნიკური შეცდომა და ეს გამოსწორდება. მაგრამ ძალიან საეჭვოა, რომ ყველა ბანკის სისტემაში ერთდროულად ხდებოდეს ასეთი შეცდომა და ამასთან, ეს შეცდომები მაინცდამაინც იმ ადამიანების მიმართ ხდება, რომლებიც არიან "ქართული ოცნების" აქტივისტები", - დასძენს ვახტანგ ხმალაძე.