დაღესტანში, დერბენტის რაიონში მიმდინარე შეტაკებებისა და სროლების მიზეზების შესახებ რუსული მედია წუხელ განსხვავებულ ინფორმაციებს აქვეყნებდა.
სააგენტო "ლენტა.რუ" გუშინ, დაახლოებით, 20:00 საათისთვის, "ინტერფაქსზე" დაყრდნობით წერდა, რომ დაღესტნის სასაზღვრო შემადგენლობაში საკონტრაქტო სამსახურზე მყოფმა პირმა კალაშნიკოვის ავტომატით შვიდი ადამიანი ჩაცხრილა. ინცინდენტი დერბენტის რაიონში, დასახლება ბელიჯთან ახლოს მოხდა.
წინასწარი მონაცემებით, სამხედრომ თავდაპირველად ყაზარმის მცველ კოლეგებს ესროლა და ორი მათგანი მოკლა; შემდეგ ყაზარმაში შეიჭრა, სადაც დისლოცირებული იყვნენ სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები და ხუთ მათგანს ესროლა. აღნიშნული პირი საპასუხო ცეცხლის შედეგად დაიღუპა. რუსული სააგენტოს ინფორმაციით, დაჭრილია შინაგანი ჯარის სამი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც იქვე იმყოფებოდნენ. მესაზღვრე, რომელმაც შვიდი სამხედრო დაცხრილა, 31 წლის იყო. წინასწარი მონაცემებით, მისი გვარია ალიევი. ინცინდენტის ადგილზე დაღესტნის შსს-სა და სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელობაც იმყოფებოდა.
გუშინვე "ინტერფაქსმა" რესპუბლიკის შსს-ს წყაროზე დაყრდნობით ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელიჯის დასახლებაში ტერორისტების ჯგუფმა დაიკავა შენობა, რომელშიც სპეციალური ოპერატიული ჯგუფის შეიარაღების ოთახი იყო განთავსებული და დასახლებაში ბრძოლები მიმდინარეობდა.
ასევე მოგვიანებით, დაახლოებით 23.00 საათზე "ინტერფაქსმა" რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ დაღესტნის რესპუბლიკის დერბენტის რაიონში საგანგებო ვითარება შეიარაღებული ძალების სამხედროს დაღუპვასთან დაკავშირებით არ ყოფილა.
"ბელიჯის დასახლებაში საჯარისო ნაწილები და თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები არ არის", - განუცხადა "ინტერფაქსს" რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.