გივი თარგამაძეს დევნიან

გივი თარგამაძეს დევნიან

გუშინ თბილისის საოლქო სასამართლოში „თავისუფლების ინსტიტუტის“ ლიდერისა და ანტიკორუფციული საბჭოს წევრის, გივი თარგამაძის სასამართლო პროცესი გაიმართა.

საქმის განხილვა დახურულად მიმდინარეობდა. სასამართლო პროცესის მიმართ დიდი იყო საზოგადოების ინტერესი, რადგან გივი თარგამაძე ხშირად ამხელს გაბედულად მაღალი თანამდებობის პირებს და პრეზიდენტის ოჯახის ფინანსურ ინტერესებს. გუშინდელი პროცესიც, როგორც თარგამაძის მომხრეები ამბობენ, მის მიმართ განხორციელებული დევნის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იყო.

შეგახსენებთ, რომ ამა წლის 8 ივლისს, „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრებსა და პოლიციის დაცვის თანამშრომელს შორის მომხდარი ინციდენტის დროს სხეულის დაზიანებები მიიღეს როგორც დაცვის თანამშრომელმა დავით დონაძემ და მასთან მყოფმა ნოდარ დონაძემ, ასევე გივი თარგამაძემ და მისმა მეგობრებმა. როგორც ჩანს, ამ ინციდენტთან დაკავშირებით საქმე არც აღიძვრებოდა, რომ არა მასში გივი თარგამაძის მონაწილეობა და პრეზიდენტის მოთხოვნა, საქმე ობიექტურად ყოფილიყო გამოძიებული.

შეგვიძლია, გავიხსენოთ ჟურნალისტ ალეკო ცქიტიშვილის ცემის ფაქტი დღისით, მზისით, უზენაესი სასამართლოს წინ. თემურ მღებრიშვილმა ახალგაზრდა ჟურნალისტი საშინლად სცემა, მიწაზე ათრია და დაასისხლიანა, მაგრამ ამ ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ვითომ პირად კონტროლზე აიყვანა, სასამართლომდე არ მივიდა.

ანტიკორუფციული საბჭოს წევრის „ხულიგნობა“ კი ოპერატიულად გამოიძიეს ჩვენმა სასახელო სამართალდამცავებმა. ინციდენტიდან ერთი თვის შემდეგ გივი თარგამაძე თბილისის პოლიციის სამმართველოში მიიყვანეს, სადაც მას ბრალი წაუყენეს ხულიგნობის მუხლის მე-3 ნაწილში.

„როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა სამმართველოში მიმიყვანეს, იქ წარმოადგინეს დოკუმენტი ჩემი ბრალეულობის შესახებ და პირადად გადმომცეს ის, მაგრამ შემდგომ აცხადებდნენ, რომ ასეთი რამ არ მომხდარა და ჩემთვის არანაირი ბრალეულობის დოკუმენტურად დასაბუთებული მასალა არ გადმოუციათ. ეს დოკუმენტი მომპარეს“. - განაცხადა გივი თარგამაძემ „რეზონანსთან“ საუბარში.

გამოძიებამ გივი თარგამაძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თხოვნით ვაკე-საბურთალოს სასამართლოს მიმართა. საქმეს მოსამართლე ტაბატაძე განიხილავდა. მოსამართლემ შუამდგომლობა უკანონოდ ცნო და თარგამაძეს აღმკვეთი ღონისძიება არ შეუფარდა. ამის შემდგომ დაზარალებული მხარე ასაჩივრებს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მოსამართლის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას. ისინი თვლიან, რომ მოსამართლემ საქმის განხილვისას ტექნიკური შეცდომა დაუშვა. შეცდომის არსი, როგორც დაზარალებულთა წარმომადგენლები განმარტავენ, ისაა, რომ როდესაც პიროვნებას აღმკვეთი ღონისძიება არ ეფარდება, მოსამართლე გამოსცემს დადგენილებას, შეფარდების შემთხვევაში - ბრძანებას.

მოსამართლემ თავის გადაწყვეტილებას ბრძანების სახე მისცა. ამ ტექნიკური ხარვეზის გამო საქმე განსახილველად საოლქო სასამართლოს გადაეცა. თუმცა საოლქო სასამართლოს მოსამართლე ჯორბენაძემ ტაბატაძის ბრძანება გააუქმა და საქმე არსებით განხილვაში არ მიიღო. გივი თარგამაძის საკითხის გადაწყვეტა ისევ ვაკე-საბურთალოს სასამართლოს დაევალა. აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი ამჯერად მოსამართლე ნაირა დურგლიშვილმა განიხილა და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, იმავე სასამართლოში, იმავე საქმეზე რადიკალურად განსხვავებული განაჩენი გამოიტანა. ამის შემდეგ გივი თარგამაძის ადვოკატმა მოსამართლის გადაწყვეტილება კვლავ საოლქო სასამართლოში გაასაჩივრა.

„როდესაც ვაკე-საბურთალოს მოსამართლე ნაირა დურგლიშვილი გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა, ის სასამართლო დარბაზის მიღმა საკმაოდ დიდი ხნით დარჩა. სასამართლო დარბაზში კარგად ისმოდა, თუ როგორ საუბრობდა მოსამართლე ტელეფონით. ასეთ შემთხვევაში ტელეფონით სარგებლობა მოსამართლეს სასტიკად აკრძალული აქვს,“ - აცხადებს გივი თარგამაძე.

მოსამართლე ნაირა დურგლიშვილის გადაწყვეტილებით, გივი თარგამაძეს შეეფარდა აღმკვეთი ღონისძიება, რომელიც ითვალისწინებდა ამ პირის პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ ყოფნას, ასევე გივი თარგამაძეს ეკრძალებოდა პრესისა და ტელევიზიის საშუალებით ყოველგვარი ინფორმაციის გავრცელება, რადგან ეს გარკვეულ ზემოქმედებას ახდენდა საზოგადოებასა და პოლიციის მუშაკებზე. ასევე თარგამაძეს ეკრძალებოდა ტელეფონით თანამდებობის პირებთან საუბარი.

ვაკე-საბურთალოს სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას გივი თარგამაძე ცინიკურს უწოდებს და ყველაფერს ამ სტრუქტურაში მომუშავე მაღალი ჩინის წარმომადგენლების მხრიდან შურისძიებად მიიჩნევს. „ამ შემთხვევის შემდეგ პრეზიდენტი გამოდის და აცხადებს, - თუ გამოძიება ობიექტურად წარიმართება, სასჯელი იქნება სასტიკიო. ნუთუ ამის შემდეგ ეჭვი როგორ უნდა შეგეპაროს, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ დაგეგმილი და შემდგომ კარგად ორგანიზებულია?“ - აცხადებს გივი თარგამაძე.

ამ ინციდენტის დროს დაზარალებული მხარე: მამა-შვილი დონაძეები გივი თარგამაძის განცხადებას, რომელიც სასამართლოს პოლიტიკურ დაკვეთას უწოდებს, აბსურდულს უწოდებენ.

„გივი თარგამაძეს სურს, საზოგადოებაში დაამკვიდროს ის აზრი, რომ ეს ნამდვილად პოლიტიკური დაკვეთაა. მისი ეს განცხადება სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს.“ - განაცხადა „რეზონანსთან“ საუბარში პოლიციელმა დავით დონაძემ.

გუშინ ჟურნალისტები 5 საათის განმავლობაში ელოდნენ საოლქო სასამართლოს მოსამართლის, კარლო ბზიშვილის გადაწყვეტილებას.

საბოლოოდ, საოლქო სასამართლომ დააკმაყოფილა გივი თარგამაძის ადვოკატის, ეკა ბესელიას შუამდგომლობა და თარგამაძეს მოუხსნა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა, აკრძალვები თანამდებობის პირებთან საუბრებისა და მასმედიის საშუალებით განცხადებების გაკეთების შესახებ. სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების თანახმად, თარგამაძე თავს არ არიდებდა პოლიციასთან ურთიერთობას და მას გამოძიების დასრულებამდე მხოლოდ ხელწერილი ჩამოართვეს, რომ თბილისიდან არ გავა.