"ესენი ბოლოს თავის თავსაც მოატყუებენ"

"არჩევნების შემდეგაც ისევ ყველამ ერთად უნდა ვიცხოვროთ"

"არ გამოვრიცხავ, რომ სულ მალე ივანიშვილის აგენტად გამოცხადდეს ჰილარი კლინტონიც"


წლების განმავლობაში საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით დასავლური სადამკვირვებლო მისიებისა თუ დელეგაციების მიმართ ერთგვარი უნდობლობა ჩამოყალიბდა. ყოველი არჩევნების შემდეგ სადამკვირვებლო მისიების შეფასება დაახლოებით ასე ჟღერდა: "გარკვეული ხარვეზები იყო, მაგრამ საერთო ჯამში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა." ქართველი საზოგადოების გაღიზიანებას ის აძლიერებდა, რომ ამ "გარკვეულ ხარვეზებს" შესაძლოა არჩევნების ბედი შეეცვალა. გარდა ამისა, საქართველოში ყველა მხარე დასავლური დელეგაციების  მრავალწახნაგოვანი დიპლომატიური განცხადებების თავის სასარგებლოდ ინტერპრეტაციას ახდენდა. თუმცა როგორც ჩანს, საქართველოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტისას ეს "ეპოქა" დასრულდა. კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის კაბინეტიდან გამოსულმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკარდო მილიორიმ და ვიცე-პრეზიდენტმა ტონინო პიცულამ ისეთი განცხადებები გააკეთეს, რომ გაოგნებულები დატოვეს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც.

თუმცა მწვავე განცხადებაცაა და მწვავეც - როცა ევროპელი დიპლომატი შენს ქვეყანაში წინასაარჩევნოდ არსებულ მდგომარეობას "ლენინიზმს" ადარებს, რბილად რომ ვთქვათ, საგანგაშო უნდა იყოს. "ცოტა ლენინიზმია საარჩევნო კამპანიაში, რომლის მიზანია, მტრების განადგურების მცდელობა და არა პროგრამების წარდგენა", - განაცხადა მილიორიმ. პიცულამ კი აღნიშნა, რომ მათი აზრით, "სახელმწიფო აუდიტის სამსახური ფართოდ იყენებს თვითნებურ ძალაუფლებას პარტიის თუ ინდივიდუალური ხარჯვის კანონიერების დასადგენად, იღებს საეჭვო გადაწყვეტილებებს და მკაცრ ჯარიმებს აკისრებს ნათელი ან გამჭვირვალე ინსტრუქციების გარეშე. ჯარიმები არის არაპროპორციული და აშკარად შერჩევით გამოყენებული - ძირითადად ერთი პოლიტიკური სუბიექტის მიმართ". ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ევროპელებს დიპლომატიური ტერმინოლოგიის გამოყენების საშუალება აღარ დაუტოვეს.


- ეს სერიოზული გზავნილია არა მხოლოდ ეუთოსგან, არამედ ცივილიზებული დასავლეთისგან, რომელმაც ზოგს გული გაუხეთქა, ზოგს კი იმედი ჩაუსახა.  რასაკვირველია, საქართველოში არსებობდა საფუძვლიანი სკეპტიციზმი დასავლეთის როგორც სადამკვირვებლო, ისე პოლიტიკური წრეების წარჩინებულთა მიმართ და ეს გამომდინარეობდა დასავლელი წარჩინებული მოხელეების მიერ 2004-2008 წლების არჩევნების შეფასებებისგან. ცხადია ისიც, რომ ამჟამად საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი მზაკვრობის რეკორდიც მოხსნა. მან ისეთი რეალობა შესთავაზა დამკვირვებლებს, რომ აღარ დაუტოვა ნიშა  ორაზროვანი ან დიპლომატიური ტერმინოლოგიის გამოსაყენებლად. წარმოუდგენელია, უცხოელს ვინმე მოუყვეს და მან თუნდაც იმის ნახევარი დაიჯეროს, რასაც სჩადის ნაციონალური ხელისუფლება საქართველოში საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. 

- ალბათ, უცხოელი არ დაიჯერებს, რომ ოპოზიციონერი მაჟორიტარობის კანდიდატის შეხვედრა თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ხსნარით ჩაშალეს და ვერც იმას მიხვდება, რატომაა მმართველი გუნდისთვის პრინციპული, ოპოზიციური ბლოკის საარჩევნო ნომერი 7 იქნება თუ - 41.

- როცა გიყადაღებენ ანგარიშს, გეუბნებიან - არ ხარ მხარე და ვერ გაასაჩივრებო, ან იმას, რომ არ გეძლევა შენი თანხის გამოყენების საშუალება, უცხოელები ვერ გაიგებენ და ჩათვლიან, რომ არასრულყოფილი აზროვნების ადამიანს ესაუბრებიან. მაგრამ თუკი ცოტა დროს მაინც გაატარებენ საქართველოში, მიხვდებიან, რომ ეს კოშმარი რეალობაა და მაშინ ლენინსაც შეგადარებენ და ჩინგის-ხანსაც.  ეუთოს დელეგაციის შეფასება არ გამკვირვებია, რადგან დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში დასაბუთებულად ვამბობ, რომ თუ ვინმეს იდეებს იზიარებს "ნაციონალური მოძრაობა", ეს არის არა ჯორჯ ვაშინგტონის, რეიგანის ან კენედის, არამედ სწორედ ვლადიმერ ილიჩ ლენინის. ამიტომ ნახევარი წელია ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ვიხსენიებ ნორჩ ლენინელებად. მათ ხელეწიფებათ, დაანგრიონ ლენინისა და სტალინის ძეგლები, დადგან რეიგანის ძეგლი ისე, რომ არ გაიზიარონ რეიგანის არც ერთი შეხედულება დემოკრატიაზე და უერთგულონ ლენინ-სტალინის იდეებს. 

- ეუთოს დელეგაციის განცხადებაზე არანაკლებ საინტერესოა ხელისუფლების პასუხი. ჯერ ნაციონალების სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, რომ დელეგაციას "კონკრეტული პარტიის" ლობისტებმა არაზუსტი ინფორმაცია მიაწოდეს. შემდეგ კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ რიკარდო მილიორის გამონათქვამს "ლენინიზმის" შესახებ სისულელე უწოდა. მოგვიანებით რურუამ ეს განცხადება გადათქვა და ჟურნალისტები ინტერპრეტაციაში დაადანაშაულა. ამის დაგვირგვინება იყო პრეზიდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძის განცხადება, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი უდიდესი პატივისცემით არის გამსჭვალული ეუთოს დელეგაციისადმი.
- ჩემი აზრით, ადგილი აქვს შეუთანხმებლობას "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგებს შორის. ამავე დროს, აშკარაა მზაობა, რომ ნებისმიერი პირი, მიუხედავად წარმომავლობისა, რომელიც საქართველოში ჩამოსვლისას ან აქედან გაბრუნებისას გამოთქვამს ხელისუფლების კრიტიკას, უმალ გამოცხადდეს ბიძინა  ივანიშვილის კოალიციის ან მისი ლობისტების ტყვეობაში მყოფად, შეცდენილად, სიცრუის გამავრცელებლად. ეს ავტომატიზმამდეა დამუშავებული. რასაკვირველია, იაღლიში მოუვიდა ჩვენს კულტურის მინისტრს, როდესაც ვერ განსაზღვრა, ვის წინააღმდეგ ილაშქრებდა. ეს იმის ბრალია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ელიტისთვის სულერთია, ვინ აკრიტიკებს. არ გამოვრიცხავ, რომ სულ მალე ივანიშვილის აგენტად გამოცხადდეს ჰილარი კლინტონიც. ხელისუფლების მტკიცება, რომ თითქოს "ლენინიზმი" ივანიშვილს ეხებოდა, ბოდვის ისეთი სიღრმეა, რომელშიც ჩაწვდომის სურვილი მხოლოდ მედიკოსს თუ ექნება. 

- როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა მიკაელ იენსენმა და ბორის ცილევიჩმა გამოხატეს შეშფოთება "ქართული ოცნების" ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით, მთავრობამ ოფიციალურ განცხადებაში ისინი კოალიციის ლობირების ტყვეობაში მყოფებად მოიხსენია. საინტერესოა, ხომ არ ამზადებს ხელისუფლება საფუძველს, რომ თუ არჩევნების შედეგები საერთაშორისო ორგანიზაციებმა არ აღიარეს, "ლობისტურ შეთქმულებად" მონათლოს?
- ლობიზმი კომუნისტების დროს იყო აუგად მოსახსენებელი. დღემდე ლენინური ინერციით განვითარებადი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ თუ სიტყვა ლობისტი ვინმეზე თქვი, ეს მის დისკრედიტაციას ნიშნავს. Aამიტომ რამდენიც  უნდა იძახონ - ლობისტი, მხარდამჭერი, დამფინანსებელიო, ეს დასავლეთისთვის მისაღები და ჩვეულებრივი ამბავი იქნება. ამაში ყველაზე ნაკლებად დარწმუნება სჭირდება "ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც ბიუჯეტის თანხის დიდ ნაწილს იყენებს საკუთარი პარტიის ლობირებისთვის და თავისი მოქმედების გასამართლებლად საერთაშორისო ასპარეზზე. 

- ისე, ეუთოს დელეგაციის ვიზიტისას აღსრულების ბიურომ შეაჩერა აღსრულება ანგარიშდაყადაღებული "ქართული ოცნების" პარტიების მიმართ, მერიამ კი კოალიციის ცენტრალურ ოფისს ღობე მოხსნა - ეს ყველაფერი დასავლელი დიპლომატების ზეწოლას დაუკავშირეს. საინტერესოა, სად გადის ის ზღვარი, რომლის იქით დასავლეთის ზეწოლა ხელისუფლებაზე აღარ იმოქმედებს, არჩევნებზე ხომ არა?
- მინდა, ყველა პოლიტიკურმა ძალამ ერთ საკითხზე მაინც მიაღწიოს კონსენსუსს. Aარჩევნების შემდეგ ყველამ ისევ ჩვენს სამშობლოში უნდა ვიცხოვროთ, ისევ ერთად წარმოვადგენდეთ სახელმწიფოს, რომელსაც ჰქვია საქართველო. თუ ამის გაცნობიერება არ ხდება და ვინმეს ჰგონია, პირველ ოქტომბერს ახალი ერა იწყება ან ყველაფერი კატასტროფით მთავრდება, ძალიან გაჭირდება, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს ის მდგრადობა, რომელიც აუცილებელია სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის. რაც შეეხება ზეწოლას, მოდი, ვთქვათ, რომ ეს  დამთხვევა იყო  და არა ეუთოს ზეწოლა. 
დავტოვოთ "ორთქლის გამოშვების" საშუალება, რომ არ მოხდეს  "მოკლე ჩართვა".

- ბოლო დროს პრეზიდენტის ლექსიკა სულ უფრო რადიკალური ხდება. რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: "პირველი ოქტომბერი ყველა კრიმინალური ძალისა და დამპყრობლის ბოლო გაფართხალება იქნება."
- დიდი ხანია, არ დგას საკითხი ასე - სურს თუ არა ხელისუფლებას სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ბიძინა  ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე, ჩემთვის ნათელი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, რადგან მან ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით არჩევნების ჩატარება გამორიცხა. ის ფაქტიც, რომ არჩევნების დღეს არ იქნება არც ერთი არხი, გარდა ხელისუფლების მიერ კონტროლირებადისა, იმის მაჩვენებელია, რომ სამართლიანი არჩევნები არ შედის ხელისუფლების ინტერესებში. 

- ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ალასანიას კონკურენტი მმართველი პარტიიდან როლანდ ახალაია იქნება. თუმცა ეს ფაქტი გადაფარა დავით ბაქრაძის განცხადებამ, რომელიც მან ახალაიას წარდგენისას გააკეთა: "მისი ოჯახი არის სიმბოლო იმ ცვლილებებისა, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში ხდება."
- ბაქრაძეს, როგორც ჩანს, ორაზროვანი ლაპარაკი სჩვევია. მთავარია, რას გულისხმობს იმაში - "რაც საქართველოში ხდება". თავად ბატონი ბაქრაძე ეჭვმიტანილია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ, იმიტომ,  რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სწორედ მისი კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ იწყებს ლაპარაკს ლენინიზმზე. ხომ არ არის ბაქრაძე დაქირავებული ივანიშვილის ლობისტების მიერ? ეს "ნაციონალური" ლოგიკით ასე უნდა იყოს. რაც შეეხება ახალაიებს - პრეზიდენტი ვეღარ პოულობს დროს საკუთარ კაბინეტში შესვლისთვის, ქვეყნის ბედზე დაფიქრებისთვის და სოფლის აგიტატორის ფუნქციით არის დაკავებული. ამიტომ რჩება შთაბეჭდილება, რომ ცდილობს, ნელ-ნელა გადასცეს სადავეები მისთვის სანდო ჯგუფს. ერთ ძმას აბარია პოლიცია, თანამედროვე კა-გე-ბე, მეორეს ჯარი (ნურავინ შემედავება იმაში, რომ შაშკინია დათა ახალაიას უფროსი და არა პირიქით) და ჰყავთ სრულიად გამორჩეული ღირებულებების მატარებელი მამა. კრიტიკულ შემთხვევაში, ძლიერი მეგრული ოჯახის თავისებურებებიდან გამომდინარე, მათი მთავარსარდალი იქნება არა მიხეილ სააკაშვილი, არამედ მამა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმაღლესი მთავარსარდალი როლანდ ახალაია იბრძვის ადგილისთვის პარლამენტში, რათა მეტი ლეგიტიმურობა შესძინოს თავის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის, გავლენას.  

- ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილი ტელედებატებში გამოიწვია. საპასუხოდ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" განაცხადა, რომ მმართველი პარტიის პრემიერობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი დებატებში იწვევს "ქართული ოცნების" პრემიერობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილს. თუმცა "ქართული ოცნების" ლიდერი აცხადებს: "თუ მაინც ვერ მოვა სააკაშვილი, რა ნომერიც უნდა დააწერონ შუბლზე ბაქრაძეს და ვანო მერაბიშვილს, მე მათ დებატებში არ დავუჯდები, იმის მიუხედავად, რომ ნაცნობობა მაკავშირებს მერაბიშვილთან, საზოგადოება ამას არ მიიღებს. ჩვენ ერთნაირი წონის არ ვართ." თქვენ როგორ შეაფასებთ ამას?
- ამ ორი ადამიანის შეფასების ერთიანი საფუძველი არ არსებობს. სრულიად სხვადასხვა საქმით იყვნენ დაკავებულნი და გაჭირდება, მოიძებნოს კრიტერიუმი, რომელიც შეაფასებს მათ ერთი და იმავე კუთხით. Aრაც შეეხება დებატებს - არ არის ლენინელების პრაქტიკაში საჯარო პოლიტიკა და ღია დისკუსია. არათუ ივანიშვილთან, რიგით ჟურნალისტთან ერიდება შეხვედრას პრეზიდენტი, რომ  უხერხული კითხვა არ დაუსვან. უფრო ზუსტად, მისი გარემოცვა ყველაფერს აკეთებს, რომ ასეთი კონტაქტი არ შედგეს. ჩემი აზრით, არ არის ბატონი პრეზიდენტი თავისუფალი არჩევანში, შეხვდეს თუ არა ჟურნალისტებს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა დებატებში. ის საკუთარი პოლიტიკური გემოვნების და იმ გუნდის მძევლად მეგულება, რომელიც შექმნა. 

- "საერთაშორისო გამჭვირვალობა" "საქართველო არ იყიდებასა" და მმართველი პარტიის უკანონო გარიგებაზე საუბრობს. კერძოდ, ნასარიძემ უფასოდ გადასცა მმართველ პარტიას საარჩევნო თემატიკის ვიდეოკლიპები, რომელსაც "ნაციონალები" აქტიურად იყენებენ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა" მიიჩნევს, რომ ეს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონის დარღვევაა, ვიდეოკლიპები უკანონო შემოწირულობას წარმოადგენს და "ნაციონალები" გადაცემული ქონების ხუთმაგი ოდენობით უნდა დაჯარიმდნენ. თუმცა აუდიტის სამსახურის მხრიდან ჯერ გამოხმაურება არ არის.

- ტიპური ლენინური თავხედობაა, როდესაც კანონი არაფერს წარმოადგენს. პირდაპირ შეიძლება ლენინის ციტირება: "ცუდია ის რევოლუციონერი, რომელიც მწვავე ბრძოლის მომენტში შეჩერდება კანონის ხელშეუხებლობის წინაშე". ასევე ის, რომ საქართველო არ იყიდება, სულაც არ ნიშნავს, რომ გიგა ნასარიძეც არ იყიდება. 

- ეუთოს უმაღლესი კომისრის ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკის განცხადებით, თუ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ქართული სოფლები დაანგრია, ეს საერთაშორისო დანაშაული იქნება. "განცხადება ეთნიკური ქართველებით დასახლებული სოფლების სრულად დანგრევის განზრახვაზე, პროვოკაციულია და ეს პოტენციური დანაშაული ხელს შეუშლის მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში", - აცხადებს ვოლებეკი. მოკლედ, საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთდა და თქვენი აზრით, შედეგი ისეთივე იქნება, როგორიც ყოველთვის?
- ლეონიდ თიბილოვის განცხადებას, ქართული სოფლების პირისაგან მიწისა აღგვის შესახებ, მოსკოვის ნათქვამად განვიხილავ და იმავე თემის გაგრძელებაა, რაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებას მოჰყვა. პუტინის ნათქვამი, რომ რუსეთი საქართველოში სამხედრო ოპერაციას 2006 წლიდან გეგმავდა, ჩვენს ზოგიერთ ხელისუფალს გაუკვირდა - თითქოს ნათელი არ იყო, რა მიზნით დაიწყო თავის დროზე რკინიგზის მშენებლობა აფხაზეთში, თითქოს მზის აბაზანების მისაღებად განათავსა 58-ე არმია კავკასიის ქედს მიღმა. ატყდა ერთი ვაი-ვიში და პუტინის განცხადება გამოყენეს, როგორც ქუხილი, ელჭექი და წარღვნა "ქართული ოცნების" წინააღმდეგ. სხვათა შორის, ცალკე შესწავლის საგანია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები მაშინ, როდესაც სააკაშვილს უჭირს ქვეყნის შიგნით. კარგად მახსოვს, 2007 წლის ნოემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადება, რომ ისინი მხარს უჭერენ ქართულ ოპოზიციას... სამხრეთ ოსეთის მიმართ  კი რეაგირება უნდა მოხდეს არა გავეშებით, არამედ მშვიდად. სახალხო დიპლომატია უნდა იწყებოდეს არა მოსკოვთან, არამედ ცხინვალთან და სოხუმთან, მომავალს უნდა ვუკავშირებდეთ არა ტერიტორიებს, არამედ იქ მცხოვრებ ადამიანებს. 

- "ნაციონალების" დაკვეთით, კომპანია  "გრინბერგ ქუინლან როზნერმა" ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც, იმ ამომრჩეველთა 55%, რომელიც არჩევნებში სავარაუდოდ მონაწილეობას მიიღებს, უპირატესობას მმართველ პარტიას ანიჭებს, 33% კი - "ქართულ ოცნებას". ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ეს კვლევაც იმ ციკლიდანაა, რომლის მიხედვითაც, საქართველო განვითარების დონით გერმანიასა და ჰოლანდიას უსწრებს და ქვეყანაში მსოფლიოში ყველაზე კარგი ბიზნესგარემოა. 
- რაც შეეხება კონკრეტულად “გრინბერგს”, რა ვუყოთ მის ლაფში ამოსვრილ სახელს? ან ვიკითხოთ, მისი ქართველი თანამშრომლები დაკავშირებულნი არიან თუ არა “ნაციონალურ მოძრაობასთან"? ზოგადად კი, ხელისუფლებას უშრეტი და ზღვარგადასული ფანტაზია აქვს, რომელიც ქვეყანაში საყოველთაო ტყუილების სახით მოედინება, მაგრამ ტყუილზე აგებული პოლიტიკა ყოველთვის ცუდად მთავრდება. ესენი ბოლოს თავის თავსაც მოატყუებენ და ამით დამთავრდება მათი "ეპოპეა". იმედია, 1-ელ ოქტომბერს ამომრჩეველი ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. 

გიორგი კვიტაშვილი