საქართველოში პური გაძვირდა და როგორც საუბრობენ, მისი ფასი კიდევ მოიმატებს. მეწარმეები ყველაფერს საერთაშორისო ბაზარს და ადგილობრივ ცვლილებებს აბრალებენ, მთავრობას კი ეჭვი მონოპოლიაზე აქვს. ჯერჯერობით კი დაზარალდა მომხმარებელი, რომელსაც არჩევნების შემდეგ მოულოდნელი „სიურპრიზი“ შეაგებეს.
მაღაზიებში ფასმა ამ ჯერზე 5-10 თეთრით მოიმატა. გაძვირების მიზეზებს შორის, ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ვალუტის კურსს და რუსეთში ხორბლის ღირებულების ზრდას ასახელებს. „ფასი რუსეთში გაზრდილია, ხორბალი იქ 10-15%-ით გაძვირდა“, - აცხადებს ლევან სილაგავა.
გაძვირების მიზეზებზე საუბრობენ „იფქლშიც“ და ამბობენ, რომ ეს იყო მინიმალური ფასნამატი, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს ხარისხიანი პროდუქტი აწარმოოს.
„მიმდინარე წლის 10 დეკემბრიდან „იფქლის“ დასახელების პურეული საქართველოს მაღაზიებში შეცვლილი ღირებულებით გაიყიდება. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე მიიღო. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხორბლის ფასი და, შესაბამისად, პურისთვის საჭირო ფქვილის ფასი, მრავალ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ცვლილებები შეეხო ქართველ მწარმოებლებსაც. დღეის მდგომარეობით, ერთი ტომარა ხორბლის ფქვილის ღირებულება 47-დან 50 ლარამდე მერყეობს, როდესაც აგვისტოში ეს ნიშნული 33-დან 35 ლარამდე იყო.
რამდენიმე თვის განმავლობაში „იფქლი“ ფქვილის არსებული მარაგებისა და კომპანიის რესურსის ხარჯზე, პურეულზე უცვლელ ფასს ინარჩუნებდა. ხორბალსა და ფქვილზე ფასის ზრდის ბოლოდროინდელმა ტენდენციამ კი კომპანია იძულებული გახადა ბაზარზე პურის საფასო პოლიტიკისათვის გადაეხედა“, - განაცხადეს „იფქლში“.
კერძო სექტორის ერთობლივმა გადაწყვეტილებამ პრემიერს მონოპოლიის ეჭვი გაუჩინა. მამუკა ბახტაძის აზრით, პურის ფასის ზრდა შესაძლოა, არასამართლიან კონკურენციასთან იყოს დაკავშირებული. ამიტომ პრემიერმა შესაბამის ორგანოებს დაავალა, უმოკლეს ვადაში დაადგინონ, თუ რა ხდება ამ მიმართულებით.
„მინდა შევეხო დღევანდელ ინფორმაციას, რომ მოხდება პურის ფასის მკვეთრი ზრდა. არსებობს მოსაზრება, რომ შეიძლება საქმე გვქონდეს არასამართლიან კონკურენციასთან. მინდა შესაბამის ორგანოებს მივმართო, უმოკლეს ვადებში შეისწავლონ ეს სიტუაცია და მოამზადონ ანგარიში რასთან გვაქვს საქმე. საქართველო არის საბაზრო, ღია ეკონომიკის ქვეყანა, მაგრამ არასამართლიანი კონკურენციის საშუალებას ვერავის მივცემთ“, - განაცხადა ბახტაძემ.
კონკურენციის საგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური აცხადებს, რომ მისი უწყება უკვე დაინტერესდა პურის გაძვირების მიზეზებით. ხადური ამბობს, რომ დაიწყება მონიტორინგი და უწყება მისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის საკითხს.
„საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა და რთული საკითხია. ჩვენ დროს არ ვკარგავთ, ახლაც შეკრებილები ვართ და ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ და სწრაფადვე მივიღოთ შედეგი“, -ამბობს ხადური.
მწარმოებლებს თავისი პასუხი აქვთ პურის ფასთან დაკავშირებით. მათი თქმით, ბაზარზე რომ ფქვილი, გაზი, შესაფუთი მასალა და საწვავი გაძვირებულია, სწორედ ამან გამოიწვია პურის ფასის ზრდა.
„შესაფუთი მასალა ევროზეა მიბმული და შესაბამისად, ისინიც გვიძვირებენ დოლარის და ევროს ცვლილებაზე. ენერგომატარებლებიც გაძვირდა. ამიტომ იძულებული გავხდით და 10-თეთრიანი „ბიჯი“ გავაკეთეთ“, - აცხადებს შპს „იფქლი 1“-ის დირექტორი დათო ვასაძე.
„რეალურად პურის ფასი აქამდე უნდა გაზრდილი იყო იმიტომ, რომ ფქვილის ფასის ზრდა გაზაფხულიდან დაიწყო, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია აგვისტოში. ამ რეკორდს „აუმჯობესებს“ ყოველთვე და ყოველი შესყიდვა არის უფრო და უფრო მაღალი ფასი. ხორბლის მოსავალი არ არის, შესაბამისად, შეიქმნა დეფიციტი, ნედლეული არ იშოვება, ვისაც აქვს და მიიღო პროდუქტი, ფასი იყო კატასტროფული“, - ამბობს „ბიემთან“ „ლიტვური საცხობის“ დირექტორი თინათინ ხუციშვილი.
მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე, პურის ფასის მატებას ეკონომიკურ საკითხებს უკავშირებს და ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდამ გააძვირა ფქვილი და შესაბამისად პური.
„ფქვილის ფასის ზრდიდან გამომდინარე იძულებული ვიყავით გაგვეზარდა პურის ფასიც.ზაფხულიდან მოყოლებული ერთი ტომარა ფქვილის ფასი 37 ლარიდან 44-45 ლარამდე გაიზარდა, რაც კრიტიკული ზღვარია მეპურეებისთვის. ასეთი ფასის პირობებში ვერ ვეტევით თვითღირებულებაში. გარდა ამისა, მოსახლეობისა და ბაზრის მოთხოვნით პოლიეთილენის შეფუთვა ქაღალდის შეფუთვით შეიცვალა, რაც გარკვეულწილად ღირებულებაზე აისახა“, - განაცხადა დოლიძემ და პირდაპირ ამბობს, რომ პრობლემის მოგვარებაში მთავრობის ჩართვა საჭიროა.
„მთავრობის ჩართულობა საჭიროა, ვინაიდან ეს სენსიტიური თემაა, რადგან ძირითად კვების პროდუქტს ეხება. საქართველოს წელიწადში მილიონი ტონა ხორბალი სჭირდება, რაც ბევრი არაა. მიზანშეწონილია მარაგების შექმნა, რათა ასეთი პრობლემები არ წარმოიქმნას“, - განმარტავს დოლიძე.
სულ სხვა მოსაზრება აქვს საქართველოს ეკონომიკის მინისტრს გიორგი ქობულიას, რომელიც ამბობს, რომ სახელმწიფო და მთავრობა არ წყვეტს, რა ეღირება პური.
„ჩვენ არ ვკარნახობთ ბიზნესს ფასს. პურის ფასი არ რეგულიდება. სახელმწიფო და მთავრობა არ წყვეტს, რა ეღირება პური. საბჭოთა კავშირი ახლა აღარაა, დაინგრა“, - განაცხადა ქობულიამ.
მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლის ფასი გაზრდილია, რასაც შეეძლო, საქართველოში პურის გაძვირებაზე გავლენა ექონია.
„დღეს პურის ფასმა მკვეთრად მოიმატა და ამან, რა თქმა უნდა, გამოიწვია ჩვენი ყურადღება არასამართლიანი კონკურენციის კუთხით. ჩვენ ამას გამოვიძიებთ და შევისწვალით. თუ იქნება რამე პრობლემა, ამაზე რეაგირებას მოვახდენთ. ჩვენ გადავხედეთ ინფორმაციას, თუ რა ხდება საერთაშორისო ბაზრებზე და დიახ, ისეთი სიტუაცია არის, რომელსაც შეეძლო პურის ფასის მომატება გამოეწვია, მაგრამ თუ დავინახავთ, არაკონკურენტული გარემოს გამო, მოხდა ფასების აწევა, მაშინ რეაგირებას მოვახდენთ კონკურენციის სააგენტოს მანდატის ფარგლებში“, - განაცხადა მინისტრმა.