საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებაზე დაწესებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო. სასამართლომ კიდევ გამოავლინა ანტისახელმწიფოებრივი მიდგომა, თუმცა, საბედნიეროდ, შეზღუდვა მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა. საქმე ისაა, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდება ახალი კონსტიტუცია, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებაზე აკრძალვას კვლავ დააწესებს.
მორატორიუმის არაკონსტიტუციურად ცნობაზე სარჩელი სასამართლოში საბერძნეთის მოქალაქეებმა პროკოპი სავიდიმ და დიანა შამანიდიმ შეიტანეს, რომლებიც საქართველოში მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებას მორატორიუმის გამო ვერ ახერხებდნენ.
როგორც იურისტი ლევან ალაფიშვილი განმარტავს, საქმე მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მემკვიდეობით მიღებულ მიწის ნაკვეთებს ეხება და არა მათ მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყიდვა-გაყიდვას. იგი ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რეალურად, ძალაშია მხოლოდ 16 დეკემბრამდე, ანუ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება პირველი არ არის, ამის პრეცედენტი უკვე იყო პრაქტიკაში და სწორედ პრეცენდენტით იხელმძღვანელეს მოსამართლეებმა.
„ამ კუთხით ახალს ვერაფერს ვიტყვით. მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ 16 დეკემბერს ახალი კონსტიტუციის თანახმად ჩნდება ჩანაწერი, რომელიც ითვალისწინებს შეზღუდვას უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებთან მიმართებაში. ამასთან ახალი კონსტიტუცია ასევე მიუთითებს ახალ ორგანულ კანონზე, რომელიც დაარეგულირებს ამ ურთიერთობებს. ამიტომ რამდენიმე დღის ინტერვალში მე არ ველი განსაკუთრებულ ცვლილებებს. პროცედურულად ეჭვი მეპარება რაიმე ისეთი ტრანზაქცია გაიპაროს, რამაც შესაძლოა, ამ მიდგომას ხელი შეუშალოს“, - აცხადებს დანელია.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ახალი კანონპროექტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას ვერ მოახდენს. საკითხი შესწავლილი და გაანალიზებულია, შესაბამისად, ამ ნაწილში რისკები არ არსებობს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ბაჩო ჯინჭარაძე აცხადებს, რომ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწები უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირებზე უპირობოდ არ უნდა გასხვისდეს. ერთადერთი პირობა შეიძლება დიდი საინვესტიციო ვალდებულებები აღმოჩნდეს, რამაც მთავრობა ამგვარ გადაწყვეტილებამდე შეიძლება მიიყვანოს.
„თუ მიწის გასხვისება მოხდება, ის აუცილებლად საინვესტიციო ვალდებულებებით უნდა იყოს დატვირთული, რაც თავის თავში გულისხმობს იმას, რომ მიწის საკითხი გამოირიცხება სპეკულაციისგან და ექნება დანიშნულება, რაც გულისხმობს მოვლას, მასზე სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანას“, - აცხადებს „კომერსანტთან“ ჯინჭარაძე.
აგრარული სფეროს სპეციალისტი ანზორ მესხიშვილი ამბობს, რომ
ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე საკონსტიტუციო სასამართლოსს უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვა ბათილად არ უნდა ეცნო.
„პრინციპული პოზიციაა, რომ საერთოდ არ გაიყიდოს უცხოელებზე მიწა, სანამ მიწის ბალანსი არ გვექნება. პარლამენტში მომზადებულია კანონი სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ და სანამ ის ძალაში არ შევა, გადაწყვეტილება არ უნდა მიეღოთ. რაღა დარჩა, აცალონ ახალ კონსტიტუციას ძალაში შესვლა!“ - აღნიშნა მესხიშვილმა.
საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე პრაქტიკულად 1 კვირა რჩება. რას ემსახურებოდა საკონტიტუციო სასამართლოს თავგამოდება, საერთოდ გაურკვეველია.