„აბსურდულად მსჯელობენ - რადგან ერეკლემ ტრაქტატს მოაწერა ხელი, თურმე სალომეც რუსეთისკენ გვექაჩება“

„აბსურდულად მსჯელობენ - რადგან ერეკლემ ტრაქტატს მოაწერა ხელი, თურმე სალომეც რუსეთისკენ გვექაჩება“

რამდენად მნიშვნელოვანია სალომე ზურაბიშვილის საინაუგურაციო ღონისძიების დატვირთვა ერეკლე მეფისა და თამარ მეფის სიმბოლოებით და ნაადრევია თუ არა თამარ მეფესა და ერეკლე მეფესთან პარალელები? ამის შესახებ For.ge-ს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ოთხმეზური ესაუბრა.

გიორგი ოთხმეზური: თამარ მეფესთან და ერეკლე მეფესთან პარალელები ნაადრევია. საერთოდ, ნებისმიერი ჩვენი სახელმწიფო მოღვაწე მას შემდეგ უნდა შევაფასოთ, რაც საკუთარ მოღვაწეობას დაასრულებს. ახლა ქალ პოლიტიკოსზეა საუბარი და უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი მეფე იყო თამარი, მისი მსგავსი დიპლომატი ძნელად თუ მოიძებნება მსოფლიოს ისტორიაში, არა მარტო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. გუშინ ვუსმენდი დავით ბერძენიშვილს, რომელიც საუბრობდა თამარის შესახებ და თქვა, რომ თამარზე უფრო მეტად დემნა უფლისწულს ეკუთვნოდა მეფობაო. ადრეც დასმულა ეს საკითხი, როდესაც ჩვენი ისტორიიდან ათი საუკეთესო პიროვნების შერჩევა ხდებოდა, მაშინაც გამოვიდნენ თამარის საწინააღმდეგოდ, რომ ყუთლუ არსლანის გამოსვლა თურმე პროგრესული იყოო.

სხვათა შორის, მართალი თქვა დავით ბერძენიშვილმა, რომ „ლეკვი ლომისა სწორია“... ეხება მეფის შვილების თანასწორობას და არა ქალებისა და მამაკაცების თანასწორობას, მაგრამ ის, რომ თითქოს დემნა უფლისწულს უფრო ეკუთვნოდა მეფობა, ვიდრე თამარს, ეს არასწორია. ჯერ ერთი, ასეთნაირად შეიძლება დაისვას საკითხი, ვის ეკუთვნოდა მეფობა - დემეტრე პირველს, თუ გიორგი მესამეს და არა თამარს, რადგან თამარი რომ გამეფდა, დემნა უკვე აღარ იყო ცოცხალი. ამის გასააზრებლად უნდა გავიხსენოთ, როგორი ფაქტები უძღოდა ამ ყველაფერს.

დემნას მამამ, ანუ დემეტრე პირველის შვილმა - დავით მეხუთემ მამამისს მეფობა წაართვა, მოაწყო შეთქმულება, ძალადობრივი აქტით ჩაიგდო მეფობა ხელთ, დემეტრე პირველი ბერად იძულებით აღკვეცა, ხოლო თავისი ძმა - გიორგი მესამე (ანუ თამარის მამა) ციხეში ჩააგდო. რაც მთავარია, ლეგიტიმაციას საქართველოში ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდნენ და ცდილობდნენ, მეფობის საფუძველი ლეგიტიმური ყოფილიყო, რათა ეს საეჭვოდ და საკამათოდ არ გაეხადა არავის.

როდესაც დავით მეხუთე, დემეტრე პირველის უფროსი ვაჟი გარდაიცვალა, მის მიერ ბერად აღკვეცილი დემეტრე პირველი დაბრუნდა ტახტზე და მეფობა გააგრძელა. თანაც, დემეტრემ გიორგი მესამე აკურთხა თავის თანამოსაყდრედ და ამით ხაზი გაუსვა, რომ ის ცოცხალია, მეფობს კიდეც და თავის ვაჟს - გიორგის აკურთხებს თანამოსაყდრედ. ამით დემეტრე პირველმა გაამყარა გიორგის ლეგიტიმაცია.

დავით ბერძენიშვილმა კი თქვა, როდესაც დემნა სრულწლოვანი გახდა და მეფობა მოინდომა, ამის გამო დასაჯესო. ესეც არასწორია, ეს არის სომეხი ისტორიკოსის, სტეფანოზ ორბელიანის, ანუ ორბელთა გასომხებული შტოს წარმომადგენლის შეფასება. სწორედ დემნა უფლისწულის აჯანყების ჩახშობის შემდეგ ორბელთა ერთი შტო გასომხდა. სინამდვილეში, დავით მეხუთე გარდაიცვალა 1155 წელს, დემნა-ორბელთა აჯანყება კი მოხდა 1177, თუ 1178 წელს, ანუ დავით მეხუთის გარდაცვალებიდან 22-23 წლის შემდეგ, ანუ კარგა ხანია, დემნა სრულწლოვანი იყო. საქმეც ისაა, რომ ორბელებს უნდოდათ დემნას გამოყენება მეფის საწინააღმდეგოდ.

სხვათა შორის, როდესაც ორბელებმა დაინახეს, რომ უკვე მარცხდებოდნენ, გიორგი მესამეს მოსთხოვეს ხელისუფლების გაყოფა, ვითომც დემნა უფლისწულის კანონიერი უფლებების დასაცავად. ანუ ნახევარი საქართველოს მეფე დემნა იყოს, ხოლო მეორე ნახევრის - გიორგი მესამეო.

ახლაც, როდესაც ვერ გაიყვანა თავისი კანდიდატი „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ამის მსგავსი იდეა წამოაყენა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოითხოვა. სინამდვილეში, რა შუაშია ვადამდელი არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნებთან? თუ არ მოგწონს სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში, მაშინ შეიძლება ეჭვქვეშ დააყენო საპრეზიდენტო არჩევნები და ამაზე იბრძოლო, მაგრამ ამ საკითხს „ნაციონალები“ ვერ აყენებენ. „ნაციონალებმა“ დაინახეს, რომ მათ ძალადობასა და მოწოდებას ხმას არავინ უჭერს და მათ აქციაზე 5 ათასი კაციც არ მივიდა, ამიტომაც დაიწყეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა. ძალიან კარგი რამ მოხდა, ამ არჩევნებით ხელისუფლებასაც თავისი სათქმელი უთხრა ხალხმა და „ნაცმოძრაობასაც“.

სწორად შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა კობახიძემ ეს არჩევნები, როცა თქვა, რომ „ნაცმოძრაობამ“ თავისი ზღვარგადასული აქტიურობით ამ არჩევნებს რეფერენდუმის სახე მისცა.

თქვენ ყუთლუ არსლანი ახსენეთ. ყუთლუ არსლანი პარლამენტარიზმის ისტორიის საწყისად მიიჩნევა, რაც ევროპულ პარლამენტარიზმსაც კი უსწრებს, რადგან თამარ მეფის მოწინაღმდეგეებმა კარავი გაშალეს და ძალაუფლების გადანაწილება მოითხოვეს. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ ისტორიულ მომენტს?

- კი ბატონო, ხელისუფლების შეზღუდვის მოთხოვნა ანტიკური ხანიდან და უფრო ადრინდელი პერიოდიდანაცაა ცნობილი. მოგვიანებით ამის შესახებ მსჯელობდნენ ჰეგელი, ფოიერბახი და ამას არქმევდნენ ხელისუფლების დანაწილების თეორიას, მაგრამ იმ პერიოდს და იმ ვითარებას უნდა დავაკვირდეთ, ეს არის მე-12 საუკუნის დასასრულის საქართველო. საქმეც ისაა, რომ იმ დროს ცენტრალური ხელისუფლება პროგრესულ როლს თამაშობდა ჩვენს ქვეყანაში და შემთხვევითი არ არის, რომ ეს პერიოდი ოქროს ხანად არის წოდებული. არც ის არის შემთხვევითი, რომ თამარისნაირი პოპულარული მეფე საქართველოს თითქმის არ ჰყოლია. პოპულარობით თამარს მეფე ერეკლე თუ შეედრება. ყველა კუთხეში გვაქვს თამარის ციხე, თამარის კოშკი, ყველა კუთხეში ჰგონიათ, რომ თამარი იქ არის დაკრძალული. რაც შეეხება ყუთლუ არსლანს, მართალია, მისი დასის მიღმა შეიმჩნევა ხელისუფლების დანაწილების ელემენტები, მაგრამ ყუთლუ არსლანის დასს თავის ხელში უნდოდა საკანონმდებლო და სასამართლოს უფლებების გადაცემა. თამარს მარტო აღმასრულებელ ხელისუფლებას უტოვებდნენ. სწორად შეაფასა თამარმა, რომ ეს იქნებოდა მისი მეფობის დასაწყისის დასასრული. რაც მთავარია, ეს იყო დიდაზნაურთა გამოსვლა მეფის წინააღმდეგ.

ყუთლუ არსლანი არავითარი სავაჭრო ფენის წარმომადგენელი არ ყოფილა, ის იყო ჯაყელთა საგვარეულოს წარმომადგენელი და დიდაზნაურებს მისი მეშვეობით უნდოდათ გადატრიალების მოწყობა სამეფო კარზე. ამით უფრო მეტი პირადი თავისუფლების მიღებას ცდილობდნენ, რათა თამარ მეფე მათზე ყოფილიყო დამოკიდებული. არადა, ეს ისეთი პერიოდია, როდესაც ცენტრალური ხელისუფლება პროგრესულ როლს თამაშობდა ქვეყანაში, ამდენად, ყუთლუ არსლანის გამარჯვების შემთხვევაში ეს პროგრესულობა რეგრესულობად გადაიქცეოდა და ოქროს ხანაც აღარ იქნებოდა.

დავუბრუნდეთ დღევანდელობას. მას შემდეგ, რაც ინაუგურაციის თელავში ჩატარების იდეა გახმიანდა, „ნაცმოძრაობამხელისუფლება დაამშვიდა, ნუ ეშინია სალომეს, ჩვენ არაფერს მოვაწყობთო. ვინმეს ეშინია ნაცმოძრაობის“?

- თუ რამის მოწყობის თავი აქვთ „ნაციონალებს“, განა თელავში ვერ მოაწყობენ? რა შეუშლით ხელს თბილისში მოაწყონ რაიმე, თუ თელავში? ისინი ტყუილად ბაქი-ბუქობენ და ვერაფერს ვერ იზამენ.

ისტორიკოსთა ნაწილის აზრით, თამარ მეფესთან პარალელი თუ სურდა ხელისუფლებას, მაშინ ვარძიაში მოაწყობდა ინაუგურაციას. ხედავთ კი თქვენ თამართან ან ერეკლე მეფესთან პარალელების გავლების მცდელობას, როგორც ეს იყო სააკაშვილის ინაუგურაციისას, როცა ის დავით აღმაშენებელს ეტოლებოდა?

- არავითარ პარალელს არ ვხედავ, უბრალოდ, თელავში სამეფო სასახლეა და რა შუაშია ერეკლე მეფესთან, ან თამართან პარალელები? სხვათა შორის, ძალიან დიდი მეფე იყო ერეკლე და ზოგიერთები მას ტყუილად ლანძღავენ. ეს პარალელებიც აბსურდია, რომ რადგან ერეკლემაც ტრაქტატს მოაწერა ხელი, თურმე სალომეც რუსეთისკენ გვექაჩება. ვინ იქაჩება რუსეთისკენ, სალომე ზურაბიშვილი? საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც სალომე ზურაბიშვილი მუშაობდა, მნიშვნელოვან თანამდებობებზე არ სხედან რუსეთის აგენტები. ძალიან კარგი ახსნა მოუძებნა თვითონ ქალბატონმა სალომემ თელავში ინაუგურაციის ჩატარების ფაქტს. სწორედ იმიტომ, რომ თელავმა ხმა არ მომცა, მინდა, სწორედ ამ ქალაქში ჩატარდეს ინაუგურაცია, რათა თელაველებს ვუთხრა, რომ მათი პრეზიდენტიც ვარ. ეს გონივრული გადაწყვეტილებაა.

მიხეილ სააკაშვილს კი „Rebuilder“-ი ეწერა, ანუ ამით დავით აღმაშენებელთან ავლებდა პარალელს. თუმცა მთლად პირდაპირ აღმაშენებელი ვერ უწოდა საკუთარ თავს და ახალი აღმაშენებელი, ანუ ხელახლა აღმშენებელი დაირქვა.

სხვათა შორის, ბილბორდებზე გამოსახულ სალომე ზურაბიშვილს თამარის ოქროს ჯვარი ამშვენებს. გამორიცხული არ არის, მას ჰქონდეს შინაგანი სურვილი, რამენაირად მიბაძოს თამარ მეფეს.

- ადამიანისთვის იდეალი უნდა იყოს ის პიროვნება, ვინც გამორჩეულია თავისი გმირული და კეთილი საქციელით. შინაგანი სურვილი შესაძლოა, ჰქონდეს სალომე ზურაბიშვილს, ასევე, ბევრ ლიდერ ქალბატონსაც უნდა ჰქონდეს ასეთი სურვილი, რომ თამარ მეფის მსგავსი მმართველი იყოს. ცხადია, ახლა მეფობა აღარ არის, ამიტომ თამარ მეფის მსგავსი პრეზიდენტი, ან პრემიერ-მინისტრი უნდა გვყავდეს, რათა ისეთი შედეგი დაუდგეს ქვეყანას, რაც თამარ მეფის დროს იყო. ეს მანდილოსანსაც უნდა უნდოდეს და მამაკაცსაც. ამ არჩევნების შემდეგ იმედი მაქვს, რომ სწორი განვითარების გზით წავა ჩვენი ქვეყანა.

ჯერჯერობით სალომე ზურაბიშვილი მტრების მიმართაც ლმობიერებას ავლენს. თუ პარალელებზე მიდგა საქმე, თამარმა ქვეყანაში სიკვდილით დასჯა აკრძალა და მის დროს არავინ დაუსახიჩრებიათ დასჯის მიზნით.

- ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, გიორგი ბრწყინვალე - ესენი უნდა იყვნენ ქართველებისთვის იდეალები. თუმცა თამარ მეფის დროინდელ ოქროს ხანას რომ მივაღწიოთ, ამას ძალიან დიდი დრო სჭირდება, მაგრამ უკეთესობა უნდა დავინახოთ და ვიგრძნოთ საკუთარ თავზე. ამ უახლოეს წლებში ოქროს ხანა ნამდვილად არ დაგვიდგება. ხშირად ვამბობ ხოლმე, როგორ მოახერხა დავით აღმაშენებელმა, რომ დაშლილი, დაქსაქსული, გაუბედურებული, თურქ-სელჩუკებისგან წალეკილი და აოხრებული ქვეყანა ააყვავა. ეს იმიტომ მოხდა, რომ მას გვერდში დაუდგა ამდენი ხალხი და გაყვა მის გზას, რადგან ხალხმა დაინახა, რომ დავით აღმაშენებელმა კანონის უზენაესობა, სამართლიანობა დაამკვიდრა ქვეყანაში. პირველ რიგში, ეს მოეთხოვება ყველა ხელისუფალს.

სტალინი ვინც იყო, ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის, მაგრამ გენიოსი და ძალიან ძლიერი მმართველი რომ იყო, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. შემთხვევითი არ იყო, რომ ხალხი მოუთმენლად ელოდა, თუ არ ვცდები, 1-ელი მარტის დადგომას, როცა ქვეყნდებოდა სია და უმნიშვნელოდ, თუნდაც კაპიკებით იაფდებოდა პირველადი მოხმარების საგნები. ჩვენმა ხალხმაც უნდა დაინახოს, რომ სამომხმარებლო საგნებზე ფასები ეცემა და შემოსავალი მატულობს, მიუხედავად ინფლაციისა, რომელიც მთელ მსოფლიოშია და ჩვენზეც მოქმედებს. ასევე, ჩვენზეც აისახება მეზობელი ქვეყნების არეულობა, ეს თურქეთი იქნება, რუსეთი თუ უკრაინა.