გიჟები, მსაჯები და შერეკილები

გიჟები, მსაჯები და შერეკილები

საქართველოს პარლამენტი „ოდიოზური“ დეპუტატების სიმცირეს არასოდეს განიცდიდა. „დისიდენტ“ ირაკლი წერეთელსა და „მორბენალ“ ნოდარ ნათაძეს წინა წერილში შევეხეთ. ნება მომეცით იმ დროის კიდევ ერთი „კოლორიტული“ ფიგურა - ლუიზა შაკიაშვილი წარმოგიდგინოთ.

მისი „ბობოქარი“ გამოსვლები საქართველოსათვის სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხებზე „მარად დაუვიწყარი“ იქნება ჩვენი საზოგადოებისათვის.

როდესაც 1994 წლის პირველი მარტის სხდომაზე საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შემადგენლობაში შესვლის საკითხი წყდებოდა, ლუიზა შაკიაშვილმა პროტესტის ნიშნად საბჭოთა კავშირის ჰიმნი „დასცხო“. ამის შემდეგ იგი აცხადებდა, შევარდნაძის მიერ „განხიბლული“ აღმოვჩნდიო. თვითმხილველების მტკიცებით, იმ სხდომაზე შაკიაშვილმა „საქმის გასარჩევად“ შევარდნაძეზეც კი გაიწია, მაგრამ „სისხლიანი გარჩევა“ არ ან ვერ შედგა: ქალბატონი ლუიზა „შეაკავეს“.

რამდენიმე წლით ადრე იგივე ქალბატონი ზვიად გამსახურდიას მტრობდა. თავის დროზე შაკიაშვილი გაჰკიოდა: „ბიჭოოოოო..... ზვიააააააად, რამ გამოგაშტერააა.......“

ირაკლი წერეთელმა ერთხელ „შევარდნაძის კარვის ქალი“ უწოდა, რის შედეგადაც შაკიაშვილი მას კინაღამ ფიზიკურად შეეხო. თუმცა ეს ინციდენტი მაინც მშვიდობიანად დასრულდა - ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერთა ჩარევის შედეგად...

იმ სხდომაზე ედუარდ შევარდნაძე ლუიზა შაკიაშვილს კი „გადაურჩა“, მაგრამ მთავარი „განსაცდელი“ ერთ თვეში ელოდა. 1994 წლის 31 მარტს საქართველოს პარლამენტში თბილისის პოლიციის იმდროინდელი უფროსი, ბატონი დავით ზეიკიძე კბილებამდე შეიარაღებულ პოლიციელებთან ერთად შეიჭრა. ქალაქის მთავარმა „პოლიცმაისტერმა“ პარლამენტის სხდომათა დარბაზის ფოიეში დებოში მოაწყო, შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფო მეთაურსაც, ბოლოს კი სხდომათა დარბაზში შევიდა. ყოველივე ეს ხდებოდა უცერემონიოდ, ყოველგვარი კანონისა და ეთიკის ნორმების დარღვევით. დავით ზეიკიძე შინაგან საქმეთა ახლადდამტკიცებული მინისტრის კანდიდატურას აპროტესტებდა.

1995 წლის სექტემბერში პარლამენტში კიდევ ერთი დიდი „გაწევ-გამოწევის“ ფაქტი დაფიქსირდა. ელდარ შენგელაიას წინადადებით ყველა ახლად არჩეულ დეპუტატს უფლებამოსილების მიღებამდე ფსიქიატრიული შემოწმება უნდა გაევლო. შემოთავაზებულმა წინადადებამ რამდენიმე დეპუტატის აშკარა გაღიზიანება გამოიწვია. საკითხს, რომელსაც პარლამენტარებმა თავისი დროის საკმაოდ ხმაურიანი ნაწილი დაუთმეს, თამამად შეიძლება ეწოდოს მსჯელობა თემაზე: „გიჟები და პარლამენტი“. ზემოთ უკვე ნახსენები ლუიზა შაკიაშვილი ამ „შემოწმების“ კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა და მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს ლევან მამალაძესა და გიორგი ბარამიძეს, რომლებმაც მხარი კინოფილმი „შერეკილების“ რეჟისორს დაუჭირეს, შემდეგი ფრაზით მიმართა: - „თქვენ, მეოცე საუკუნის გარიჟრაჟის კომკავშირლებო, სსრკ-ში გაზრდილი ხართ, საბჭოური მენტალიტეტი არ შეგცვლიათ და ამიტომაც აზროვნებთ ძველი სტერეოტიპებით. მე თქვენგან განსხვავებით თავისუფალი ქიზიყის შვილი ვარ და იცოდეთ, ვისაც სხვა ჰგონია გიჟი, სწორედ ის არის შეურაცხადი“.

შენგელაიას მხარი აუბა ქალბატონმა ნანა დევდარიანმაც, რომელმაც „სარწმუნო წყაროებზე“ დაყრდნობით, ყველას ამცნო, რომ პარლამენტში ფსიქიატრთა რამდენიმე პაციენტი „იმყოფებოდა“. „თუ კარგია, ახლა შენ გააღე პირი და თქვი: ა-ა-ა“ გაიფიქრა დეპუტატმა თემურ სუმბათაშვილმა და დასჭექა: „თქვენ ხართ გასასინჯი ყველანი, ედუარდ! აღარ შეიძლება ნანა დევდარიანის მიკროფონთან მუდმივად ყოფნა, თქვენ შეგწევთ უნარი გავლენა იქონიოთ მასზე და შეაჩეროთ ამ ქალის აქტიურობა“.

ალბათ ბატონი ელდარ შენგელაია მართალი გახლდათ. სამწუხაროდ მის მიერ შემოთავაზებული წინადადება დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით არ მიიღეს. შედეგი? მალე პარლამენტსა და სრულიად საქართველოს ახალგაზრდა და დიდი მომავლის მქონე პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი მოევლინა…

მომდევნო საპარლამენტო სკანდალი სწორედ რომ სააკაშვილის სახელთანაა დაკავშირებული. 2000 წლის 22 აპრილს, დიადი ლენინის დაბადების დღეს, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის უწყებათაშორისი კომიტეტის ერთ-ერთ სხდომაზე ანზორ ბალუაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა. მათ შორის მომხდარი „კამათი“ პროკურატურის შესახებ კანონპროექტს უკავშირდებოდა.

თავიდან ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, მაგრამ კომისიის წევრების კეთილგანწყობა თურმე მაშინ დაირღვა, როცა სააკაშვილმა თავის გამოსვლაში პროკურატურას გახრწნილი და კორუმპირებული სისტემა უწოდა. ამ სიტყვებზე სააკაშვილს ფეხზე გენპროკურორის პირველი მოადგილე ანზორ ბალუაშვილი წამოუხტა და კონკრეტული გვარების დასახელება მოსთხოვა. სააკაშვილს გვარები არ დაუსახელებია, სამაგიეროდ ბალუაშვილი მწყობრიდან გამოუყვანია სიტყვებით:  „მთელი პროკურატურა სინაგოგად გადააქციე, რა გვარებს მთხოვ?“

სინაგოგის ხსენებაზე ბალუაშვილი იმდენად გაბრაზებულა, სააკაშვილისკენ გაუწევია. პროკურატურის წარმომადგენლები ბალუაშვილს ამშვიდებდნენ, რომელსაც სხდომა მიუტოვებია. ამ ისტორიას მოგვიანებით პროკურატურის თანამშრომლები ერთმანეთს ჩუმად უყვებოდნენ. მათივე ინფორმაციით, დახურულ სხდომას ხმამაღალი გინება და გაწევ-გამოწევაც არ აკლდა.

წინა წერილში ორი „ცნობილი ჩხუბისთავი“ - პეტრე ცისკარიშვილი და ვახტანგ რჩეულიშვილი ვახსენე. მათ რიცხვს დავით კირკიტაძეც შეიძლება მივუმატოთ.

თავის დროზე პარლამენტის უმრავლესობის სახე დავით კირკიტაძე მუშტების ქნევის „საპასუხისმგებლო“ საქმეში რამდენჯერმე ყოფილა შემჩნეული.

კირკიტაძის პირველი სკანდალი პარლამენტში შედგა, როდესაც მან დაცვის თანამშრომელს, სოსო ჯებისაშვილს მოსთხოვა მასთან მისული სტუმარი პრეზიდენტის ფლიგელიდან შემოეშვა. „თხოვნა“ ხელჩართული ჩხუბით დასრულდა, თუმცა კირკიტაძემაც და დაცვის თანამშრომელმაც ჟურნალისტებთან ეს ამბავი დამალეს და განაცხადეს, რომ მხოლოდ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი.

კირკიტაძის სახელმა ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე „გაიელვა“. ერთხელ რესტორან „მონოპოლში“ იჩხუბა, მეორედ კი ბოლნისის სტადიონზე მყოფმა რუსთავის „ოლიმპი“ – ცხინვალის „სპარტაკის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ ამ მატჩზე მსაჯების დამკვირვებელი ამირან კაჭახიძე სასტიკად სცემა. რასაკვირველია კირკიტაძე არცერთ შემთხვევაში არ დასჯილა.

სხვათა ჩხუბი ალბათ გადამდებია. სხვანაირად რა ახსნა უნდა მოვუძებნოთ იმ ფაქტს, რომ „სოლიდურმა და დარბაისელმა“ ვასილ მაღლაფერიძემ ერთხელ თავი ვერ შეიკავა და „ხელჩართულ ბრძოლაში“ გადაეშვა. 2003 წლის 19 ნოემბერს ნახევარმა პარლამენტმა იხილა, როგორ მიუახლოვდა ვასილ მაღლაფერიძე ლევან მამალაძის რჩეულს - ვაჟა ლილუაშვილს, ხელი ჰკრა და კიბეებიდან დააგორა. მართალია, ლილუაშვილი ორიოდ კვირა იწვა და თავს იტკიებდა, მაგრამ ისიც კი „შავს მიაწვა“ და ოფიციალურად განაცხადა, ხალიჩაზე ფეხი  დამისხლტა და კიბეებზე თვითონ დავგორდიო. ამ ინციდენტის გამო პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე არ აღუძრავთ.

საქართველოს პარლამენტში ერთ-ერთი ხმაურიანი დაპირისპირება უკვე 2009 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა: დიმიტრი ლორთქიფანიძე ჯონდი ბაღათურიას დაუპირისპირდა.

ვნებათაღელვა დიმიტრი ლორთქიფანიძის იმ მოთხოვნას მოჰყვა, რომელიც პატიმართა შეწყალების საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებდა.

ლორთქიფანიძის ამ მოთხოვნას მთელი საპარალამენტო ოპოზიცია იზიარებდა, ბაღათურიას გარდა. ბაღათურიამ ოპოზიცია პოლიტიკურ სპეკულანტობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ოპოზიცია ამ საკითხის გააქტიურებით იმას მიაღწევდა, რომ ხელისუფლება პატიმართა შეწყალებაზე საერთოდ უარს იტყოდა.

ამის შემდეგ სესიაზე ლორთქიფანიძემ ბაღათურიას საცემად გაიწია, თუმცა, მას ხელი თარგამაძე-ცაგარეიშვილმა და მანდატურებმა შეუშალეს.