კობა კობალაძე ახალ სასკოლო სახელმძღვანელოზე: არაკომპეტენტური, გაუზრებელი და არაფრის მომცემი წყალით სავსე

კობა კობალაძე ახალ სასკოლო სახელმძღვანელოზე: არაკომპეტენტური, გაუზრებელი და არაფრის მომცემი წყალით სავსე

„რატომღაც თუნდაც მე, როგორც პარლამენტის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემაც, არ ვიცოდი არსებული წიგნის შექმნის და გამოშვების შესახებ. გავიგე მედიის საშუალებით. შინაარსობრივად გავეცანი და აღმოჩნდა, რომ საკმაოდ არაკომპეტენტური, გაუზრებელი და არაფრის მომცემი წყალია შიგნით და მეტი არაფერი,“ – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძე „რეზონანსთან“ ახალ სასკოლო სახელმძღვანელოს - „თავდაცვა და უსაფრთხოების“ შესახებ საუბრისას. 

საჯარო სკოლებში ახალი საგნის, „თავდაცვა და უსაფრთხოების“ სწავლებასთან დაკავშირებით, „საქართველოს გენერალთა კლუბმა“ კრიტიკული განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ ამ საგნის სასკოლო პროგრამებში შეტანის ინიციატორი „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური და საქართველოს გენერლები“ იყვნენ, სახელმძღვანელოს შემუშავება კი მისი ინიციატორების გარეშე მოხდა.

განცხადების ავტორთა განსაკუთრებულ უკმაყოფილებას ის იწვევს, რომ სახელმძღვანელოში პრაქტიკულად მხოლოდ 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომია განხილული და აბსოლუტურად იგნორირებულია ბოლო ათწლეულების სხვა შეიარაღებული კონფლიქტები.

კობალაძის განცხადებით, არამართებულია სახელმძღვანელოში მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შეტანა, რადგან  არსებობს უახლოეს ისტორიაში ისეთი ეპიზოდები, რომელთა ცოდნა ახალგაზრდა თაობისთვის აუცილებელია. 

„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მარტო განვიხილოთ 2008 წელი. რა თქმა უნდა, 2008 წელში იყო საკმაოდ საინტერესო ეპიზოდები. იყო თავდადების, თავგანწირვის უდიდესი მაგალითები, მაგრამ ბიოგრაფია და ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა არ დაწყებულა არც 2008 წელში, არც 1991, 92, 93, 98, 2001, 2008 წლებში. 

„საკმაოდ საინტერესო ეპიზოდებია 1918-1921 წლების პერიოდი. საინტერესო სამხედრო ეპიზოდებია მეორე მსოფლიო ომის დროს. შესაძლოა ვისაუბროთ და ახალგაზრდებისთვის საკმაოდ საინტერესო გახდეს ეს პოზიციები და იმ აგრესიული პოლიტიკის განვითარების მიმდინარეობა, რომელიც ხდება ჩვენ სამეზობლოში, მობილური და ე.წ. შეიარაღებული მოქმედებებით,“ - აცხადებს კობალაძე.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯელობა იქნება და საბოლოოდ, სახელმწიფოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„თუკი გვაქვს ამბიცია, რომ ახალგაზრებს რაღაცაზე წარმოდგენა შევუქმნათ, ეს წარმოდგენა უნდა შევუქმნათ პროფესიონალურად, იდეოლოგიურად და ამავე დროს, უნდა ვანახოთ საით და როგორ ვვითარდებით, რა რესურსი გაგვაჩნია ამ ყველაფრისთვის. 

„დაუშვებელია საზოგადოების, ისეთი პატივსაცემი შემადგენლობის გაყოფის მცდელობა, როგორიცაა ვეტერანთა შემადგენლობა. საკმაოდ მწარედ გვაქვს მახსოვრობაში ჩარჩენილი, - წინა ხელისუფლების დროს იყო ამის არაერთი მცდელობა.

„ჩვენ ამ საკითხს წამოვწევთ და ვისაბურებთ. მაინტერესებს მიზანი, ხედვა, რას ემსახურება ეს ყველაფერი. კითხვებს დავსვამ და ამ კითხვების ადრესატები ვიცი. შევჯერდებით ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის სასარგებლო პროდუქტზე და არა იმაზე, რომ თემა ჩავჭრათ. ინიციატივა კარგია, როგორც ყოველთვის, მაგრამ შესრულება არის ისეთი, რომ არცერთ კრიტიკას არ უძლებს,“ - განაცხადა კობა კობალაძემ.