სესხების ჩამოწერის მეგაპროგრამასთან დაკავშირებით ყოველდღიურად ახალ-ახალი ინფორმაციები ვრცელდება. ამჯერად მორიგი ინიციატივა გახმოვანდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან.
მიკროსაფინანსოების ნაწილი „შავ სიაში“ მყოფ სოციალურად დაუცველ პირებს დავალიანებას „ქართუსგან“ კომპენსაციის მიღების გარეშე ჩამოაწერენ. მისო-ების ასოციაციის თავმჯდომარემ ბესო შენგელიას თქმით, ამ ეტაპზე ინიციატივას 12 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიარებს, თუმცა მათი რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს.
„12-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ იმ სოციალურად დაუცველებს, რომლებიც ე.წ. შავ სიაში არიან, დავალიანება ფონდი „ქართუს“ კომპენსაციის გარეშე გაუნულონ, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, მოქალაქეთა რა რაოდენობაზეა საუბარი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იზრდება იმ ორგანიზაციათა რიცხვი, რომლებიც ამ ინიციატივას შემოუერთდებიან.
ამ ყველაფრის მიზეზი კი ის საშეღავათო პირობაა, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან სიტყვიერი თანხმობა უკვე გვაქვს, რომ მომზადდება გარკვეული საკანონმდებლო ინიციატივები, რომელთა თანახმადაც, „შავ სიაში“ მყოფი სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერის შემთხვევაში ორგანიზაციები არ დაიბეგრებიან“, - აღნიშნავს „ბიპიენთან“ შენგელია.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დათანხმდა ფონდ „ქართუს“ შეთავაზებას, რომელიც ფინანსური ინსტიტუტებისგან სასესხო დავალიანების შესყიდვას გულისხმობს, ბესო შენგელია აცხადებს, რომ 3 დეკემბრის მდგომარეობით „ქართუსთან“ შეთანხმება 8 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ჰქონდა მიღწეული. მაგრამ ასოციაციის თავმჯდომარე იქვე დასძენს, რომ ამ ორგანიზაციათა რაოდენობაც იზრდება.
საინტერესოა უკავშირდება თუ არა სესხების განულება კომერციული ბანკების ინტერესებს? ბანკებს საკმაოდ დიდი ოდენობით უიმედო ვალები აქვთ, რომლის ჩამოწერაც, წლის ბოლომდე მოხდება.
მას შემდეგ, რაც მთავრობამ გამოაცხადა ვალების განულების შესახებ, ყოველ დღე კეთდება შეფასება მისი დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ. ამჯერად ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე ამბობს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება უფრო მეტად სოციალურ ხასიათს ატარებს და სწორი ნაბიჯია, რომლითაც ბანკებიც ნახავენ სარგებელს პორტფელის გაჯანსაღების ხარჯზე.
„პირველი რიგში, ეს უფრო მეტად სოციალური პროექტია ვიდრე ბანკების დახმარება. თუმცა ამით, ცხადია, ბანკებიც ისარგებლებენ. ამ მხრივ ბატონი თემურ ბასილია მართალია. ბანკები გაანულებენ უპერსპექტივო სესხებს მინიმალური ზარალით, რაც მათი პორტფელის გაჯანსაღებას გამოიწვევს. ბანკებისთვის ბევრი პრობლემური სესხი ზედმეტი წნეხია, ამიტომ მათთვის ამ კუთხით სესხების განულება დადებითია. როგორ კრიტიკულადაც არ უნდა შევხედოთ ამ პროექტს, ეს არის ფაქტობრივად ფსიქოლოგიური წნეხის პირობებში მცხოვრები ადამიანებისთვის წუთშესვენება, რომ დაიწყონ ზრუნვა არასახარბიელო მდგომარეობის გამოსწორებაზე“, - განაცხადა ბერიძემ.