2014 წელს, სოჭის ოლიმპიადის პარალელურად, ვლადიმერ პუტინი საქართველოს დაუტკბა და გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა არ გამორიცხა, თუმცა შეხვედრა არ შემდგარა. იმ პერიოდში აზრთა სხვადასხვაობა იყო იმასთან დაკავშირებით, უნდა წასულიყვნენ თუ არა ქართველი სპორტსმენები ოკუპანტი რუსეთის მიერ მოწყობილ სოჭის ოლიმპიადაზე. თუმცა მას შემდეგ, რაც ქართველი სპორტსმენები ოლიმპიადაზე მონაწილეობას დათანხმდნენ, პუტინის გულიც ჩვენი მისამართით „გაიღო“.
ეს წლების წინ ხდებოდა, ახლა კი სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებისთანავე რუსეთი საქართველოსთან ახალი ურთიერთობების შესაძლებლობაზე ალაპარაკდა. ზურაბიშვილის გამარჯვების შემდეგ დიალოგის იმედი გამოთქვა კონსტანტინე კოსაჩოვმა, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ. ამ მოლაპარაკების ირგვლივ უფრო თამამ განცხადებებს აკეთებდნენ რუსი ექსპერტები.
თუმცა, სანამ რუსეთი ასე იქცევა საოკუპაციო ხაზზე, სანამ ყოველდღიურად იტაცებენ ადამიანებს და სანამ ეს ხაზი ინაცვლებს ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში, უფრო და უფრო ახლოს თბილისთან, სალომე ზურაბიშვილი არ ფიქრობს, რომ რუსეთთან თანამშრომლობის ფაზაში გადასვლა შეგვიძლია.
„ეს შესაძლოა, სხვა ვლადიმერ პუტინი იყო, ვიდრე ახლა, რადგან მაშინ რუსეთი დათანხმდა საქართველოს ტერიტორიიდან ბაზების გაყვანას“, - ასეთი შთაბეჭდილება დარჩა სალომე ზურაბიშვილს წლების წინ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის თაობაზე. დღეს როგორია ვლადიმერ პუტინი და, ორი რუსეთის მსგავსად, არსებობს თუ არა ორი პუტინიც?!
თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი სოსო მანჯავიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ოკუპირებულია, მაგალითად, კურილის კუნძულები, კარელია, დნესტრისპირეთი, თავის დროზე აშშ-მა მოახდინა მექსიკის ნახევრის ოკუპაცია, ინგლის-არგენტინის დაპირისპირებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. უფრო მეტიც, მეორე მსოფლიო ომის შედეგად რუსეთს კენიგსბერგი აქვს ოკუპირებული. ამდენად, მოლაპარაკებები ოკუპანტთან არ ნიშნავს, რომ შენ ცნო ოკუპაციის შედეგები. უბრალოდ, მოლაპარაკებები, პოლიტიკური ვაჭრობა და ინტერესთა დალაგება აუცილებელია, რათა შენ რუსეთს პოზიციების დათმობა აიძულო.
„რამდენად სერიოზული და ღირსეულია ასეთი პოზიცია, რომ ჩვენ არ მოვილაპარაკებთ რუსებთან, თუკი ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ გაგვიშვებენ მოსალაპარაკებლად. ეს ნიშნავს, რომ შენ წინასწარვე იყენებ საკუთარ თავს პატარა ბავშვის პოზიციაში. თუ ვერ მოელაპარაკები რუსეთს, ვერ მოელაპარაკები, მერე რა. რა სიტუაციაშიც ახლა ვართ, ეს უფრო სასაცილო არ არის? გვაქვს უვიზო რეჟიმი რუსეთთან, მაგრამ ჩვენს მოქალაქეებს ვიზის ასაღებად უამრავი პროცედურის გავლა სჭირდებათ. ამ დროს კი რუსი ტურისტები ჩამოდიან და რატომღაც ვაცხადებთ, რომ ვართ საომარ მდგომარეობაში. ასევე, ლამის თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს რუსეთთან, მაშინ რანაირ საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით? მოლაპარაკებებს რატომ არ ვიწყებთ, თუკი ვვაჭრობთ რუსეთთან? ცხადია, დასავლელ პარტნიორებთან უნდა გვქონდეს კონსულტაციები, რადგან მსოფლიოში პოლიტიკური ვითარება რადიკალურად შეცვლილია. თურქეთი აღარ არის ამერიკის ყურმოჭრილი ქვეყანა, აღარ არის თურქეთ-რუსეთის დაპირისპირება და მათ შორის მჭიდრო ურთიერთობაა თუნდაც იმავე სირიაში. ეკონომიკურ ურთიერთობებზე აღარაფერს ვამბობ“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.
მისივე თქმით, სიტუაციას ართულებს ისიც, რომ შეიქმნა უპრეცედენტო რუსულ-ირანულ-თურქული ალიანსი, ანუ ერთი ზესახელმწიფო და ორი რეგიონალური სახელმწიფო საერთო ინტერესებზე ამახვილებენ ყურადღებას. ეს სამივენი კი ჩვენი უახლოესი მეზობლები არიან. გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილება მსოფლიოში განუწყვეტლივ ხდება და ჩვენს რეგიონსაც ყოველ წუთში შეიძლება იგივე დაემართოს.
„როგორ გგონიათ, ასეთი სამხედრო პოლიტიკური ბალანსის დროს ჩვენ იმის იმედი უნდა გვქონდეს, რომ დასავლელი პარტნიორები რამით დაგვეხმარებიან? რითი უნდა დაგვეხმარონ, როცა სამხედრო ბალანსი 100%-ით ჩვენი მეზობელი ამ სამი სახელმწიფოს სასარგებლოდაა? განსაკუთრებით, აქ რუსეთს ვგულისხმობ. ამიტომ რუსეთთან მოლაპარაკება პრორუსულობას არ ნიშნავს. ეს ისეთივე აბსურდია, როგორც უამრავი აბსურდული თემა, რომელიც დანერგილია ჩვენს საზოგადოებაში“, - აღნიშნა სოსო მანჯავიძემ.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის საწყისი პოზიცია სავსებით ლოგიკური და რაციონალურია. ისეთ ვითარებაში, როგორც რუსეთი იქცევა, არავითარი პერსპექტივა მოლაპარაკებების დაწყებას არ აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, არ ვიმოქმედოთ. არსებობს ჟენევის პროცესი, არის კარასინ-აბაშიძის ფორმატი, რათა იმავე მდგომარეობამდე არ მივიდეთ, რაც იყო აგვისტოს ომის დაპირისპირებისას.
„დღეს არც ომი გვაქვს, არც მშვიდობა, ჩვენ არ ვართ საკუთარ თავზე დამოკიდებულნი, რადგან ამ პროცესის ომად გადაქცევა ჩვენ არ შეგვიძლია, ჩვენ არ გვაქვს ძალა, ვეომოთ რუსეთს და არც ის შეგვიძლია, საერთაშორისო თანამეგობრობის გამოყენებით რუსეთი ვაიძულოთ მშვიდობისთვის. მსოფლიოში ვითარება ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ამიტომაც ლოგიკური იყო სალომე ზურაბიშვილის საწყისი პოზიცია. მას არ გამოურიცხავს რუსეთთან ურთიერთობა, ოღონდ არ შეიძლება მარტონი დავრჩეთ რუსეთის პირისპირ. სამართლებრივადაც რომ შევხედოთ ამ ფაქტს, ჩვენ სამშვიდობო ხელშეკრულება რუსეთთან არ გვაქვს აგვისტოს ომის მერე. ეს არ ნიშნავს, რომ ომის მდგომარეობაში ვართ, რადგან არც იმის რესურსი გვაქვს, ვიომოთ“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი და შეკითხვის საპასუხოდ, ხომ არ მოიჭრა სალომემ თავისი გზა რუსეთთან სასაუბროდ (რადგან რუსეთისგან უკვე წამოვიდა მესიჯი, რომ საქართველოს ახალდარჩეულმა პრეზიდენტმა უარი თქვა რუსეთთან მოლაპარაკებაზე), ზარდიაშვილმა განმარტა, რომ ზურაბიშვილს არავითარი გზა არ მოუჭრია. მან ობიექტურად შეაფასა ვითარება, რომ ასეთ ვითარებაში რუსეთთან ლაპარაკს აზრი არ აქვს.
დავით ზარდიაშვილს ისიც აინტერესებს, რაზე უნდა ელაპარაკოს ახლად არჩეული პრეზიდენტი პუტინს? საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, ადამიანების მუდმივად მოტაცება, აგრესიული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და, ყველაზე მთავარი, საქართველოს ორი რეგიონის აღიარება სახელმწიფოებად, ეს ხომ ფაქტობრივი ანექსიაა რუსეთის მხრიდან?
ასეთ ვითარებაში ერთადერთი იმაზე შეიძლება ლაპარაკი, რომ ეს სიტუაცია არ მივიდეს მწვავე კრიზისამდე, არ გადავიდეს ცხელი ომის ფაზაში, რაც დამღუპველი იქნება საქართველოსთვის. ასე რომ, სერიოზული პოლიტიკური მოლაპარაკებების დრო ამჟამად არ არის. ეს არ ნიშნავს, რომ, საბოლოო ჯამში, რუსეთთან მოლაპარაკებაზე სალომე ზურაბიშვილი უარს აცხადებს. ეს ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული და ჩვენზე არ არის დამოკიდებული.