„მცდარია ინფორმაცია, თითქოს ავლაბრის სასახლეს ბიძინა ივანიშვილი ყიდულობს“

„მცდარია ინფორმაცია, თითქოს ავლაბრის სასახლეს ბიძინა ივანიშვილი ყიდულობს“

ქართულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლის ყიდვით ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული. „2020 NEWS“-ის ცნობით, აღნიშნული სასახლის ყიდვა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის შემდეგაც უნდოდა, მაგრამ გიორგი მარგველაშვილი მისი ნების წინააღმდეგ წავიდა. თუმცა მანამდე მარგველაშვილი ირწმუნებოდა, რომ ორბელიანების სასახლე საპრეზიდენტო რეზიდენციად მისთვის სავსებით მისაღები იყო და ავლაბრის სასახლეში ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განთავსების იდეას ემხრობოდა.

რესპუბლიკის სასახლე,საკონსტიტუციო სასამართლო, თუ პრივატიზაცია?! რა ბედი ელის ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციას? სასახლის ბედზე მსჯელობა უკვე დაწყებულია და სამივე ვარიანტი განიხილება. თუკი ავლაბრის რეზიდენცია რესპუბლიკის სასახლედ გარდაიქმნება, მაშინ მისი დანიშნულება უცხო ქვეყნების უმაღლესი პირების მიღება გახდება.

საპარლამენტო უმრავლესობაში ირწმუნებიან, რომ ამ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა. თამარ ჩუგოშვილის აზრით, ავლაბრის რეზიდენციის პრივატიზება არ მოხდება. გედევან ფოფხაძის მოსაზრებით კი, თუკი შენობის პრივატიზება არ იგეგმება, მაშინ ამ შენობაში უმჯობესია მუზეუმი განთავსდეს.

„იქ ხალხმა უნდა იაროს, იქ გავმართავდი სივრცეს, სადაც იქნებოდა მსჯელობა ქალაქის მომავალ განვითარებაზე“,-აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე და ავლაბრის რეზიდენციას ქალაქის ინფრასტრუქტურული პროექტების საპრეზენტაციო ადგილად განიხილავს.

ჯერ კიდევ 2009 წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაქსუებულ ჩინოვნიკებს „პირადი მაგალითი“ მისცა და სამთავრობო რეზიდენციები გაყიდა. საპრივატიზაციო ნუსხაში მაშინ მოხვდნენ ბათუმისა და ზუგდიდის რეზიდენციები, წეროვანის რეზიდენცია კი საბავშვო ბაღად გადაკეთდა. მოტივი კეთილშობილური იყო, პრეზიდენტის რეზიდენციების შენახვა იმ დროსაც ძვირი ჯდებოდა. თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ 2009 წლის 12 ივლისს სააკაშვილმა რეზიდენციების გაყიდვა ერთი ათად აინაზღაურა და პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაც ოფიციალურად გახსნა. მის დროს ეს შენობა 800 ათას ლარს მარტო ელექტროენერგიისთვის ხარჯავდა წელიწადში.

ბიძინა ივანიშვილმა ხარჯების შემცირების მიზნით მიხეილ სააკაშვილს რეზიდენციის დატოვებისკენ იმთავითვე მოუწოდა, თუმცა სააკაშვილმა ეს არ ისურვა. შემდეგ კი გიორგი მარგველაშვილმა გამოამჟღავნა ამ შენობის სიყვარული და რეზიდენციის დატოვების სიამოვნება არ მიანიჭა ბიძინა ივანიშვილს.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მცდარია ინფორმაცია, თითქოს ავლაბრის სასახლეს ბიძინა ივანიშვილი ყიდულობს. მისი განმარტებით, ეს მორიგი პროპაგანდისტული ჭორია, როგორიც იყო თუნდაც იმავე პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით, რაც ამ საარჩევნო კამპანიისას გახმიანდა. ამ მდგომარეობიდან „ნაცები“ ვერ გამოდიან, მაგრამ რა ბედი ელის პრეზიდენტის სასახლეს, ამაზე მსჯელობა უთუოდ დაიწყება.

„მე მაინც იქითკენ ვიხრები, რომ ეს იყოს რესპუბლიკის სასახლე საერთაშორისო მიღებებისთვის, სერიოზულ პრობლემებზე სასაუბროდ, მათ შორის, ეს სასახლე სამოქალაქო აქციებისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს. სასტუმროდ გადაქცევა და ამ შენობის პრივატიზება არა მგონია, სწორი იყოს. ეს შენობა მაინც საქართველოს უნდა დარჩეს. კარგი სასახლეა და, თანაც, საქართველოს არ აქვს ფუფუნება, საჯარო ადგილები გაასხვისოს. შეიძლება, მულტიფუნქციური დატვირთვისაც იყოს ეს სასახლე“,-მიაჩნია დავით ზარდიაშვილს.

თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი სოსო მანჯავიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თავის დროზე უზარმაზარი საბიუჯეტო ხარჯები გაიღეს ამ სასახლის ასაშენებლად, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მომხდარა დოკუმენტალური რევიზია, გამოძიებაც არ დაწყებულა ამ შენობისთვის გაღებული არამიზნობრივი თანხების დასადგენად. ეს კატასტროფული ხარჯები იყო, მათ შორის, სრულიად გაურკვეველი ხარჯები.

„ის ხუთი წელი, რომელიც ამ შენობის სრულიად უფუნქციო საპრეზიდენტო ფუნქციების შესრულებას მოხმარდა, იყო ზარალი სახელმწიფო ბიუჯეტისთვის. ასეთივე ზარალი იყო ამ საპრეზიდენტო სასახლის მშენებლობისთვის გაწეული ხარჯები და ქუთაისში პარლამენტის გადატანა-გადმოტანა. ამით უზარმაზარი ზარალი ნახა ქვეყანამ, რაზეც არავინ საუბრობს, მაგრამ ის არის საოცრება, რომ ხალხსაც ნაკლებად აინტერესებს, როგორ გაიძარცვა ბიუჯეტი და არამიზნობრივად დაიხარჯა მათი ფული.

რაც შეეხება ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლის სამომავლო დანიშნულებას, ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ ეს კვლავაც არ იყოს საბიუჯეტო ხვრელი. კარგად უნდა დაითვალოს ამ შენობის პარამეტრები, რაში გვაქვს ჩვენ ზედმეტი ხარჯები და ვიფიქროთ იმაზე, ხელნაწერთა ინსტიტუტი განვათავსოთ ამ შენობაში, თუ სხვა რომელიმე დაწესებულება. აქ შეიძლება კულტურული ცენტრიც განთავსდეს, მით უმეტეს, ეს შენობა ამის საშუალებას იძლევა“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.