ჭარბვალიანობამ, ლარის გაუფასურებამ, პროდუქტების გაძვირებამ და ინფლაციამ ქვეყანაში უამრავ ოჯახს ფინანსური პრობლემა შეუქმნა. მდგომარეობა დაძაბულია მიხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ რიგი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო სიტუაციის ნორმალიზებისთვის, ჯერჯერობით სოციალური მდგომარეობა გამოსწორება არ ხერხდება.
არსებულ ვითარებას ამძიმებს ისიც, რომ ბოლო დროს მუდმივად საუბარია კომუნალური გადასახადების ზრდაზე, ამ პრობლემასთან გასამკლავებლად კი მოსახლეობის უმრავლესობას ძალა არ ეყოფა. ემპირიული დაკვირვებით, საქართველოში მდიდრები და შეძლებულები, ერთად აღებული, დაახლოებით 10%-ია. აქედან 2-2,5% მდიდარია, დანარჩენი - შეძლებული. საშუალო ფენაც ასევე 8-10%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო დანარჩენი 80%-ის ცხოვრების სტანდარტი არ აკმაყოფილებს განვითარებული ქვეყნების კრიტერიუმებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევით, ყოველი მეშვიდე ოჯახი შიმშილს კომერციული ბანკებიდან და მიკროსაფინანსოებიდან აღებული კრედიტების მეშვეობით ებრძვის.
ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ ჩვენთან მნიშვნელოვნად იზრდება იმ ოჯახების რაოდენობაც, სადაც არც ერთი წევრი არ იღებს სტაბილურ გასამრჯელოს. ეს კატეგორია შემოსავლის მიმღებთა დაახლოებით 40%-ია და დიდია რისკი, რომ ასეთი ადამიანები სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდნენ.
ეკონომისტების შეფასებით, ამის მიზეზი ეკონომიური სიდუხჭირე და სტაგნაციაა, რაშიც ხალხი სავალუტო კრიზისის გამო აღმოჩნდა.
ხელისუფლებაში ადასტურებენ, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება სახარბიელო არ არის. ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ამბობს, რომ ერთი რომელიმე კონკრეტული მიმართულება, კონკრეტული ნაბიჯი და რეფორმა სიღარიბეს ვერ აღმოფხვრის.
„აქ არის მთელი ჯაჭვი კონკრეტული საკითხებისა, რომელიც ერთიანობაში უნდა განვიხილოთ. მაგალითად, ზაფხულში სოციალური მუშაობის ახალი კანონი მივიღეთ და ეს არის ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი სიღარიბის წინააღმდეგ. სოციალური მუშაკი ყველაზე გაჭირვებულ ადამიანთან მიდის, მისი მთავარი ფუნქცია კი არის ადამიანები დააბრუნონ ნორმალურ თვითრეალიზების რეჟიმში, რათა თვითონ შეძლონ საკუთარი ცხოვრების მოწყობა. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ამ რეფორმის სრულფასოვნად გატარების შემდეგ გაცილებით ჯანსაღი საზოგადოება გვეყოლება.
2019 წლის იანვრიდან სოცდაუცველი ოჯახებისთვის შემწეობა გაიზრდება და თუ ბავშვები იღებდნენ 10 ლარს ახლა მიიღებენ 50 ლარს.
სიღარიბის დაძლევისაკენაა მიმართული ასევე გამკაცრებული საბანკო რეგულაციებიც. მე ასეთი ტიპის ბევრი პროექტი შემიძლია ჩამოვთვალო, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ეს საკმარისი არ არის. ეკონომიკაში სერიოზული გარღვევები უნდა მოხდეს, იმისთვის, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას, უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდეთ ადამიანებს.
მოსახლეობის მძიმე მდგომარეობას ასევე შეამსუბუქებს ის, რომ ფონდი ქართუ 600 000 ადამიანს, რომელთაც სესხი 2000 ლარს ქვემოთ აქვთ, სრულად ჩამოაწერს. ეს არის წარმოუდგენლად დიდი პროექტი, რომელიც ადამიანებს შვებას მოუტანს და ცხოვრებას სუფთა ფურცლიდან დააწყებინებს“, - განუცხადა „კომერსანტს“ კილაძემ.
მიუხედავად ასეთი პათოსისა, ექსპერტებს არ სჯერათ, რომ ამ კუთხით ქვეყანაში რაიმე გარდატეხა მოხდება. აკადემიკოს პაატა კოღუაშვილს ექმნება შთაბეჭდილება, რომ მინისტრებმა არც კი იციან, რა არის გასაკეთებელი ქვეყანაში.
„სურსათზე ფასები სწრაფი ტემპით იზრდება, ახალი წლიდან კი კიდევ დამძიმდება ვითარება. წინასაარჩევნოდ რა პირობაც დადეს, უნდა აღასრულონ. სხვა გამოსავალი დღეს არ ჩანს. ხალხი არსებობისთვის იბრძვის და ბევრი ოჯახი შიმშილს ვერ ამარცხებს. მოსახლეობის 80% სიღარიბეში ცხოვრობს. სესხით აღებული თანხით ცდილობენ შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლას. მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, როცა ადგილობრივი პროდუქტის მარაგი ამოიწურება, ამით უამრავ ოჯახს შეექმნება პრობლემა“, - აცხადებს კოღუაშვილი.