როგორც მოსალოდნელი იყო წლის ბოლოს საბიუჯეტო პრობლემებმა იჩინა თავი და მთავრობა იძულებული გახდა ხარჯები შეეკვეცა. რამდენიმე მიმართულებით ბიუჯეტში სერიოზული ცვლილება შედის, რაც იმის მანიშნებელია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების დიდი ნაწილი ჩავარდა.
პარლამენტში შეტანილი ცვლილებების თანახმად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ხარჯები 269 მლნ ლარით მცირდება და 1 546 მლნ ლარს შეადგენს.
„2018 წელს დაგეგმილი იყო მასშტაბური საგზაო პროექტების დაწყება, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთი და ჩრდილოეთი-სამხრეთი მაგისტრალის ურთულესი მონაკვეთი (ქვეშეთი-კობი). აღნიშნული პროექტები გამოირჩევა კომპლექსურობით და წინა მოსამზადებელი სამუშაოების ხანგრძლივი და რთული ეტაპებით, შესაბამისად, პროექტები ნაწილობრივ გადაინაცვლებს შემდეგ წლებში. გასათავლისწინებელია, რომ რიკოთის მონაკვეთის 4 კომპონენტიდან მიმდინარე წელს პირველი ტრანშები გადაირიცხება ორ მონაკვეთზე. ზოგიერთი პროექტის შესრულების ვადების გადაწევასთან ერთად ბიუჯეტში ხდება ამ პროექტებისთვის დონორების მიერ გამოყოფილი საკრედიტო რესურსების კორექტირებაც“, - ნათქვამია დოკუმენტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის მიხედვით, საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად მიღებული გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტები მცირდება 321 მლნ ლარით და განისაზღვრება 915.8 მლნ ლარით, დაგეგმილი პროექტების ნაწილობრივ, მომდევნო წლებზე გადანაწილების გათვალისწინებით.
რაც შეეხება მიმდინარე წელს მისაღებ გრანტებს, ეს მაჩვენებელიც მცირდება - 74.3 მლნ ლარით.
„მათ შორის საბიუჯეტო დახმარებების სახით მისაღები გრანტები მცირდება 50,0 მლნ ლარით, ვინაიდან შესაძლებელია ევროკავშირიდან მისაღები გრანტები მიღება ნაცვლად 2018 წლის დეკემბრისა ჩამოირიცხოს 2019 წლის იანვარში. საინვესტიციო პროექტებზე გამოყოფილი გრანტების მოცულობა მცირდება 24,3 მლნ ლარის ოდენობით“, - აღნიშნულია ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტში.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი გიორგი კაპანაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროში ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებულ პრობლემაზე საუბრობს და ხელისუფლებას ამ საკითხის დროულად მოგვარებისაკენ მოუწოდებს.
„ბიუჯეტს პრობლემა აქვს და ეს არ არის ახალი ამბავი. ჩვენი ორგანიზაცია ჯერ კიდევ წლის დასაწყისში აღნიშნავდა, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა იყო.
ეს ჩანს იქიდანაც, რომ შემცირდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსების ხარჯი. ფაქტია, რომ დღესაც ვერ გვარდება ტენდერების პრობლემა და შემდეგ მათი დროულ ვადებში შესრულება გადაუჭრელ საკითხად რჩება. ჩვენ ვხედავთ, რომ სამინისტროს მიერ განსახორციელებელი პროექტების უმეტესი ნაწილი დროში გაწელილია, გადავადებულია და შესრულება გვიანდება. სამწუხაროდ, სწორი იყო, რომ ბიუჯეტი შემცირდა, რათა იგივე ტენდენცია არ მიგვეღო“, - აცხადებს კაპანაძე.
ბიუჯეტთან დაკავშირებით ბოლოს ისიც გაირკვა, რომ აქციზიდან მისაღები შემოსავლების გეგმა, სავარაუდოდ, ვერც წელს შესრულდება. ამიტომ იგი უკვე შეკვეცეს. აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 420.0 მლნ ლარის ოდენობით, რაც 30 მლნ ლარით ნაკლებია 2018 წლის დამკტიცებულ გეგმასთან შედარებით.