ქართულ ფუტკარს და ქართულ თაფლს პრობლემები არ ელევა

ქართულ ფუტკარს და ქართულ თაფლს პრობლემები არ ელევა

უკვე 2 წელია ევროკავშირმა საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტი ნებადართულია, თუმცა დღემდე ევროპულ ბაზარზე ქართული თაფლი არ დაიშვება. ევროპაში ლეგალური გზით ეს მეტად საჭირო პროდუქტი საქართველოდან არ შესულა. ამის მიზეზი ანტიბიოტიკებია. გარდა ამისა, პრობლემა მხოლოდ თაფლს არ აქვს, საფრთხე ემუქრება უშუალოდ ფუტკარსაც, რომელიც წელს დასავლეთ საქართველოში დიდი ოდენობით განადგურდა. გამოსავალი ორივე მიმართულებით სასწრაფოდ უნდა მოიძებნოს.

ქართული თაფლის ანტიბიოტიკებით დაბინძურების პრობლემა უკვე დადასტურებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს და კერძო კომპანიების მიერ ჩატარებული კვლევებით. როგორც აღმოჩნდა, საქართველოში დაშვებულია და თავისუფალ გაყიდვაშია დაავადებების სამკურნალო ვეტერინარული პრეპარატები - ანტიბიოტიკები „ნოზემატი“ და „ნოზემაციდი“, რომლის გამოყენებაც ევროკავშირის ქვეყნებში აკრძალულია.

2019 წლის 1 იანვრიდან იკრძალება ევროკავშირში აკრძალული ნივთიერებების შემცველი ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაცია, მათ შორისაა ფუტკრის დაავადებების სამკურნალო ანტიბიოტიკები - „ნოზემატი“ და „ნოზემაციდი“, რომლებიც განკუთვნილია ფუტკრის ნოზემატოზის სამკურნალოდ.

როგორც ცნობილი გახდა, ხელისუფლება არ აპირებს ქვეყანაში უკვე შემოტანილი და რეალიზაციაში გაშვებული მავნე პრეპარატის ამოღებას ამოყიდვამდე ან ვადის გასვლამდე - ახსნა ბიზნესის ინტერესების დაცვაა. ამიტომ მთელი პასუხისმგებლობა მეფუტკრეებზე გადადის - გამოიყენებენ თუ არა ისინი აკრძალულ ანტიბიოტიკებს.

„კომერსანტს“ თაფლის ანტიბიოტიკებით დაბინძურების პრობლემის შესახებ, შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა აგროქედას“ წარმოების მენეჯერი, მურად დიდმანიძე ესაუბრა. იგი უკვე მეორე წელია ჩაერთო თაფლის წამროებაში, თუმცა მიუხედავად დიდი დაინტერესებისა, ანტიბიოტიკებით დაბინძურების გამო, თაფლის ექსპორტს ევროპის ბაზარზე ვერ ახერხებს.

„შარშან დაახლოებით 7 ტონამდე თაფლი შეისყიდა კომპანიამ, წელს გადავწყვიტეთ ექსპორტის დაწყება, თუმცა ძალიან დიდ წინააღმდეგობებს შევხვდით. თაფლის უდიდესი ნაწილი ანტიბიოტიკებითაა დაბინძურებული. თაფლის შეგროვების დროს 33 ნიმუში ავიღეთ და 50%-ზე მეტ შემთხვევაში მასში დამაბინძურებლები აღმოჩნდა. ევროკავშირის რეგულაციებით აკრძალულია ანტიბიოტიკებით დაბინძურებული თაფლის იმპორტი. ესაა სხვადასხვა ტიპის ანტიბიოტიკები, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, კლავს სისხლის უჯრედებს და იწვევს კიბოს“, - განაცხადა მურად დიდმანიძემ.

გარდა ამისა, საფრთხე ემუქრება ქართულ ფუტკარსაც. განსაკუთრებით წელს დასავლეთ საქართველოში ათასობით სკა განადგურდა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეფუტკეებმა და ენტომოლოგებმა ფუტკრის განადგურების მიზეზები ადგილზე შეისწვალეს. შედეგად დადგინა, რომ მათი განადგურება დიდი რაოდენობით გარეული კრაზანას შემოსევით არის გამოწვეული. ეს მავნებელი სერიოზულ ზიანს აყენებს ფუტკრის ოჯახებს, ესხმის სკას, კლავს ფუტკარს და იპარავს თაფლს.

სპეციალისტები მეფუკრეებს ურჩევენ ფუტკრის ოჯახების დასაცავად გამოიყენონ მოსატყუებელი ხაფანგი, თუ საფუტკრეზე უკვე მოხდა კრაზანას მასობრივი თავდასხმა, სკის შესასვლელი ნაწილი შეიწამლოს სხვადასხვა ქიმიური აეროზოლით ან სინთეზური (ალპაკი, ალპგორი, აქტარი, აცე, ბესტ-ალფა, ბინგი, ბოქსი, ბრენდ დ-550, დეპისი და სხვა) ნარევებით, ასევე მოხდეს კრაზანების ბუდეების მოშლა ან გამოწვა.

სპეციალისტების განცხადებით, აუცილებელია სკებიდან 250 მეტრის დიამეტრზე მიწის დათვალიერება, რადგან კრაზანამ ბუდე, შესაძლოა, მიწაში გაიკეთოს, ბუდის აღმოჩენის შემთხვევაში კი მოხდეს ინსექტიციდით შესხურება.