საერთაშორისო ბაზარზე ბოლო თვენახევრის განმავლობაში ნავთობის ფასი 30%-ით შემცირდა, თუმცა საქართველოში საწვავი, რომელმაც ამჟამად ისტორიულ მაქსიმუმზეა, მხოლოდ 5 თეთრით გაიაფდა. საზოგადოებაში უკმაყოფილება პიკს აღწევს, თუმცა მენავთობეებს ეს, როგორც ჩანს, ნაკლებად აღელვებს.
საწვავის ფასის ტენდენციებთან დაკავშირებით, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში შემცირებულია გლობალურ ბაზრებზე როგორც ნავთობი, ასევე ნავთობპროდუქტების ფასი. შესაბამისად, ამ ტენდენციების ასახვა, დროის გარკვეულ პერიოდში, საქართველოს საცალო ქსელზეც აუცილებლად მოხდება.
„ეს დამოკიდებულია იმ პროცესთან, რომელიც უკავშირდება საქართველოში დაბალფასიანი პროდუქციის იმპორტსა და ადრე შედარებით მაღალ ფასად შეძენილი პროდუქციის მისით ჩანაცვლებას. ჩანაცვლების პროცესი მიმდინარე პერიოდში შეიძლება დროში გაიწელოს საწვავის მოხმარების შემცირებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია სეზონურობასთან (წლის ამ პერიოდში საწვავის მოხმარება შედარებით მცირდება ზაფხულის პერიოდთან შედარებით).
ამ პროცესის ასახვა ჩვენს საცალო ქსელში არსებულ საწვავის ფასებზე უკვე მოხდა. კერძოდ, საწვავის ფასი მიმდინარე ეტაპზე შემცირდა საშუალოდ 5-7 თეთრით და კლების ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამ განცხადებიდან და ზოგადად ბაზარზე არსებული ვითარებიდან, აშკარად ჩანს, რომ იმპორტიორები ფასის ცვლილებას არ ჩქარობენ, მაგრამ რას აკეთებს ამ დროს ხელისუფლება, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებასა და ბიზნესში კარტელურ გარიგებების აღმოფხვრაზე?
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი ნინო წილოსანი ამბობს, რომ ეწინაღმდეგება და ებრძვის კარტელურ გარიგებებს, მათ შორის ნავთობის ფასთან დაკავშირებით, მაგრამ შედეგი არ არის სასურველი.
„ჩვენ ვიცით, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმებოდა კონკურენციის სააგენტოს მხრიდან. გარკვეულწილად ხდებოდა ამ კომპანიების დაჯარიმება, თუმცა უახლესი ინფორმაცია და მიმდინარე პოზიცია კონკურენციის სააგენტოსი ჩემთვის უცნობია. ამიტომ კონკრეტული განცხადების გაკეთებისგან თავს შევიკავებ, რა თქმა უნდა, მათ უკეთ ექნებათ ეს საკითხი შესწავლილი.
ზოგადად კი ეს სააგენტო უნდა გახდეს უფრო ეფექტური. არ არის საკმარისი, რასაც ეს უწყება აკეთებს. ამ კუთხით ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა თუნდაც კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით, მათი მხრიდან აღსრულების ნაწილში გადადგმულ ნაბიჯთან დაკავშირებით. კიდე ერთხელ ვადასტურებ, რომ ვეთანხმები კონკურენციის სააგენტოს გააქტიურებას და ამ კუთხით ვემხრობი უფრო გამკაცრებულ ღონისძიებებს“, - განუცხადა „კომერსანტს“ წილოსანმა.
ფაქტია, ხელისუფლებას არ ძალუძს ვითარების დარეგულირება, საზოგადოების პროტესტი კი ისე მძლავრი არ არის, რომ თავგასული ბიზნესმენების ნებას წინ აღუდგეს. თუ როგორ უნდა იბრძოლონ ასეთ შემთხვევაში და მიაღწიონ მიზანს, ეს ყველაფერი კარგად გამოჩანდა საფრაგეთის მაგალითზე, სადაც მოსახლეობის 3-კვირიანმა დაპირისპირებამ შედეგი გამოიღო.
საბოლოოდ, ვითარების უკიდურესი ესკალაციის შიშით საფრანგეთის მთავრობამ საწვავის ფასების ზრდაზე 6-თვიანი მორატორიუმი გამოაცხადა.
„ჩვენ რაღაც უნდა შევცვალოთ“, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. ედუარდ ფილიპის თქმით, ხელისუფლებამ ხალხის გაბრაზება გაიგო, თუმცა ქვეყანაში ძალადობა უნდა შეწყდეს.
საწვავზე ფასების სამთავრობო გეგმას საფრანგეთის მოსახლეობის ნაწილი უკვე მესამე კვირაა აპროტესტებს. ე.წ. „ყვითელი ჟილეტების“ აქციები პოლიციასთან შეტაკებაში არაერთხელ გადაიზარდა. სამართალდამცველებმა 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, შეტაკებების შედეგად კი 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. საფრანგეთის პრეზიდენტი საწვავზე ფასების გაზრდას გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლის მიზეზით ხსნიდა, თუმცა მოსახლეობის მხრიდან არანორმალურ წინააღმდეგობას წააწყდა.