„მეორე ტური რა იყო? ეს იყო რეფერენდუმი თემაზე, გსურთ თუ არა „ნაცმოძრაობის“ მობრუნება ხელისუფლებაში? ყველაზე დიდი პარადოქსი კი ის იყო, რომ „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც არ მონაწილეობდა ამ არჩევნებში, მმართველ პარტიასთან ერთად გადაიქცა ამ რეფერენდუმის ჩამტარებელად“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი სოსო მანჯავიძე.
როგორ გგონიათ, რატომ მოჰყვა უეცარ აღმასვლას სწრაფი დაღმასვლა, რას ელოდა ქართველი ხალხი და რა მიიღო „ოცნების“ ექვსწლიანი მმართველობის შემდეგ? რა უნდა გამოასწოროს „ქართულმა ოცნებამ“?
- „ქართულ ოცნებას“, პირველ რიგში, გამოსასწორებელი აქვს იდეოლოგია. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდს რომ მივყვეთ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ რა ტრანსფორმაცია განიცადეს მათ, ნათლად დავინახავთ, რომ ეს არის აშკარად გამოხატული გადახრა ლიბერალიზმისკენ. 2012 წელს როცა ქართველი ხალხი მხარს უჭერდა „ქართულ ოცნებას“, პირველ რიგში, ხალხი უარყოფდა „ნაცმოძრაობის“ მიერ დანერგილ ძალადობრივ სისტემას, მის იდეოლოგიას. ძირითადად აქ იგულისხმებოდა სოროსის იდეოლოგია. შესაბამისად, ხალხის უდიდესი უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ მოიაზრებდა კონსერვატული ღირებულებების მქონე პარტიად, ანუ ეროვნულ-პატრიოტული ღირებულებების მქონე პარტიად. სხვათა შორის, მათი რიტორიკაც ასეთი იყო.
განვლილი 6 წლის მანძილზე, განსაკუთრებით, ბოლო 2 წელიწადში, ჩვენ ვიხილეთ ამ მოლოდინებისგან აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური ორგანიზაცია. კერძოდ, ეს უკვე არის ულტრალიბერალური იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური პარტია, რომლის დღის წესრიგშიც შევიდა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, მასში გენდერული თემების შეტანით, ნეოლიბერალური ეკონომიკური მიდგომები, რომ ბაზარი თურმე ყველაფერს დაარეგულირებს, ამას ემატება დამოკიდებულება ნარკოტიკებისადმი, რომელიც არის კოპირება იმ ტრენდისა, რომლის უკანაც დგას სწორედ აშშ-ში დემოკრატიული პარტიის უკიდურესად მემარცხენე ფლანგი, რომელსაც სოროსელებს უწოდებენ და, ასევე, ევროპაში არსებული ამავე მიმართულების პოლიტიკური ძალები. ასე რომ, ამ არჩევნებზეც მივიღეთ ეს შედეგი და ეს იყო უდიდესი პროტესტი იმ პოლიტიკური ხაზის მიმართ, რომლის მიმდევარიც გახდა „ოცნება“.
ამას გარდა, „ოცნებას“ გამოსასწორებელი აქვს ეკონომიკური პოლიტიკა, არ მოხდა დემონოპოლიზირება ეკონომიკის, ანუ ეკონომიკის ყველა ძირითად მიმართულებას მონოპოლიური ჯგუფები აკონტროლებენ. იქნება ეს ფარმაცია, საწვავი, თუ გადაზიდვები. ბუნებრივია, როცა მონოპოლიებია, ფასებიც დგინდება კარტერული შეთანხმებით და მუდმივ ეკონომიკურ კრიზისს ვღებულობთ. ამიტომაც მოსახლეობის უმეტესობა ღატაკდება და კატასტროფულია მიგრაციის მაჩვენებელი.
თუკი „ქართული ოცნება“ დასცილდა ეროვნულ-პატრიოტულ ღირებულებებს, ეს იმით ხომ არ აიხსნება, რომ დასავლეთის თვალში არ არის „მოდაში“ ეროვნულობის უკიდურესი გამოხატვა? სწორედ ეს ხომ არ არის „ქართული ოცნების“ სისუსტე და ამიტომაც ხომ არ ითხოვს ხალხი მესამე ძალას?
- როცა ეროვნულობაზეა საუბარი, რატომღაც ეროვნულობა ესმით ხოლმე ზედაპირულად და ფიქრობენ, რომ ეს არის მაინცდამაინც ჩოხა-ახალუხით სიარული, ბუსუსებიანი პრეზერვატივის აკრძალვა. სინამდვილეში, ხელისუფლება ეროვნული იქნება, თუ ის ხელს შეუწყობს საკუთარი ხალხის გამდიდრებას, მეწარმეობის აღორძინებას, საკუთარი ეკონომიკის, საზღვრების დაცვას, განათლებაში ჩადებს ფულს, წაახალისებს იმ ჯგუფებს, რომელთაც შეუძლიათ კონკურენცია გასწიონ და ახალი სამუშაო ადგილები შექმნან. ეს ნიშნავს, რომ საჭიროა ზომიერი და გონიერი პროტექციონიზმი და ეკონომიკის მოდერნიზაცია, რაც შესაბამისმა კადრებმა უნდა უზრუნველყონ.
შეიძლება, ვინმე ვიგულვოთ საქართველოში, რომელიც ეროვნულ ძალად ყალიბდება, მაგრამ ხელი ეშლება „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო?
- არსებული პოლიტიკური სისტემისა და ჩამოყალიბებული სტერეოტიპების პირობებში ძალიან რთულია ამგვარი ძალის ფორმირება. ეს ჩვენი უდიდესი პრობლემაა, იმდენადაა საზოგადოება ორიენტირებული ჩხუბზე, ლანძღვაზე, გინებაზე, იმდენად უარყოფითია მოსახლეობისთვის შეთავაზებული არჩევანი და ცდილობენ, არ დაუშვან ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი. ასეთი ძალის აღმოცენება, მით უმეტეს, ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, დიდ წინააღმდეგობას აწყდება. ჩვენ კვლავ ვხედავთ გაუთავებელ ერთ წრეზე სიარულს. სამწუხაროდ, ხელისუფლებას აღებული ჰქონდა ის ხაზი, რომ მუდმივად ჰყოლოდა მოწინააღმდეგედ მუდმივი დამარცხებისთვის განწირული „ნაცმოძრაობა“ და ფარული მოლაპარაკებებით ემართათ ქვეყანა. ეს არჩევნებიც ამის ყველაზე უფრო ნათელი მაგალითი იყო, ეს იყო უპრეცედენტო არჩევნები, როცა ადამიანები ხმას არ აძლევდნენ მათი კანდიდატების დადებითი თვისებებიდან გამომდინარე, ისინი ხმას აძლევდნენ ჯინაზე.
ფაქტობრივად, მეორე ტური რა იყო? ეს იყო რეფერენდუმი თემაზე, გსურთ თუ არა „ნაცმოძრაობის“ მობრუნება ხელისუფლებაში? ყველაზე დიდი პარადოქსი კი ის იყო, რომ ამ შემთხვევაში, მმართველი პარტია და „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც არ მონაწილეობდა ამ არჩევნებში, გადაიქცნენ ამ რეფერენდუმის ჩამტარებლებად. ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, ქართველმა ხალხმა თქვა, არ გვსურს „ნაცების“ მობრუნება ხელისუფლებაში.