ძალიან დიდი ეჭვი არსებობს, რომ საიტებზე ვიზიტორთა რაოდენობის მანიპულირებას მასობრივი ხასიათი აქვს
საქართველოში ინტერნეტსივრცეში ვებ-გვერდების მფლობელებს შორის ნამდვილი ომია გაჩაღებული. სტატისტიკური მონაცემების გაყალბებამ პიკს მიაღწია. პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ ამაზე ყველა საუბრობს და ინფორმაციამაც სოციალური ქსელი მოიცვა. ეჭვის დადასტურების მიზეზი "აჭარანეტის" "ტოპ.ჯის" სისტემიდან გაქრობა გახდა. იგი რეიტინგის გაყალბებაში პირდაპირ დაადანაშაულეს. ამ ფაქტის შემდეგ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა იმ საიტების სანდოობაც, რომლებსაც სტატისტიკური მონაცემები დახურული აქვთ.
საქართველოში რეიტინგების მთვლელი ყველაზე მნიშვნელოვანი საიტი უკვე წლებია, "ტოპ.ჯი"-ა. სადაც ქართული ინტერნეტმედია და საიტები საკუთარი მკითხველისა და მაყურებლის ოდენობას ზომავენ. ამ მონაცემებით შემდეგ რეკლამის დამკვეთები ხელმძღვანელობენ. მსოფილიოში აპრობირებული ტაქტიკა პრობლემური გახდა საქართველოში. ბოლო პერიოდში სოცილაურ ქსელში დიდი განხილვა მოჰყვა მთველელი საიტიდან "აჭარანეტის" გაქრობას. მომხმარებლები ამბობდნენ, რომ საიტი აყალბებდა სტატისტიკას და ამიტომაც მიიღო "ტოპ.ჯი"-ს მენეჯმენტმა გადაწყვეტილება, აღარ დაეთვალა მისთვის რეიტინგი.
დღეს "აჭარანეტი" მთვლელის საძიებოში ისევ იძებნება, თუმცა აღარ ჩანს მისი რეიტინგი.
"რეზონანსი" დაუკავშირდა "ტოპ.ჯი"-ს კონკრეტული მიზეზების განსამარტად, თუ რა გზით ახერხებდა "აჭარანეტი" სტატისტიკის გაყალბებას და რამდენად სანდოა მათი სტატისტიკა, რომლითაც სარეკლამო დამკვეთები შემდეგში ხელმძღვანელობენ.
საიტის ადმინისტრაცია შემოიფარგლა კომენტარით - "ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რეიტინგი იყოს სანდო და გამჭვირვალე" - კონკრეტულ კითხვებზე კი არ გვიპასუხეს. არადა, ეჭვს აჩენს რიგი მედიასაშუალებებისა და საიტების მიერ დახურული სტატისტიკა. ლიდერ ვებ-გვერდებს შორის 80%-ზე მეტს მონაცემები დახურული აქვს და საიტზე დაფიქსირებული ვიზიტორების რაოდენობა ძალიან საეჭვოა.
მექანიზმზე კი, თუ როგორ აყალბებდა "აჭარანეტი" სტატისტიკას და როგორ შეუძლიათ ეს საჭიროების შემთხვევაში სხვა საიტებმაც გამოყენონ, სოციალურ ქსელში გიორგი ბერიძე წერს.
"აჭარანეტი" სტატისტიკას აყალბებს. საქართველოში #1 საიტის სტატისტიკა ყალბია! თანაც არღვევს "ტოპ.ჯი"-ს წესებს, "აიფრეიმით" ტვირთავს "ტოპ.ჯი"-ს მთვლელს, რომელსაც მალავს და აყალბებს. გამოდის, "რუსთავი 2.კომ"-ზე ან "იმედი.ჯი"-ზე რომ შევდივართ, "აჭარანეტს" ემატება სტატისტიკაში.
"ტვ.აჭარა.კომ"-ს "ტოპ.ჯი"-ს მთვლელი არ უდევს, უბრალოდ, სურათია მთვლელის და არა - კოდი, რის შედეგადაც მთვლელი გენერირდება. შედით და ნახეთ, ყალბი მთვლელი უდევს, ხოლო ეს ლინკი "აიფრეიმით" უდევს "რუსთავი 2.კომ"-ზე ან "იმედი.ჯი"-ზე", - ამ "პოსტის" გამოქვეყნებიდან 5 დღის შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილ გვერდს "ტოპ.ჯი" დაატოვებინეს. ამან მეტი კითხვა გააჩინა მთვლელ სიატზე განთავსებულ ვებ-გვერდებსა და რეიტინგთან დაკავშირებით.
სოციალურ ქსელში მუდმივად დადის მოარული ხმა, რომ კონკრეტული თანხის სანაცვლოდ სხვადასხვა პოზიციის გამყარება შესაძლებელია. დახურული სტატისტიკის გარდა, კითხვები არსებობს სხვა მიმართულებითაც. მაგალითად, მუდმივად არის შემთხვევები, როდესაც ნაკლები რეიტინგის მქონე გვერდები გაცილებით მაღალ პოზიციაზე არიან, ვიდრე უფრო მეტი მონაცემების მქონე კონკურენტები. მაგალითად, ხშირად 25 000-იანი ნახვის მქონე გვერდი 30 000-იან ვებ-გვერდებზე მაღლა იწონებს თავს.
პიარტექნოლოგი ელდარ პირმისაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი გაურკვევლობების გამო, "ტოპ.ჯი" "გუგლ ანალიტიქსით" ჩაანაცვლეს რეკლამის დაკვეთისა და კამპანიის დაგეგმვის დროს.
"უკვე დიდი ხანია, ჩვენ არ ვიყენებთ "ტოპ.ჯი"-ს მონაცემებს, სწორედ მსგავსი ეჭვის გამო. დღეს ყველაზე მოქნილი და სანდო სისტემა "გუგლ ანალიტიქსია", რომელიც საერთაშორისოა და საკმაოდ მნიშვნელოვან შედეგს დებს. ძალიან უსიამოვნოა, როცა ქართულ მთვლელს მსგავსი პრობლემა ექმნება და მის გარშემო ასეთი გაურკვევლობაა. ამიტომ დავიწყეთ საერთაშორისო ტიპის მიდგომით ხელმძღვანელობა, რომელიც გვაწვდის როგორც გეოგრაფიულ, ასევე დემოგრაფიულ და შედეგობრივ მონაცემებს, რომელიც ძალიან სანდოა.
ახლა სწორედ ეს არის შეფასების საზომი, როდესაც ვაწარმოებთ ინტერნეტ ან "დიჯითალ" კამპანიას ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სხვა ფორმებს. რეკლამის დამკვეთები, ჩემი აზრით, ამით ბევრად მეტად უნდა სარგებლობდნენ და სანდოობისა და ავტორიტეტულობის გამო, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ეს პროცესი ასე განვითარდება", - აცხადებს პიარტექნოლოგი "რეზონანსთან".
სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორი ლელა იაკობიშვილი-ფირალიშვილი აქცენტს მედიაში არსებულ ზოგად მდგომარეობაზე აკეთებს. მისი თქმით, ეს აღარ არის ანალიზის თემა, ეს უკვე დაკვირვების მიმართულებაა.
"პირდაპირი მნიშვნელობით, მედიაში ისეთი "ანტისანიტარიაა", თვალყურის დევნება შეგეშინდება. ყველაზე მდარე, ყველაზე უგემოვნო და ყვითელი მასალები ქმნიან რეიტინგს და მედიასაშუალებებსაც ამაზე აქვთ უკვე სწორება. როცა ამას ვინმე კადრულობს, მასობრივად მისდევს და ხდება საუკეთესო, იქ პროგრამულ სანდოობაზე ზედმეტია საუბარი.
ეს აღარ არის ანალიზის თემა, ეს უკვე "ქეისზე" დაკვირვებაა, სადაც როგორც რეკლამის დამკვეთებს, ასევე თვლის სისტემაში ჩაბმულ პატიოსნად მომუშავე ვებ-გვერდებს უჭირთ თავიანთი სუფთა მუშაობის დამტკიცება", - აცხადებს ლელა იაკობიშვილი-ფირალიშვილი.
"ტოპ.ჯი"-ს დამფუძნებელი კომპანია "ედ სფეია", რომლის 49%-ს თეიმურაზ ხაინდრავა, ხოლო 51%-ს სააქციო საზოგადოება "აითიდისი" ფლობს.