ოპოზიცია ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს

ოპოზიცია ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს

საარჩევნო სისტემის ცვლილება; საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება; საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შეცვლა; ამ მოთხოვნების განხორციელების შემდეგ გაიმართოს რიგგარშე საპარლამენტო არჩევნები – ასეთი მოთხოვნა წაუყენა ოპოზიციამ ხელისუფლებას. „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძეს განცხადებით, ყველა მომდევნო არჩევნები დღევანდელი ე.წ. ხელისუფლების პირობებში დაემსგავსება იმ უმსგავსობას, რაც მოხდა მეორე ტურში, შესაბამისად, ყველა ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს აღნიშნულ მოთხოვნებს.

„ოპოზიცია ემზადება, რათა ხელისუფლება მუდმივ ზეწოლაში ამყოფოს მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით. ეს მხოლოდ ოპოზიციის, ანუ პოლიტიკური ორგანიზაციების მოთხოვნა კი არ არის, ეს არის მოქალაქეების მოთხოვნა. მოქალაქეებს ყელში ამოუვიდათ სიღარიბეში ცხოვრება, აღარ უნდათ ამ ადამიანებს ასე ცხოვრება“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

საზოგადოებაში მესამე პოლიტიკური ძალის მოთხოვნის ზრდებაზე საუბარობს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი შალვა შავგულიძე, რომლის შეფასებით, თუ არ ჩატარდა პროპორციული არჩევნები, მაშინ არც ვადამდელ არჩევნებს აქვს აზრი და არც კონსტიტუციურ ვადაში ჩატარებულს.

„ძალიან ცუდი არჩევნები ჩატარდა. ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი არჩევნების დემოკრატიულობის თვალსაზრისით. მეტად ნეგატიური შეფასებები მივიღეთ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების მხრიდანაც. ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, გაერთიანებული ოპოზიცია, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ დომინირებს, აყენებს საკითხს, რომ შექმნილ ვითარებაში საჭიროა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული საარჩევნო წესით.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან, ვადამდელი არჩვნების შემთხვევაში, ჩვენ კვლავ დავტოვებთ ამომრჩეველს ამ ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის არჩევანის გაკეთების წინაშე, მაშინ როდესაც სახეზეა ახალი პოლიტიკური გაერთიანების სულ ურო მზარდი მოთხოვნა“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ოპოზიციის მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. უმრავლესობის წევრი, დეპუტატი აკაკი ზოიძ აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია, რადგან მოლაპარაკება მოთხოვნების წამოყენებასა და მერე კაპიტულაციაზე თანხმობის მოთხოვნას არ ნიშნავს. როგორც ზოიძე აცხადებს, ოპოზიციის მოთხოვნების ფორმა მოლაპარაკებების არანაირ სახელმძღვანელოში არ ჯდება.

„თუ რეალურ კონსულტაციებზე საუბრობენ, მზად ვართ, იმ ხარვეზის გამოსასწორებლად, რომელიც საარჩევნო პროცესში დაფიქსირდა. ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ დიალოგისთვის, რომ ერთობლივად უკეთესი არჩევნების ჩატარება შევძლოთ. ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია. თვითონაც კარგად იციან, რომ ეს აზრს მოკლებულია და ამაზე საუბარი არასწორია, რადგან საარჩევნო ციკლები არსებობს.

ვადამდელი არჩევნების საფუძველს ვერ ვხედავ. პროპორციული სისტემის შანსი ჰქონდათ და ახლა ბრალის აქეთ გადმოტანა, არაეთიკურია. რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი სჭირდებათ, თითქოს ხელისუფლებას შეუვალი პოზიცია უჭირავს, მაგრამ მაშინ დემოკრატია გავაუქმოთ, საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩავატაროთ და პარლამენტში პარტიები პირდაპირ კვლევის მიხედვით დავნიშნოთ“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლასა და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ, ვიცე–სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში გაიმართება, როგორც კონსტიტუცია ითვალისწინებს.

„ნაციონალური მოძრაობისგან“ მოთხოვნების წამოყენება ძალიან დამაბნეველი იყო რევოლუციური მოწოდებებიდან დაწყებული, სხვა საკითხებით დასრულებული“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

ხელისუფლების პოზიცია მიუღებელია ექსპერტ გია ხუხაშვილისთვის, რომლის განცხადებით, თუკი არსებული ხელისუფლება თვითიზოლაციის რეჟიმში გააგრძელებს მოღვაწეობას, ფატალურად დაასრულებს. როგორც ხუხაშვილი for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, სწორედ ეს არის მთლიანად ოპოზიციის მოთხოვნა და არა ერთი კონკრეტული პარტიის. მისი თქმით, ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით სრულ იზოლაციაშია.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს, პოლიტიკოსებს რომ თავი დავანებოთ. არჩევნები აჩვენებს ერთ რამეს, მთელი პოლიტიკური ელიტა ხელისუფლებიან ოპოზიციანად არის ღრმა კრიზისში. ამომრჩევლის დიდი სეგმენტი ეძებს სრულიად ახალ არჩევანს სუფთა ფურცლიდან. იმისათვის, რომ ახალი პოლიტიკური ცენტრები ჩამოყალიბდეს, ამას გარკვეული დრო ჭირდება“, – ამბობს ხუხაშვილი.

მისი თქმით, 1 წელი საკმარისი დრო არის და ჯობს დრო მივცეთ ამ შეთავაზებას, რათა მოძლიერდეს და 2020 წლისთვის მულტიპარტიული დემოკრატიის მშენებლობა დაიწყოს.

„რას გულისხმობს ოპოზიცია, რომ 2020 წლამდეც მოძლიერდება? კურსები უნდა გაიარონ? თუ არაფერი შეიცვალა, რასაც აკეთებენ დღეს, იმას გააკეთებენ 5 წლის შემდეგაც. თუ გვინდა მულტიპარტიული დემოკრატიის დამყარება, რატომ უნდა დავიცადოთ 4 წელი? ხელისუფლების ამოცანაა, რომ რეგიონებში მყოფი „ყანდურების“ ფონზე მაჟორიტარები ჩაიდონ ჯიბეში.

იგივე ამოცანა ჰქონდა წინა და იმის წინა ხელისუფლებას. თუ ხელისუფლებამ დაიწყო ფეხების ბაკუნი და არ შეიცვალა საარჩევნო სისტემა, ეს მმართველ გუნდს იმხელა პოლიტიკური ფასი დაუჯდება, რომ შეიძლება, სამეულს მიღმა დარჩეს და თუ ხელისუფლებამ თვითიზოლაციის რეჟიმში გააგრძელა მოღვაწეობა, შეიძლება ფატალურად დაასრულოს“, – აღნიშნა გია ხუხაშვილმა.