ეუთოსა და ოდირის ერთობლივი სადამკვირვებლო მისია წინასაარჩევნო დარღვევების ფაქტებს დიდი ყურადღებით სწავლობს

ეუთოსა და ოდირის ერთობლივი სადამკვირვებლო მისია წინასაარჩევნო დარღვევების ფაქტებს დიდი ყურადღებით სწავლობს

"ეუთოსა და ოდირის სადამკვირვებლო მისიას ოპოზიცია წინასაარჩევნო დარღვევების ფაქტებს აცნობს. ხელისუფლება კი მათთვის იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ საარჩევნო საკანონმდებლო ბაზა დასავლური სტანდარტების შესაბამისია და დარღვევების შესაძლებლობას გამორიცხავს. თავად სადამკვირვებლო მისიას კი ჯერჯერობით არანაირი შეფასება არ გაუკეთებია. გუშინ მათ პირველი შეხვედრები გამართეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ეუთოს სადამკვირვებლო მისიის პირველი შეხვედრები.

"ეუთოსა და ოდირის ერთობლივი სადამკვირვებლო მისია ოფიციალურად ხუთშაბათს დაფუძნდა. მისიას ნიკოლაი ვულჩანოვი ხელმძღვანელობს. ის თბილისში მოვლენილი 15 საერთაშორისო ექსპერტისა და ქვეყნის მასშტაბით განაწილებული 28 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შედგება. გარდა ამისა, მისია დამატებით გამოითხოვს 350 მოკლევადიან დამკვირვებელს, რომლებიც დააკვირდებიან საარჩევნო დღის მიმდინარეობას და ხმების დათვლის პროცესს. დაკვირვების პროცესში მისიის წევრები შეხვდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს, კანდიდატებს, პოლიტიკურ პარტიებს, სასამართლოს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს. მისიის მიერ განცხადება წინასწარი მონაცემებისა და დასკვნების შესახებ, არჩევნების მომდევნო დღეს გამოქვეყნდება. საბოლოო დასკვნა და შეფასება კი არჩევნებიდან ორ თვეში გახდება საზოგადოებისთვის ", - აღნიშნავს გამოცემა.

"ხელისუფლებასთან პირველი შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. მას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, პავლე კუბლაშვილი და ჩიორა თაქთაქიშვილი ესწრებოდნენ, რომელთა განცხადებით, დამკვირვებლებს მათ მიაწოდეს ინფორმაცია საარჩევნო საკანონმდებლო ბაზასთან და საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. "მათი ინტერესის საგანს საარჩევნო გარემოსთან და პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები წარმოადგენდა. ჩვენ მათ ეუთოსა და ევროსაბჭოს მიერ მოცემული ის რეკომენდაციები გავაცანით, რომელიც საქართველოს კანონმდებლობაში აისახა. მისიის ხელმძღვანელი ნიკოლაი ვუჩანოვი საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას კარგად იცნობს და მას, როგორც ექსპერტს, მასთან შეხება ჰქონია. მათი რეკომენდაციები ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა", - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა. მისივე თქმით, ეუთოს სადამკვირვებლო დელეგაცია ასევე სახელმწიფო უწყებათაშორის კომისიის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და ამომრჩეველთა ერთიანი სიების დაზუსტების კომისიის წევრებსაც შეხვდება", - დასძენს გამოცემა.

"უმრავლესობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ კი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერებს შეხვდნენ. შეხვედრა დახურულ ფორმატში ერთ საათს გაგრძელდა. შეხვედრაზე "ქართული ოცნების" მხრიდან ირაკლი ალასანია, ვიქტორ დოლიძე, დავით ზალკანიანი და ალექსი პეტრიაშვილი იმყოფებოდნენ. სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ირაკლი ალასანიამ კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ დეტალური საუბარი ჰქონდათ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან და ისინი ყველა მიმდინარე საკითხის შესახებ საქმის კურსში ჩააყენეს. ამასთან, მან იმასაც გაუსვა ხაზი, რომ "საარჩევნოდ საქართველოში უამრავი დამკვირვებელი ჩამოვა, რომელიც რეჟიმს არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას არ მისცემს", - წერს სტატიის ავტორი.

"ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ წინასაარჩევნოდ რეგიონებსა და დედაქალაქში შექმნილ ვითარებაზე, ვისაუბრეთ იმ ჯარიმებსა და ფინანსურ ზეწოლაზე, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური "ქართული ოცნების" წინააღმდეგ იყენებს. ვისაუბრეთ პოლიტიკური ნიშნით დაკავება-დაპატიმრებებზე და მათ შესაბამისი დოკუმენტაციაც გადავეცით. გარდა ამისა, შეხვედრისას ტელეკომპანია "მაესტროს" მიერ გადაღებული იმ ვიდეო-მასალის თაობაზეც ვისაუბრეთ, რომელზეც ასახულია, თუ როგორ ამზადებს პოლიცია სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ პირებს. ჩვენ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიას შესაბამისი მასალები გადავეცით და მივიღეთ დაპირება, რომ მას დიდი ყურადღებით შეისწავლიან და მოახდენენ რეაგირებას", - განუცხადა ჟურნალისტებს ალასანიამ. ამასთან, ირაკლი ალასანია იმაშიც დარწმუნებულია, რომ "მომავალი საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდება და ახალ პარლამენტში უმრავლესობით ხალხის წარმომადგენლობა იქნება", - დასძენს სტატიის ავტორი.