საქართველოში 1990 წლიდან ჩატარებულ ყველა არჩევნებს დიდწილად განსაზღვრავს ე.წ. რუსული დისკურსი. ტრადიცია გამძლეა და 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინარე პერიოდიც ძირითადად ამ დისკურსს უტრიალებს. ლოზუნგი „რუსი მოდის“ იმდენად ფესვგამჯდარია ქართულ ცნობიერებაში, რომ დამფრთხალი ელექტორატი დიდ ყურადღებას არ აქცევს პოლიტიკური ლიდერისა თუ მისი გუნდის ავანჩავანს და მზად არის, ბრმად გაჰყვეს იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ულტრარადიკალური ლოზუნგებით წარმოგვიდგენს თავს, როგორც ყველაზე შეურიგებელი ანტირუსული ძალა.
ამ დისკურსის ერთგვარი არქეტიპია ზვიად გამსახურდია და მისი „მრგვალი მაგიდა“, რომელმაც ანტირუსული და ულტრანაციონალისტური ლოზუნგებით პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში იოლად დაამარცხა და შემდეგ პოლიტიკური ველიდან საერთოდ განდევნა საქართველოს კომუნისტური პარტია. მაგრამ წელიწადნახევრის შემდეგ ოპოზიციის და მისი მომხრე შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ თავადვე იქნა დამხობილი და დევნილი, როგორც კრემლთან ფარულ გარიგებაში მყოფი ანტიდასავლური ძალა. ოპონენტთა მტკიცებით, ზვიად გამსახურდიამ არასრული წელიწადნახევრის განმავლობაში დააკანონა რუსეთის შინაგანი ჯარების სამშვიდობო მანდატი სამხრეთ ოსეთში, ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების ხელით გზიდან ჩამოიშორა და ციხეში გამოამწყვდია გასამხედროებული ორგანიზაცია „მხედრიონი“, აკრძალა პოლიტიკური პარტიების საქმიანობა, მიითვისა საპრეზიდენტო ძალაუფლება და შემდეგ თითქოს ე.წ. „იანაევის ოქმით“ ფარულად გაურიგდა რუსეთის უდღეურ „გეკაჩეპეს“ კვარტეტს.
მართალია, ეს "იანაევის ოქმი" თვალითაც არავის უნახავს, მაგრამ ზვიად გამსახურდიას მაშინდელი ოპოზიციის ლიდერებს დღემდე არ ეპარებათ ეჭვი, რომ გამსახურდია ანტირუსული ლოზუნგებით კრემლის თამაშს თამაშობდა. ასევე ურყევად დგანან საკუთარ პოზიციაზე გამსახურდიას მომხრეები, რომლებიც ცდილობენ დაამტკიცონ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი მოსკოვისა და ვაშინგტონის ფარული გარიგებით დაამხეს რუსეთის სპეცსამსახურებმა, რათა საქართველოს ხელისუფლებისაკენ გზა გაეთავისუფლებინათ „პირსისხლიანი მასონისა“ და „კავკასიის ჟანდარმ“ ედუარდ შევარდნაძისათვის.
შესაბამისად, თავად შევარდნაძე და მისი თერთმეტწლიანი მმართველობა საკმაოდ მსუყე ფაქტოლოგიური მასალაა ფატალური რუსული დისკურსის იდეოლოგებისათვის. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ედუარდ შევარდნაძემ, რომელმაც „ცივი ომის“ დასრულებასა და გერმანიის გაერთიანებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დეზინტეგრაციისაგან ვერ იხსნა საკუთარი ქვეყანა. მეტიც, სწორედ მისი მმართველობის დროს გაჩაღდა ომი აფხაზეთში, რომელიც ქართული სახელმწიფოს კატასტროფული მარცხით და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს შესვლით დასრულდა.
რამდენიც უნდა ამტკიცოს შევარდნაძემ, რომ ომი აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს თენგიზ კიტოვანმა სახელმწიფო საბჭოსთან შეუთანხმებლად დაიწყო, ერთი რამ უდავო ფაქტია: ომი აფხაზეთში და რუსული აგრესიის საფრთხე დაეხმარა სწორედ ედუარდ შევარდნაძეს, გაემარჯვებინა 1992 წლის 11 ოქტომბრის არჩევნებში, განემტკიცებინა პირადი ძალაუფლება და გზიდან ჩამოეშორებინა არა მხოლოდ კიტოვან-იოსელიანის ტანდემი, არამედ გაენადგურებინა ზვიად გამსახურდია და ამით ბოლო მოეღო საქართველოს კანონიერი ხელისუფლების აღდგენის მოთხოვნით დაწყებული ბრძოლისათვის.
იყო თუ არა შევარდნაძე პრორუსული პროექტი? მისი მოწინააღმდეგეები ამ შეკითხვის დასმასაც კი მკრეხელობად მიიჩნევენ და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს რუსეთის ხელდასხმულ მარიონეტად მოიხსენიებენ. სხვაგვარად თვლიან შევარდნაძის მომხრეები, რომლებიც ბევრ ფაქტს მოგიყვანენ იმის საილუსტრაციოდ, რომ დსთ-ში შესვლით, რაც ტაქტიკური სვლა იყო, შევარდნაძემ თავიდან აიცილა საქართველოს ორად გახლეჩის საფრთხე, მოიგო დრო, ბოლო მოუღო სამოქალაქო ომს და გზა გაუხსნა დასავლურ ენერგეტიკულ პროექტებს. ხოლო იმისათვის, რომ პოლიტიკური ასპარეზიდან უმტკივნეულოდ გაეცილებინა პრორუსული ძალები და დასავლეთზე ორიენტირებული რეფორმატორებისათვის დაეთმო პოლიტიკური ასპარეზი, „თეთრმა მელამ“ დადგა თავისი ცხოვრების მთავარი პოლიტიკური სპექტაკლი - „ვარდების რევოლუცია“, თავად კი ხელშეუხებლობის გარანტია და კრწანისის რეზიდენციაში მშვიდი ცხოვრების უფლება მოიპოვა.
მაგრამ კურიოზი ისაა, რომ „ვარდების რევოლუციაც“ საბოლოო ჯამში ქართული პოლიტიკის თანამდევ რუსულ დისკურსში მოიაზრება. როგორც ამ მოსაზრების ავტორები ამტკიცებენ, პირველ ყოვლისა რუსეთი იყო დაინტერსებული, რომ საქართველოში გაპრეზიდენტებულიყო ყველაზე უფრო რადიკალური, არაპროგნოზირებადი და კონფლიქტური მიხეილ სააკაშვილი, რომელიც, როგორც ზვიად გამსახურდია, თავისი რადიკალიზმით ნებსით თუ უნებლიეთ შეუწყობდა ხელს საქართველოში რუსული სცენარის განხორციელებას.
უბრალოდ, 8 წლის წინ კრემლმა შეცვალა მიზანსცენა. თუკი, 1991 წელს რუსეთმა ზვიად გამსახურდია შეიარაღებული ოპოზიციის დახმარებით დაამხო, 2003 წლის ნოემბერში ეს მოხდა ხავერდოვნად - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იგორ ივანოვის ხელით, რომლის ჩამოსვლამ წერტილი დაუსვა სამკვირიან დაპირისპირებას მთავრობის სახლის წინ. პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე „სახლში წავიდა“, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა 2004 წლის 25 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 96,27 % მიიღო და ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა. იმავე იგორ ივანოვმა ერთი წლის შემდეგ კვლავ გაიმეორა „სამშვიდობო მისია“ და მოსკოვში წაიყვანა მიხეილ სააკაშვილთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებული აჭარის ავტონომიის ლიდერი ასლან აბაშიძე.
გაიხსენეთ, რამდენჯერ მოგისმენიათ ანალოგიური შეთქმულების თეორიები, რაც კარგ ფურაჟს წარმოადგენს რუსული დისკურსით გაჯერებულ ქართულ სინამდვილეში?
ამ ფატალისტური მსოფლმხედველობითა და ლოგიკით გამოდის, რომ ყველაფერი, რაც საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში მოხდა, ან უშუალოდ რუსეთის მიერ დაიგეგმა, ანდა ფიცხი ქართველი პოლიტიკოსები თავისდაუნებურად ჩაეწერნენ რუსულ სცენარში.
სწორედ ამ დისკურსის, ამ მოჯადოებული წრის მსხვერპლია მთელი პოლიტიკური პროცესი საქართველოში, რომელიც ძირითადად ორ ბანაკადაა გაყოფილი:
პირველს, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მომხრეთა ბანაკს, გულმხურვალედ სჯერა, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის პოლიტიკურ გუნდს ებრძვის მოსკოვი და მისი „მეხუთე კოლონა“ ხან ბადრი პატარკაციშვილის, ხან „გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს“, ხან ნინო ბურჯანაძისა და სახალხო კრების, ახლა კი მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ სახით. ამ რუსული დისკურსით ყველა დაღდასმულია, მაგრამ მათთვის, ხელისუფლების მხარდამჭერთათვის, ბიძინა ივანიშვილი მაინც ყველაზე საშიში პრორუსული პროექტია. სააკაშვილის მომხრეთა მტკიცებით, ივანიშვილი ის პოლიტიკური ქამელეონია, რომელიც მთელი 10 წლის განმავლობაში ოსტატურად ინიღბებოდა ქველმოქმედებითა და მეცენატობით. ერთი მხრივ, ივანიშვილი აფინანსებდა პოლიციასა და არმიას, სახელმწიფო მოხელეებს, კულტურის, სპორტისა და ხელოვნების წარმომადგენლებს, აშენებდა ეკლესიებს, ბიბლიოთეკებს, საკონცერტო დარბაზებსა და სტადიონებს. მეორე მხრივ კი, ელოდა ხელსაყრელ დროს, რათა ავანსცენაზე გამოსულიყო და განეხორციელებინა მოსკოვის ნანატრი გეგმა - ფულითა და პოპულარობით შეეცვალა პუტინის საძულველი მიხეილ სააკაშვილი.
შეგნებულად არ ვიყენებ არავითარ ბმულებს და წყაროებს. შარშანდელი ოქტომბრიდან მოყოლებული, რაც ბიძინა ივანიშვილმა თავისი პოლიტიკური მიზნების შესახებ საჯაროდ განაცხადა, ასეთი ბრალდებები ნიაღვარივით მოედინება სახელისუფლებო საინფორმაციო არხებიდან და ვეჭვობ, რომ 1 ოქტომბრამდე ეს „ბრეინუოშინგი“ ოდნავადაც არ განელდება.
თუმცა, არც მეორე ბანაკის წარმომადგენლები უჩივიან ფანტაზიის დეფიციტს. რაკი ქართული პოლიტიკის რუსული დისკურსი ნაცად საშუალებას წარმოადგენს მოწინააღმდეგის დისკრედიტაციისათვის, ოპონენტები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოწინააღმდეგეთა ბანაკიდან არანაკლები „წარმატებით“ ცდილობენ დაამტკიცონ, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველაზე უფრო აწყობს პუტინს, რომელმაც სწორედ საქართველოს ხელისუფლების დახმარებით მოიპოვა მცირე „ძლევამოსილი გამარჯვება“ 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიან ომში, დაასრულა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია, შექმნა მძლავრი სამხედრო პლაცდარმი კოდორის, ქსნის, დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში, შეაჩერა ნატოს გაფართოება მის საზღვრებთან და აიძულა საქართველოს ხელისუფლება, მისთვის დაეთმო სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები.
მოკლედ, მთავარია მოინდომო, მეტი გაქანება მისცე კონსპიროლოგიურ ფანტაზიას და ამ რუსულ დისკურსს მოარგებ ყველას და ყველაფერს საქართველოში: იქნება ეს პოლიტიკური ძალის სამოქმედო პროგრამა, რძალ-დედამთილის ჩხუბი თუ სტიქიური მოვლენა. აკი იხუმრა კიდეც რუსთავის დატბორვის შემდეგ ქვემო ქართლში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულმა დავით კირკიტაძემ, ცუდი ფეხი აქვს „ქართულ ოცნებასო“. ხომ შეიძლება კირკიტაძის ეს აზრი მავანმა სახელისუფლებო ექსპერტმა კიდევ უფრო განავითაროს და თქვას, ბიძინა ივანიშვილი რუსეთის დავალებით საქართველოში წყალდიდობებს და სტიქიურ უბედურებებს გეგმავსო?
საქმეც ისაა, რომ მეორე ბანაკიდან არანაკლებ ფანტასმაგორიულ წინასწარმეტყველებას გაიგონებთ. თუკი არჩევნებში „ქართული ოცნება“ არ გაიმარჯვებს, „საქართველო რუკიდან წაიშლებაო,“ - ამტკიცებს კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს რუსეთთან ბნელ თამაშში ადანაშაულებს.
აი, ასეთი ყოვლისმომცველი რუსული დისკურსის პირობებში გვიწევს არჩევანის გაკეთება ქართველ ამომრჩევლებს, რომლებიც, ამ რთული საკომუნიკაციო მოვლენის ფონზე, გამოდის, რომ 1 ოქტომბერს არჩევანს ძირითადად ორ პრორუსულ ძალას შორის ვაკეთებთ. ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკარდო მილიორი საქართველოში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში ლენინიზმის ნიშნებს ხედავს.