ინგა გრიგოლია და ელისო ჩაფიძე "ნაციონალ" მამაკაცებს "რინგზე" იწვევენ. მედიის ყოფილი წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ოპონენტებთან დასაპირისპირებლად და ამომრჩევლის გულის მოსაგებად საკმარისი ძალა, რესურსი და გამოცდილება აქვთ. ორივე ქალბატონი საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დარწმუნებულია. იმის გასარკვევად, თუ როგორი პიროვნებები არიან ისინი, რეალურად როგორია მათი შესაძლებლობები და რა მეთოდებით აპირებენ მეტოქეებთან ბრძოლას, ორივე მათგანს ერთი და იგივე კითხვები დავუსვით.
ვინ ემუქრებოდა ინგა გრიგოლიას შვილის მოკვლით და რაში ამხელს ელისო ჩაფიძე კონკურენტს
- რა გახდა ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში თქვენი წასვლის უმთავრესი მიზეზი და რას ფიქრობთ - მაინც რით სჯობს პოლიტიკა ჟურნალისტიკას?
ინგა გრიგოლია:
- ჩემს ჟურნალისტურ და პოლიტიკურ მოღვაწეობას შორის არსებითი განსხვავება არ არის. როდესაც "იმედში" ვმუშაობდი, თარგამაძის გუნდი პოლიტიკოსების გასაკეთებელ საქმეს ვაკეთებდით. პოლიტიკოსების ერთი ნაწილი სააკაშვილის დანაშაულებრივ ქმედებებზე იმიტომ არაფერს ამბობდა, რომ მის გაპრეზიდენტებაში წვლილი მიუძღოდა, მეორე ნაწილი კი უბრალოდ იჯდა და ტოქშოუების ყურებით იფხანდა გულს. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საზოგადოება სწორედ ჩვენ გამოვაფხიზლეთ და დავანახვეთ ის, რაც ქვეყანაში რეალურად ხდებოდა. ვეთანხმები იმ აზრს, რომ ჟურნალისტი ნეიტრალური უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ ამის საშუალება არ გვქონდა, რადგან გვყავდა კრიმინალური ხელისუფლება, რომელიც კითხვებზე პასუხების გაცემის ნაცვლად, თავში ხელკეტებს გვირტყამდა... მაშინ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის სიმართლე გვეთქვა. ახლაც ზუსტად იმავეს ვაკეთებთ.
ელისო ჩაფიძე:
- პოლიტიკაში ორი მიზეზის გამო წავედი: პირველი ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების ხშირი დარღვევის ფაქტი გახლდათ, მეორე კი - ბიძინა ივანიშვილთან ერთად ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობის მიღების სურვილი. სიმართლე რომ გითხრათ, თავიდან პროტესტის გრძნობა უფრო ძლიერი იყო, მაგრამ ახლა, როდესაც ქვეყანაში არსებულ პრობლემებს გავეცანი, ჩემში უფრო პოზიტიურმა სურვილებმა იძალა. ახლა ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, მონაწილეობა მივიღო ახალი ქვეყნის შენებაში, რომელიც დაფუძნებული იქნება ადამიანის ღირსებაზე, პასუხისმგებლობის გრძნობაზე, ბიუჯეტის გამჭვირვალობაზე... ვერ ვიტყვი, რომ პოლიტიკა ჟურნალისტიკაზე უფრო საინტერესოა; ორივე ადამიანების ბედთან არის დაკავშირებული და ორივე ადამიანებთან ურთიერთობის ცოდნას მოითხოვს. თუმცა ახალმა პროფესიამ იმის შანსი მომცა, რომ ახალი გამოცდილება მივიღო, ღირებულებები გადავაფასო და კიდევ უფრო მეტი ადამიანი გავიცნო. პოლიტიკაში რომ არ მოვსულიყავი და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არ ვყოფილიყავი, ალბათ ამ რაიონის სოფლებში - წყნორში, ძმუისში... ვერასდროს მოვხვდებოდი, აქაურ სოფლის მოსახლეობას ვერ გავიცნობდი და მათგან დიდ სიყვარულსა და სითბოს ვერ მივიღებდი.
- მთლიანად იზიარებთ პოლიტიკურ კურსს, რომელიც თქვენი გუნდის ლიდერს აქვს?
ინგა გრიგოლია:
- არასდროს ვიქნები ისეთ პოლიტიკურ პარტიაში, სადაც ყველაფერი ლიდერის ახირებასა და შეხედულებებზეა დამოკიდებული. რიგ საკითხებთან დაკავშირებით მე, რა თქმა უნდა, განსხვავებული შეხედულებები მაქვს, მაგრამ ძირითად პრინციპებში ვთანხმდებით.
ელისო ჩაფიძე:
- ნამდვილად, ვიზიარებ და ვაღიარებ, რომ ბევრ საკითხში ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიბრძნისა და რესურსების იმედი მაქვს. ამ თემებთან დაკავშირებით, არა მარტო ვიზიარებ ჩემი პარტიის ლიდერის კურსს, არამედ ვიმედოვნებ, რომ მისგან ბევრ რამეს ვისწავლი. როდესაც მე და ბატონი ბიძინა ერთმანეთს შევხვდით და ჩვენ-ჩვენი ხედვების შესახებ ვისაუბრეთ, გაირკვა, რომ ორი მთავარი სფერო - ჯანდაცვა და განათლება მისი საპროგრამო თემები ყოფილა; როგორ შეიძლება ამ კურსს ბოლომდე არ ვეთანხმებოდე?!
- თქვენს წინააღმდეგ ზეწოლის რა მაგალითები შეგიძლიათ მოიყვანოთ?
ინგა გრიგოლია:
- როდესაც ჟურნალისტი ვიყავი, ასეთი ფაქტი საკმაოდ ხშირად მომხდარა. სოდ-ში დღესაც დევს მასალები (მესიჯები, სატელეფონო ზარები), რომელშიც ჩანს, თუ როგორ მემუქრებოდნენ შვილის სიკვდილით. თუ გაინტერესებთ, ვინ სჩადიოდა ამას, სთხოვეთ სოდ-ს, გადმოგცეთ ეს მასალები. მოითხოვდნენ, რომ გავჩუმებულიყავი... არაერთხელ ვყოფილვარ მუქარის მსხვერპლი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგაც. ერთ მაგალითს გავიხსენებ: როდესაც ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე მოსახლეობას ვხვდებოდი, "ზონდერები" თავს დამესხნენ და ცდილობდნენ, ჩემთვის ლაპარაკის საშუალება არ მოეცათ. მე მათ სურათებიც გადავუღე და "ფეისბუკზე" გამოვფინე. ასე რომ, ქრისტიან-დემოკრატები პრივილეგირებულ პარტიას არ წარმოვადგენთ, ხელისუფლება პრობლემებს ჩვენც გვიქმნის.
ელისო ჩაფიძე:
- ჟურნალისტი ვიყავი და ძალიან კარგად ვიცი, თუ რა ძალა აქვს სიტყვას... გავიგე, რომ პროვოკაციას მიწყობენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდათ, რომ ფულის გადაცემის მომენტში დამაფიქსირონ. საბედნიეროდ, ეს ინფორმაცია შევიტყვე და ახლა მაღაზიაში პროდუქტის შეძენასაც კი ვერიდები. ჩემთვის ცნობილია ისიც, რომ ჩემს ავტომობილს სურათებს უღებენ და ჩემი მარშრუტებით ინტერესდებიან. სხვათა შორის, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის მხოლოდ 5% გავამჟღავნე. საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენა არ მაქვს, არ ვამტკიცებ, რომ ტერაქტს მიწყობენ და ჩემი ლიკვიდაცია დიდი საიდუმლო ოპერაციის შემადგენელი ნაწილია, უბრალოდ, პავლე კუბლაშვილისთვის საკმაოდ ძლიერი ოპონენტი ვარ და ასეთი მეთოდებით ცდილობენ ჩემს ჩამოშორებას. კუბლაშვილთან შეხვედრაზე 10 კაცი ძლივს გამოდის და ისინიც საყვედურებით ავსებენ ხოლმე. ჩემთან შეხვედრაზე მხოლოდ ერთი სოფლიდან - ძმუისიდან 150 კაცი მოვიდა. მათ ჩემ მიმართ დიდი სიყვარული და მხარდაჭერა გამოხატეს. სხვათა შორის, იმის შესახებაც მაქვს ინფორმაცია, რომ, რომელ სოფელშიც მივალ, მერე იქ ადგილობრივი ხელისუფლება მიდის და მოსახლეობას აშანტაჟებს. ძალიან ცდება კუბლაშვილი, თუ ფიქრობს, რომ ასეთი მეთოდებით ჩამომიშორებს ბრძოლის ველიდან.
- პოლიტიკურ ოპონენტებთან ან თუნდაც მხარდამჭერებთან ურთიერთობისას თუ სარგებლობთ იმით, რომ ქალი ხართ?
ინგა გრიგოლია:
- არა, წარმატებისთვის არასდროს მიმიღწევია მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი ვარ. თუმცა ამ ფაქტს არც ხელი შეუშლია რაიმეში. ერთი სიტყვით, ჩემი საქმიანობისთვის სქესს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ქალი კი ვარ, მაგრამ აბა, დამიჯდეს დებატებში "ნაციონალი" მამაკაცი...
ელისო ჩაფიძე:
- პირველ ეტაპზე მეგონა, რომ ეს ჩემი სუსტი მხარე იქნებოდა, მაგრამ ახლა აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი პირიქით გახლავთ. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სითბო და სიყვარული მხვდება ყველა ოჯახში, სადაც კი შევდივარ. აღსანიშნავია ისიც, რომ მამაკაცები რომლებიც საარჩევნო კამპანიის წარმოებაში მეხმარებიან. ჩემი აზრით, ქალი პოლიტიკაში ნიშნავს მეტ პასუხისმგებლობას მომავალი თაობის წინაშე, მშვიდობასა და ეკოლოგიაზე მეტ ზრუნვას.
- დებატებში ჩაბმა მამაკაცთან გირჩევნიათ თუ ქალბატონთან?
ინგა გრიგოლია:
- ზოგადად, ამას მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ ამჯერად ერთ-ერთ მამაკაცთან დებატებში ჩაბმა ძალიან მინდა. მე გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვარ და მივიჩნევ, რომ "ნაციონალების" კანდიდატი გლდანში - ნიკო ხაჩირაშვილი ჩემი ერთადერთი კონკურენტია. საჯაროდ ვამბობ, თუ ხაჩირაშვილს რაიმის თავი აქვს, პირდაპირ ეთერში დამიჯდეს. პირობას გაძლევთ, რომ ამის შემდეგ მას გლდანში ხმას აღარავინ მისცემს.
ელისო ჩაფიძე:
- მამაკაცთან: კამათის დროს მამაკაცები უფრო კონსტრუქციულები არიან. ქალებს შორის კამათი შესაძლოა, ქალურ კინკლაობაშიც კი გადაიზარდოს. თუმცა ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ქართველ პოლიტიკოსებს შორის ძალიან ბევრი ღირსეული და სამაგალითო ქალბატონია.
- ახლა რამდენიმე, შედარებით მსუბუქ კითხვასაც დაგისვამთ: პოლიტიკოს მამაკაცს თუ შეიყვარებდით?
ინგა გრიგოლია:
- არავითარ შემთხვევაში. ჯერ კიდევ ჟურნალისტი ვიყავი, როდესაც პოლიტიკოსი მამაკაცი მიყვარდა. ეს 10 წლის წინ იყო. დღეს თუ ვინმე არ მაინტერესებს, ეს პოლიტიკოსი მამაკაცია. შესაძლოა, ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მე მათზე ბევრად მაღლა ვდგავარ. ჩემს პირად ცხოვრებაში პოლიტიკოსი მამაკაცის ადგილი არ არსებობს.
ელისო ჩაფიძე:
- არა მგონია, ეს შესაძლებელი იყოს. პოლიტიკოსი მამაკაცი ძალიან დაკავებულია. ასეთ მამაკაცს ცოლად ისეთი ქალი უნდა ჰყავდეს, რომელიც მზად იქნება, საკუთარი მომავალი მეუღლის საქმიანობას შესწიროს და მის გვერდით "ჩუმი გმირის" როლი შეასრულოს. პირადად მე მამაკაც პოლიტიკოსებთან მხოლოდ მეგობრობა მაკავშირებს. ყველას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მათ გვერდით ცხოვრება არ მინდა.
- რომელი პროფესიის მამაკაცს ანიჭებთ უპირატესობას?
ინგა გრიგოლია:
- ყველას - მინუს პოლიტიკოსი.
ელისო ჩაფიძე:
- მხატვრებს, გეოლოგებს, არქიტექტორებს - ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელს, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია შემოქმედებასთან, შენებასთან, ახლის შექმნასთან, სოფლის მეურნეობასთან. ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, სადაც ოჯახის შენახვა და დაცვა, მოსავლის მოყვანა, ღვინის დაწურვა მამაკაცს ევალებოდა. კარგი იქნება, თუ მეც ამ თვისებების მქონე მამაკაცს შევხვდები.
- თქვენს სუსტ წერტილად რას მიიჩნევთ?
ინგა გრიგოლია:
- წაგება არ მიყვარს. შესაძლოა, სუსტი წერტილი სულაც არ არის, თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ სუსტი წერტილი არ მქონდეს. ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ.
ელისო ჩაფიძე:
- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს ბიოგრაფიაში შავი ლაქები არ არის. წარსულზე საუბრის არ მრცხვენია. მას შემდეგ, რაც სრულწლოვანი გავხდი, ჩემი ქვეყნის ცხოვრებაში არ ყოფილა მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელშიც მონაწილეობა არ მიმიღია. მართალია, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომში უშუალო მონაწილეობა ვერ მივიღე, მაგრამ ჩვენი ბიჭების მუდმივი დონორი ვიყავი - მათ საკუთარ სისხლს ვუგზავნიდი. ერთი სიტყვით, შავ ლაქებს ვერ ვხედავ. ალბათ ჩემი სუსტი წერტილი ის არის, რომ პირადი ცხოვრება არ მაქვს მოწყობილი და როგორც ქალი, მამაკაცზე ემოციური ვარ.
- ბევრი ფული რომ მოიგოთ, რას იზამთ?
ინგა გრიგოლია:
- იმ ფონდებს დავაფინანსებ, რომლებიც ბავშვების განათლებასა და მოხუცებისთვის ღირსეული ცხოვრების შექმნაზე იზრუნებს. შემდეგ ჩემს პატარ-პატარა სურვილებსაც ავისრულებ...
ელისო ჩაფიძე:
- პირველ რიგში, გზების მშენებლობას დავიწყებ. არა, არა, არჩევნებამდე ამის გაკეთება არ შეიძლება!.. თანხას დავაბანდებდი და შემდეგ დავიწყებდი გზების მშენებლობას. ამ პრობლემას პირველ რიგში, ტყიბულის რაიონში მოვაგვარებდი. იქ ულამაზესი და უმდიდრესი სოფლებია, რომლებიც ზამთრობით გარე სამყაროს მთლიანად სწყდება. ადგილობრივი მოსახლეობა მთელი ოთხი თვის განმავლობაში რაიონულ ცენტრს ვერ უკავშირდება. თუ რაიმე მომრჩებოდა, დანარჩენზე მერე დავფიქრდებოდი...