რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტომ, რომელზეც სოფო ნიჟარაძე "ნაციონალური მოძრაობის" მაისურში იყო გამოწყობილი, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. როგორც ამბობენ, მიუზიკლზე - "ვერის უბნის მელოდიები" მუშაობისას, ასეთი მაისური არა მარტო სოფოს, არამედ დასის სხვა წევრებსაც ეცვათ. მას შემდეგ, რაც ამის ამსახველი ფოტო თუ ვიდეომასალა ინტერნეტში გავრცელდა, ამ ფაქტს არასამთავრობო სექტორი გამოეხმაურა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე ალაპარაკდა; საერთაშორისო გამჭვირვალობამ კი რეაგირება "ცესკოსგან" მოითხოვა, ხოლო "ცესკოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ ფაქტის შესახებ რეაგირება უწყებათაშორისმა კომისიამ უნდა მოახდინოს ან კიდევ, საჩივრის შეტანის საფუძველზე, ყველაფერი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელ პაატა ჯალაღონიას განცხადებით, თუ მსახიობები კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ნომრიან მაისურს ჩაიცვამენ, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, 2.000-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ. მოგეხსენებათ, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროექტებში პარტიული ატრიბუტიკის გამოყენება კანონდარღვევად მიიჩნევა.
სოციალურ ქსელში სოფო ნიჟარაძის წითელმაისურიან ფოტოზე, რომელიც ერთ-ერთ მომხმარებელს "გაზიარებული" ჰქონდა, არაერთგვაროვანი კომენტარები გაჩნდა:
ლუკა:
"ვააჰ, სოფო ნახეთ, რა! არა, ნეტავ, რატომ არ მიკვირს? დასი მადლობას უცხადებს და თანადგომით "ემუქრება" "ნაცებს"! რატომაც არა, ეს პარტია რომ არა, მაგათ მოუზიკლში კი არა, სცენაზეც არავინ გამოუშვებდა".
ელენე:
"რატომ? მშვენივრად მღერის. არა მგონია, სოფოს ოდესმე სცენაზე გამოსვლის პრობლემა შეჰქმნოდა".
ნინა:
"მოდი, ობიექტურები ვიყოთ, მშვენივრად კი მღერის, მაგრამ არც ისე, რომ პრიმადონობა დაიჩემოს".
გოგი:
"ანუ ახლა სოფიკიე 2.000-ლარიან ჯარიმას გადაიხდის? ვხსნი დახმარების ფონდს! დავეხმაროთ ქართველ პრიმადონას!"
ლუკა:
"მართალია, მხარი დავუჭიროთ ქართულ კანონმდებლობაში გაურკვეველ სოფიას! ისე კი, მაგას ფული რომ აქვს, აქეთ გვიყიდ-გაგვყიდის ოჯახებიანად".
ბადრი:
"უი, ახლა მოვისმინე, მაჭავარიანმა თქვა, თუ მართლა ასე მოხდა, ზომები უნდა მივიღოთო. ალბათ, მაგას ჯერ "ბელადისგან" არაფერი მოხვედრია".
მაისურებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ ის მსახიობები და მოცეკვავეები, რომლებიც მიუზიკლზე მუშაობდნენ. მხოლოდ რამდენიმე მათგანმა გამოიჩინა გულისხმიერება და მართალია, "ძუნწად", მაგრამ კითხვებზე პასუხი მაინც გამცა.
ქეთათო ჩარკვიანი, მომღერალი:
- ყველა ადამიანი თავის არჩევანში თავისუფალია და ვისაც რა უნდა, იმას ჩაიცვამს! პირადად მე, მეცვა მაისური, რომელსაც "ვერის უბნის მელოდიები" ეწერა, მაგრამ ზოგადად, წარწერებიანი სამოსი არ მიყვარს. დასის წევრებს რაც შეეხება, მათი გადასაწყვეტი იყო, რომელ მაისურს ჩაიცვამდნენ, მით უმეტეს, რომ რეპეტიცია დახურული იყო. ეს სკანდალი კი, რაც ამ თემის ირგვლივ ატყდა, ადამიანების არჩევანის შეურაცხყოფაა.
- ცნობილია, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროექტებში პარტიული ატრიბუტიკის გამოყენება კანონდარღვევაა...
- არ ვიცი, ზუსტად რა და როგორ წერია კანონმდებლობაში და არანაირი უფლება არ მაქვს, ამ თემაზე კომენტარი გავაკეთო. შემიძლია, მხოლოდ საკუთარ ქმედებაზე ვილაპარაკო, მაგრამ სხვა ადამიანების არჩევანზე - არა.
- რეპეტიციის დროს ეს მაისური ბევრს ეცვა?
- საკმაოდ ბევრს - ანუ ვისაც უნდოდა, მას ეცვა. და კიდევ, ის ფოტო არ მინახავს, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა...
ნოდიკო ტატიშვილი, მომღერალი:
- თავისუფალ ქვეყანაში ვისაც რა უნდა, იმას ჩაიცვამს! საქმის კურსში არ ვარ, რა ჯარიმაზე ლაპარაკობენ ან ვის უნდა გადავუხადოთ. რეპეტიციაზე ჩასაცმელ მაისურს #5 ეწერება თუ 85, ამას რა მნიშვნელობა აქვს?! მე არ მეცვა ეს მაისური, მაგრამ სახლში მაქვს და როცა მინდა, მაშინ ჩავიცვამ. უბრალოდ, სასაცილოა ამაზე ლაპარაკი! მგონი, თავისუფალ საქართველოში ვცხოვრობთ...
სალომე ჭაჭუა, მოცეკვავე:
- არც კი ვიცი, ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთი ამბავი რატომ ატყდა. დასის წევრები მაისურებს დახურულ რეპეტიციაზე, სავარჯიშოდ იყენებდნენ. მე არ მცმია მხოლოდ იმიტომ, რომ დიდი ზომის იყო.
- ამბობენ, რომ შესაძლოა, დასის წევრებს ფულადი ჯარიმა დააკისრონ.
- ამ ამბის შესახებ არაფერი ვიცი. პოლიტიკაში ვერ ჩავერევი და კომენტარსაც ვერ გავაკეთებ. არც იმის შესახებ ვიცოდი, თუ მსგავსი ქმედება კანონდარღვევა იყო. ბოლო დროს დასის ყველა წევრი დაკავებულია. მთელი დღე რეპეტიცია გვაქვს და სპექტაკლებში ვმონაწილეობთ, ამიტომ ვერც ტელევიზორს ვუყურებ და არც ინტერნეტში მინახავს ის ფოტოები, სადაც გოგონები ამ მაისურებში არიან გამოწყობილები. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, პოლიტიკაში არ ვერევი და მსგავს თემაზე კომენტარის გაკეთებაც არ მსურს.