როგორ კეთდება ანტიბიძინისტური კლიპები

როგორ კეთდება ანტიბიძინისტური კლიპები


შესავლის მაგიერ


"ბრძოლა იგივეა, რაც "დიდი შუღლი" - განმარტავს სულხან-საბა. დამეთანხმებით, დღეს საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულია და სწორედ "დიდი შუღლი" მიმდინარეობს. ეს კი ზოგს დიდი ფულის ხარჯვად უჯდება, ზოგს - ნერვების წყვეტად, ზოგიერთსაც - სახელის შელახვად.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე ძალიან დიდი ხანია, ჟურნალისტიკაში ვარ და ამ დროის განმავლობაში ვინ აღარ ყოფილა ჩემი რესპონდენტი, გიგა ნასარიძეს არ შევხვედრივარ. როგორც ჩანს, ამის სურვილი არასოდეს გამჩენია. ახლა რამ მოგანდომა მასთან შეხვედრაო, იკითხავთ ალბათ. რამ და - მის შესახებ ინტერნეტში გამოქვეყნებულმა ნეგატიურმა გამოხმაურებებმა (სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ზემოთ "სახელის შელახვა" ვახსენე). აქვე რამდენიმე კომენტარს გაგაცნობთ (მხოლოდ მსუბუქი შინაარსის), რომელიც პალიტრა.ტვ-ზე გიგა ნასარიძის ახლანდელი საქმიანობის შესახებ გაკეთებულ სიუჟეტს მოჰყვა:

"გიგა ნასარიძე არასოდეს ყოფილა კაცი და ახლა თავი გამოააშკარავა. ის ჯობია, თავის თვალში ბეწვი დაინახოს... რა ვირიც იყო, ის დარჩება"; "ნასარიძე ამ მთავრობის მასხარაა, მეტი არაფერი"; "ნასარიძევ, ხალხის უმეტეს ნაწილს რომ ეზიზღები, ვერ გრძნობ? რას იფუჭებ თავს, კამიკაძე ხარ და თავი უნდა აიფეთქო? ვისი გულისთვის? არ იცი, რომ სამების ტაძრის ამშენებელს ღმერთი არ გაწირავს? გაუმარჯოს ბიძინას!" "ნასარიძისნაირი უნიჭო ხალხია ქვეყნის დამაქცეველი და გამპარტახებელი, მაგას მშვენიერი როლი (ვირი) ჰქონდა და ისევ იქ დარჩა, მეტის უნარი არ გააჩნია, 1-მა ნასარიძემ კი არა 100-მა ნასარიძემ რომ გააკეთოს რაღაც უნიჭო გაერთიანება, მაინც ვერ მოსცხებენ ჩირქს ბიძინა ივანიშვილს. ის არის კაცი, თანაც ძალიან დიდი!" "გიგა, არლეკინი ხარ და დარჩები"; "ეს ნაცბლანჟეიანი თხა ბავშვთა გასართობ ცენტრში კლოუნადაც არ ვარგა. კაცი ასე ყველაფერს კადრულობდეს პირადი კეთილდღეობისათვის, მარტო ნაცაქტივისტებში თუ ნახავ"; "ეს ნასარიძე რა პონტში უძვრება მიხ*ინებს, ვერ მეტყვით? საქართველო არ იყიდებაო, მასტი ამბობს. არადა, თვითონ გაყიდულია უკვე ნაცმაცებზე"; "მე მგონი, გვარი შეცდომით იბეჭდება - ნასრალიძეა ნამდვილად"; "კომენტარებს არ კითხულობ, ვაზელინა?"

კითხულობს, როგორ არ კითხულობს, და როგორც თვითონ ამბობს, საამისოდ მზად ყოფილა, როცა არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველო არ იყიდება" ჩამოაყალიბა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა გადაწყვიტა.

ჰოდა, იმას გეუბნებოდით, რომ გიგასთან შეხვედრა ამ კომენტარებმა გადამაწყვეტინა. მინდოდა, ახლოს გამეცნო ის ადამიანი, ვისაც ამდენის ატანა შეუძლია და გამეგო, რად უღირს ასეთი შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი კომენტარების მოსმენა.

ვისაც სჯერა, გავატაროთ

გიგა ნასარიძის კარიერა შესაძლოა, 2 ეტაპად დავყოთ: "საქართველო არ იყიდება"-მდე და მისი ჩამოყალიბების შემდეგ. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

- 90-იან წლებში, სტუდენტობის დროს დავიწყეთ მხიარულთა და საზრიანთა კლუბში თამაში. საქართველოს ნაკრებში ვიყავი და რუსეთშიც მიწევდა თამაში. შემდეგ თბილისში გაიხსნა "რადიო-105 - მამაჩემის რადიო", სადაც შალვა რამიშვილმა მე და ჩემი მეგობრები მიგვიწვია სამუშაოდ. ცოტა ხნის შემდეგ ჩემი მეგობრები რადიოში დარჩნენ, მე კი წამოვედი "რუსთავი 2"-ში, სადაც მულტსერიალში - "ჩვენი ეზო" - ვმუშაობდი. შემდეგ დათო გოგიჩაიშვილთან ერთად ვიყავი "ღამის შოუში" და "შაბათის შოუში". მოგვიანებით ძალიან ბევრ გადაცემაში ვმუშაობდი. შემდეგ "იმედზეც" ვიყავი, "მზეზეც", ისევ "რუსთავი 2"-ზე.

- ბოლო დროს საზოგადოებრივ მაუწყებელზე სამეურვეო საბჭოს წევრი იყავი. მანდ როგორ მოხვდი?
- ჩვეულებრივად - გამოჩნდა ვაკანსია და გამოცხადდა მიღება. განცხადება შევიტანე. შემდეგ, წესის მიხედვით, პრეზიდენტს წარუდგინეს კანდიდატთა სია, მან აარჩია 3 კანდიდატი და შემდეგ პარლამენტმა იმ სამიდან მე დამამტკიცა.

- ვინ იყვნენ შენი კონკურენტები და რა დამსახურებისთვის დაგამტკიცეს? იქნებ კარგად რომ ხუმრობდი, იმიტომ?
- ჩემი კონკურენტები მერაბ ბასილაია და მერაბ ნარინდოშვილი იყვნენ. ხუმრობა არაფერ შუაში იყო, არჩევანის დროს ალბათ ის გაითვალისწინეს, რომ 10 წელი ტელევიზიაში მქონდა ნამუშევარი. 2 წელზე მეტი ვიმუშავე სამეურვეო საბჭოში. ის საქმე ცოტა სპეციფიკურია - სამეურვეო საბჭო თვეში ერთხელ იკრიბება, უნდა დაამტკიცოს ბიუჯეტი და პროგრამული პრიორიტეტები დაადგინოს.

- ანაზღაურებით კმაყოფილი იყავი?
- მეტიც შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ უკმაყოფილო არ ვიყავი.

- პარალელურად სად მუშაობდი?
- ჟურნალ "ტაბულაში" და ცოტა ხანს "იმედის" ერთ-ერთი სერიალის სცენარისტიც ვიყავი. არასამთავრობო ორგანიზაცია - "ახალი ხედვა - საქართველო" ჩამოვაყალიბე, რომელიც სამოქალაქო განათლებაზე იყო ორიენტირებული და სტაბილური დაფინანსება არ ჰქონდა. ა.წ. 10 ივლისს კი დავარეგისტრირე ახალი არასამთავრობო პოლიტიკური ორგანიზაცია გაცხადებული საარჩევნო მიზნებით - "საქართველო არ იყიდება".

- რის გამოც დატოვე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო და დათმე ხელფასიც, რომლითაც, როგორც თავად ამბობ, უკმაყოფილო არ იყავი და სხვა საქმეებიც. აქ მეტს "შოულობ"?
- დიახ დავთმე სამეურვეო საბჭო, რადგან ამას გამოაბამდნენ კუდებს და იტყოდნენ, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანი იქ მუშაობდა. მართალია, ეს არანაირ კანონს არ ეწინააღმდეგება, მაგრამ არ მინდოდა, რომ ამას გავლენა ჰქონოდა ჩემს ახლანდელ საქმიანობაზე.

- არ გამეცი პასუხი კითხვაზე - აქ მატერიალური დაინტერესება მეტია?
- როგორც უნდა პათეტიკურად ჟღერდეს, ჩემი ყოფნა აქ გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სამეურვეო საბჭო და ხელფასი.

- პათეტიკური კი არა, დაუჯერებელია.
- ჰო, რას იზამ, სიმართლე ესაა.

როგორ კეთდება კლიპები

არა მგონია, ბევრმა არ იცოდეს, მაგრამ მაინც დავაზუსტებ, რომ გიგა ნასარიძის მიერ ჩამოყალიბებული ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია - "საქართველო არ იყიდება" არის ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაცია. მისი საქმიანობა შემოიფარგლება მილიარდერი პოლიტიკოსის შესახებ ნეგატიური შინაარსის კლიპების დამზადებით, რომლებსაც საკმაოდ ხშირად ატრიალებენ ე.წ. "სამთავრობო" ტელევიზიები.

- რატომ გაგიჩნდათ ბიძინასთან ბრძოლის სურვილი? კიდევ რომელი პარტიის მიმართ არ ხართ სიმპათიით განწყობილი და რატომ მათაც არ ებრძვით?
- ბევრი პარტიის მიმართ არ ვარ სიმპათიით განწყობილი, მაგრამ "ქართულ ოცნებას" აქვს გამარჯვების რეალური ძალა, რაც ფულშია გამოხატული. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, შემოვლითი, არაკანონიერი გზებით დახარჯოს ეს ფული საარჩევნოდ. იმიტომაც დააჯარიმეს რამდენჯერმე. გვინდა, ხალხს დავანახვოთ, რომ ის არასწორი გზებით ცდილობს წინასაარჩევნო პროცესების წარმართვას. არ ვიცი, როგორი ბიზნესმენია ბიძინა ივანიშვილი, რადგან ვერ ვერკვევი ბიზნესში; შესაძლოა, ის გულუხვი ქველმოქმედია, მაგრამ პოლიტიკაში არაკანონიერი გზით ადგილის დამკვიდრება არასწორი საქციელია.

- მიუხედავად იმისა, რომ ადამიანმა ამხელა კაპიტალის დაგროვება შეძლო, არ იცით როგორი ბიზნესმენია ბიძინა ივანიშვილი, რადგან ვერ ერკვევით ბიზნესში, მაგრამ ზუსტად იცით, რომ ის ცუდი პოლიტიკოსია. ეს იმას ნიშნავს, რომ კარგად ერკვევით პოლიტიკაში?
- გაცილებით უკეთ ვერკვევი პოლიტიკაში, ვიდრე ბიზნესში, რადგან პოლიტიკასთან შეხება მქონია. თანაც 10-წლიანი გამოცდილება მაქვს ინტერნეტსივრცეში პოლიტიკური საკითხების განხილვისა და თვალყურის დევნების. ასე რომ, პოლიტიკაში მოყვარულის დონეზე მაინც ვერკვევი.

- როცა ადამიანი მოყვარულის დონეზე ერკვევა, შეუძლია თუ არა ჰქონდეს ამბიცია, რომ სწორად აწონ-დაწონის და შეაფასებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და სწორედ იმ ძალას ებრძვის, რომელიც ქვეყნისთვის დამღუპველია? შენი ნათქვამიდან გამოდის, რომ პოლიტიკურად უვიც ადამიანს შეუძლია აკეთოს ის საქმე, რასაც თქვენ აკეთებთ. ასეა?
- როგორ არა, პოლიტიკურად უვიც ადამიანსაც ნამდვილად შეუძლია იმ საქმის კეთება, რასაც მე ვაკეთებ. თუ ადამიანს პროტესტის გრძნობა გაუჩნდება, როცა მოუსმენს ბიძინა ივანიშვილის თუნდაც ერთ გამოსვლას, სადაც ამბობს, რომ საბჭოთა საქართველოში უნდა დავბრუნდეთ და ჰგონია, რომ ეს ქვეყნისთვის დამღუპველია, შესაძლოა, ვერც კი ერკვეოდეს პოლიტიკაში, მაგრამ გამოხატოს ეს პროტესტი რაიმე ფორმით, რადგან არ უნდოდეს, რომ მისი შვილები საბჭოთა საქართველოში იზრდებოდნენ.

- როგორ მუშაობთ კლიპებზე?
- ვიკრიბებით ოფისში-, დიდ ეკრანზე ვუყურებთ ბიძინას გამოსვლებს და აზრებიც მოდის. მოულოდნელობებით სავსეა ხოლმე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლები.

- ხელისუფლებაც ხშირად აკეთებს მოულოდნელ განცხადებებს.
- გეთანხმებით. ხშირად უშვებენ გამოუსწორებელ შეცდომებს. "ქართული ოცნება" გამარჯვების რეალური კანდიდატია, პროგრესისკენ მამოძრავებელი ძალაა. არ ვარ "ნაციონალების" მხარდამჭერი. მინდა, რომ ჩემმა შვილებმა კარგ საქართველოში იცხოვრონ...
გაგაოცათ პასუხმა? აქ ცოტა ხანს შევჩერდეთ! ბოლო კითხვა და რესპონდენტის პასუხი ჩემ მიერაა დამონტაჟებული ჩვენი საუბრის ჩანაწერიდან. უბრალოდ, მოვაცილე უსარგებლო სიტყვები და წინადადებები და მივიღე პასუხი, რომელიც მე მაძლევდა ხელს და რომელსაც რეალობასთან (ანუ რესპონდენტის პოლიტიკურ ხედვასთან) საერთო არაფერი აქვს. აი, ასევე კეთდება კლიპები, რომლის ავტორიც გიგა ნასარიძე გახლავთ.

"თუ იჩივლებს, საერთო ენას გამოვნახავთ"

- ამ ბოლო დროს ტელევიზიებით ხშირად გადიოდა კლიპი, რომელმაც დამთრგუნა. შვილმკვდარი დედის ინტერვიუზე აგებულ ვიდეორგოლს ვგულისხმობ, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ლანძღავს და "რუსულ ძალას" უწოდებს. რატომ მოექეცით ამ ქალს ასე? ფაქტობრივად, დღეში რამდენჯერმე "უკლავთ" შვილს ისედაც გაუბედურებულ დედას.
- ტელევიზორის გადართვისას შემთხვევით გადავაწყდით ამ ინტერვიუს და ჩვენთვისაც დამთრგუნველი იყო, როდესაც ეს კადრები პირველად ვნახეთ. მივხვდით, რომ ჩანაწერი ბევრს უნდა ენახა. ამას შემდეგ რაღაც გაუგებრობა მოჰყვა, მაგრამ ეს უკვე აღარ იყო მნიშვნელოვანი.

- რა გაუგებრობას გულისხმობ?
- ქალბატონმა სრულიად საპირისპირო განაცხადა ერთ-ერთ სატელევიზიო სიუჟეტში (გულისხმობს "პალიტრა.ტვ"-ის ეთერში გასულ სიუჟეტს. - ავტ).

- თვითონ იმ ქალბატონს ნებართვა თუ სთხოვეთ, სანამ სათქვენოდ გამოიყენებდით?
- რადგან სიუჟეტი ეთერში გავიდა, ვიფიქრეთ, რომ ამ კადრების გამოყენების სრული უფლება გვქონდა. გვეგონა, რომ ის მამაცი ქალბატონი იყო, რომელმაც ღიად გამოთქვა თავისი აზრი და კამერების წინ დააფიქსირა. ბევრი ვერ ბედავს ამას, რადგან სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ძალიან აგრესიულები არიან. ზოგმა შესაძლოა თქვას, - "ნაციონალების" მხარდამჭერებიცო, მაგრამ მე პირიქით მგონია.

- ის ერთი უბრალო ქალია, რომელმაც ალბათ არც კი იცის, თავისი უფლებები როგორ უნდა დაიცვას. ვინმემ რომ დაარიგოს და შემოგედავოთ?..
- არ არის არანაირი პრობლემა. ჩვენ დავსხდებით და დავილაპარაკებთ. საერთო ენის გამოძებნა ყველასთან შეგვიძლია, ვინც მიიჩნევს, რომ არასწორად მოვექეცით.

- რას გულისხმობთ საერთო ენის გამონახვაში? ფულს გადაუხდით?
- არ ვიცი, რას მოითხოვს. თუ რაიმეს მოითხოვს, ისე მოვიქცევით, რომ ყველა მხარე კმაყოფილი დარჩეს.

ამნეზია

გიგამ კარგად იცის, არაერთი არგუმენტი აქვს და სხაპასხუპით მოგიყვებათ, რატომ მიაჩნია ივანიშვილი რუსულ ძალად (ამჯერად მის აზრს ამასთან დაკავშირებით თავს არ მოგახვევთ), მაგრამ ვერ იხსენებს კონკრეტულ მაგალითს, თუ რა შეცდომა გამოასწორა ხელისუფლებამ ხალხის მითითებით.

- გიგა, იგივე კამპანია "ნაციონალების" წინააღმდეგ რომ გეწარმოებინა, რაზე გააკეთებდი აქცენტს?
- ამგვარ კამპანიას ხელისუფლების მიმართ არ დავიწყებდი, რადგან არა მგონია, რომ ეს ხელისუფლება ქვეყნისთვის დამღუპველი იყოს. პირიქით, პროგრესისკენ მამოძრავებელი ძალაა. თუმცა, უარყოფითი მხარეები ხელისუფლებასაც აქვს. მეტ შეცდომებს უშვებდნენ თავიდან, როცა გამოუცდელები იყვნენ. ნელ-ნელა ჩამოყალიბდნენ, დაღვინდნენ და ახლა ნაკლებად ცდებიან, მაგრამ ხალხი ისეა "გაზრდილი", რომ როგორც კი რაიმე შეცდომას დაინახავს, მაშინვე მიუთითებს და პასუხს სთხოვს. ხელისუფლებაც ადეკვატურად პასუხობს და ასწორებს შეცდომას.

- მაგალითი შეგიძლია მოიყვანო?
- კონკრეტულ მაგალითებს ვერ გავიხსენებ, მაგრამ ჩემს განწყობას გადმოგცემთ. ხელისუფლებას ყველაზე მეტად ვაკრიტიკებდი ხოლმე იმის გამო, რომ ნაკლებად ელაპარაკებოდა ხალხს. ამას თუ ბოლომდე დაალაგებენ, ყველაფერი კარგად იქნება.

არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ

მარადიული არაფერია, წინასაარჩევნო პერიოდიც ჩაივლის, არჩევნებიც და ახალი პარლამენტიც დაკომპლექტდება. როგორი იქნება გიგას ცხოვრება მას შემდეგ, თუ "ნაციონალები" გაიმარჯვებენ? მე ვფიქრობ, ია-ვარდით მოფენილი - დაუფასდება ამაგი და ალბათ კარგ პოსტსაც შესთავაზებენ სადმე. წინააღმდეგ შემთხვევაში კი - Finita Ia Commedia. ეს ჩემი აზრია. რას ფიქრობს თავად რესპონდენტი?

- როგორ წარმოგიდგენია შენი ცხოვრება არჩევნების შემდეგ? როგორც მე და შენ უკვე შევთანხმდით, არსებობს 2 რეალური ძალა, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლა შეუძლია - "ქართული ოცნება" და "ნაციონალები". არავინ იცის წინასწარ, როგორ არჩევანს გააკეთებს ხალხი 1-ელ ოქტომბერს. მინდა, შენი მომავალი ცხოვრებისა და საქმიანობის პროგნოზი გააკეთო ორივე შემთხვევისთვის.
- დაახლოებით ერთნაირად ვიცხოვრებ ალბათ. ვფიქრობ, რომ ჩემს საქმეს გავაგრძელებ. თუ მოხდა უცნაური რამ და "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, ადამიანების გარკვეულ ჯგუფს მოგვიწევს იმ პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც ეს პარტია გაატარებს. ხალხს უკვე აღიზიანებს, როცა ვამბობ ხოლმე, რომ ისინი რუსულ პოლიტიკას გაატარებენ, რაც მე არ მომწონს.

ხელი ხელს ჰბანს

ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობა საჯაროა და ალბათ არც გიგას უნდა ჰქონდეს დასამალი, საიდან იღებს შემოწირულობებს, თუმცა მხოლოდ ზოგადი პასუხით შემოიფარგლება და კონკრეტულ პიროვნებებს არ ასახელებს.

- გვერდს ვერ ავუვლით დაფინანსების საკითხს. საიდან მოდის თქვენს სამთავრობო... უკაცრავად, არასამთავრობო ორგანიზაციაში (თუმცა იქნებ სიმართლეც კი წამომცდა) ფული, რომელიც კლიპების დამზადებას, მათ ეთერში გაშვებას სჭირდება? ეს არც ისე მცირე თანხაა. როგორც ვიცი, პირველი კლიპის ეთერში გაშვება დაახლოებით 40 ათასი დოლარი დაჯდა.
- ამ ინფორმაციას აუდიტის სახელმწიფო სამსახურს პერმანენტულად ვაწვდით ხოლმე. ჩვენ ვიყავით ერთადერთი არასამთავრობო, რომელიც ამ ორგანიზაციაში მივედით და ვუთხარით, რომ ვექვემდებარებით კანონს და გთხოვთ, გაგვიწიოთ მონიტორინგი-თქო. ჩემი თანამოაზრეები გვაფინანსებენ, რომლებიც იმავეს ფიქრობენ ბიძინა ივანიშვილის შესახებ და არ იშურებენ დანაზოგს, რომ თანხა გადმოგვირიცხონ. მათი აზრით, ამ საქმემ წინ უნდა წაიწიოს.

- თქვენ თვითონ ახდენთ თანხების მოძიებას თუ საკუთარი სურვილით რიცხავენ?
- ამ საქმეს ბევრი ფული სჭირდება, ბევრი ფულის მოზიდვას - ბევრი იურიდიული რეგულაცია და ამ ადამიანებთან მოლაპარაკებების შემდეგ გადავწყვიტეთ, ჩამოგვეყალიბებინა არასამთავრობო ორგანიზაცია გაცხადებული საარჩევნო მიზნებით. ზუსტად ასე წერია კანონში და დაფინანსებაც შესაბამისად, წამოვიდოდა იმ ადამიანებისგან, ვინც ჩვენს პოლიტიკურ შეხედულებებს იზიარებენ.

აგური - მკვლელობის იარაღი

- როგორ ფიქრობ, თქვენი გაკეთებული კლიპები ისედაც ორად გახლეჩილი საზოგადოების უფრო დანაწევრებას ხომ არ უწყობს ხელს?
- აგური შესაძლოა, იყოს სამშენებლო მასალაც და მკვლელობის იარაღიც, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ აგური ზოგადად არის ცუდი. რა უფრო მნიშვნელოვანია ამ კლიპების კეთების დროს? ის, რომ ადამიანებს გავაგებინოთ, რა არის ცუდი; რა პოლიტიკური სურვილები აქვს ბიძინას, თუ ის, რომ ამ კლიპმა შესაძლოა, ვინმე გააღიზიანოს? მე მგონია, რომ ინფორმაციის მიწოდება გაცილებით მნიშვნელოვანია. არ მიმაჩნია, რომ ეს კლიპები საზოგადოების პოლარიზაციას უწყობს ხელს.

- თუ "ნაციონალებს" უჭერთ მხარს, შეგეძლოთ, მათი "სადიდებელი" კლიპები გაგეკეთებინათ. ეს მეთოდი რატომ აირჩიეთ?
- ეს არ არის "ნაციონალების" მხარდასაჭერი კლიპები. ჩვენს ორგანიზაციაში ბევრი ისეთი ადამიანი მუშაობს, რომლებსაც "ნაციონალებთან" არანაირი შეხება არა აქვთ და სულაც აპოლიტიკური ადამიანები არიან. პირადად მე "ნაციონალების" მხარდამჭერი ვარ, მაგრამ ორგანიზაცია არ უჭერს მხარს "ნაციონალურ მოძრაობას". ჩვენ ვიბრძვით ბიძინას წინააღმდეგ!