"ოცნების" კანდიდატს "ჯავახკიდან" ნაციონალების მხრიდან ასევე "ჯავახკის" ყოფილი ლიდერი დაუპირისპირდება

"ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ ახალქალაქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ნორიკ კარაპეტიანი დაასახელა. კარაპეტიანი "ჯავახკის" ერთ-ერთი ლიდერია და ამ ორგანიზაციის მიმართ საქართველოში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მას არჩევნებში დაუპირისპირდება "ნაცმოძრაობის" კანდიდატი სამველ პეტროსიანი, რომელიც ამჟამად ადგილობრივი პოლიციის უფროსია, მანამდე კი დიდი ხნის მანძილზე "ჯავახკის" ლიდერი იყო", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ოცნების" კანდიდატს "ჯავახკიდან" ამავე ორგანიზაციის ყოფილი ლიდერი დაუპირისპირდება.

"კარაპეტიანის წარდგენისას ივანიშვილმა განაცხადა, რომ კარაპეტიანსა და მისი ორგანიზაციის წევრებს ჰქონდათ გამონათქვამები, რომელსაც კოალიციის ლიდერი და წევრები არ იზიარებენ. ივანიშვილის თქმით, კარაპეტიანმა "წარსულში ჩადენილი შეცდომები" განმარტა, მათზე უარი თქვა და "მას დღეს, აბსოლუტურად ჭეშმარიტად, ჩვენი სახელმწიფოს შესატყვისი პოზიცია აქვს". ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველოს" თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი მიესალმება ნორიკ კარაპეტიანის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში შემოსვლას. ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში "ჯავახკის" აქტივისტებმა თავიანთი რადიკალიზმი შეამცირეს და მათი ჩართვა ქართულ პოლიტიკაში ქვეყანას წაადგება. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე კი ამბობს, რომ კარაპეტიანის "ფერისცვალების" არ სჯერა", - აღნიშნავს გამოცემა.

"ნორიკ კარაპეტიანი პირველად ზვიად გამსახურდიას დროს გამოჩნდა. მაშინ ახალქალაქში შექმნილი იყო არაფორმალური ორგანიზაცია "ჯავახკი" და აერთიანებდა ძალიან ბევრ ადამიანს. მათ ლიდერებს შორის იყვნენ ნორიკ კარაპეტიანი და სამველ პეტროსიანი, რომელიც შსს-ის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს უფროსია. პეტროსიანი აგრეთვე "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატია. მათ გამსახურდიას დროს თუ უფრო რადიკალური განცხადებები ჰქონდათ, ნელ-ნელა ეს რადიკალიზმი განცხადებებშიც და ქმედებებშიც შეამცირეს და ახლა იმაზე, რომ რუსეთის ბაზა უნდა დაბრუნდეს ახალქალაქში, ავტონომია და ა.შ. უკვე აღარ საუბრობენ. ვფიქრობ, რაც უფრო მეტი რადიკალურად განწყობილი პოლიტიკოსი შემოვა ჩვენს სივრცეში და დაიწყებს პოლიტიკურ თამაშს, მით უფრო კარგია. ეს ნიშნავს, რომ ისინი აღიარებენ თავიანთ რეგიონებს საქართველოს ნაწილად და იმასაც, რომ პოლიტიკურად ქართველები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად ისეთი მოთხოვნები აქვთ, რომელთაც მხარს არ უჭერენ საქართველოს დანარჩენ რეგიონებში, ის ფაქტი, რომ შემოდიან ჩვენს პოლიტიკაში, მისასალმებელია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არნოლდ სტეფანიანი.

"რამდენად სტაბილური იქნება და სტაბილურად დარჩება კარაპეტიანი ქართულ პოლიტიკაში და როგორ ტრანსფორმირებას მოახდენს, მაგაზე ნამდვილად გამიჭირდება ლაპარაკი. იმიტომ, რომ კარაპეტიანი არაპროგნოზირებადიც არის. იმავეს ვიტყვი სამველ პეტროსიანზეც. იმ ადამიანებზე, ვინც "ქართულ ოცნებაშია", ვერ ვიტყვი, რომ ჯავახეთის წარმომადგენლებს მაინცდამაინც კარგად იცნობენ. არ უმუშავიათ ერთად. ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, "ქართული ოცნება" როგორი ფორმით ჩართავს კარაპეტიანს პოლიტიკურ ცხოვრებაში", - დასძენს "მრავალეროვანი საქართველოს" თავმჯდომარე

"რისკავს ივანიშვილი. მე არ მომწონს ეს და არ მგონია, გამონაკლისი ვიყო. კარაპეტიანმა თავისი შეხედულებები შეიცვალა თუ არა, ეს არავინ იცის და დიდი ალბათობით ეს იქნება მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გათვლილი ტაქტიკა. ამიტომ უმჯობესი იქნებოდა "ნაციონალური მოძრაობისა" და ივანიშვილის კანდიდატებმა წამოაყენონ ინიციატივა, რომ "ჯავახკს" დაერქვას თუნდაც "ჯავახეთი". ნუთუ ჯავახეთში ქართული ან სომხური ეროვნების ადამიანი, რომელიც არ არის დაკავშირებული ამ საეჭვო ორგანიზაციასთან, არ მოიძებნება? ეს სარისკოა, ძალიან სარისკო. ამომრჩევლის ხმებზე ნადირობამ ისე არ უნდა გაიტაცოს არც ერთი პარტია, რომ სარისკო გადაწყვეტილებამდე მივიდნენ", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე.

"ქვეყანაში არის რეაქცია ხელისუფლების უპასუხისმგებლობაზე ჯავახეთსა და სხვა მხარეებშიც. კარაპეტიანის მსგავსი გავლენიანი ადამიანები უნდა იყვნენ ქართულ პოლიტიკაში. მათთვის უნდა იყოს კარი ღია სახელმწიფო სტრუქტურებში. ამიტომ ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ასეთი გავლენიანი ადამიანი დაასახელა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ისეთ მნიშვნელოვან ქალაქში, როგორიც ახალქალაქია. არ ვფიქრობ, რომ თუ კარაპეტიანი პარლამენტში მოხვდება, ამას შეიძლება ცუდი შედეგები მოყვეს. იგი პარლამენტში იქნება ისეთივე აქტიური, როგორიც არის თავის საქმიანობაში. სიმართლე გითხრათ, მე მის წარსულსა და საქმიანობას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ არ არის ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანი, რომელსაც შეიძლება ასე მიამიტურად შეეშალოს. მით უფრო ასეთ მნიშვნელოვან ქალაქში", - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი დემურ გიორხელიძე.